პატარას ხშირად აღებინებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარას ხშირად აღებინებს

ასაკთან ერთად გაივლისო, მაგრამ უკვე 9 თვისაა, ღებინება კი გრძელდება. წონასაც ცუდად იმატებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და როგორ მოვიქცე?

ჩვილებს ჭამის შემდეგ ცოტაოდენი საკვები ხშირად ამოაქვთ უკან. ამას წამოქაფებას ვუწოდებთ. წამოქაფება თან სდევს კუჭიდან ჰაერის ამოსვლას - ამობოყინებას - და ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა, მაგრამ თუ ბავშვი წონას ცუდად იმატებს, თანაც ამონაღები მასა არცთუ უმნიშვნელო რაოდენობისაა, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან. გასტროეზოფაგური რეფლუქსი კუჭის შიგთავსის ხორხსა და ხახაში უნებლიე ამოსვლაა, რაც ზოგჯერ ამ მასის გამოდევნით (წამოქაფებით, ღებინებით) სრულდება.

როგორ ვლინდება

გასტროეზოფაგური რეფლუქსი ფიზიოლოგიური მოვლენაა, დღე-ღამეში რამდენიმეჯერ მეორდება და ჯანმრთელი ბავშვებისა და მოზრდილების 70%-ს აღენიშნება. რეფლუქსის ეპიზოდები, ჩვეულებრივ, კვების შემდეგ ან ძილის დროს, ვერტიკალური პოზიციიდან ჰორიზონტალურში გადასვლისას, ფიქსირდება, გრძელდება 3 წუთამდე, ასიმპტომურია ან უმნიშვნელო სიმპტომებით ვლინდება. ფიზიოლოგიური რეფლუქსი ყოველდღე აღენიშნება ჯანმრთელი ჩვილების 35-50%-ს, არ აისახება ზოგად მდგომარეობაზე, არ მოითხოვს მკურნალობას და 12-14 თვემდე გაივლის.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი პათოლოგიად მაშინ მიიჩნევა, როდესაც გაზრდილია მისი სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ბავშვის ზოგად მდგომარეობასა და ფიზიკურ განვითარებაზე აისახება. არსებობს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება - პათოლოგია, რომელიც კუჭის შიგთავსის გადანაცვლების შედეგად საყლაპავის ლორწოვანის დაზიანებით გამოწვეული კლინიკური სიმპტომების და/ან გართულებების ერთობლიობაა. რეფლუქსურ დაავადებას ჩვილების 1-8%-სა და მოზრდილების 7%-ში ვაწყდებით.

რა უშლის ან რა უწყობს ხელს

რეფლუქსი დაავადებაში ყოველთვის არ გადაიზრდება. ორგანიზმს აქვს დამცავი მექანიზმები, რომლებიც ხელს უშლის ამ პროცესს. ესენია:

  • საყლაპავის ქვედა სფინქტერი;
  • დიაფრაგმა, რომელიც საყლაპავის კუჭთან შეერთების ადგილზე ზეწოლისას ფუნქციობს როგორც გარე სფინქტერი;
  • საყლაპავის პერისტალტიკა;
  • ნერწყვის ტუტე რეაქცია;
  • კუჭის დროული დაცლა.

რეფლუქსურ დაავადებას საფუძვლად უდევს კუჭის შესასვლელი ნაწილის (კარდიის) ქრონიკული უკმარისობა. ბავშვებსა და მოზრდილებში მისი მთავარი მიზეზია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, რადგან ამ დროს მოშლილია ყველა ანტირეფლუქსური ბარიერი. ხელმშემწყობ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია:

  • კუჭის დაგვიანებული დაცლა;
  • ჰიპერკალციემიით გამოწვეული გასტრინის ჭარბი პროდუქცია;
  • ჰიპერაციდოზი (მომატებული მჟავიანობა);
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

როგორ სვამენ დიაგნოზს

მოზრდილებში რეფლუქსური დაავადების დიაგნოსტიკა უმეტესად სიმპტომებისა და კლინიკური ნიშნების საფუძველზე ხდება. ბავშვებში დიაგნოსტიკა გაძნელებულია, ვინაიდან დაავადების უნივერსალური ნიშანი არ არსებობს და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში კლინიკური გამოვლინებები სხვადასხვანაირია. თუ მოზარდებსა და მოზრდილებში რეფლუქსზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია მხოლოდ გულძმარვის საფუძველზე, უფროსი ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირია:

  • ღებინება;
  • მუცლის ტკივილი;
  • ხველება.


1-დან 5 წლამდე მთავარი ჩივილებია ხველება და ანორექსია. ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში კლინიკური სიმპტომები არასპეციფიკურია და რამდენადმე განსხვავებული, ვიდრე მოზრდილებში. წამყვანია:

  • გაღიზიანება, უმიზეზო ტირილი, კოლიკის მსგავსი შეტევები;
  • ცუდი ძილი, ხშირად გაღვიძება, ძილში ტირილი;
  • ხშირი წამოქაფება და ღებინება;
  • ზურგის თაღისებური (რკალისებური) გაზნექა ჭამის დროს ან მის შემდეგ;
  • ბოყინი ან კვების შემდეგ ამოქაფება;
  • სლოკინი;
  • გამონადენი ცხვირიდან;
  • ყლაპვის პრობლემები, გადაცდენისა და მოხრჩობის ეპიზოდები;
  • საკვების მიღებაზე უარის თქმა (ანორექსია);
  • ღამის ხველა, აპნოე (სუნთქვის წამიერი შეჩერება);
  • მორეციდივე რესპირატორული დაავადებები (ასთმა, ბრონქიტი, პნევმონია, ოტიტი, სინუსიტი);
  • ამონასუნთქი ჰაერისა და საფენების მჟავე სუნი.

არსებობს საგანგაშო ნიშნები, რომლებიც ეჭვს ბადებს ჩამოთვლილი სიმპტომების ეტიოლოგიის თაობაზე და აუცილებელ კვლევას მოითხოვს. ეს ნიშნებია:

  • ღებინება ნაღვლის მინარევით;
  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
  • შეუპოვარი ან შადრევანისებური ღებინება;
  • ღებინების სინდრომის გამოვლენა 6 თვის შემდეგ;
  • ზრდაში შეფერხება;
  • დიარეა ან ყაბზობა;
  • ლეთარგია (ძილიანობა);
  • ღვიძლისა და ელენთის გადიდება;
  • მაკრო ან მიკროცეფალია;
  • კრუნჩხვა;
  • მუცლის დაჭიმვა (დეფანსი) ან შებერვა;
  • დოკუმენტურად დასაბუთებული ან საეჭვო გენეტიკური ან მეტაბოლური სინდრომი.

ბავშვთა ასაკში გასტროეზოფაგური დაავადების დიაგნოსტიკა უნდა ეფუძნებოდეს დიაგნოსტიკურ ტესტებს, რისთვისაც აუცილებელია, ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების არსებობის შემთხვევაში მიმართოთ პირად ექიმს. მდგომარეობის შეფასების შემდეგ საჭიროა პროცესში ვიწრო სპეციალისტების ჩართვა.

თუ დიაგნოზი დადასტურდა

რეფლუქსური დაავადების დიაგნოზის დასმის შემდეგ საჭიროა მისი სწორად მართვა, რაც გულისხმობს:

  • ცხოვრების სტილის შეცვლას (დიეტა, კვების რეჟიმისა და ტექნიკის, ძილის პოზის მოდიფიკაცია);
  • ფარმაკოლოგიურ მკურნალობას;
  • ქირურგიულ მკურნალობას;
  • კვების რეკომენდაციებს - ძუძუთი და სპეციალურ (ანტირეფლუქსურ) კვებაზე მყოფ ჩვილებში გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამოვლენის სიხშირე ერთნაირია, თუმცა არსებობს მონაცემები, რომ რეფლუქსის ეპიზოდები უფრო ხანმოკლეა ძუძუთი კვების დროს. საკვების მოცულობის შემცირებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მასის მატებას, განსაკუთრებით იმ ჩვილებში, რომლებსაც ისედაც ცუდი ნამატი აქვთ. ზოგჯერ საკვების კალორიულობის გაზრდის ხარჯზე შესაძლებელია ულუფებისა და მათი ოდენობის შემცირება. საკვები ნარევები ამცირებენ ხილულ რეგურგიტაციას (საკვების უკუსვლას), რაც მშობლებს ამშვიდებს, მაგრამ სინამდვილეში რეფლუქსი არ იშვიათდება, შესაბამისად, არც გართულებების რისკი მცირდება. ჩვილებს, რომლებიც ცუდად იმატებენ წონას, ზონდით კვება სჭირდებათ.

უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს რაციონი არ ეზღუდებათ, თუმცა მიზანშეწონილია, აიკრძალოს კოფეინის შემცველი, მეტისმეტად ცხიმიანი და ცხარე საკვები, შოკოლადი, ალკოჰოლი.

რეკომენდებულია ჭარბი წონის დაკლება, გვიან ვახშმობაზე უარის თქმა. ჭამის შემდეგ უშაქრო საღეჭი რეზინის ღეჭვა რეფლუქსს ამცირებს. რეფლუქსის ალბათობას ამცირებს მუცელზე ძილიც. ასეთ პოზაში ჩვილები უფრო იშვიათად იღვიძებენ და ტირიან, ვიდრე გულაღმა ძილის დროს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ უეცარი სიკვდილის რისკი მუცელზე წოლისას - 10-ჯერ, ხოლო გვერდზე წოლისას 3-ჯერ მეტია, ამიტომ მუცელზე წოლა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა ჩვილს ღვიძავს. მუცელზე წოლა შესაძლოა ეფექტური გამოდგეს 1 წელს გადაცილებულ ბავშვებში, რომელთა შორის უეცარი სიკვდილის რისკი მინიმალურია. არ დადასტურდა თავწამოწეული ძილის აუცილებლობაც - სწორად და თავწამოწეული ძილის შემთხვევაში რეფლუქსის სიხშირე ერთნაირია. მარცხენა გვერდზე წოლის დროს რეფლუქსი ნაკლებია, ვიდრე მარჯვენა გვერდზე წოლისას, მაგრამ თუ ჩვილს გვერდზე წოლა არ სურს, ბალიშით ნუ აიძულებთ.

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ძილის დროს პოზას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა თავწამოწეული ძილი, ასევე მარცხენა გვერდზე წოლა მდგომარეობას ხშირად აუმჯობესებს. მკურნალობის ტაქტიკა ექიმმა უნდა შეარჩიოს. ოპერაციული მკურნალობა გამართლებულია, როდესაც უეფექტოა კონსერვატული (მედიკამენტური) თერაპია, შეიმჩნევა მედიკამენტებზე დამოკიდებულება ან აღინიშნება რეფლუქსური დაავადების სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. მშობელს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს შესაძლო გართულებისა და რეციდივის თაობაზე.