პარკინსონის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პარკინსონის დაავადება

ტერმინი "პარკინსონიზმი" გამოიყენება ნებისმიერ ისეთ სინდრომთან მიმართებით, რომლის დროსაც პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი დარღვევები იჩენს თავს. საკუთრივ პარკინსონის დაავადება წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკულ პროგრესირებად დაავადებას. მას პირველად ანუ იდიოპათიურ პარკინსონიზმს მიაკუთვნებენ. განასხავავებენ მეორეულ პარკინსონიზმსაც. ეს უკანასკნელი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული - ენცეფალიტით, განსაზღვრული მედიკამენტების ჭარბი მიღებით, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზით და სხვა.

პარკინსონის დაავადება პირველად 1817 წელს აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს პარკინსონმა ესეში "კანკალა დამბლის შესახებ". ავტორმა ამ ნაშრომში 6 პაციენტზე დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა. პარკინსონის დაავადების განვითარების დეტალები ბოლომდე დღესაც შეუსწავლელია, თუმცა დაავადების მიზეზებს შორის განიხილება რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა. ესენია დაბერება, მემკვიდრეობა, ზოგიერთი ტოქსინი და ნივთიერება.

დაბერების ფაქტორი

ის ფაქტი, რომ პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომი ნორმალური (ფიზიოლოგიური, არაპათოგენური) დაბერების პროცესშიც ვლინდება, ამყარებს იმ ვარაუდს, რომ პარკინსონიზმის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ნეირონთა რაოდენობის ასაკობრივი შემცირებაც იყოს. დღეს უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ყოველ 10 წელიწადში ადამიანი ნეირონთა დაახლოებით 8%-ს კარგავს, მიუხედავად მათი რეგენერაციისა (განახლებისა). ტვინის კომპენსატორული შესაძლებლობანი იმდენად დიდია, რომ პარკინსონიზმის სიმპტომები მხოლოდ ნეირონთა 80%-ის დაკარგვის შემთხვევაში ვითარდება.

მემკვიდრეობითი ფაქტორი

უკვე მრავალი წელია მსჯელობენ მეცნიერები დაავადებისადმი მემკვიდრეობითი განწყობის შესახებ. როგორც ვარაუდობენ, გენეტიკური მუტაცია შესაძლოა ზოგიერთი ნივთიერებისა და ტოქსინის მავნე ზემოქმედებით იყოს განპირობებული.

ტოქსინები და მავნე ნივთიერებები

1977 წელს აღწერილ იქნა მძიმე პარკინსონიზმის რამდენიმე შემთხვევა ნარკომანებში, რომლებიც სინთეზურ ჰეროინს იღებდნენ. ეს ფაქტი მოწმობს, რომ სხვადასხვა ქიმიურმა ნივთიერებამ შესაძლოა თავის ტვინის ნეირონებში პათოლოგიური პროცესი "ჩართოს" და პარკინსონიზმის გამოვლინებანი გამოიწვიოს.

პარკინსონის დაავადების სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია ვირუსული ინფექციები, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ქალა-ტვინის მძიმე და განმეორებადი ტრავმები, ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება (მაგალითად, იმ მედიკამენტებისა, რომლებიც ბლოკავს დოფამინის გამოყოფას ან გადაცემას - ნეიროლეფსიური საშუალებანი, რეზერპინის შემცველი პრეპარატები), ამიტომაც პარკინსონის დაავადების დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია იმის დაზუსტება, როგორი თერაპია უტარდებოდა პაციენტს.

კლინიკური გამოვლინება და ძირითადი სიმპტომები

დაავადება იწყება ამიოსტატიკური სინდრომის თანდათანობით განვითარებით. ამიოსტატიკურ ანუ აკინეზურ-რიგიდულ სინდრომს ახასიათებს მოძრაობის შენელება (ბრადიკინეზია), მოძრაობის სიღარიბე (ოლიგოკინეზია) და ექსტრაპირამიდული ჰიპერტონია. ამიოსტატიკურ სინდრომს ერთვის პარკინსონული ტიპის კანკალი.

ექსტრაპირამიდული ჰიპერტონია გამოიხატება ტანის, სახისა და კიდურების კუნთთა პლასტიკური ტონუსის გაძლიერებით, რის შედეგადაც ქუთუთოების ხამხამი იშვიათდება (მარის სიმპტომი), იბოჭება და ღარიბდება ნებისმიერი მოძრაობა, სახე ამიმიურია, ნიღბისებრი, მცირდება ან ქრება ფიზიოლოგიური სინკინეზიები: სიარულისას არ ხდება ხელების დამაბალანსებელი მოძრაობა (აქეიროკინეზია), ავადმყოფს უჭირს სკამიდან სწრაფად წამოდგომა, ეცვლება მეტყველება (არამოდულირებულ, მონოტონურ ხასიათს იღებს) და ხელწერა (მიკროგრაფია). თავისებურად იცვლება ავადმყოფის პოზაც - თავი და ტანი წინ არის დახრილი, ხელები ადუქციურია, ნაწილობრივ არის მოხრილი წინამხარი და თითები, ფეხებიც მენჯ-ბარძაყის სახსრებში ოდნავ არის მოხრილი. ავადმყოფი დადის მოკლე-მოკლე ნაბიჯებით.

მტევნის პასიური მოძრაობისას გამოხატულია ე. წ. დაკბილული ბორბლის სიმპტომი (ნეგროსი). ავადმყოფი უმეტესად დეპრესიულია. შესამჩნევია ემოციური ლაბილურობა - ავადმყოფი ადვილად იცრემლება და იგზნება, ჭირვეული და ახირებულია.

აღწერილ ავადმყოფურ მდგომარეობას ემატება პარკინსონული კანკალი: ხელის თითები წამში 4-7 სტერეოტიპულ რიტმულ მოძრაობას ასრულებს. მოძრაობა ჰგავს აბის დამრგვალებას, ლითონის ფულის დათვლას. როდესაც კანკალი ძლიერია, ხელის თითები და მტევანი ფანდურზე დაკვრის მსგავს მოძრაობებს ასრულებს. დაავადების გამწვავებისას კანკალი ქვედა კიდურებსაც მოიცავს. კანკალი, ჩვეულებრივ, ერთი ხელიდან იწყება და შემდეგ მეორეზეც გადადის. შესაძლოა, ჩონჩხის კუნთებზეც გავრცელდეს.

პარკინსონული კანკალი გამოხატულია მოსვენებისას, ძლიერდება დაღლისა და ემოციის დროს, ძილის დროს კი ქრება. პარკინსონის დაავადება ნელა, წლობით და პროგრესულად მიმდინარეობს. აქტიური მოძრაობები თანდათან კნინდება, ბოლოს ქრება და ავადმყოფი მოვლა-პატრონობას საჭიროებს.