რუბრიკები
ჭინჭრის ციება
ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით ყოველ მესამე ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია ის. ჭინჭრის ციება უმეტესად 20-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება, რასაც  მკვლევრები ქალის ნეიროენდოკრინული სისტემის თავისებურებებით ხსნიან.  ჭინჭრის ციების პათოგენეზსა და კლინიკურ თავისებურებებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ბიძინა მაჭავარიანი.

- ბატონო ბიძინა, რას წარმოადგენს ჭინჭრის ციება? 
- ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, არის გარდამავალი გამონაყარი,  რომლის მორფოლოგიური ელემენტია ბებერა. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მოწითალო, ფერუცვლელი ან თეთრი, ერთი ან მრავლობითი. ბებერა ზეწოლის შედეგად ფერმკრთალდება და არ ტოვებს კვალს. მისი დიამეტრი რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე მერყეობს.


- როგორია ჭინჭრის ციების კლინიკური სურათი?
- ჭინჭრის ციების კლინიკური სურათის მრავალფეროვნება მისი წარმოშობის სხვადასხვა პათოგენეზური მექანიზმით აიხსნება. ჭინჭრის ციებას ახასიათებს ქავილი, ვინაიდან ის წარმოიშობა კანის ეპიდერმულ შრეში, სადაც ნერვული რეცეპტორებია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ანგიოშეშუპების დროს პათოლოგიური პროცესი მოიცავს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, კანის უფრო ღრმა შრეებს, სადაც ნერვული რეცეპტორები და პოხიერი უჯრედები (რომლებიც ჰისტამინის წყაროა) არ არის განლაგებული, ამიტომაც მას ქავილი არ ახასიათებს. საერთოდ, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება (ანგიოედემა) ერთი და იმავე პათოლოგიური პროცესის სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებაა. ურტიკარია და კვინკეს შეშუპება ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინირებულად. გვხვდება მოსახლეობის 20%-ში.  ჭინჭრის ციება შეიძლება მიმდინარეობდეს ან მწვავედ, ან ქრონიკულად.  ქრონიკულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ 6 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. მწვავე ჭინჭრის ციება მიეკუთვნება დაუყოვნებელი პირველი ტიპის ალერგიულ რეაქციას. ამ დროს კანი წარმოადგენს “შოკურ” ორგანოს, სადაც სპეციფიკური ალერგიული რეაქცია ვითარდება. ჭინჭრის ციება შეიძლება შეუღლებული იყოს ანგიონევროზულ შეშუპებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში კი იყოს ამა თუ იმ დაავადების გამოვლინების სინდრომი  - მაგალითად, ჭინჭრის ციება შრატის დაავადების დროს, ქოლინერგული ჭინჭრის ციება და სხვა. ურტიკარია კლინიკურად ვლინდება გამონაყარით, რომელიც წააგავს ჭინჭრის ნასუსხს. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამონაყარი შეიძლება სხვადასხვა ზომისა იყოს - რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრისა. ის ზეწოლის შედეგად ფერმკრთალდება  და კვალს არ ტოვებს. ახასიათებს ქავილი. შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, უფრო - კიდურებსა და ტანზე. გამონაყარი დროებითია და რამდენიმე საათში შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გაქრეს. გამორიცხული არ არის, პაციენტს გამოუვლინდეს ტემპერატურული რეაქცია, ხოლო თუ ჭინჭრის ციება წარმოადგენს სხვა დაავადების სინდრომს (მაგალითად, შრატისმიერი ჭინჭრის ციება), მას  შესაძლოა თან ახლდეს სახსრების ტკივილი და არტერიული წნევის დაწევა. კვინკეს შეშუპებას, ჭინჭრის ციებისგან განსხვავებით, ქავილი არ ახასიათებს. ის უმეტესად გამოვლინდება პერიორბიტალურ და პერიორალურ მიდამოებში და ნაწილდება სიმეტრიულად. ასევე ხშირად ვითარდება ზედა და ქვედა კიდურებზე და სასქესო ორგანოებზე, ენაზე. ენის შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (მოხრჩობა, სუნთქვის გაძნელება), ამიტომაც ის მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას სტაციონარის პირობებში.




კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
"იყიდება მერსედეს სპრინტერი 1997 წლის. თეთრი ფერის,...
"ვაკეში ირ.აბაშიძის ქუჩაზე ქირავდება თონე, მუშაობს ბ/აირზე,...
"იყიდება იაპონური ავტო-ნაწილები ტელ: 571 77 79 50"