ალერგიული სინჯები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგიული სინჯები

თითოეული ალერგიული დაავადებისთვის შემუშავებულია გამოკვლევათა განსაზღვრული გეგმა, თუმცა ყოველ კერძო შემთხვევაში, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ამა თუ იმ მეთოდს ენიჭება უპირატესობა. სწორი დიაგნოზი, წესისამებრ, გამოკვლევათა კომპლექსს ეფუძნება, ერთი ანალიზი ამისთვის არ კმარა.

ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკის მეთოდებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალერგოსინჯებია. ამ მეთოდებს შორის არის კანის რაოდენობრივი და ხარისხობრივი სინჯები, აგრეთვე - პირდაპირი, არაპირდაპირი და პროვოკაციული სინჯები. ამ მეთოდების მთავარი და საერთო ნიშანი ის არის, რომ ალერგენი, რომელიც დაავადების პოტენციურ გამომწვევად განიხილება, ამა თუ იმ გზით შეჰყავთ პაციენტის ორგანიზმში, შემდეგ კი აკვირდებიან და მის მიმართ ორგანიზმის რეაქციას აფასებენ. სინჯებს, როგორც წესი, მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდში ატარებენ. ამ დროს მწვავე ალერგიული რეაქციიდან 2-3 კვირა მაინც უნდა იყოს გასული.

ალერგოსინჯებსა და ზოგადად ალერგოდიაგნოსტიკაზე გვესაუბრება ვაკის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი ლაბორანტი შორენა კვარაცხელია:

  • თქვენი ლაბორატორიის მონაცემებით, როგორია სტატისტიკა, ყველაზე ხშირად რომელ ალერგენებზე უვითარდებათ პაციენტებს ალერგიული რეაქცია?

- ჩვენს ლაბორატორიაში უმთავრესად ტარდება სისხლის ანალიზი სხვადასხვა ანტიბიოტიკსა და საანესთეზიო პრეპარატზე ალერგიულ რეაქციათა გამოსავლენად. პაციენტებს უმეტესად სტომატო-ლოგები, სხვადასხვა პროფილის ქირურგები და ანესთეზიოლოგები აგზავნიან. ალერგიულ რეაქციათა გახშირების ფონზე გართულებათა თავიდან ასაცილებლად ქირურგიული მანიპულაციების ჩატარებამდე, ამა თუ იმ პრეპარატის დანიშვნამდე აუცილებლად უნდა შემოწმდეს ადამიანის ორგანიზმის მგრძნობელობა პრეპარატისადმი.

საანესთეზიო საშუალებებიდან მგრძნობელობა მოწმდება ნოვოკაინის, ლიდოკაინის, უბისთეზინის, ულტრაკაინის, სკანდონესტის, სეპტანესტის და ყველა იმ პრეპარატის მიმართ, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში. იგივე ითქმის ანტიბაქტერიულ პრეპარატებზეც. მოგეხსენებათ, დღეს ანტიბიოტიკების ბუმია და არის შემთხვევები, როდესაც სამკურნალოდ დანიშნული წამალი მძიმე გართულებათა გამო ადამიანისთვის საზიანო და მომაკვდინებელიც კი ხდება.

  • როგორ ადგენთ სისხლის მიხედვით ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას ამა თუ იმ პრეპარატის მიმართ?

- სისხლს ვიღებთ უზმოზე. ვენიდან აღებულ ჰეპარინიზებულ სისხლს სპეციალურ სინჯარებში ვათავსებთ, ვამატებთ სასინჯი ნივთიერებების 2-3 წვეთს (ჩვეულებრივ, ეს ის მედიკამენტებია, რომლებსაც იყენებენ ექიმები, ანუ რომელთა მიმართ რეაქციაც აინტერესებთ და ითხოვენ ანალიზს). ამის შემდეგ სინჯარები თერმოსტატში თავსდება, თერმოსტატიდან გამოღებისა და 3%-იანი ძმარმჟავას ხსნარის დამატების შემდეგ კი ხდება სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის განსაზღვრა. საკონტროლო და საცდელ სინჯარებში არსებული სისხლის ლეიკოციტების დათვლა, მათი შეფარდებითი ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს, რამდენად არის მომატებული ამა თუ იმ სასინჯი ნივთიერებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობა, რა პროცენტული ოდენობით არის დასაშვები ორგანიზმში მისი მოხვედრა (გამოხატული ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, საცდელ სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა საკონტროლო მაჩვენებლთან შედარებით შემცირებულია მათი ლიზისის - დაშლის - გამო).

  • რას გვეტყოდით სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრაზე?

- მოგეხსენებათ, ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას (სენსიბილიზაციას), ზოგადად, ალერგიულ ფონს იმუნური სისტემის განსაზღვრული ცვლილებები (დარღვევები) იწვევს. საყოფაცხოვრებო, მცენარეული, ეპიდერმული, საკვები თუ სხვა სახის ალერგენებისადმი ალერგიას, უწინარეს ყოვლისა, სისხლში E კლასის ანტისხეულების (Ig იმუნოგლობულინების) მომატება ახასიათებს. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში E იმუნოგლობულინების კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა, ალერგიული დაავადების მქონეთა სისხლში კი სპეციფიკური IgE ანტისხეულების დონე მკვეთრად არის მომატებული, რასაც თავისთავად დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს. სისხლის ანალიზი, ისევე როგორც კანის სინჯები, იმაზე მიუთითებს, რომელმა ალერგენმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თუმცა ამა თუ იმ ალერგენის მიმართ დადებითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაშიც კი არ შეიძლება, ალერგიულ დაავადებაზე ერთმნიშვნელოვნად ვიმსჯელოთ, ისევე როგორც უარყოფითი პასუხი არ გამორიცხავს ალერგიული რეაქციის განვითარების შესაძლებლობას. გამოკვლევის შედეგები ყველა შემთხვევაში უნდა შეჯერდეს დაავადების კლინიკურ სურათთან, რაც სწორედ ალერგოლოგთა კომპეტენციაა.

  • პაციენტებს ხშირად უნიშნავენ კანის სინჯებს. რომელი მეთოდი უფრო სარწმუნოა დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, სისხლის ანალიზი თუ კანის ტესტი?

- ტესტირების არსი ასეთია: სავარაუდო ალერგენის უმცირეს დოზას ათავსებენ კანის ზედაპირზე ან შეჰყავთ კანქვეშ, რათა გაირკვეს, აღმოცენდება თუ არა ლოკალური დადებითი რეაქცია შეწითლების ან შესიების სახით. კანის ამ უბნის შეწითლება და მცირედი (კოღოს ნაკბენის მსგავსი) შეშუპება დადებითი რეაქციის მანიშნებელია (ეს გამოვლინებანი, გარდა იმისა, რომ ადასტურებს გამოყენებული ალერგენისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას, გარკვეულწილად მგრძნობელობის ხარისხზეც მიუთითებს). კანის სინჯის ჩატარებიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში პაციენტი ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. თუ სინჯმა დადებითი რეაქცია გამოავლინა, სპეციალისტი შეისწავლის (აკვირდება და ზომავს) სიწითლესა და შესიებას, რითაც, ფაქტობრივად, განსაზღვრავს მოცემული ალერგენისადმი მგრძნობე-ლობის ხარისხს (დონეს). ამის საფუძველზე ექიმი წყვეტს, სჭირდება თუ არა პაციენტს იმუნოთერაპიის შესაბამისი კურსის ჩატარება. სწორედ ალერგენისადმი მგრძნობელობის ხარისხის გათვალისწინებით ხდება ალერგიის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსის შერჩევა.

  • რა სახის ტესტები არსებობს და რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი მათი გამოყენება?

- ალერგიის დიაგნოსტიკისთვის, ჩვეულებრივ, ორგვარი კანის სინჯი გამოიყენება: პრიკ ტესტი და სკარიფიკაციული ტესტი. პრიკ ტესტი კანშიგა ნემსის მეთოდია. მას სხვაგვარად ინტრადერმულ (კანშიგა) სინჯს უწოდებენ. ამ დროს ალერგენის მცირე დოზა წინამხარზე (ზოგჯერ ხელისგულზეც) კანის ზედაპირული შრის ქვეშ შეჰყავთ. სკარიფიკაციულ ტესტს ნაკაწრის სინჯსაც უწოდებენ. ის ზურგის ან წინამხრის კანზე კეთდება. სავარაუდო ალერგენის შემცველ ხსნარს კანზე აწვეთებენ, კანს სპეციალური ინსტრუმენტით ოდნავ კაწრავენ ან ჩხვლეტენ (ისე, რომ სისხლმა არ გამოჟონოს), განსაზღვრული პერიო-დის შემდეგ კი ამ უბანზე აღმოცენებულ ალერგიულ რეაქციას აფასებენ. პროცედურის სიმარტივისთვის სპეციალური ერთჯერადი სტერილური აპლიკატორებია შექმნილი. ორივე ტესტის შემთხვევაში დადე-ბითი რეაქცია დაახლოებით 20 წუთში ვლინდება. ზუსტი დიაგნოზისთვის ხშირად ათეულობით ტესტის ჩატარება ხდება საჭირო.

  • შეიძლება თუ არა, კანის სინჯებს გართულება მოჰყვეს?

- ვინაიდან კანშიგა სინჯები ალერგენის უშუალოდ კანში შეყვანას გულისხმობს, მათი განხორციელებისას არსებობს როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური რეაქციის განვითარების საფრთხე. ზოგჯერ სინჯის ჩატარების უბანზე ვრცელი შეშუპება, კანის დაბუჟება და სხვა სიმპტომები აღმოცენდება, მოსალოდნელია ზოგადი სიმპტომებიც - ხველა, ცხვირცემინება, თვალების წვა, სულხუთვის შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში და სხვა. ამიტომაც კანშიგა სინჯებამდე ხშირად სკარიფიკაციულ ტესტებს ატარებენ. ეს უკანასკნელი შედარებით ნაკლებ საშიშია.

  • აქვს თუ არა კანის სინჯებს უკუჩვენება?

- თუ პაციენტი ანტიჰისტამინური პრეპარატებით ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობს, სინჯების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე წამლების მიღება უნდა შეწყვიტოს - აღნიშნული მედიკამენტები ალერგენისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას ცვლის, ამიტომ ტესტის პასუხი შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს. ანტიჰისტამინური ეფექტის გამო კანის სინჯის შედეგებზე თავისებურ გავლენას ახდენს ზოგიერთი ანტიდეპრესანტიც. თუ ასეთი პრეპარატით მკურნალობთ, კანის სინჯების ჩატარებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. თუ ის ნებას დაგრთავთ, უმჯობესია, მედიკამენტის მიღება ტესტის ჩატარებამდე 5-7 დღით ადრე შეწყვიტოთ (შესაძლოა, ეს არც დაგჭირდეთ - ექიმმა, უბრალოდ, პრეპარატი შეგიცვალოთ). კანის სინჯების ჩატარებისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ისეთი დაავადებები, როგორიც არის დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, კანის სხვა პათოლოგიები (გაღიზიანება, დაზიანება და სხვა), რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.

  • რას გულისხმობს და რა თავისებურებით გამოირჩევა პროვოკაციული სინჯები?

- პროვოკაციული სინჯები ალერგოლოგიური ანამნეზისა და კანის სინჯების შედეგების შეუსაბამობისას ტარდება. ამ დროს ალერგიულ რეაქციას იწვევენ ალერგენის უშუალოდ იმ ქსოვილში ან ორგანოში შეყვანით, რომლის უპირატესი დაზიანებაც არის წამყვანი დაავადების კლინიკურ სურათში. განასხვა- ვებენ კონიუნქტივურ (ალერგიული კონიუნქტივიტების დროს), ნაზალურ (ალერგიული რინიტებისა და პოლინოზების დროს), ინჰალაციურ (ბრონქული ასთმის დროს) პროვოკაციულ სინჯებს.