რატომ და როდის არის საჭირო ალერგიის დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ და როდის არის საჭირო ალერგიის დიაგნოსტიკა

რინიტი, კონიუნქტივიტი, კანისმხრივი გამოვლინებები, ბრონქული ასთმა, მეტადრე - ანაფილაქსიური შოკი ან ხორხის ძლიერი შეშუპება და სხვა, - ადამიანი მიმართავს ალერგოლოგს. ერთი მხრივ, მას აწუხებს ეს სიმპტომები, რომელიც ზოგიერთ პაციენტთან მინიმალურად არის გამოხატული, ზოგიერთთან კი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს, ამიტომ ასეთი პაციენტები ალერგოლოგისგან მოითხოვენ როგორც სიმპტომების მკურნალობას, ისე გარანტიას, რომ მომავალში ამ ალერგენებთან კონტაქტისას მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ბოლო ხანს მთელ მსოფლიოში იმატა ალერგიულ დაავადებათა რიცხვმა და, ბუნებრივია, ამ პრობლემით შეწუხებული ადამიანები მდგომარეობის გასარკვევად ექიმს მიმართავენ. ალერგოლოგის წინაშე დგება ამოცანა, როგორ დაეხმაროს პაციენტს მოცემულ მომენტში და როგორ ააცილოს თავიდან ამ სიმპტომების გამეორება. ალერგიული დაავადებები სხვადასხვა მექანიზმს ეფუძნება. ალერგიის მკურნალობა დიდი ხელოვნებაა, რადგან კლინიკურად ერთი და იგივე სიმპტომები შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ალერგენით, ანუ სხვადასხვა მიზეზით და ამ მიზეზთა ზემოქმედებას სხვადასხვა მექანიზმი ედოს საფუძვლად, ამიტომ უპირველესად სიმპტომებში უნდა ამოვიკითხოთ, ბადებს თუ არა ისინი ეჭვს ალერგიულ დაავადებებზე. ალერგიული რეაქციის მექანიზმის დასადგენად საჭიროა ალერგოდიაგნოსტიკა, მაგრამ ვინაიდან ეს არის გარკვეული სიმრავლე ალერგენებისა და მათი მექანიზმებისა, აუცილებელია ექიმ ალერგოლოგის განსწავლულობა, რათა პაციენტს შეუდგინოს შესაბამისი გეგმა, რომელიც ადამიანმა, რომელიც გარკვეულ სოციალურ გარემოში ცხოვრობს ან გარკვეული პროფესია და გენეტიკური დატვირთვა აქვს, უნდა გაითვალისწინოს. არსებობს გარკვეული ნიღბის მქონე მდგომარეობები, როდესაც გვგონია ერთი და დიაგნოსტიკის შემდეგ აღმოჩნდება მეორე, ამიტომ ლოგიკურად მივდივართ იქამდე, რომ ალერგიული პაციენტის დიაგნოსტიკა უნდა იყოს მაქსიმალურად ზუსტი, რადგან ალერგენის ამოცნობა გარკვეულწილად უკვე დიაგნოზია. ვინაიდან ალერგიულ რეაქციებს იმუნოლოგიური საფუძველი აქვს, მათ განმეორებადობა ახასიათებს. ყველა ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია იმუნური მახსოვრობის ქარგით არის მოსილი. ადამიანს თუ ერთხელ დაემართა, მაგალითად, კვერცხზე ალერგია, ეს ნიშნავს, რომ ეს ალერგიული რეაქცია შეიძლება განმეორდეს, ამიტომ პაციენტის მორჩენა მხოლოდ მოცემული სიმპტომების ჩაქრობას კი არ გულისხმობს, არამედ დამნაშავე ალერგენის ამოცნობასაც, რათა მომავალში მასთან შეხვედრისას პაციენტს ისევ მძიმე მდგომარეობა არ განუვითარდეს, ან შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოთ ამ ალერგენთან პაციენტის შეგუება.

- ეს შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, ოღონდ შესაძლებელია იმ ალერგენებისთვის, რომელთა მიმართაც არის ეს დასაშვები. არსებობს გარკვეული ალერგენების მიმართ ტოლერანტობის გამომუშავების შესაძლებლობა.

- როდის არ გამომუშავდება ტოლერანტობა?

- მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს ალერგია გარკვეული წამლის მიმართ, მაგრამ ამ წამლის გარდა სხვა, ალტერნატული წამალიც არსებობს. მაინცდამაინც ამ წამალს მივაჩვიოთ პაციენტი და მის მიმართ შეგუება გამოვუმუშაოთ, აუცილებელი არ არის. მცენარის, მტვრის, ფუტკრის შხამის ან სხვა აგენტის მიმართ შეგუების გამომუშავება ხანგრძლივი პროცესია. უპირველესად უნდა მოხდეს დამნაშავე ალერგენის იდენტიფიკაცია და ეს შეიძლება მოხდეს დიდი პანელით, სხვადასხვა ალერგენით, იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მგრძნობელობა ერთი ალერგენის ან ალერგენთა ჯგუფის მიმართ. ალერგია ერთი ფაქტორის მიმართ არ გამორიცხავს მეორის მიმართ ალერგიას, ამიტომ უმრავლეს შემთხვევაში, ანამნეზის გათვალისწინებით, ხდება დიაგნოსტიკა გარკვეულ ჯგუფებზე და დამნაშავე ალერგენის გამოვლენა. დიაგნოსტიკა შეიძლება ჩატარდეს ინ ვივო - უშუალოდ ადამიანზე - და ინ ვიტრო - პაციენტისგან აღებული სისხლის სინჯზე. ეს გამოკვლევებიც სათანადო ჩვენებებს ეფუძნება. ყველა გამოკვლევა უნდა ჩატარდეს იმ საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით, რომელიც ამჟამად მოქმედებს მსოფლიოში. არსებობს ბრენდები, რომელთა ავტორიტეტი, სპეციფიკურობა, მგრძნობელობა ეჭვგარეშეა და პაციენტის გამოკვლევა ყოველთვის ეფუძნება კარგი დიაგნოსტიკუმების სწორ გამოყენებას, რაც გამორიცხავს ცრუ დადებით ან ცრუ უარყოფით შედეგს. კვლევა ტრენირებულმა პერსონალმა უნდა შეასრულოს, იმიტომ რომ ტექნიკური პროცედურა ეფუძნება ნიუანსებს, რომლებიც შეცდომას გამორიცხავს. კანის სინჯის ჩასატარებლად პაციენტი უნდა იყოს ჯანმრთელი, რათა არ მოხდეს დაავადების პროვოცირება ან არ მივიღოთ ორგანიზმის არაადეკვატური პასუხი. ჯანმრთელ პაციენტს უტარდება კანის რეაქტიულობის კონტროლი, რომელიც ადასტურებს კანის სწორ რეაგირებას. ზოგიერთს შესაძლოა გაღიზიანებული კანის გამო ჰქონდეს ჰიპერერგიული რეაქცია და ყველაფერზე დადებითი პასუხი მოგვცეს ან, პირიქით, იყოს ჰიპოალერგიული, არეაქტიულ მდგომარეობაში და კანი არ გვაძლევდეს დიაგნოსტიკის საშუალებას. ამიტომ ჯერ კანის მდგომარეობა უნდა შეფასდეს, მერე კი ალერგენების გამოყენების საფუძველზე დადგინდეს სენსიბილიზაცია ანამნეზის გათვალისწინებით.


მაგალითად, ჩვენ ვიცით, როდის რომელი მცენარე ყვავილობს და შესაბამისად ვატარებთ გამოკვლევას, ვახდენთ სოკოვანი ალერგენების იდენტიფიკაციას. ადამიანს შეიძლება სოკოვანი ინფექცია ჰქონდეს, იმკურნალოს და განიკურნოს, მაგრამ განუვითარდეს ალერგია ჰაერში არსებული სოკოს სპორების მიმართ. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენიანი კლიმატია. მნიშვნელოვანია საკვები ალერგენების მიმართ დიაგნოსტიკა, რომელიც ძალიან ხშირია ბავშვებში და შესაძლოა ზრდასრულ ასაკშიც გაგრძელდეს.  როდესაც კანის სინჯით გამოკვლევა ვერ ხერხდება (ხანდახან ერთი დიაგნოსტიკური საშუალება არ იძლევა იდენტიფიცირების შესაძლებლობას), საჭიროა ინ ვიტრო დიაგნოსტიკა, ანუ სისხლის სინჯი. ეს სინჯიც, სპეციფიკურობისა და მგრძნობელობის გათვალისწინებით, სხვადასხვანაირია. ჩვენი დაწესებულება სარგებლობს ამერიკული ფირმის თერმოფიშერის აპარატით, რომელზეც ალერგიული და იმუნოლოგიური გამოკვლევები ავტომატიზებულია და მაღალი დონისა. ამ მანქანას აქვს მართვის მწყობრი სისტემა და დაცულობა, რათა პასუხი იყოს ზუსტი. მიუხედავად მაღალტექნოლოგიური აპარატურისა, ლაბორატორია ჩართული უნდა იყოს გარე ხარისხის საერთაშორისო კონტროლში. დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ არ შეიქმნას სიცოცხლისთვის განსაკუთებული მდგომარეობა. ჩვენ ამ აპარატურაზე ვასრულებთ როგორც ალერგენის იდენტიფიცირებას, ისე იმუნოლოგიურ კვლევებსაც. ვსწავლობთ სხვა მაჩვენებლებსაც, მაგალითად, ტრიპტაზას, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ანაფილაქსიური შოკის მექანიზმში. პოხიერი უჯრედის მარკერი დაახლოებით 3 საათში იწევს მაღლა. შოკის შემთხვევაში მისი პროდუქცია მაღალია და 24 საათის განმავლობაში ნელ-ნელა მცირდება. ამ მარკერს იურიდიულ-სამართლებრივი დატვირთვაც აქვს. მაგალითად, თუ ადამიანს წნევა დაუვარდა და ძნელი გასარკვევია, ეს ალერგიული რეაქცია იყო თუ სხვა რამ, თუ იმ მომენტში არის სისხლის აღების შესაძლებლობა, ის შეიძლება შევინახოთ და შრატში მოგვიანებით განისაზღვროს ტრიპტაზის რაოდენობა. ეს გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ფუტკრის შხამით გამოწვეული პრობლემების დროს, რადგან ზოგჯერ მეფუტკრეებს ტრიპტაზის დონე მაღალი აქვთ და ნაკბენი შესაძლოა ძალზე საშიში აღმოჩნდეს. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ სხვადასხვა იმუნოლოგიური მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკაში. ანუ მნიშვნელოვანია არა მარტო ალერგენის დიაგნოსტიკა, არამედ იმ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოვლენა, რომლებიც ამ პათოგენურ მექანიზმებში მონაწილეობს და წარმოდგენას გვაძლევს მოცემული დაავადების სიმძიმის, პროგნოზისა და საჭირო მკურნალობის შესახებ.  არსებობს სხვა გამოკვლევებიც, რომლებსაც ჩვენც ვასრულებთ. მაგალითად, იმუნოლოგიური მექანიზმები საფუძვლად უდევს რევმატოლოგიურ დაავადებებს, ამიტომ ალერგოლოგიურ პრაქტიკაში ხშირად გვიხდება შემაერთებელქსოვილოვანი ავადმყოფების დიაგნოსტიკა, რადგან ამ დროს ხშირია ბრონქული ასთმა, ოღონდ არა დამოუკიდებელად, არამედ შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგიის, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურას, სკლეროდერმიის ფონზე. ჩვენ ხელთ არსებული აპარატურით შესაძლებელია მესამე თაობის ანუ მოლეკულურ დონეზე დიაგნოსტიკა. ყველა ეს გამოკვლევა ერთმანეთს ავსებს. კვლევას ვიწყებთ ეტაპობრივად: ვატარებთ კანის სინჯებს, თუ საჭიროა - ინ ვიტრო დიაგნოსტიკასაც. როდესაც პაციენტი მაღალი ალერგიულობით გამოირჩევა, სენსიბილიზებულია რამდენიმე ალერგენის მიმართ, აქვს ანაფილაქსიისადმი ანუ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისადმი მიდრეკილება, დიაგნოსტიკა სხვა დონეზე უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში - მოლეკულურ დონეზე. თითოეულ პაციენტს ვიკვლევთ 112 მოლეკულის მიმართ, ანუ თითოეული ალერგენი ცალ-ცალკე იშლება სხვადასხვა კომპონენტად. ამ გამოკვლევას კომპონენტზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასაც უწოდებენ, იმიტომ რომ იგი აფართოებს თვალთახედვას და საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, რა რისკის წინაშე დგას პაციენტი, როგორია მისი მომავალი, რას უნდა ერიდოს, რას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რა კომპონენტების შესახებ უნდა იცოდნენ დედამ, სკოლამ და ყველა იმ ინსტანციამ, სადაც ბავშვი დადის, რომ საქმე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე არ მივიდეს. ხშირად ადამიანი წუხს, რომ ყველაფერზე ალერგია აქვს - მისი მრავალმხრივი ალერგიულობა შესაძლოა ჯვარედინი რეაქციების შედეგი იყოს. მაგალითად, ადამიანი ალერგიულია მცენარის, კერძოდ, არყის ხის მიმართ, მაგრამ ვერ იტანს ვაშლს, თხილეულს და ა.შ. მას უჩნდება განცდა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა. ამის მიზეზი ის არის, რომ სამყარო შედგება ცილოვანი “აგურებისგან”, რომლებიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში მეორდება, ადამიანის იმუნური სისტემა კი თითოეულ სახეობაში ამოიცნობს მისთვის სახიფათო ალერგენს და რეაგირებს. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომელი პროტეინებია ალერგიის ჭეშმარიტი მიზეზი - ისინი, რომლებიც ვაშლშია თუ ისინი, რომლებსაც შეიცავს არყი. ამ ტიპის გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს, დავიცვათ ადამიანი და მკურნალობის სტრატეგია მართებულად და მაღალი სიზუსტით განვსაზღვროთ. ეფექტური მკურნალობის ქვაკუთხედია სწორი დიაგნოსტიკა, რომელიც ეფუძნება ცოდნას საჭირო გამოკვლევის თაობაზე და პაციენტის მდგომარეობის სწორ შეფასებას. როდესაც ვირუსული ინფექციის შემდეგ პაციენტს რჩება გახანგრძლივებული ხველა და ჭირს დიფერენცირება, ეს ვირუსინდუცირებული პრობლემაა თუ ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია, ტარდება სასკრინინგო ტესტი, რომლის საშუალებითაც პაციენტი ერთბაშად მოწმდება გარემოს ალერგენებზე. არსებობს კვებითი ალერგენების კრებული, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია რძე, კვერცხი, თევზი, ხორბალი, არაქისი, სოია. როდესაც ეს ტესტი პოზიტიურია, ვშლით და უფრო ღრმად ვიკვლევთ.

- რა კრიტერიუმებით ფასდება სინჯი?

- სინჯი სხვადასხვაა. არსებობს სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციები, რომელთა გამოსავლენად ვიყენებთ პრიკ-ტესტებს. ის ადრე არსებულ სინჯებზე უსაფრთხოა და უმტკივნეულო. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თითოეული საჩხვლეტი ალერგენის ლანცეტი ერთჯერადია, რათა არ მოხდეს კონტამინაცია. არსებობს კანშიდა, უფრო მგრძნობიარე ტესტი; არსებობს ფეჩ-ტესტები - სპეციალური ფოსოებიანი პანელი მაგრდება ზურგზე და გამოიყენება კონტაქტური ალერგენების გამოსავლენად, მაგალითად, კოსმეტოლოგიაში.

- წამლისმიერი ალერგიის დიაგნოსტიკის შესახებ რას გვეტყვით?

- განსაკუთრებით საინტერესო და რთულია წამლისმიერი ალერგიის დიაგნოსტიკა. მას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ატარებენ, თუმცა ზოგჯერ - არაკვალიფიციურად. ეს ტესტები მოითხოვს არა მარტო ტექნიკურად სწორ შესრულებას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დიდ ცოდნას, რადგან წამლები სხვადასხვანაირად დიაგნოსტირდება, სხვადასხვა წამალი სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებს ორგანიზმზე. არსებობს სპეციალური ცნობარები, რომლებიც მიგვითითებს, როგორ მოვახდინოთ თითოეული წამლისადმი ალერგიის დიაგნოსტიკა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წამლის კონცენტრაცია, რომელიც ისე უნდა შეირჩეს, რომ იყოს მგრძნობიარე და მოცემული დაავადებისთვის სადიაგნოზოდ მნიშვნელოვანი, რათა არ მივიღოთ ცრუ უარყოფითი ან ცრუ დადებითი შედეგი.

- როდის ტარდება ცხვირის ნაცხის ციტოლოგიური კვლევა?

- ცხვირის ნაცხის ციტოლოგიური კვლევა მარტივი და კარგი მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს, დავთვალოთ ეოზინოფილები, ნეიტროფილები, პოხიერი უჯრედების რაოდენობა, განვსაზღვროთ ეოზინოფილების დეგრანულაციის ხარისხი და მრავალი სხვა პარამეტრი, აგრეთვე ისიც, ალერგიულია ცხვირის პრობლემა თუ ინფექციური.

- ჩვენში გავრცელებულ ლეიკოციტოლიზის რეაქციაზე რას გვეტყვით?

- ამ მეთოდს არც სათანადო მგრძნობელობა გააჩნია და არც სპეციფიკურობა. მას არსად იყენებენ, საქართველოს გარდა.

- რა არის სპირომეტრია?

- სპირომეტრია ალერგიული დაავადების სადიაგნოსტიკოდ საჭირო რუტინული კვლევაა. ის აღნუსხავს პაციენტის სუნთქვის ფუნქციურ მაჩვენებლებს მოცემული მომენტისთვის. გარდა ჩვეულებრივი სპირომეტრიისა, ტარდება ფარმაკოდინამიკური ტესტიც, რომლითაც ირკვევა, როგორ პასუხობს ბრონქები სხვადასხვა ბრონქოდილატატორს. სპირომეტრია საჭიროა მონიტორინგისთვის, მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრისთვის. ასევე საინტერესოა ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის განსაზღვრა. ეს ტესტი ამერიკისა და ევროპის კლინიკათა გაიდლანებში შედის. ალერგიული რეაქციის პათოგენეზში წამყვანია ეოზინოფილური ანთება. ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის მაჩვენებელი ალერგიული ანთების ინდიკატორია. ეს გამოკვლევა პაციენტის მდგომარეობის ობიექტივიზაციის შეფასებაში გვეხმარება.