მუცელი გტკივა, პატარავ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცელი გტკივა, პატარავ?

- მშობლის რეაქცია ბუნებრივია - მან ხომ არ იცის, როგორ დაეხმაროს პატარას. მაგრამ არ უნდა დავიბნეთ; თუ ბავშვის ექიმთან მიყვანა ვერ ხერხდება, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. სასწრაფოს ექიმი გაარკვევს, ვინ უნდა ჩაერიოს საქმეში - ქირურგი თუ პედიატრი. მუცლის ტკივილი ხშირად ნაწლავურ კოლიკასთან არის დაკავშირებული, ნაწლავებში დაგროვილი აირების გადაადგილების შედეგია. ასეთი ტკივილი მუცელზე მსუბუქი ხელსმით, ფეხებზე სათბურის დადებით მალე გაივლის. თუ ტკივილი გაგრძელდა, დაერთო პირღებინება, გულისრევა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ტემპერატურის მომატება, გამონაყარი, მეორდება დღე-ღამის განსაზღვრულ მონაკვეთში - ეს მნიშვნელოვანი დეტალები ექიმს სავარაუდო დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.

- რომელი დაავადება შეიძლება ვივარაუდოთ ასეთ დროს?

- მუცლის ტკივილი სხვა, თანმხლებ ნიშნებთან ერთად მრავალი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი.

კვებითი ინტოქსიკაცია

სტაფილოკოკური კვებითი ტოქსიკოინფექცია ფართოდ არის გავრცელებული და ეპიდემიური მონაცემებით გამოირჩევა. სტაფილოკოკის მიერ გამომუშავებული ენტეროტოქსინი ამ შემთხვევაში ორგანიზმში ხვდება ინფიცირებულ საკვებთან ერთად. უმეტესად ასეთ დაბინძურებულ საკვებს ერთად იღებს რამდენიმე ადამიანი - მთელი ოჯახი, სტუმრები, ორგანიზებული კოლექტივი (ბაგა-ბაღი, სკოლა და ა.შ.), ამიტომ მოსალოდნელია ეპიდემიური აფეთქებაც. სტაფილოკოკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ტოქსინს არ გამოიმუშავებს. მომზადების წესის დარღვევის, არასწორი შენახვის შემთხვევაში პროდუქტში (განსაკუთრებით - საკონდიტრო ნაწარმში, რომელიც დაბინძურებულია და რამდენიმე საათით არის დატოვებული ოთახის ტემპერატურაზე) იქმნება სტაფილოკოკისთვის ხელსაყრელი პირობები, ის მრავლდება და ენტეროტოქსინს წარმოქმნის. ასეთი დაბინძურებული საკვების მიღებიდან ძალიან მალე, 1-6 საათში, იწყება გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი (განსაკუთრებით - ეპიგასტრიუმის, კუჭის არეში). ამას ერთვის ფაღარათი, დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის გამო არცთუ იშვიათია პროსტრაცია, შოკი. მოწამვლა უმეტესად საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ტემპერატურა, ჩვეულებრივ, ნორმალურია ან სუბფებრილური - 37,5 გრადუსამდე. სითხით შევსების, რეჰიდრატაციის ფონზე მოწამლული უკეთესობას გრძნობს 8-24 საათის შემდეგ, თუმცა რამდენიმე დღე რჩება სისუსტე. კვებით ტოქსიკოინფექციას უფრო თამამად ვვარაუდობთ მოწამვლის ჯგუფური შემთხვევების დროს. ბაქტერიული კვლევისას საკვებსა და პირნაღებ მასებში სტაფილოკოკს აღმოაჩენენ. მკურნალობა ითვალისწინებს ორგანიზმის შევსებას ელექტროლიტებითა და სითხით. მდგომარეობიდან სწრაფად გამოსაყვანად ინტრავენურ გადასხმებს მიმართავენ.

ნაწლავური ინფექციები

მუცლის ტკივილით მიმდინარე დაავადებების მომდევნო დიდი ჯგუფია ნაწლავური ინფექციები - როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული.

როტავირუსული ინფექცია

როტავირუსული და სხვა ვირუსული დიარეაგენული ინფექციები ბავშვებში ყველაზე ხშირად იწვევს ლეტალურ დასასრულს (სიკვდილის 5-10 მლნ შემთხვევა მსოფლიოში ყოველწლიურად). როტავირუსული ინფექცია მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მრავალ განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანაში იგი ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ნაწლავთა აშლილობის შემთხვევათა თითქმის ნახევარს განაპირობებს. როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, მკვეთრად გამოხატული ნიშნების გარეშე. ყველაზე ხშირად ავადდებიან ახალშობილები და 6-დან 24 თვემდე ასაკის პატარები. ინფექციის წყაროს წარმოადგენს მისი ნებისმიერი კლინიკური ფორმით დაავადებული ადამიანი. ვირუსი გარემოში განავალთან ერთად  გამოიყოფა. ინფექციის გადაცემა ფეკალურ-ორალური გზითაა შესაძლებელი. გადაცემის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია წყალი და საკვები (რძის ნაწარმი). დაავადება იწყება მწვავედ, 37,5-38 გრადუსამდე ტემპერატურის მომატებით, ღებინებით. ამას მოჰყვება წყლისებრი ფაღარათი. თავდაპირველად მასები უხვია, საკვების მინარევების შემცველი, შემდეგ წყლისებური ხდება და მასში ჩნდება ლორწო მცურავი ფიფქების სახით. ღებინება უმეტესად დაავადების პირველ დღეებში წყდება. დიდი ხნით ქვეითდება მადა, ვითარდება გულისრევის შეგრძნება. ტემპერატურა ნორმას მეორე დღესვე უბრუნდება. ფაღარათი გრძელდება 5-7 დღე, თუმცა განავალი სისხლსა და ლეიკოციტებს არ შეიცავს. იგი უხვია, წყლისებრი, მოყვითალო ან მომწვანო, ქაფიანი, მკვეთრსუნიანი, ზოგჯერ მღვრიე თეთრი ფერი აქვს და ქოლერის განავალს მოგვაგონებს. მოზრდილი ბავშვები უჩივიან ტკივილს ეპიგასტრიუმის (კუჭის) და ჭიპის მიდამოში. შესაძლოა ტკივილი ძლიერი, მოვლითი ხასიათისა იყოს. დამახასიათებელია დეფეკაციის იმპერატიული სურვილი, რომელიც უეცრად წარმოიშობა და თან სდევს მასების ხმაურიანი გამოშვება შხეფიანი განავლით. დეფეკაციის შემდეგ ავადმყოფი შვებას გრძნობს. დეფეკაციის ცრუ სურვილი როტავირუსული ინფექციისთვის, შიგელოზისგან განსხვავებით, დამახასიათებელი არ არის.

- როგორ დავეხმაროთ ასეთ დროს პატარას?

- ბავშვის ორგანიზმს საფრთხეს უქმნის გამოშრობა, ამიტომ აუცილებელია მისი შევსება სითხითა და ელექტროლიტებით. ამ მიზნით შეიძლება სპეციალური ელექტროლიტების ხსნარის როგორც დალევა, ასევე წვეთოვნად გადასხმა საავადმყოფოს პირობებში.


ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები

ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციებიდან უმეტესად გვხვდება შიგელოზი, სალმონელოზი, ეშერიხიოზი. ორგანიზმში შეჭრილი შიგელები მსხვილ ნაწლავში სახლდებიან, ამდენად, პათოლოგიური პროცესიც იქ მიმდინარეობს, ამიტომ დაავადება გამოვლინდება ე.წ. კოლიტური სინდრომით. ტიპური მიმდინარეობისას მისთვის დამახასიათებელია:

  • ტემპერატურის მომატება 38-39 გრადუსამდე (სიმძიმის მიხედვით);
  • გულისრევა ან განმეორებითი ღებინება;
  • უმადობა;
  • ძილის რეჟიმის დარღვევა;
  • თავის ტკივილი;
  • შეტევითი ხასიათის მუცლის ტკივილი გარკვეული ლოკალიზაციის გარეშე.

დეფეკაცია იშვიათია, მწირი, მასა მომწვანო ფერისაა, შეიცავს ლორწოსა და სისხლს, ხშირად მხოლოდ ლორწოსა და სისხლისგან შედგება. დაავადების ამ პერიოდში ბავშვები უჩივიან მუცლის უწყვეტ ყრუ ტკივილს სიგმოიდური კოლინჯისა და ანუსის მიდამოში. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ტენეზმები - ჭინთვები, რომლებიც ვითარდება ნაწლავის ბოლო ნაწილის სპაზმის შედეგად. მძიმე შემთხვევაში ძლიერი ჭინთვის დროს შესაძლოა გამოვარდეს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი, ანდა განვითარდეს სწორი ნაწლავის პარეზი ანუსის ღიაობით, რაც უნებლიე დეფეკაციას განაპირობებს. დეფეკაციას, როგორც წესი, წინ უძღვის მუცლის მოვლითი ტკივილი. განავალზე გასვლა არ იწვევს დაკმაყოფილების შეგრძნებას. ავადმყოფი დიდხანს განაგრძობს ქოთანზე ჯდომას. დეფეკაციის ცრუ სურვილი შიგელოზის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ჩვილ ბავშვებში შიგელოზს რამდენიმე თავისებურება ახასიათებს, თუმცა კოლიტური სინდრომის სიხშირე  80-90%-ს აღწევს. განავალი თხიერია, მომწვანო, შეიცავს ლორწოს, სისხლს - ნაკლებად. უფროსი ასაკისთვის დამახასიათებელი ტენეზმები იცვლება მათი ეკვივალენტებით - დეფეკაციის წინ მოუსვენრობით, ტირილით, სახის შეწითლებით, ანუსის სფინქტერის მოდუნებით. შესაძლოა დაირღვეს წყალმარილოვანი ცვლა, რაც განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს ზოგადი ინფექციური ინტოქსიკაციის ნიშნებთან ერთად.

სალმონელოზი

ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენენ ცხოველები (ღორი, ძროხა, კატა, ძაღლი, ფრინველები, განსაკუთრებით - ბროილერის ჯიშისა, უფრო მეტად - იხვები და ბატები), ავადმყოფი ადამიანი და ბაქტერიამატარებელი. ინფექცია გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით, გადაცემის მთავარი ფაქტორია საკვები. მნიშვნელობა აქვს წყალსაც. საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით უმთავრესად მცირე ასაკის ბავშვები ინფიცირდებიან. საავადმყოფოებში გვხვდება შიდა ინფექციები. მიკრობი ორგანიზმში მხოლოდ პერორალური გზით იჭრება. მასიური შეჭრის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში (კუჭი და წვრილი ნაწლავები) მიკრობები იშლება და წარმოიშობა ენდოტოქსინი, რომელიც სისხლში შეიწოვება. ამის შედეგია პირველადი ინ-ტოქსიკაციის მოვლენები. თუ ორგანიზმმა მიკრობებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწია, დაავადება გასტროინტესტინური ფორმით მიმდინარეობს, თუ პროცესი განივრცო  - იღებს გენერალიზებულ ხასიათს. სამი წლიდან უფრო ხშირად გასტრიტული და გასტროენტერიტული ფორმები გვხვდება. დაავადება იწყება უეცრად, ტემპერატურის მკვეთრი მომატებით 39-40 გრადუსამდე, განმეორებითი ღებინებით. ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, ტკივილის შეგრძნებას ეპიგასტრიუმის მიდამოსა და მთელ მუცელში. ენა შელესილია, მშრალი, კანიც მშრალია, მუცელი - შებერილი. ავადმყოფობა გრძელდება 4-5 დღე (გასტრიტული ფორმა), ხშირად თან ახლავს ფაღარათი (გასტროენტერიტი). განავალი ფაფისებრი ან თხელია, მკვეთრსუნიანი, ქაფიანი და უხვი, შეიცავს მცირეოდენ ლორწოს. მუცელი შებერილია. ფაღარათის სიხშირე 5-10-ს და მეტსაც აღწევს. უფრო მცირე ასაკში, განსაკუთრებით - წლამდე, უმეტესად გასტროენტეროკოლიტი და ენტეროკოლიტი გვხვდება. ამ დროს პროცესი მსხვილ ნაწლავზეც ვრცელდება. დაავადება იწყება მაღალი - 39-40 გრადუსამდე ტემპერატურით, 3-4 დღის განმავლობაში გამოიხატება დამახასიათებელი ნიშნები: გახშირებული დეფეკაცია მომწვანო-მოშავო განავლით, რომელიც ჭაობს მოგვაგონებს. აღინიშნება სიგმოიდური სპაზმი, შეტევითი ტკივილები, ტენეზმები ან, წლამდე ასაკის ბავშვებში, კოლიტის ეკვივალენტური სიმპტომები - ჭინთვები, სახის გაწითლება, შეტევითი ხასიათის მოუსვენრობა.

- არის თუ არა საჭირო სპეციფიკური მკურნალობა, ამ შემთხვევაში - ანტიბიოტიკებით?

- გასტროინტესტინური ფორმის დროს ანტიბიოტიკები უეფექტოა. გენერალიზებული სალმონელური ინფექციის (სეფსისის) დროს ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. მკურნალობა უმთავრესად მიმართულია სითხისა და ელექტროლიტების შევსების, ნორმალური ნაწლავური ფლორის აღდგენისკენ. ამასთან, საჭიროა სრულფასოვანი კვება. დაუშვებელია მშიერი დიეტა (წყალი, ჩაი, ბრინჯის ნახარში).

ეშერიხიოზი

ნაწლავთა კოლიინფექცია უმთავრესად მცირე ასაკის ბავშვებში აღინიშნება. ცნობილია დაავადების გამომწვევის ხუთი კატეგორია: ენტეროპათოგენური, ინვაზიური, ტოქსიგენური, ჰემორაგიული, აგრეგაციული. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა, კლინიკური გამოვლინების მრავალფეროვნება და სიმძიმე დამოკიდებულია ეშერიხიების ჯგუფზე, ორგანიზმში შეჭრილი მიკრობების რაოდენობაზე, ბავშვის ასაკზე, მის იმუნურ სტატუსზე, პრემორბიდულ ფონზე, თანმხლებ დაავადებებსა და ზოგიერთ სხვა ფაქტორზე. უმეტესად დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის გარეშე, დეფეკაციის გახშირებით. განავალი წყლისებურია, საჭმლის მოუნელებელი ნაწილებით, ზოგჯერ თითქოს დაკეპილ კვერცხს ჰგავს, მოყვითალო-ნარინჯისფერი ან ოქროსფერია. დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში 10-20-ს აღწევს, ღებინებისა - 2-5-ს. სხეულის მასა ზომიერად იკლებს. დაავადების მიმდინარეობა მკურნალობაზეა დამოკიდებული, ხშირად 2-3 კვირა გრძელდება. მოზრდილ ბავშვებში ზოგჯერ გვხვდება კოლიინფექციის დიზენტერიის მსგავსი ფორმა. ენტეროტოქსიგენური ნაწლავის ჩხირით გამოწვეულ დაავადებას მოგზაურთა დიარეას უწოდებენ. ამ ინფექციით იოლად ავადდებიან განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურები. ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დაავადება არცთუ იშვიათად მძიმე გართულებით - ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომით (ჰუს) მიმდინარეობს, რომლის პროგნოზი მძიმეა.

- ცნობილია, რომ ეშერიხიოზის დროს ანტიბიოტიკის დანიშვნას შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს. როდის არის ნებადართული ანტიბიოტიკოთერაპია?

- როგორც ყველა ნაწლავური ინფექციის დროს, მკურნალობა ამ შემთხვევაშიც გულისხმობს ორგანიზმის გამოშრობასთან ბრძოლას. აუცილებელია სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფა. არ არსებობს ფიზიოლოგიური საფუძველი ნაწლავების საკვებისგან "დასასვენებლად". ეშერიხიოზის ლოკალური ფორმის დროს ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ განავალში სისხლის არსებობის შემთხვევაში. ანტიბიოტიკის დანიშვნა სახიფათოა, თუ გამომწვევია 0157:H7 კოლიინფექცია. ამ დროს ბაქტერიების დაშლის შედეგად ვითარდება ენდოტოქსინემია, რამაც შესაძლოა სისხლიანი ფაღარათი, შოკური მდგომარეობა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.


ჭიებით ინვაზია

- ბავშვებში მუცლის ტკივილი ყველაზე ხშირად ჭიებით არის გამოწვეული. რომელი პარაზიტი ეტანება უფრო მეტად ბავშვებს?

- ენტერობიოზი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ჰელმინთოზია. მისი გამომწვევი, წვრილი თეთრი ჭია ენტერობიუსი (კუდმახვილა), ადამიანის ნაწლავში ბინადრობს, ღამღამობით გარეთ გამოდის და გარეთა ხვრელის ირგვლივ, ნაოჭებში, კვერცხებს დებს. დაავადების რისკჯგუფს უმთავრესად 3-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ, თუმცა ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს იმ ასაკიდან, როდესაც ხოხვას იწყებს. საზოგადოდ, ენტერობიოზით შეიძლება დაავადდეს ყველა, ვინც არ იცავს პირად ჰიგიენას. ჭიის კვერცხები შეიძლება მოხვდეს თეთრეულზე, სათამაშოებზე, ხალიჩებზე, სააბაზანოში, ტუალეტში. სწორედ ეს განაპირობებს ოჯახური შემთხვევების ალბათობას და მკურნალობის პრინციპიც აქედან გამომდინარეობს - ჭიების საწინააღმდეგო მკურნალობა უტარდება ოჯახის ყველა წევრს.

ენტერობიოზი გამოვლინდება:

  • მუცლის ტკივილით (ჭიპის ირგვლივ);
  • ხშირი გულისრევითა და ღებინებით;
  • ნაწლავის ფლორის დარღვევით;
  • დაღლილობით, გაღიზიანებადობით;
  • მოუსვენარი ძილით;
  • ძილში კბილების კრაჭუნით;
  • ალერგიული გამოვლინებებით (შესაძლოა გამონაყარის გაჩენაც);
  • უკანა ტანის არეში ქავილით;
  • საშოს ლორწოვანი გარსის ანთებით (ვულვოვაგინიტი);
  • შარდსასქესო გზების ინფექციებით (გოგონებშიც და ვაჟებშიც);
  • დილაობით პირიდან უსიამოვნო სუნით;
  • ღამით ნერწყვით დასველებული ბალიშით.

- რა საფრთხეს უქმნის ენტერობიოზი ბავშვის ორგანიზმს?

- თუ დროულად არ ჩატარდა სათანადო მკურნალობა ან ბოლომდე არ მივიყვანეთ კურსი, ბავშვის ორგანიზმს საფრთხე ემუქრება:

  • ქვეითდება იმუნიტეტი;
  • ვითარდება ანემია;
  • ბავშვი აკადემიური მოსწრებით ჩამორჩება თანატოლებს.

- შესაძლებელია თუ არა ენტერობიოზისგან თავის დაცვა?

- ამისთვის წელიწადში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ პროფილაქტიკური მკურნალობა:

  • ბავშვი პატარაობიდანვე მივაჩვიოთ პირად ჰიგიენას, საცვლების ყოველდღიურ გამოცვლას, ხშირად  ვუცვალოთ თეთრეული;
  • გადავაჩვიოთ ფრჩხილების კვნეტას;
  • მოკლედ დავაჭრათ ფრჩხილები;
  • ღამით ჩავაცვათ ბუნებრივი, წინასწარ გაუთოებული მოხერხებული ტრუსი.

ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი ლოგინი და პირსახოცი. რეგულარულად დაალაგეთ ბინა სველი წესით, გამოიყენეთ სადეზინფექციო და საწმენდი საშუალებები.

- ჩვილი ტკივილს ტირილით, მოუსვენრობით, ჭამაზე უარის თქმით გამოხატავს. როგორ მივხვდეთ, რა სტკივა პატარას?

- ჩვილებში მუცლის ტკივილის მიზეზი უმეტესად კოლიკაა. ის ორი-სამი კვირიდან იწყება, სამ-ოთხ თვემდე გასტანს და თავისთავად გაივლის. შეტევის დროს პატარას ფეხები მუცელთან მიაქვს, მერე კი სწრაფად შლის - თითქოს ამით გვანიშნებს, რა სტკივა. თუ პატარა ჭამის შემდეგ ტირის და ფეხები მუცელთან მიაქვს, სწორედ კოლიკა უნდა ვივარაუდოთ. ასეთ დროს უნდა მივმართოთ პედიატრს.

- რა უწყობს ხელს კოლიკის განვითარებას?

- ცნობილია ფაქტორები, რომელთა გავლენითაც იზრდება კოლიკის განვითარების რისკი. ესენია:

  • ფსიქოსოციალური ფაქტორები (დედის სტრესული მდგომარეობა, არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო და ა.შ.);
  • დედის მავნე ჩვევები, კერძოდ - თამბაქოს წევა, ალკოჰოლისადმი ლტოლვა;
  • დედის განსაზღვრული კვების რეჟიმი და დიეტა;
  • დედის კუჭნაწლავისმხრივი პრობლემები (ყაბზობა, გასტრიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვა).

- რას ურჩევთ დედას, რომლის პატარასაც მტანჯველი კოლიკა აქვს?

- სასურველია, ჩვილს ძუძუ ვაწოვოთ, მაგრამ ეს არ კმარა - პატარა კოლიკამ რომ არ შეაწუხოს, აუცილებელია, დედამ თვითონაც დაიცვას კვების სწორი რეჟიმი, მიირთვას ჯანსაღი საკვები. დედა უნდა დაუკვირდეს, რომელი საკვების მიღების შემდეგ ტირის პატარა უფრო მეტხანს და ძლიერად. კომბოსტო, პარკოსნები (ლობიო, მუხუდო, ბარდა, სოია), პომიდორი, ძროხის რძე, ყურძენი, ციტრუსები, კვერცხი, ზედმეტად დამტკბარი ჩაი და წვენი ის პროდუქტებია, რომლებიც დედის ორგანიზმშიც იწვევს აირების უხვ წარმოქმნას, ხოლო ალერგენების შემცველი საკვები - ციტრუსები, კვერცხი, შოკოლადი და სხვა - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში იმუნოპათოლოგიურ რეაქციებს უდებს სათავეს. ხშირად კვების კორექცია არ კმარა. თუ ტკივილი გაუსაძლისი გახდა, მიმართეთ პედიატრს. არსებობს მედიკამენტები, ფერმენტები, პრო- და პრებიოტიკები, რომლებიც პატარას აირებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.  არ გირჩევთ, სხვისი გამოცდილების გათვალისწინებით თვითნებურად მისცეთ პატარას ესა თუ ის მედიკამენტი. ყოველი ბავშვი თავისებურია და ერთის მიერ ნაცადი წამალი ყველას არ არგებს. დროულად მიმართეთ ექიმს დაავადების ადრეულ სტადიაში გამოსავლენად, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.