რა არის ალერგენი და როგორ დავაღწიოთ თავი ალერგიას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ალერგენი და როგორ დავაღწიოთ თავი ალერგიას

- როგორი შეიძლება იყოს ალერგენი?

- ცალკეული ალერგენების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და პრაქტიკულად შეუძლებელიცაა. მეცნიერები პირობითად გამოყოფენ ალერგენების ორ ჯგუფს: ეგზოალერგენებს და ენდოალერგენებს (აუტოალერგენები). პირველი ჯგუფი ორგანიზმში გარემოდან ხვდება, ხოლო ენდოალერგენების წყაროს თავად ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს. ეგზოალერგენები რამდენიმე ჯგუფად იყოფა. საყოფაცხოვრებო, ეპიდერმული, კვებითი, მტვრის, საწარმოო, ინსექტური, მედიკამენტური ალერგენები მიეკუთვნება არაინფექციურ ალერგენებს. ინფექციური ალერგენებიდან მნიშვნელოვანია ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, ჰელმინთები. გარდა ამისა, ალერგიული რეაქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ქარი, ყინვა, სიცივე, მზე, ნერვული სტრესი და სხვა. ალერგენი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა გზით: პირის ღრუდან, კანიდან, სასუნთქი სისტემიდან, ინექციის საშუალებით...

 

 

- რა არის საყოფაცხოვრებო ალერგენები?- საყოფაცხოვრებო ალერგენების ჯგუფიდან მნიშვნელოვანია ოთახის მტვერი, რომლის შემადგენლობაში შედის ოთახის მტვრის ტკიპა (დერმატოფაგოიდეუსი), ობის სოკო, ქსოვილების, მეტალის, ხის, შინაური ცხოველების (კატის, ძაღლის) ბეწვის ნაწილაკები, თევზის საკვები და სხვა. დღესდღეობით დადგენილია, რომ ოთახის მტვრის მიმართ განვითარებული ალერგიული რეაქციები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მტვრის ტკიპაზე, რომლის 50-მდე სახეობაა ცნობილი. ისინი ძირითადად ბალიშებში, საბანსა და ლეიბში ბინადრობენ და ადამიანის აქერცლილი კანის ნაწილაკებით იკვებებიან. საძინებელში ნესტიანი და თბილი ჰაერი იდეალურ პირობებს ქმნის ტკიპების გასამრავლებლად. ამიტომაა მნიშვნელოვანი ოთახის ხშირი განიავება და ზომიერი ტემპერატურის შენარჩუნება. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ალერგია ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ ძირითადად ვლინდება ბრონქული ასთმისა და რინიტის სახით.

 

- როგორ შეიძლება საყოფაცხოვრებო ალერგენებზე ალერგიის განვითარების პრევენცია?

- პრევენციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ ადგილებზე, სადაც შეიძლება ბინადრობდეს დერმატოფაგოიდეუსი. ლეიბი, ბალიში, საბანი, რომელიც მატყლისგან ან ბუმბულისგან არის დამზადებული, უნდა შეიცვალოს სინთეზური მასალის ქვეშაგებით. უნდა ავიღოთ ხალიჩები, ცხოველის ტყავი, რბილი სათამაშოები, მძიმე, ნაოჭებიანი ფარდები. სასურველია, სახლი დაალაგოს იმ პირმა, რომელსაც არ აქვს ალერგია. ხშირად უნდა გამოვიყენოთ მტვერსასრუტი, ოთახები დავალაგოთ სველი წესით. ვინაიდან ღამით, ძილის დროს ამოსუნთქული ჰაერი და ადამიანის სხეულის ტემპერატურა ქმნის იდეალურ პირობებს ტკიპის გასამრავლებლად, სასურველია, საწოლი ადგომისთანავე კი არ ალაგდეს, არამედ კარგად განიავების შემდეგ. მიზანშეწონილია კვირაში ორჯერ მაინც ლეიბებისა და საბნების განიავება, თეთრეულის ხშირი ცვლა და რეცხვა. მტვრის ტკიპები მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ, ამიტომ ზამთარში საბნები, ლეიბები, ხალიჩები პერიოდულად გარეთ უნდა გავიტანოთ.

- რა არის ყვავილის მტვერის ალერგენი?

- ყვავილის მტვრის ალერგია ცნობილია პოლინოზის სახელწოდებით. ალერგენების ამ ჯგუფს დიდი კლინიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ალერგიული პაციენტების 30-70%-ს აღენიშნება მათ მიმართ სენსიბილიზაცია. საინტერესოა, რომ თუმცაღა დედამიწაზე უამრავი მცენარე ხარობს, მხოლოდ 50-მდე სახეობა აპროდუცირებს მტვერს, რომელსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლია. ყვავილის მტვერი ყვავილოვანი მცენარის მამრობითი ელემენტია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ალერგენულ ცილებს. გავრცელების მიხედვით განასხვავებენ ორი სახის მტვერს: ანემოფილურს, რომელიც ქარით ვრცელდება და ენტემოფილურს, რომლის გადამტანები არიან მწერები. ანემოფილური მტვრის მარცვლები უფრო პატარაა და შესაძლებელია მათი დიდ მანძილზე გავრცელება. სწორედ ამით აიხსნება, რომ ადამიანებს ემართებათ ალეგია იმ მცენარეთა მტვერზე, რომლებიც მათი საცხოვრებელი გარემოს სიახლოვეს არ ხარობს. დიდი მნიშვნელობა აქვს ყვავილის მტვრის ნაწილაკების ზომას. დიდი დიამეტრის (60-100 მკმ) მტვერი ჩასუნთქვისას კავდება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანზე, ხოლო მცირე ზომისა (20-30 მკმ) აღწევს საშუალო და წვრილი ბრონქების ლორწოვან გარსს და იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ანემოფილური მტვრის ალერგენულობას ზრდის.

- წლის რომელ პერიოდში შეიძლება იჩინოს თავი ამ ალერგენზე ალერგიულმა რეაქციამ?

- პოლინოზს იწვევს მცენარეთა 3 ძირითადი ჯგუფის წარმომადგენელთა მტვერი: მარცვლოვნებისა, ხეებისა და სარეველა ბალახებისა. პოლინოზის პირველი ტალღა იწყება იანვრის ბოლოდან და გრძელდება მაისამდე. ამ პერიოდში მტვერს უპირატესად ხეები წარმოქმნიან, მეორე ტალღა მოიცავს მაისიდან ივლისის ბოლომდე პერიოდს და გამოწვეულია მარცვლოვნებით, ხოლო ივლისიდან ოქტომბრამდე არის მესამე ტალღა, რომელიც სარეველა მცენარეებითაა გამოწვეული. პოლინოზის გამწვავება იწყება მაშინ, როცა ყვავილის მტვერი აღწევს ჰაერში გარკვეულ კონცენტრაციას (10-20 ნაწილაკი 1 კუბურ მეტრ ჰაერში). ჰაერში მტვრის კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს ამინდი. ცხელ, მშრალ, ქარიან ამინდში მტვერი უკეთ ვცელდება, ამიტომ ჯობს, ალერგიულმა ადამიანებმა თავი არიდონ შინიდან გასვლას, ან დიდხანს არ დარჩნენ გარეთ. წვიმას მტვერი დაბლა ჩამოაქვს და, შესაბამისად, ამცირებს პოლინოზის გამწვავების რისკს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველაზე მეტი მტვერი დილით და დღის პირველ ნახევარში გამოიყოფა.


- რომელი მცენარის მტვერია ყველაზე საშიში ალერგენი?

-  გაზაფხულზე მოყვავილე ხეებისა: არყისა, თხილისა, მურყნისა, ალვისა, ტირიფისა, მუხისა, ნეკერჩხლისა. წიწვოვანი ხეები მტვერს უხვად გამოყოფენ, მაგრამ ამ მტვერს მაღალი მოლეკულური მასა აქვს და ნაკლებად საშიშია. მარცვლოვნებიდან ძლიერი ალერგენული თვისებები აქვს ტიმოთელას, ხორბალს, ინგლისურ კოინდარს, წივანას, მდელოს თივაქასრას, ჭვავს, ხორბალს, შვრიას, ხოლო სარეველა მცენარეებიდან - ამბროზიას, ბაბუაწვერას, ზიზილას, მრავალძარღვას, ავშანს, ჭინჭარს, მჟაუნას და სხვა.

- როგორ დავიცვათ თავი?

- ყვავილის მტვრისგან თავის დაცვა საკმაოდ ძნელია, თუმცა არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ვურჩევთ პაციენტებს. ვინაიდან მტვრის კონცენტრაცია ჰაერში მაქსიმუმს შუადღისას აღწევს, ამ პერიოდში არ არის მიზანშეწონილი გარეთ სეირნობა. სასურველია, დღის ამ მონაკვეთში ფანჯრები მჭიდროდ დავხუროთ. იმავე მიზეზით საწოლის ქვეშაგები უნდა გავანიაოთ დილის საათებში. მცენარეთა ყვავილობის დროს არ შეიძლება პიკნიკებზე სიარული, მგზავრობისას მანქანის ფანჯრების გაღება. სასურველია, შინ დაბრუნებისთანავე მივიღოთ შხაპი, ქარიან ამინდში გავიკეთოთ ნიღაბი და სათვალე. პოლინოზით დაავადებულთათვის უმჯობესია ზღვისპირა კურორტებზე დასვენება, სადაც ყვავილის მტვერი ნაკლებია. ასეთმა ადამიანებმა დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ ფიტოპრეპარატებიც. არ არის სასურველი ოთახის მცენარეების ქონა. პოლინოზით დაავადებულები უნდა ერიდონ თაფლს, რადგან მასში შესაძლოა ყვავილის მტვრის ალერგენები აღმოჩნდეს.

- ცხოველებზე განვითარებული ალერგიის შესახებ რას გვეტყვით?

- ეგზოალერგენების ერთ-ერთი ჯგუფია ეპიდერმული ალერგენები, რომელთაც მიეკუთვნება: სხვადასხვა ცხოველებისა და ფრინველების (კატა, ძაღლი, ზღვის გოჭი, მღრღნელები, ფრინველები, ცხენი, ცხვარი, თხა და ა.შ.) ბეწვი, მატყლი, ბუმბული, ქერტლი, ნერწყვი, შარდი, ექსკრემენტი. ეპიდერმულ ალერგენებს მაღალი აქტივობა ახასიათებს, ამიტომ მათთან ხანმოკლე კონტაქტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს მძაფრი ალერგიული რეაქცია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია კატის ეპიდერმისის ალერგენი, ე.წ. ფელ1. საშიშია ასევე კატის ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი, ნერწყვი და შარდი. არსებობს მონაცემები, რომ კატის ნერწყვს უფრო ძლიერი ალერგიული თვისებები აქვს, ვიდრე ბეწვს. ამასთან, მამრი კატების გამონაყოფი უფრო ალერგიულია, ვიდრე მდედრისა. მაღალი ალერგიული აქტივობით გამოირჩევა ძაღლის ნერწყვი, ბეწვი და შარდიც. ბოლო ხანს გახშირდა ძაღლთან კონტაქტის შემდეგ განვითარებული ბრონქული ასთმა, რაც ხშირად განპირობებულია ცხოველების ბინაში ყოლით. ცხოველების ბინიდან გაყვანის შემდეგაც კი სახლში ალერგენების კონცენტრაცია რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი რჩება. ადამიანი, რომელსაც ძაღლზე აქვს ალერგია, ალერგიულია ყველა - როგორც გრძელბეწვიანი, ისე  მოკლებეწვიანი ჯიშის მიმართ. ფრინველებზე ალერგიას უმეტესად არაპირდაპირი ხასიათი აქვს. იშვიათად, რომ ვინმე ალერგიული იყოს უშუალოდ ბუმბულის მიმართ; ჩვეულებრივ, ალერგიის მიზეზი ბუმბულში მცხოვრები ტკიპაა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ცხოველურ ანტიგენებზე ალერგიის განვითარება მოსალოდნელია არა მარტო მათთან უშუალო კონტაქტის დროს, არამედ ბეწვის, მატყლის, შალის ნივთებთან შეხების დროსაც, ამიტომ ალერგიულმა ადამიანებმა, შეძლებისამებრ, სინთეზური მასალისგან დამზადებული პროდუქცია უნდა გამოიყენონ და თავი არიდონ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ნივთების გამოყენებას.

- რომლებია კვებითი ალერგენები? ყველაზე ხშირად რომელ საკვებზე ვითარდება ალერგიული რეაქცია?

- კვებითი ალერგია ვითარდება, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა საკვების ცილას უცხო ნივთიერებად აღიქვამს და პრაქტიკულად უვნებელი პროდუქტის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. კვებითი ალერგიის გამოვლინება საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული ჭინჭრის ციებით, დამთავრებული ანაფილაქსიური შოკით. კვებითი ალერგენის როლი შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა საკვებმა, მაგრამ უმთავრესად ალერგენებად გვევლინება რძე, სოია, თევზი, ხორცი, მარცვლოვნები, თხილი, არაქისი, თაფლი, ზღვის პროდუქტები, მარწყვი, პომიდორი, შოკოლადი. ალერგიულ რეაქციებს იწვევს საკვების არომატიზატორები, საღებავები და კონსერვანტებიც, უმთავრესად - ყვითელი საღებავი ტარტრაზინი, ნატრიუმის გლუტამატი, ნიტრიტები, ნიტრატები, სულფიტები. ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან ხელოვნურ კვებაზე, შედიან კვებითი ალერგიის განვითარების რისკჯგუფში. ხილ-ბოსტნეულიდან ალერგიულ რეაქციას ყველაზე ხშირად იწვევს მარწყვი, მსხალი, ატამი, გარგარი, ისპანახი, პომიდორი, ნიახური, ხახვი, ნიორი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ხილ-ბოსტნეულის ალერგენები ხშირად თერმოლაბილურია და ხარშვის დროს იშლება. იმავეს ვერ ვიტყვით ძროხის რძის ცილებზე, რომლებიც მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადია და ალერგენულ აქტივობას თერმული დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს. ხილისა და ბოსტნეულის ალერგია ხშირად უკავშირდება მცენარეული მტვრის ალერგიას. მაგალითად, არყის ყვავილის მტვრის ალერგია ხშირად ვლინდება ანალოგიური რეაქციით ვაშლზე, ატამზე, ქლიავსა და ალუბალზე. კვებითმა ალერგიამ დროთა განმავლობაში შესაძლოა სახე იცვალოს, შემსუბუქდეს. ძროხის რძეზე ალერგია ხშირად 2-4 წლის ასაკისთვის ქრება. შესაძლოა, ალერგენები “შეიცვალოს” - ალერგია განვითარდეს იმ პროდუქტების მიმართ, რომლებზეც წინათ რეაქცია არ გვქონია და პირიქით - პროდუქტი, რომელიც ალერგიას იწვევდა, ჩვენთვის უვნებელი გახდეს. თევზსა და არაქისზე ალერგია უფრო მეტხანს გასტანს, ვიდრე კვერცხსა და ძროხის რძეზე.

- როგორ შეიძლება დავიცვათ თავი კვებითი ალერგენებისგან?

- კვებითი ალერგიის მკურნალობის ძირითადი მეთოდია რაციონიდან იმ პროდუქტების ამოღება, რომლებსაც შეუძლია ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. კვებითი ალერგიის დროს, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში, დიდი მნიშვნელობა აქვს კვების დღიურის შემოღებას, სადაც უნდა ჩაიწეროს ყველა პროდუქტი, რომელსაც მიიღებს პაციენტი, მერე კი გამორიცხვის მეთოდით და დაკვირვებით გამოვლინდეს “დამნაშავე” ალერგენი. დედებს, რომელთა შვილებსაც აქვთ დადასტურებული ალერგია კვერცხის ცილაზე, უნდა ახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ვაქცინა (მაგალითად, წითელასი, წითურასი, ყბაყურასი) მზადდება ქათმის ემბროინზე და შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ალერგიული რეაქცია, ამიტომ ამის თაობაზე აუცილებლად უნდა გააფრთხილონ პედიატრი. არცთუ იშვიათად საკვების აუტანლობა დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიებთან, რომლებიც არღვევს საკვების მონელებასა და შეწოვას და შედეგად იძლევა კვებითი ალერგიის კლინიკურ სურათს, ამიტომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიების დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა ძალზე მნიშვნელოვანია. საჭიროა პროდუქტის ეტიკეტის გაცნობა და მისი ინგრედიენტების დეტალური გარკვევა.


- რომელი წამლები იწვევს ყველაზე ხშირად ალერგიულ რეაქციებს?

- მედიკამენტური ალერგიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წამლების ფართო და ხშირად უსაფუძვლო გამოყენებაა. წამლისმიერი ალერგია წარმოადგენს მედიკამენტის ან მისი მეტაბოლიტების მიმართ ორგანიზმის იმუნურ რეაქციას, რომელსაც ახასიათებს მრავალფეროვანი კლინიკური სიმპტომები, დაწყებული კანის ადგილობრივი რეაქციებით, დამთავრებული ისეთი მძიმე გამოვლინებით, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი. ალერგიული რეაქციის პროვოცირება შეუძლია პრაქტიკულად ყველა მედიკამენტს, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ანტიბიოტიკები დგას, განსაკუთრებით - პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები. სახიფათოა ასევე ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ვიტამინები და სხვა. თუ მედიკამენტზე ერთხელ აღმოცენდა ალერგიული რეაქცია, ის სამუდამოდ დარჩება და კვლავ განვითარდება ამ მედიკამენტის განმეორებითი მიღებისას, არცთუ იშვიათად - უფრო მძიმე ფორმით, ვიდრე წინა ჯერზე. საკმაოდ ძნელია ჭეშმარიტი მედიკამენტური ალერგიის დიფერენცირება წამლის გვერდითი ეფექტებისა და ფსევდოალერგიული რეაქციისგან  (ეს ის რეაქციაა, რომლის დროსაც ორგანიზმში ალერგენის მიმართ სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავება არ ხდება). თუ რომელიმე წამალზე პაციენტს ალერგიული რეაქცია განუვითარდა, მისი მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მიმართოს ექიმს, სასურველია, ალერგოლოგს. ამასთანავე, თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ალერგია რაიმე წამალზე, აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს და აცნობოს მკურნალ ექიმს. ნებისმიერი წამლის მიღებამდე სასურველია კონსულატაცია ექიმთან.

- რომლებია კონტაქტური ალერგენები და როგორ ვლინდება ამ ტიპის ალერგიული რეაქცია?

- კონტაქტური დერმატიტი, რომელიც თავს იჩენს ალერგენებთან კანის უშუალო კონტაქტის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგიული დაავადებაა. ალერგენთან პირველი კონტაქტის მომენტიდან დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე დღე და ზოგჯერ კვირაც კი გაივლის, ხოლო განმეორებითი კონტაქტისას ეს პერიოდი მცირდება და რეაქციაც უფრო სწრაფად ვითარდება. კონტაქტურ ალერგენად შეიძლება მოგვევლინოს ლითონი. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია ნიკელი. იგი ხშირად შედის სამკაულების, ღილების, საათის კორპუსის, სამზარეულო ინვენტარის შემადგენლობაში. კობალტს ძირითადად თმისა და ტატუირების საღებავები შეიცავს, სპილენძს - ხურდა ფული, ზოგიერთი საკვები საღებავი და დანამატი, ქრომი შედის ტყავის ნაწარმის, სარეცხი საშუალებების, ასანთის, ფეხსაცმლის კრემების შემადგენლობაში. ცალკე ჯგუფია რეზინის შემადგენელი კომპონენტები: ლატექსი, ტურამი და სხვა. კონტაქტური ალერგენები შეიძლება მცენარეული წარმოშობისაც იყოს. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებები, კოსმეტიკურ საშუალებათა კონსერვანტები და სხვა.

- რა გამოკვლევები ტარდება ალერგენის დასადგენად?

- ალერგენების მრავალფეროვნებისა და ალერგიული დაავადებების კლინიკური სიმპტომების ფართო დიაპაზონის მიუხედავად, დიაგნოსტიკაში წამყვანი მეთოდის სტატუსს დღემდე ინარჩუნებს სრულყოფილად და სწორად შეკრებილი ანამნეზი: გასათვალისწინებელია როგორც ოჯახური ანამნეზი (წინაპრების ჯანმრთელობა), ისე დაავადების სიმპტომები, მათი გაჩენის გარემოებები, პროფესია, კვებასთან დაკავშირებული ჩვევები, საცხოვრებელი გარემო, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და სხვა. რაც შეეხება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას, დღემდე არ კარგავს აქტუალობას კანის სინჯები: ამა თუ იმ ალერგენისადმი ორგანიზმის მგრძნობელობის დასადგენად კანქვეშ შეჰყავთ ამ ალერგენის მკაცრად განსაზღვრული დოზა. ალერგოდიაგნოსტიკის მეთოდს წარმოადგეს პროვოკაციული სინჯი, რომლის პრინციპია ალეგიული რეაქციის სიმპტომების გამწვავება საეჭვო ალერგენთან ავადმყოფის კონტაქტისას. In Vitro გამოკვლევებიდან კი ფართოდ გამოიყენება სპეციფიკური IgE-ს განსაზღვრა - გარემოს ალერგენების საწინააღმდეგოდ მიმართული IgE კლასის ანტისხეულების გამოვლენა. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ერთ ტესტში ერთდროულად საკმაოდ დიდი რაოდენობის ალერგენის გამოყენება შეიძლება. გარდა ამისა, მეთოდი ყველაზე უსაფრთხოა, რადგან პაციენტს არ უწევს ალერგენთან უშუალო კონტაქტი და, შესაბამისად, გართულებების რისკიც ნაკლებია. აქვე დავძენ, რომ ნებისმიერი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალიზებულ კლინიკაში, რადგან შედეგების ინტერპრეტაცია საკმაოდ რთულია. ამასთანავე, სინჯები გარკვეულ რისკსაც უკავშირდება.

- ალერგიული რეაქციის რამდენი ტიპი არსებობს? რის მიხედვით ხდება მათი კლასიფიკაცია?

- ცნობილია ალერგიული რეაქციის ოთხი ტიპი. პირველი - ეს არის დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია. ამ დროს დაავადება ვლიდება ალერგენთან კონტაქტიდან 15-20 წუთის შემდეგ. რეაქციის დროს გამოიყოფა ანთების მედიატორები. ყოველი განმეორებითი კონტაქტის დროს კლინიკური სურათი ვლინდება უფრო სწრაფად და მძიმედ. ამგვარად მიმდინარეობს ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება, ურტიკარია, ალერგიული რინიტი, ატოპიური ასთმა და სხვა. მეორე ტიპია ციტოტოქსიკური რეაქცია. ამ გზით ხშირად მიმდინარეობს წამლისმიერი ალერგია, ჰემოლიზური დაავადებები და სხვა. რეაქციის დროს ორგანიზმში შეჭრილი ანტიგენის საპასუხოდ წარმოქმნილი ანტისხეულები საკუთარ უჯრედებსაც აზიანებენ. მესამე ტიპი იმუნოკომპლექსური რეაქციაა. ამგვარად მიმდინარეობს სხვადასხვა სისტემური დაავადება, ალერგიული ალვეოლიტი, შრატისმიერი დაავადება. ამ ტიპის ალერგიული რეაქციის დროს დამაზიანებელი მოქმედება განპირობებულია ორგანიზმში წარმოქმნილი მოცირკულირე იმუნური კომპლექსებით. მეოთხეა დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც საფუძვლად უდევს კონტაქტურ დერმატიტს. ალერგიული რეაქციის სხვა ტიპებისგან განსხვავებით, მეოთხე ტიპის რეაქციის დროს დამნაშავენი არიან თ ლიმფოციტები.

- რას ურჩევთ მათ, ვინც ალერგიისკენ არის მიდრეკილი?

- ალერგიული პაციენტების მკურნალობასა და პრევენციაში უმთავრესია ალერგენთან კონტაქტისთვის თავის არიდება. დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას, ამიტომ საჭიროა ყველა ქრონიკული დაავადების დროული გამოვლენა და მკურნალობა. ალერგიულმა პაციენტმა ყოველი ახალი მედიკამენტისა თუ საკვების მიღებამდე ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია, ინექციის ან ალერგენით მკურნალობის დროს, სულ ცოტა, 20 წუთის განმავლობაში არ დატოვოს ექიმის კაბინეტი. ასეთმა ადამიანებმა უნდა ატარონ სპეციალური სამედიცინო სამაჯური ალერგიულობის მითითებით და შოკის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნაკრები.