ექოსკოპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექოსკოპია

რას ემყარება ეს გამოკვლევა, რომელ ორგანოთა დაავადების დროს არის ის ინფორმაციული, რაზე მეტყველებს შემთხვევით აღმოჩენილი ცვლილებები? ჩვენს ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის ულტრასონოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ულტრასონოგრაფიის სასწავლო ცენტრ GEOJEFF-ის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ მიზანდარი.

- რას ემყარება ექოსკოპიური კვლევა, როგორ მიიღება აპარატის ეკრანზე გამოსახულება?

- ექოსკოპიური ანუ ულტრაბგერითი კვლევა ემყარება გამოსაკვლევი ქსოვილების აკუსტიკურ თავისებურებათა განსხვავებას. სწორედ ეს განსხვავება გვაძლევს საშუალებას, ეკრანზე საკვლევი ორგანოების გამოსახულება მივიღოთ.

ტრანსდუსერი, რომელსაც ადამიანს სხეულის განსაზღვრულ ადგილზე ათავსებენ, გამოსცემს ულტრაბგერას. ეს არის მაღალი სიხშირის ბგერა, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ულტრაბგერა ვრცელდება ქსოვილებში, მათი განსხვავებული აკუსტიკური თვისებების გამო სხვადასხვაგვარად აირეკლება და ექოს სახით უკან ბრუნდება. არეკლილი ულტრაბგერა აღიქმება ტრანსდუსერის მიერ და ეკრანზე ფიქსირდება მნათი წერტილების სახით. მარტივად და გასაგებად თუ ავხსნით, ექოსკოპია ექოლოკაციის პრინციპს ემყარება. ყველამ იცის, რომ ულტრაბგერითი ექოლოკაციის მეშვეობით განსაზღვრავენ ოკეანის სიღრმეს, ადგენენ ოკეანეში თევზების არსებობა-არარსებობას. ანალოგიური პრინციპით ხდება ადამიანის ორგანიზმის კვლევაც.

- რა განსხვავებაა ძველ და თანამედროვე აპარატებს შორის და რამდენად მნიშვნელოვანია ეს განსხვავება პაციენტისათვის?

- თანამედროვე და ძველი აპარატები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავება უპირველეს ყოვლისა გამოსახულების ხარისხს და, ამის კვალობაზე, მიღებული ინფორმაციის სიზუსტეს ეხება. ძველ აპარატებს არ გააჩნდა "რუხი სკალა"; თანამედროვე დანადგარებს კი 256 გრადაციის მქონე რუხი სკალა აქვს, თუმცა არსებობს 32-64 გრადაციის მქონე აპარატებიც. ასეთი აპარატით მიღებული გამოსახულება ნაკლებად კონტრასტულია. წარსულში არ იყო არც დოპლერი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორგანოთა სისხლმომარაგების, სისხლის ნაკადის სიჩქარის შესაფასებლად. აშკარაა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავება ძველ და თანამედროვე აპარატებს შორის პაციენტისთვის არსებითია, რადგან თანამედროვე აპარატურა ნიშნავს უფრო უკეთეს გამოსახულებას, მეტ ინფორმაციას, ესე იგი უფრო ზუსტ დიაგნოზს.

- რომელ ორგანოთა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის არის ინფორმაციული ექოსკოპიური კვლევა და რომელი ორგანოებისთვის - არა?

- ექოსკოპიურად შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოსა და რბილი ქსოვილის გამოკვლევა. კვლევას დაბრკოლებას უქმნის აირები და ძვლები, ამიტომ ექოსკოპია არ მიიჩნევა კვლევის უმჯობეს მეთოდად კუჭისა და ნაწლავების გამოკვლევისას, თუმცა მისი მეშვეობით განსაზღვრული ინფორმაციის მიღება ამ ორგანოების მდგომარეობის შესახებაც არის შესაძლებელი.

- საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ექოსკოპიური კვლევისთვის?

- აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია, პაციენტმა დილით საკვები არ მიიღოს, რათა კვლევის დროს ნაღვლის ბუშტი შეკუმშული არ იყოს. კარგი ვიზუალიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაწლავებში დიდი რაოდენობით აირი არ იყოს. წინამდებარე ჯირკვლის ანუ პროსტატის, ასევე საშვილოსნოსა და საკვერცხეების ექოსკოპიის დროს პაციენტს შარდის ბუშტი სავსე უნდა ჰქონდეს. სავსე შარდის ბუშტი ერთგვარი აკუსტიკური ფანჯრის როლს ასრულებს - ის საშუალებას გვაძლევს, ულტრაბგერა მცირე მენჯის ორგანოებისკენ მივმართოთ. როცა შარდის ბუშტი დაცლილია, ამ არეს ნაწლავები იკავებს, რაც ექოლოკაციას დაბრკოლებას უქმნის, სავსე შარდის ბუშტი კი ნაწლავებს მაღლა სწევს.

- ღვიძლის რომელ დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის არის ექოსკოპია ინფორმაციული? შესაძლებელია თუ არა, მისი მეშვეობით ერთმანეთისგან განვასხვაოთ კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები?

- ექოსკოპია ინფორმაციულია ღვიძლის ნებისმიერი დაავადების დროს. მართალია, ზოგიერთი პათოლოგიის შემთხვევაში მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიერთის შემთხვევაში კი ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ განსაზღვრულ წარმოდგენას ღვიძლის დაავადების შესახებ თითქმის ყოველთვის გვიქმნის. განსაკუთრებით ინფორმაციულია ექოსკოპია ღვიძლის კეროვანი დაზიანების - კისტის, სიმსივნის დროს. რაც შეეხება სიმსივნის ბუნებას, არის შემთხვევები, როცა ამის დადგენა შეუძლებელია არა მარტო ექოსკოპიის, არამედ კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის მეშვეობითაც კი - საჭირო ხდება ღვიძლის პუნქციური ბიოფსია, თუმცა ხშირად ექოსკოპიური მონაცემები საშუალებას გვაძლევს, გამოვთქვათ ვარაუდი წარმონაქმნის ბუნების შესახებ და ზოგჯერ საკმაოდ მაღალი ალბათობითაც კი.

- როგორია ექოსკოპიის როლი ღვიძლის დიფუზური დაავადებების დიაგნოსტიკაში? პაციენტები ხშირად გვეკითხებიან, როგორი უნდა იყოს ღვიძლის სტრუქტურა, რას ნიშნავს ორგანოს წვრილ თუ მსხვილმარცვლოვნება, რამდენად მართებულია ექოსკოპიით ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციის დიაგნოზის დასმა.

- ექოსკოპია მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს ღვიძლის დიფუზური დაავადებების (ჰეპატიტის, ციროზის) დროსაც. თუმცაღა ექოსკოპიური ცვლილებების მიხედვით დაავადების მიზეზსა და ორგანოს ფუნქციურ მდგომარეობაზე ვერ ვიმსჯელებთ - ამისთვის აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

ჯანმრთელ ღვიძლს, ჩვეულებრივ, ერთგვაროვანი ან წვრილმარცვლოვანი სტრუქტურა აქვს. ღვიძლის არაერთგვაროვნება და მსხვილმარცვლოვანება დაავადების მანიშნებელია. ექოსკოპიურ მონაცემებზე დაყრდნობით ექიმს, რომელიც კვლევას ატარებს, შეუძლია დაადგინოს ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციის არსებობა, თუმცა ცვლილების მიზეზზე ვერც ამ შემთხვევაში ვიტყვით რამეს. მის გამოსავლენად აუცილებელია შემდგომი კვლევა.

ღვიძლის დიფუზური დაავადებების დროსაც ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ხშირად ბიოფსიაა აუცილებელი.


- პაციენტები ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით ექოსკოპიურად აღმოჩენილი ბილიარული ნალექისა თუ ნაღვლის ბუშტის კედლების გასქელების გამო. რას ნიშნავს ეს ცვლილებები სპეციალისტის თვალთახედვით?

- შემთხვევით აღმოჩენილი ასეთი ცვლილებები განსაკუთრებული მნიშვნელობისა არ არის, თუმცა, წესისამებრ, პაციენტები ექოსკოპიურ კვლევას სწორედ ჩივილების არსებობისას იტარებენ. თუ ნაღვლის ბუშტში საგოზავისებრი მასა აღმოჩნდა, ეს მდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა. რაც შეეხება ნაღვლის ბუშტის კედლების გასქელებას, თუ ის ლოკალურია, - ბუშტის კედელში განსაზღვრულ ადგილზეა გამოხატული, - ნაღვლის ბუშტის დაავადება უნდა ვივარაუდოთ. ამისგან განსხვავებით, კედლის დიფუზური გასქელება არასპეციფიკური სიმპტომია. ეს ნიშნავს, რომ ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა თავი იჩინოს ძალიან ბევრი დაავადების დროს და ქოლეცისტიტზე ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს.

- ყოველთვის ავლენს თუ არა ექოსკოპიური კვლევა ნაღვლის ბუშტის კენჭს? ის თუ არის შესაძლებელი, კენჭის არარსებობისას ცრუ დადებითი დასკვნა მივიღოთ?

- ექოსკოპია საკმაოდ მგრძნობიარე მეთოდია ნაღვლის ბუშტის კენჭების ანუ კონკრემენტების აღმოსაჩენად. შედარებით რთულია ქოლედოქოლითიაზის - ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის არსებობის - ექოსკოპიური დიაგნოსტიკა. თანამედროვე აპარატურის წყალობით ნაღვლის ბუშტის კონკრემენტების ექოსკოპიური დიაგნოსტიკა ზუსტი უნდა იყოს. კენჭის არარსებობისას მისი არსებობის ილუზია შესაძლოა შექმნას ნაღვლის ბუშტში არსებულმა საგოზავისებრმა მასამ, თუმცა ის, კენჭისგან განსხვავებით, არ გვაძლევს აკუსტიკურ ჩრდილს, ამიტომ ამ შემთხვევაში კონკრემენტის არსებობის მცდარი დიაგნოზი არ უნდა დაისვას. ძალიან იშვიათად კენჭი შესაძლოა შეცდომით დადგინდეს ნაღვლის ბუშტის კედლის კალცინატების არსებობისას ან არტერიის კედლის კალციფიკაციისას, ვინაიდან აკუსტიკური ჩრდილი ამ დროსაც მიიღება, თუმცა ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია.

- რამდენად ხშირია ნაღვლის ბუშტში პოლიპის ან ღვიძლში ჰემანგიომის არსებობა? როგორია მათი სადიაგნოზო მნიშვნელობა?

- ექოსკოპიურად პოლიპის აღმოჩენა არ არის იშვიათი. პროგნოზული თვალსაზრისით ნაკლები მნიშვნელობა აქვს ქოლესტერინულ პოლიპებს, მაგრამ მზარდი პოლიპი პრეკანცერია - კიბოსწინარე დაავადებაა. თუ დაახლოებით ორი თვის შემდეგ პოლიპის ზომამ 1-2 მილიმეტრით მოიმატა ან აღმოჩენისას მისი ზომა 8-9 მილიმეტრია, აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა.

ჰემანგიომა არის ღვიძლის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნე, რომლის აღმოჩენასაც განსაკუთრებული კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს. საფრთხეს მხოლოდ დიდი ზომის ჰემანგიომა ქმნის შესაძლო სისხლდენის ან რუპტურის (გასკდომის) გამო.

- რომელი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის არის მნიშვნელოვანი გულის ექოსკოპია? რით განსხვავდება ფერადი ექოსკოპია ინფორმაციულობის კუთხით?

- გულის ექოსკოპია მნიშვნელოვანი გამოკვლევაა გულის ფაქტობრივად ყველა დაავადების დროს. ის ინფორმაციას გვაწვდის გულის სარქვლების მდგომარეობაზე, პარკუჭის კედლების სისქეზე, გულის ღრუების (წინაგულები, პარკუჭები) მდგომარეობაზე, წარმოდგენას გვიქმნის მაგისტრალური სისხლძარღვების, პერიკარდიუმის ფურცლების, მის ღრუში სითხის არსებობის შესახებ, საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ განდევნის ფრაქცია და წარმოდგენა შევიქმნათ გულის კუმშვად ფუნქციაზე. განსაკუთრებით ინფორმაციულია ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია - გულის ექოსკოპია, რომლის დროსაც პატარა ტრანსდუსერი საყლაპავშია მოთავსებული. ის გულის სტრუქტურების კარგი ვიზუალიზაციის საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება კითხვას ფერადი ექოსკოპიის შესახებ, მკითხველი ალბათ ფერად დოპლეროგრაფიას გულისხმობს. ის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის გულის ღრუებსა და მსხვილ სისხლძარღვებში მიმავალი სისხლის ნაკადის შესახებ.

- რომელი პათოლოგიების დიაგნოსტიკაა შესაძლებელი საშარდე სისტემის ექოსკოპიური გამოკვლევისას?

- ექოსკოპიით შესაძლებელია საშარდე სისტემის თითქმის ყველა ორგანოს (შარდსაწვეთების გარდა) სტრუქტურული ცვლილებების გამოვლენა. ექოსკოპია საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ თირკმლის ზომები, მდებარეობა, სტრუქტურა, მენჯფიალოვანი სისტემი, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობა. ექოსკოპიურად შეიძლება დადგინდეს თირკმლის კისტა, სიმსივნე, ჰიდრონეფროზი, ორგანოს განვითარების ანომალია (თირკმლის გაორება). თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს თირკმლის დაავადებები, რომელთა დროსაც ექოსკოპიური ცვლილებები შესაძლოა არც კი აღინიშნებოდეს. ასეთია, მაგალითად, გლომერულონეფრიტი. ამის გათვალისწინებით, საშარდე სისტემისთვისაც ექოსკოპია კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არა ერთადერთი მეთოდია. ის არ ცვლის კვლევის სხვა მეთოდებს.

- შესაძლოა თუ არა, პაციენტს თირკმელში კენჭი ჰქონდეს, მაგრამ ექოსკოპიით მისი არსებობა ვერ დადგინდეს?

- თუ უშუალოდ თირკმლის მენჯში არსებულ კენჭს გულისხმობთ, ექოსკოპია მას აუცილებლად გამოავლენს. ამ შემთხვევაში შეცდომა არ უნდა მოხდეს. შესაძლოა, შარდსაწვეთში კენჭი ექოსკოპიურად ვერ აღმოვაჩინოთ, მაგრამ არსებობს მეორეული ექოსკოპიური ნიშნები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ კენჭის არსებობა. შარდის ბუშტის კენჭის დიაგნოსტიკა სირთულეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ამ ორგანოს ვიზუალიზაცია საკმაოდ კარგია.


- პროსტატის ანუ წინამდებარე ჯირკვლის გადიდების შემთხვევაში რამდენად არის შესაძლებელი, დაავადების ხასიათზე ექოსკოპიური მონაცემებით ვიმსჯელოთ?

- ულტრაბგერითი გამოკვლევა არ იძლევა სპეციფიკური დიაგნოზის დასმის საშუალებას. ექოსკოპიით შეიძლება ზუსტად ვიმსჯელოთ პროსტატის ზომებზე, ფორმაზე, სტრუქტურაზე, დაავადების ბუნების შესახებ კი მხოლოდ ეჭვი შეიძლება გამოითქვას. ცვლილებების აღმოჩენის შემდეგ აუცილებელია სპეციალისტთან (უროლოგთან) ვიზიტი და შემდგომი კვლევა. ზოგჯერ ექოსკოპიური კონტროლით ტარდება პროსტატის ბიოფსია.

- ხშირ აღმოჩენათა შორის ალბათ უნდა დავასახელოთ თირკმელში მიკროკრისტალების არსებობა. როგორია მათი კლინიკური მნიშვნელობა, რა შეიძლება ვურჩიოთ პაციენტს ამ შემთხვევაში?

- ასეთ მონაცემს დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია, თუმცა ზოგჯერ 1-2 მმ ზომის კენჭი არ იძლევა აკუსტიკურ ჩრდილს და შესაძლოა კრისტალებად იქნეს აღქმული. ასეთ დროს ექიმი ორი თვის შემდეგ საკონტროლო კვლევას ატარებს. განმეორებითმა ექოსკოპიამ შესაძლოა კრისტალები აღარ გამოავლინოს ან უკვე კენჭი დააფიქსიროს.

- როგორია ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევის მნიშვნელობა, გვაძლევს თუ არა ექოსკოპია საშუალებას, გამოვრიცხოთ ან დავადასტუროთ მისი პათოლოგიის არსებობა?

- ფარისებრი ჯირკვალი ზედაპირულად მდებარეობს. მისი ვიზუალიზაცია საკმაოდ კარგია. ექოსკოპიურად შეიძლება დავადგინოთ ჯირკვლის ექოსტრუქტურა, ზომები, კვანძების არსებობა-არარსებობა, კოლოიდური ჩანართები. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ექოსკოპია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკის მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია. აღმოჩენილი ცვლილებები არ გვიქმნის წარმოდგენას ჯირკვლის ჰორმონული აქტიურობის შესახებ - ჯირკვლის გადიდება არ ნიშნავს მისი ჰორმონმაპროდუცირებელი ფუნქციის მომატებას და პირიქით. ამ მონაცემების დასაზუსტებლად აუცილებელია სისხლის გამოკვლევა - ჰორმონული სტატუსის დადგენა.

კვანძის არსებობისას ხშირად საჭიროა ბიოფსია, რათა დადგინდეს წარმონაქმნის ხასიათი, შემუშავდეს მკურნალობის ადეკვატური ტაქტიკა.

- რა ინფორმაციას გვაწვდის გინეკოლოგიური ექოსკოპია, რა განსხვავებაა დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ვაგინურ და ჩვეულებრივ ექოსკოპიას შორის და რა მონაცემების მიღებაა შესაძლებელი ორსულის ექოსკოპიური კვლევისას?

- გინეკოლოგიური ექოსკოპია სრულ წარმოდგენას გვიქმნის საშვილოსნოსა და საკვერცხეების მდგომარეობაზე. ზოგ შემთხვევაში ამ გზით მიღებული მონაცემები გაცილებით ინფორმაციულია, ვიდრე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით მიღებული. ვაგინური ექოსკოპია საშუალებას იძლევა, ტრანსდუსერი უშუალოდ გამოსაკვლევ არესთან მოთავსდეს, რის წყალობითაც ვიზუალიზაცია ძალიან კარგია, კვლევა ტარდება მაღალი სიხშირის ულტრაბგერით, ეს კი მაღალი გარჩევადობის გამოსახულების მიღების საშუალებას გვაძლევს - შესაძლებელია მილიმეტრების ზომის წარმონაქმნების აღმოჩენა.

ორსულობის დროს ექოსკოპიური კვლევა საშუალებას გვაძლევს, ძალიან ადრე - მე-3-4 კვირას - მოვახდინოთ ორსულობის დიაგნოსტიკა, მერე კი მთელი ორსულობის განმავლობაში განვახორციელოთ მონიტორინგი, თვალყური ვადევნოთ ნაყოფის ნერვული სისტემის, გულის და მთელი დანარჩენი ორგანიზმის განვითარებას.

ექოსკოპიით შესაძლებელია ნაყოფის ყველა იმ ორგანოს პათოლოგიის აღმოჩენა, რომელთა დაავადებების დიაგნოსტიკისთვისაც ტარდება ექოსკოპია მოზრდილ ასაკში. ამასთანავე, ჩვენ ზუსტ ინფორმაციას ვიღებთ პლაცენტის, მისი სისხლის მიმოქცევის, საშვილოსნოს მდგომარეობის შესახებ.

- მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, ციკლის რომელ პერიოდში ჯობს გინეკოლოგიური ექოსკოპიის ჩატარება.

- ეს ექოსკოპიის მიზანზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ციკლის პერიოდს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, მაგალითად, თუ ტარდება ფოლიკულის მონიტორინგი, რეკომენდებულია ექოსკოპიის დაწყება ციკლის დამთავრებისთანავე და რამდენიმეჯერ განმეორება 2-3-დღიანი ინტერვალით.

- პაციენტები ხშირად ცდილობენ, გინეკოლოგიური გასინჯვის ნაცვლად ექოსკოპიური კვლევა ჩაიტარონ. ცვლის თუ არა ეს გამოკვლევები ერთმანეთს?

- ექოსკოპიური კვლევა არ ცვლის გინეკოლოგიური გასინჯვით მიღებულ ინფორმაციას, ის არ გვიქმნის წარმოდგენას საშვილოსნოს ყელის ზოგიერთ პათოლოგიაზე. საზოგადოდ, პაციენტთა მცდელობა, ერთი კვლევა ჩაანაცვლონ მეორე, მათთვის უფრო მისაღები კვლევით, უსაფუძვლოა. არსებული კლინიკური კვლევები ერთმანეთს ავსებენ, კი არ ცვლიან.

- აუცილებელია თუ არა ოპერაცია საკვერცხეში კისტოზური ჩანართის ან საშვილოსნოში მიომური კვანძის არსებობისას?

- ერთმნიშვნელოვნად ვერასოდეს ვიტყვით, ოპერაციული მკურნალობის ჩვენებაა თუ არა ექოსკოპიური კვლევით აღმოჩენილი ესა თუ ის ცვლილება. თუ ექოსკოპიამ ფოლიკულური კისტა აღმოაჩინა, აუცილებელია დაკვირვება რამდენიმე ციკლის განმავლობაში. ოპერაციული მკურნალობის საკითხი შეიძლება დაისვას კისტის პერსისტირების - დიდხანს არსებობის - შემთხვევაში. ასევე, მიომური კვანძის აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ოპერაციული ჩარევაა საჭირო. ზოგჯერ ოპერაციის საკითხი საკმაოდ დიდი კვანძის არსებობის შემთხვევაშიც კი არ დგება დღის წესრიგში, მით უმეტეს, თუ ქალი ხანშიშესულია, მენოპაუზის პერიოდი აქვს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკას ექიმი ირჩევს როგორც ექოსკოპიური, ასევე სხვა მონაცემების გათვალისწინებით.


- პაციენტები მუცლის ღრუს ექოსკოპიას ხშირად იმ მიზნითაც იტარებენ, რომ სიმსივნის არსებობა გამორიცხონ. როგორია ექოსკოპიის დიაგნოსტიკური შესაძლებლობა ონკოლოგიური დაავადებებისას?

- ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ექოსკოპიური კვლევა მართლაც მნიშვნელოვანია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება პარენქიმული ორგანოების (ღვიძლის, თირკმლის, პანკრეასის) სიმსივნეებს. ასევე შესაძლებელია შარდის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეთა დიაგნოსტიკა.

შეზღუდულია ექოსკოპიის შესაძლებლობები ნაწლავების, კუჭის სიმსივნეების დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. არის შემთხვევები, როცა ამ ლოკალიზაციის სიმსივნეთა დიაგნოსტიკა ექოსკოპიურად შესაძლებელია (უმეტესად - შორსწასულ შემთხვევებში), თუმცა არსებობს ალბათობაც, რომ პაციენტს კუჭის ან ნაწლავების სიმსივნე ჰქონდეს, ექოსკოპიამ კი ცვლილება არ გამოავლინოს. საზოგადოდ, მიუხედავად ინფორმაციულობისა, ექოსკოპია არ შეიძლება ჩაითვალოს სიმსივნეთა დიაგნოსტიკის იდეალურ და შეუცვლელ მეთოდად. ის კვლევის სხვა მეთოდებთან ერთად გამოიყენება. ხშირად საჭიროა ექოსკოპიით გამოვლენილი ცვლილებების დაზუსტება კვლევის სხვა მეთოდებით - კომპიუტერული ტომოგრაფიით, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით, ბიოფსიით.

- შესაძლებელია თუ არა, ექოსკოპიურად გამოვიკვლიოთ სისხლძარღვები?

- ექოსკოპია სისხლძარღვთა კვლევის მაღალინფორმაციული არაინვაზიური მეთოდია. მისი მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს სისხლის ნაკადი, მისი სიჩქარე, თუმცა სისხლძარღვთა ექოსკოპიური კვლევა ვერ შეცვლის ანგიოგრაფიით მიღებულ მონაცემებს, მაგალითად, თავის ტვინის სისხლძარღვთა კვლევისას.

- უკანასკნელ ხანს პოპულარული გახდა სახსრების ექოსკოპიური გამოკვლევა. სახსრის რომელ სტრუქტურებზე გვიქმნის ის წარმოდგენას და რომელ მდგომარეობათა დიაგნოსტიკაა შესაძლებელი ამ გზით?

- ექოსკოპიური კვლევა იმ სტრუქტურების ვიზუალიზაციის საშუალებას გვაძლევს, რომლებიც რენტგენოგრაფიის დროს არ ჩანს. ეს არის კუნთები, მყესები, იოგები. ძვალში არსებული ცვლილებების დიაგნოსტიკის დროს კი ექოსკოპიური კვლევა არაინფორმაციულია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური გამოკვლევა და კვლევის სხვა მეთოდები. ექოსკოპიურად შეიძლება გამოვავლინოთ ხსენებული სტრუქტურების ტრავმული დაზიანებები, კუნთების სიმსივნური წარმონაქმნები

- რამდენად ინფორმაციულია სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია?

- სარძევე ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია მამოგრაფია. ის საყოველთაოდ არის აღიარებული სარძევე ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკის სკრინინგმეთოდად.

ულტრაბგერითი კვლევა მნიშვნელოვანია, როცა პაციენტს მცირე ზომის ან ძალიან მკვრივი სარძევე ჯირკვალი აქვს - ასეთ დროს მამოგრაფიის ჩატარება ტექნიკურად ძნელია. ხშირად სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიით მიღებული მონაცემები საბოლოო დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა, საჭიროა დაზუსტება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით, ბიოფსიით.

- უტარდებათ თუ არა თავის ტვინის ექოსკოპიური კვლევა ზრდასრულ ადამიანებს?

- ტრანსკრანიული ექოსკოპიით შესაძლებელია შეფასდეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა. უშუალოდ თავის ტვინის შესწავლა ვერ ხერხდება - თავის ქალას ძვლოვანი სტრუქტურა უშლის ხელს, მაგრამ თუ საუბარია ახალშობილებზე ან პაციენტს ჩატარებული აქვს ქალას ტრეპანაცია და ქალას ძვლის ნაწილი დროებით ამოღებულია, შესაძლებელია თავის ტვინის ექოლოკაციაც.

- ხომ არ დაგვისახელებდით იმ შემთხვევით ექოსკოპიურ აღმოჩენებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია, მაგრამ პაციენტებს უსაფუძვლოდ აშფოთებს?

- ასეთ აღმოჩენათა შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ნაღვლის ბუშტის დეფორმაცია, მასში ნაკეცების არსებობა. უკანასკნელი უმეტესად ფიზიოლოგიური ვარიანტია, ანუ ნორმულადაც აღინიშნება. ხსენებულ მონაცემებს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. ასევე არ უნდა შეგვაშფოთოს დამატებითმა ელენთამ, თირკმლის გაორებამ, ღვიძლსა და ელენთაში კალცინატების არსებობამ, თირკმელში მცირე ზომის კისტის არსებობამ. ჩამოთვლილთაგან ზოგი არავითარ ყურადღებას არ იმსახურებს, ზოგი კი პერიოდულ საკონტროლო ექოსკოპიას საჭიროებს.

- დასამალი არ არის, რომ ჩვენში ბევრი ექოსკოპიურ კვლევას საკუთარი შეხედულებისამებრ იტარებს ამა თუ იმ დაავადების დასადგენად ან გამოსარიცხად. როგორია სპეციალისტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

- ჩვენი საუბრიდან მკითხველი ალბათ მიხვდა, რომ ექოსკოპია საკმაოდ ინფორმაციული გამოკვლევაა. ის მრავალი ორგანოს პათოლოგიის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. ზოგ შემთხვევაში მისი მეშვეობით ვადგენთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობას ჯერ კიდევ ჩივილებისა და კლინიკური ნიშნების აღმოცენებამდე. ამავე დროს კვლევა არაინვაზიურია, ის დისკომფორტს არ უქმნის ადამიანს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მისდამი პაციენტთა დადებითი განწყობა გასაგებია. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ექოსკოპია არ არის ერთადერთი სადიაგნოზო კვლევა, კვლევა, რომელიც ყველაფრის დადგენის საშუალებას გვაძლევს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დაავადების დროსაც კი ექოსკოპიური ცვლილებები ზოგჯერ არ აღინიშნება, ექოსკოპიით მიღებული შედეგები კი ექიმმა უნდა გააანალიზოს, რათა თავიდან ავიცილოთ გაუმართლებელი შიშიც და უსაფუძვლო სიმშვიდეც.