თუ ბავშვს ხელები უბუჟდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ბავშვს ხელები უბუჟდება

- თითების დაბუჟება, ტკივილი, მოძრაობის შებოჭვა - ეს ნიშნები ალბათ უფრო რევმატულ ართრიტს გვაფიქრებინებს. რა სახის რევმატული ართრიტები გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში?

- სახსრების ანთებითი დაავადებები, ართრიტები, თანამედროვე პედიატრიული რევმატოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რევმატულ დაავადებათა განვითარების ალბათობა დაბადებიდანვე არსებობს, თუმცა ართრიტით მიმდინარე დაავადებათა ჩამოყალიბების საფრთხე ბავშვის ზრდისა და განვითარების პარალელურად იმატებს. ბავშვთა ასაკში ართრიტით მიმდინარე 110-მდე რევმატული დაავადება გვხვდება. მათ შორის სიმძიმით გამოირჩევა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომლის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში დაინვალიდების ალბათობა მაღალია. დაავადებულ ბავშვთა ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში მესამე-მეოთხე ჯგუფის ინვალიდად იქცევა და 10-15 წლით უმცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ართრიტებს შორის დიდი ადგილი უკავია რეაქციულ ართრიტებს. რეაქციულ ართრიტზე მაშინ საუბრობენ, როდესაც დაავადება უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ ინფექციას ან გამომწვევ აგენტს, მაგალითად:

  • სტრეპტოკოკულ ინფექციას (კლინიკურად ვლინდება ხშირი ანგინით; შესაბამისად, აუცილებელია ჩირქოვანი ტონზილიტით ხშირად მოავადე ბავშვების სწორი, ადეკვატური მკურნალობა);
  • ნაწლავურ ინფექციებს - იერსინიოზს, სალმონელოზს, დიზენტერიას, წითურას, ყბაყურას, პარკოვირუსს.

პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია, ართრიტის ტიპი დაავადების ადრეულ ეტაპზე იქნეს დადგენილი.

- რა შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ ამ დაავადებათა არსებობა?

- ართრიტის ტიპის დასადგენად ვითვალისწინებთ დაავადების ხანგრძლივობას, დაწყების თავისებურებას, ტკივილის დროსა და ხასიათს, პათოლოგიურ პროცესში ჩართულ სახსართა რაოდენობას, დაზიანების ხარისხს, ავადმყოფის ასაკს, სქესს...

სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვთა 10-15% სახსრების მიდამოში ტკივილს უჩივის, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ავად ჭეშმარიტი რევმატოიდული ართრიტით.

- კიდევ რომელი ნიშნების არსებობა გვაეჭვებინებს იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს?

- იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს ვვარაუდობთ, როდესაც:

  • ართრიტი 3-6 კვირაზე მეტხანს გასტანს. ეს აუცილებელი ნიშანია!
  • წვრილი (ხელისა და ფეხის თითების) სახსრები სიმეტრიულად ზიანდება.
  • დილით, გაღვიძებისას, ან სახსრების ხანგრძლივი უძრაობის შემდეგ სახსრებში შებოჭილობა, დაბუჟება და ტკივილი აღინიშნება.
  • თავს იჩენს მხედველობის პრობლემები.

მძიმედ მიმდინარე დაავადებას ერთვის წონის კლება, ოფლიანობა, ტემპერატურის მომატება, კანზე ჩნდება გამონაყარი, თავს იჩენს შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნები.

ავადმყოფ ბავშვს აღენიშნება მაღალი სიცხე შემცივნებით, ტემპერატურა იწევს დღეში ერთხელ ან ორჯერ, უფრო - საღამოობით. ხშირად ცხელებას ერთვის წითელასმაგვარი ვარდისფერი გამონაყარი - ე.წ. რევმატოიდული გამონაყარი, რომელიც კიდურებსა და წელის მიდამოშია ლოკალიზებული. ტემპერატურის დაკლების შემდეგ ის მალევე ქრება. გამონაყარს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: იუვენილური რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელია:

  • ფიზიკური განვითარების შეფერხება;
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • ჩონჩხის ცალკეული ძვლების ზრდის დეფორმაცია, მაგალითად, თითის ფალანგების დამოკლება ან დაგრძელება.

 

- არსებობს სახსარგარე დაზიანებებიც, რომლებიც თან სდევს სახსრის დაზიანებას. რომელი ორგანოები ზიანდება ამ დროს?

- სახსარგარე დაზიანებებს შორის აღსანიშნავია:

  • თვალის დაზიანება - უვეიტი;
  • ექსუდაციური პერიკარდიტი - გულის გარეთა გარსის ანთება;
  • გენერალიზებული ლიმფადენოპათია - ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
  • ღვიძლის, იშვიათად ელენთის გადიდება.

უვეიტი უმეტესად გოგონებს შორის გვხვდება. თვალის დაზიანება იშვიათად წინ უძღვის სახსრების სინდრომს, უმეტესად კი სახსრების დაზიანებიდან რამდენიმე თვის ან რამდენიმე (საშუალოდ - 2-4) წლის შემდეგ ვითარდება, მიმდინარეობს ტკივილების გარეშე, შესაძლოა იყოს ცალმხრივიც და ორმხრივიც.


 

- როგორ ვლინდება არარევმატოიდული ართრიტი?

- სხვადასხვა ინფექციის ფონზე განვითარებულ რეაქტიულ ართრიტებს აქვთ საერთო ნიშნები. ესენია:

  • ქრონოლოგიური კავშირი ინფექციასთან;
  • მწვავე დასაწყისი;
  • შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა;
  • ხანგრძლივობა - არა უმეტეს 1-2 კვირისა;
  • რეციდივებისკენ მიდრეკილება.

 

- რა იწვევს ართრიტს და როგორ დავიცვათ მისგან ბავშვი?

- იუვენილური ართრიტის მიზეზი უცნობია, ამდენად, არც მისი პრევენციის საშუალება არსებობს. რაც შეეხება რეაქტიულ ართრიტს, მისი პრევენცია გამომწვევი მიზეზის დროული და სწორი მკურნალობაა.

- როგორ მკურნალობენ ართრიტებს?

- ტაქტიკა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს საჭიროა ხანგრძლივი, ხშირად მუდმივი მკურნალობა. მკურნალობის დანიშვნამდე ვითვალის-წინებთ დაავადების ფორმას, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობის თავისებურებას. დაავადების დასაწ-ყისში ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. პროგნოზი უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, დროულად ჩავრთავთ თუ არა თერაპიაში იმუნომოდულაციურ პრეპარატებს, რაც, როგორც წესი, სტაციონარში ხდება. უახლესი პათოგენეზური საშუალებები მკვეთრად ცვლის დაავადების პროგნოზს და ამცირებს ინვალიდობის ხარისხს.

რაც შეეხება რეაქტიულ ართროზს, მისი მკურნალობის ტაქტიკას უპირატესად გამომწვევი მიზეზი განსაზღვრავს - მის წინააღმდეგ არის მიმართული. პარალელურად ტარდება სახსროვანი სინდრომის მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. პროგნოზი მეტწილად კეთილსაიმედოა, განსაკუთრებით - მკურნალობის დროული დაწყებისა და სწორი წარმართვის შემთხვევაში.

- როგორ ხდება რეაბილიტაცია? შეიძლება თუ არა, ბავშვი სპორტით დავტვირთოთ?

- რევმატული პათოლოგიების დროს ფიზიკური რეაბილიტაცია ექიმისგან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. დაავადების გამწვავება თავიდან რომ ავიცილოთ, ფიზიკური დატვირთვა ბავშვის მდგომარეობის საფუძველზე უნდა შეირჩეს. დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე ინიშნება ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი, ცურვა, მასაჟი, ბალნეოთერაპია. ამდენად, უპირატესობა სამკურნალო ფიზკულტურასა და ფიზიოპროცედურებს უფრო ენიჭება, ვიდრე სპორტის ამა თუ იმ სახეობას და მით უმეტეს, სრულ ფიზიკურ დატვირთვას.

- რომელ კურორტზე ურჩევთ დასვენებას პატარა პაციენტებს?

- ზღვა და მაღალმთიანი კურორტები რეკომენდებული არ არის. უმჯობესია, ბავშვი ზომიერი კლიმატური ჰავის კურორტებზე დავასვენოთ.

- რას გვეტყვით კვების რაციონის შესახებ, იზღუდება თუ არა რომელიმე პროდუქტი?

- რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი, მდიდარი ცილებით, ვიტამინებით და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა საკვები ინგრედიენტებით. ართრიტით დაავადებულ ბავშვებს ახასიათებთ ზრდაში ჩამორჩენა. ამდენად, სწორად შერჩეულ რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს. იზღუდება მხოლოდ ის, რაც ჯანმრთელი ბავშვისთვისაც არ არის რეკომენდებული, კერძოდ, მწარე, ცხარე, მჟავე, მლაშე, შებოლილი, დაკონსერვებული, მეტისმეტად ცხიმიანი საკვები.

- რას ურჩევთ მშობლებს, რომელთა შვილებსაც ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს?

- თუ ბავშვს ართრიტი აღმოაჩნდა, ნერვებს ნუ აჰყვებიან. დროული და ადეკვატური მკურნალობა, მართებული რეაბილიტაცია, მუდმივი ყურადღება და თბილი გარემო, მჭიდრო კავშირი ექიმსა და პაციენტს თუ მის მშობლებს შორის თავიდან აგვაცილებს ყველა შესაძლო გართულებას, რაც დაავადების პროგრესირების შემთხვევაშიც კი ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ადაპტაციამდე მიგვიყვანს.