რა არის აპნოე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის აპნოე

ჩვილი სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად სუნთქავს. მუცლადყოფნის პერიოდში სუნთქვა პლაცენტის საშუალებით ხორციელდება, დაბადების შემდეგ - ცენტრალური ნერვული სისტემის საშუალებით. ამასთან, რაც უფრო მომწიფებულია ახალშობილი, მით უკეთესად ასრულებს ორგანიზმი თავის ფუნქციებს. ახალშობილობის პერიოდში სუნთქვა მოუწესრიგებელია. ის შეიძლება იყოს არათანაბარი, ზედაპირული, აჩქარებული ან შენელებული. სავსებით ჯანმრთელი ბავშვებიც კი ზოგჯერ რამდენიმე წამით წყვეტენ სუნთქვას, მაგრამ თუ პაუზა 10-15 წამზე მეტხანს არ გაგრძელდა, საშიში არაფერია - ეს ნორმაა.

- რა მიიჩნევა პათოლოგიად? რა არის, კერძოდ, აპნოე?

- აპნოე (აპნოზური ეპიზოდი) - ეს არის გახანგრძლივებული პაუზა სუნთქვის დროს, როდესაც სუნთქვის რეფლექსი დათრგუნულია. მძიმე შემთხვევებში სუნთქვის შეჩერებას თან ახლავს გულის მუშაობის დაქვეითება და ციანოზი - კანის, ტუჩების, ფრჩხილების სილურჯე, გამოწვეული სისხლში ჟანგბადის ნაკლებობით. მსუბუქ შემთხვევებში სუნთქვითი პაუზა ხანმოკლეა და ბავშვი ავტომატურად განაახლებს სუნთქვას. უფრო მძიმე მდგომარეობისას, როდესაც სისხლში გროვდება ნახშირორჟანგი, იწყება თავის ტვინის ჟანგბადოვანი შიმშილი. ბავშვმა შესაძლოა გონი დაკარგოს, ხოლო თუ სამედიცინო დახმარება დაგვიანდა - მოკვდეს. ყველაზე ხშირად აპნოეთი იღუპებიან 2-დან 6 თვემდე ასაკის პატარები ღამით ან ადრიანი დილით, როდესაც მშობლებსაც სძინავთ და ბავშვები უმეთვალყურეოდ არიან.

- რა არის ცენტრალური ნერვული სისტემის სიმწიფის მანიშნებელი?

- უკვე აღვნიშნეთ, რომ რაც უფრო უმწიფარია ახალშობილი, მით უფრო მაღალია აპნოეს განვითარების ალბათობა. ორსულობის 34-ე კვირამდე დაბადებული ახალშობილის ცნს-ს არ შესწევს უნარი, ნორმალურად მართოს სუნთქვა. ასეთ ბავშვებს ათავსებენ სპეციალურ ინკუბატორში - კიუვეზში, სადაც სასიცოცხლო ფუნქციების - სუნთქვისა და გულის შეკუმშვათა სიხშირის - მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს. მძიმე აპნოზური ეპიზოდების შემთხვევაში პაწიას ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია  სჭირდება. სუნთქვის ნორმალიზება, ჩვეულებრივ, ჩასახვიდან მე-40-42-ე კვირას ხდება. დროულად დაბადებული ჯანმრთელი ახალშობილის ცენტრალური ნერვული სისტემა ნორმალურად აკონტროლებს სუნთქვის აქტსა და მის სიხშირეს.

- რამდენი სახის აპნოე არსებობს და როდის წარმოიშობა იგი?

- მშობლები სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მხოლოდ მაშინ იძახებენ, როდესაც ბავშვი გალურჯებულია, ანუ მძიმე აპნოზურ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა აპნოე ყოველთვის ასე მძიმედ არ მიმდინარეობს. არსებობს მისი რამდენიმე ტიპი:

1. ცენტრალური ტიპი - წარმოიშობა ძილში, როდესაც ტვინი გარკვეული ხნით წყვეტს სასუნთქი კუნთების მიმართულებით სიგნალების გადაცემას. კუნთები ამ დროს უმოქმედოდაა და სუნთქვა ჩერდება. რისკის ჯგუფში იმყოფებიან მოუმწიფებელი ნერვული სისტემის მქონე ახალშობილები, მათ შორის - დღენაკლულები და მცირე (2000 გ-ზე ნაკლები) მასით დაბადებულები, ასევე - მწეველი მშობლების შვილები.

2. ობსტრუქციული აპნოე - წარმოიშობა ძილში, როდესაც ნერვული სისტემიდან სიგნალი მოდის, მაგრამ სასუნთქი გზების სანათურის შევიწროების გამო ჰაერის ნაკადი წყდება. აპნოეს ეს ტიპი დამახასიათებელია იმ ჩვილებისთვის, რომლებსაც აქვთ ხშირი წამოქაფება, სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, ლარინგოტრაქეიტი, გადიდებული ნუშურა ჯირკვლები, ინფექციები), ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება. სასუნთქი გზების სანათური შესაძლოა დავიწროვდეს ხვრინვისას, რაც ხშირად ემართებათ ჭარბი წონისა და კუნთოვანი ჰიპოტონიის მქონე ბავშვებს.

3. შერეული აპნოე - იწყება როგორც ცენტრალური და გადადის ობსტრუქციულში.


- შეიძლება თუ არა, თავიდან ავაცილოთ პატარას ეს უსიამოვნება?

- მშობლებს ვურჩევთ, ღამით პატარა გვერდულად დააწვინონ, ძილის წინ კარგად გაანიავონ საწოლი ოთახი, ლეიბი იყოს მაგარი, ბალიში - დაბალი, ან საერთოდ არ დაუდონ. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ღონისძიებებიც უეფექტოა. ყველაზე თანამედროვე მეთოდი უბედურების თავიდან ასაცილებლად არის მუდმივი კონტროლი დაბადებიდან 1 წლამდე სასუნთქი მონიტორის საშუალებით, რომელიც სუნთქვის შეწყვეტის შემთხვევაში მყისიერად რთავს განგაშის სიგნალს. თუ პატარას ერთხელ მაინც ჰქონდა აპნოეს შეტევა, მიზანშეწონილია მისი ჰოსპიტალიზაცია. საავადმყოფოში ხანმოკლე ყოფნა საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს და აღიკვეთოს აპნოეს ახალი შემთხვევა, იმავდროულად, დადგინდეს შეტევის მიზეზი. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რაიმე ინფექცია ან გადიდებული ნუშურა ჯირკვლები.

- რა გამოკვლევები ტარდება საავადმყოფოში შეტევის მიზეზის დასადგენად?

- ექიმი დაწვრილებით გამოჰკითხავს მშობლებს. კითხვები დაახლოებით ასეთია:

  • შეტევა ძილის დროს განვითარდა თუ სიფხიზლის დროს?
  • რამდენ ხანს გაგრძელდა?
  • შეიცვალა თუ არა ამ დროს კანის ფერი? სახე გაფითრდა, გალურჯდა თუ გაწითლდა?
  • ახლდა თუ არა შეტევას რიტმული მოძრაობები?
  • სხეული მოდუნებული იყო, გაშეშებული თუ ნორმალურად მოძრაობდა?
  • როცა შეტევა დაიწყო, პატარას ეძინა, ჭამდა, ტიროდა, აქაფებდა, ახველებდა თუ ღრმად სუნთქავდა?
  • ადრე ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ პატარა ხშირად და ხმაურიანად სუნთქავდა, ხვრინავდა?
  • ხომ არ შეგიმჩნევიათ ნერწყვის გადმოსვლა ან ცხვირიდან ღებინება?
  • შეეცვალა თუ არა ტირილის დროს ხმიანობა? მაგალითად, ადრინდელზე ხმამაღლა ხომ არ ტირის?
  • ხომ არ დაგჭირვებიათ რეანიმაციული ღონისძიებები? როგორ მოაბრუნეთ ბავშვი სიცოცხლისკენ და რა დრო დაგჭირდათ ამისთვის?

ამის შემდეგ ექიმი იწყებს ბავშვის დათვალიერებას, სასუნთქი გზების, გულისა და ნერვული სისტემის ფუნქციების გასინჯვას. გასინჯვის საფუძველზე დგება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევის გეგმა - შესაძლოა, ჩატარდეს სისხლში აირების შემცველობის გამოკვლევა, ელექტროენცეფალოგრაფია ძილისა და სიფხიზლის დროს, ქალას ულტრაბგერითი გამოკვლევა, ეკგ, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ბრონქოსკოპია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმით, მისი შიგთავსის მჟავიანობის განსაზღვრა, სისხლის ანალიზი - ლეიკოციტური ფორმულა, ელექტროლიტური შემადგენლობა (კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ბილირუბინი, შაქარი), ბაქტერიული დათესვა. ძილი ელექტრული სადენებით - ეს არის კომპლექსური პოლისომნოგრაფიული გამოკვლევა. უტარდება მძინარე ბავშვს, გულისხმობს ვიდეო- და აუდიოჩაწერას ძილში ქცევის, სუნთქვის ხმიანობის, ძილის პოზიციის შესაფასებლად. ეს გამოკვლევა იძლევა სრულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ფუნქციობს ბავშვის ორგანიზმი ძილის დროს. მიღებული შედეგების საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს, პირველადია აპნოე თუ რაიმე ფიზიოლოგიური ფაქტორის შედეგი და ამის მიხედვით ნიშნავს მკურნალობას.

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

- აპნოეს მკურნალობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, შეტევების სიხშირესა და ხანგრძლივობაზე, მიზეზზე (თუ ეს უკანასკნელი ცნობილია). სახლის პირობებში ბავშვის სუნთქვის კონტროლისთვის გამოიყენება სხვადასხვა სახის მონიტორი. ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება საჭიროა ხანგრძლივი და ხშირად განმეორებადი შეტევისას. როგორც წესი, ბავშვის ზრდასთან ერთად ნერვული სისტემა უკეთ ფორმირდება და შეტევებიც ალაგდება. ეს დაახლოებით წელიწად-ნახევრის ასაკში ხდება. თუ პრობლემა ფიზიოლოგიური დარღვევების შედეგია, საჭიროა მათი აღმოფხვრა. მაგალითად, გადიდებული ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთა (ტონზილექტომია), ანემიის ან არითმიის კორექცია, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მკურნალობა, გასტროეზოფაგური რეფლუქსის (წამოქაფების) მკურნალობა.

- თუ დედა ამჩნევს, რომ ბავშვი არ სუნთქავს, როგორ უნდა მოიქცეს?

- პირველ რიგში, შეამოწმეთ, ნამდვილად ასეა თუ არა. ამისთვის:

  • მიაყურადეთ ბავშვის სუნთქვას - ღრმა ძილის დროს ის შესაძლოა ძალიან ხმადაბალი იყოს; შეეხეთ ყელზე ან გულმკერდზე, რათა შეიგრძნოთ სუნთქვა და გულისცემა.
  • შეაფასეთ კანის შეფერილობა. სუნთქვის გაჩერებაზე მეტყველებს კანის სიფითრე და ტუჩების სილურჯე.
  • თუ დარწმუნდით, რომ ბავშვი არ სუნთქავს, დააწვინეთ პირქვე, რომ თავისკენ სისხლის მიდენა გაუმჯობესდეს; შეარყიეთ, შეურხიეთ თავი.
  • დაუზილეთ მტევნები, ტერფები, ყურის ნიჟარები. უმეტესად ეს საკმარისია სუნთქვის აღსადგენად.
  • თუ სუნთქვა არ აღდგა, შეამოწმეთ, ხომ არ არის ტრაქეაში უცხო სხეული - გაუღეთ პირი და ოდნავ გადაუწიეთ თავი უკან.
  • დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც ჩაუტარებს პატარას ხელოვნურ სუნთქვას. გულმკერდის მასაჟს. აუცილებელია, ორსულობისას დედა თვით დაეუფლოს ამ მანიპულაციებს.

გახსოვდეთ: სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება ნორმად მიიჩნევა ძილის განსაზღვრულ ფაზაში - ე.წ. აქტიური ძილის დროს. საბედნიეროდ, პატარა ზრდასთან ერთად აპნოესაც გადალახავს - ისევე, როგორც კრუპის შეტევებს.