როგორ შევურჩიოთ ბავშვს მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევურჩიოთ ბავშვს მკურნალობა

- ბავშვი ისე არ გაიზრდება, ერთხელ მაინც არ აუწიოს სიცხემ. რა შემთხვევაში უნდა მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება? საზოგადოდ, როდის არის საშიში ტემპერატურის მომატება?

- ბევრ მშობელს ჰგონია, რომ თუ ტემპერატურის მაჩვენებელი 37 გრადუსზე მაღალია, ე.ი. მის შვილს სიცხე აქვს და სიცხის დამწევი უნდა მისცეს. მედიცინა სხვაგვარად ფიქრობს. ყოველი ბავშვი ინდივიდია და ტემპერატურაც ინდივიდუალური აქვს. გამოთვლილია ნორმალური საშუალო მაჩვენებლები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. 3-დან 6 თვემდე ნორმად ითვლება 37,50ც, 1 წლისთვის - 37,30ც, 3 წლისთვის - 37,20ც, 5 წლისთვის - 370ც. ასე რომ, თუ ტემპერატურის მაჩვენებელი ამ ციფრებს შეესაბამება და ბავშვი სხვას არაფერს უჩივის, სიცხის დამწევის მიცემა საჭირო არ არის. ისედაც, ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ექიმთან უნდა გქონდეთ შეთანხმებული. მაღალი სიცხე დაავადების სიმძიმეზე ყოველთვის არ მიუთითებს. ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ თუ ბავშვის ორგანიზმი იტანს, 38 გრადუსამდე სიცხის დამწევის მიცემა არ არის საჭირო. პირიქით - მაღალი ტემპერატურა ვირუსთან ბრძოლის ბუნებრივი საშუალებაა, დასუსტებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ორგანიზმს  კი ხშირად არც შესწევს უნარი, ინფექციაზე მაღალი ტემპერატურით მოახდინოს რეაგირება. მიუხედავად ამისა, მაღალი სიცხის დროს შესაძლო გართულების თავიდან ასაცილებლად და დროული რეგირებისთვის აუცილებელია, მდგომარეობა ექიმმა მართოს. რამდენიმედღიან მაღალ ტემპერატურას არცთუ იშვიათად მოსდევს ჰიპოთერმია - ტემპერატურის დაცემა 35 გრადუსამდე და უფრო ქვევითაც. ამ დროს ბავშვი ძილადაა მივარდნილი, კიდურები გრილი აქვს. ვიდრე ექიმს მიმართავდეთ, გირჩევთ, დაუდოთ სათბური, თბილად დააფაროთ, ასვათ ზომიერად ცხელი ჩაი, კომპოტი. ჩვილებს, მეტადრე ახალშობილებს მძიმე დაავადების (მაგალითად, პნევმონიის, მენინგიტის) დროსაც კი ტემპერატურა ზოგჯერ საერთოდ არ უწევთ, ზოგჯერ კი უმნიშვნელოდ ეცვლებათ. თუ ტემპერატურამ 40,5 გრადუსს მიაღწია, ვითარება, განუსაზღვრელად ასაკისა, საგანგაშოა. სამ წლამდე ასაკის ბავშვებს მაღალი ცხელებისას შესაძლოა განუვითარდეთ კრუნჩხვითი რეაქცია - ფებრილური გულყრა. ამ დროს მთელი სხეული დაჭიმულია, ბავშვი კრთის, გამღიზიანებლებზე არ რეაგირებს. კრუნჩხვებისადმი მიდრეკილნი არიან ბავშვები, რომლებსაც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება აღენიშნებათ. მათთვის ტემპერატურის ყოველი მომატება სახიფათოა. შესაძლოა, პატარას ფებრილური გულყრა განუვითარდეს, მაგრამ ცნს-ის დაზიანება არ ჰქონდეს. ამ შემთხვევაში კრუნჩხვის გამეორება ნაკლებმოსალოდნელია. ასე თუ ისე, ფებრილური გულყრის შემდეგ ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯოს ნევროლოგმა, შეაფასოს მდგომარეობა, დაადგინოს გულყრის მიზეზი.

- რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს მშობელმა მაღალი სიცხის დროს?

- პედიატრის დაუყოვნებელი ჩარევაა საჭირო, როდესაც:

  • მაღალი სიცხის ფონზე ბავშვი გაუჩერებლად ტირის;
  • ტემპერატურის დაწევის შემდეგაც გაღიზიანებულია;
  • უჭირს გამოფხიზლება, მივარდნილია;
  • გონება დაბინდული აქვს ან გონს ვერ მოდის;
  • ჰქონდა კრუნჩხვა, დაჭიმული აქვს კისერი;
  • მძიმედ სუნთქავს, თუმცა არ აქვს სურდო;
  • ცხელება 72 საათზე (3 დღე-ღამეზე) მეტია გრძელდება.

მშობლები უმეტესად თვითონვე მკურნალობენ შვილებს, აძლევენ სიცხის დამწევ საშუალებებს, ზელენ სპირტითა და ძმრით... ჯერ კიდევ არის შემთხვევები, როდესაც სიცხის მომატებისას თვითონ პედიატრი უნიშნავს პატარას ანტიბიოტიკს (სეპტრიმს, ამპიცილინს, ცედექსს) ყოველგვარი გამოკვლევის, თუნდაც სისხლის საერთო ანალიზის გარეშე. ასეთი რამ არცთუ იშვიათია და სავალალოდაც სრულდება. ჯანმოს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის - რეკომენდაციით, სიცხის დასაწევად ნებადართულია ბავშვისთვის პარაცეტამოლისა და იბუპრენის მიცემა. ამჟამად საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში ბავშვებისთვის ურეცეპტოდ მხოლოდ ეს ორი პრეპარატი გაიცემა. პარაცეტამოლი ყველაზე უსაფრთხო სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, თუმცა მასაც შეუძლია, ავნოს ორგანიზმს. სიფრთხილეა საჭირო იბუპრენის (ნუროფენის) მიცემის დროსაც. დღეს აღარავის უკვირს, რომ ბავშვთა ასაკში გვხვდება `მოზრდილთა~ დაავადებები, მათ შორის - კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებაც, რომელიც სწორედ ნუროფენის მიცემის შემდეგ განვითარებული ფარული სისხლდენით იჩენს ხოლმე თავს. ჩვენი კლინიკის პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა - წლისა და 10 თვის ბავშვს მაღალი სიცხის დროს ნუროფენის სიროფის მიცემის შემდეგ დაეწყო ნაწლავთა მოქმედება შავი განავლოვანი მასებით (მელენა). საბედნიეროდ, დროულად მიიტანეს ეჭვი, გაგზავნეს პატარა დიაგნოზის დასაზუსტებლად ენდოსკოპიურ გამოკვლევაზე და აღმოუჩინეს პილორუსის წყლული.

- როგორ ავიცილოთ თავიდან წამლის გვერდითი მოვლენები?

- პარაცეტამოლმა ბავშვის ორგანიზმს ზიანი რომ არ მიაყენოს, საჭიროა:

  • მივცეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული, ასაკის შესაბამისი დოზით;
  • თავი ვარიდოთ ისეთ მედიკამენტებთან ერთად მის გამოყენებას, როგორიცაა რიფამპიცინი, იზონიაზიდი, ლუმინალი.

პარაცეტამოლის მიმართ ტოქსიკური რეაქციების განვითარების ალბათობა ბავშვებს მოზრდილებზე ნაკლები აქვთ. ასეთი რამ მხოლოდ დოზის გადაჭარბებისას ხდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა მშობლები შეცდომით ან განზრახ, ტემპერატურის სწრაფად დასაწევად, ბავშვს ზედმეტ დოზას აძლევენ. ბოლო ხანს პედიატრიაში ფართოდ გამოიყენება იბუპროფენი (ნუროფენი, იბუპრენი). მას მკვეთრად გამოხატული სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. 38,5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მისი ეფექტი პარაცეტამოლისასაც კი აღემატება. ამ პრეპარატის უპირატესობაა ისიც, რომ უფრო ხანგრძლივი სიცხის დამწევი მოქმედება აქვს და მისი მიღება ისე ხშირად არ არის საჭირო, როგორც პარაცეტამოლისა, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. როდესაც მაღალი ტემპერატურა მხოლოდ პარაცეტამოლს ან მხოლოდ იბუპრენს არ ემორჩილება, ექიმი საჭიროდ მიიჩნევს ამ ორი პრეპარატის კომბინირებულ დანიშვნას. პედიატრი შეგირჩევთ ოპტიმალურ დოზას და ინტერვალს მათ მისაღებად.

- მნიშვნელოვანია მედიკამენტის ფორმაც - ის რაც შეიძლება ადვილად მისაღები უნდა იყოს...

- ჩვილებისთვის პარაცეტამოლის (ეფერალგანი, კალპოლი, პანადოლი და ა.შ.) სანთელი უფრო მოხერხებულია, ვიდრე სიროფი. მით უმეტეს, როცა ტემპერატურას თან სდევს პირღებინებაც, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში (1 წლამდე) ხშირია. სანთელი მაცივარში უნდა ინახებოდეს. გამოყენებამდე რამდნიმე წამით ხელში დაიჭირეთ, რომ თავი დაურბილდეს და პატარას უკანა ტანის ლორწოვანი არ დაუზიანოს. სიცხის დამწევი საშუალებები სხვადასხვა ფორმით გამოდის - აბები, სიროფი, სანთელი. რომელი გამოიყენოთ, ამას ბავშვის ასაკის, დაავადების მიმდინარეობისა და სიმძიმის გათვალისწინებით პედიატრი გირჩევთ.

- რა თავისებურებებით გამოირჩევა ანტიბიოტიკებით მკურნალობა პედიატრიულ პრაქტიკაში?

- პედიატრიულ ასაკში ანტიბაქტერიული თერაპიის სპეციფიკა განპირობებულია ბავშვის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით, ინფექციითა და მისი მიმდინარეობის ხასიათით, არასასურველი რეაქციებითა და დოზირების რეჟიმით. საყოველთაოდ ცნობილია ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დიაგნოსტიკისა და დიფერენციული დიაგნოსტიკის სირთულეები. სწორედ ამის ბრალია, რომ ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკები ინიშნება. ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი გამომწვევის ამოსაცნობი ლაბორატორიული გამოკვლევები და მეთოდები, ამიტომაც შეუძლებელია, თავიდან ავიცილოთ ანტიბიოტიკების დაუსაბუთებელი გამოყენება. ვიმეორებ: ეს აიხსნება როგორც დიაგნოსტიკის სირთულით, ასევე ექიმის გასაგები სურვილით, თავი დაიზღვიოს შესაძლო გართულებებისგან. ანტიბიოტიკის წინასწარ დანიშვნა შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად უშედეგოა. პირიქით, ასუსტებს ორგანიზმის ბრძოლის უნარს უკვე არსებული დაავადების მიმართ. ბავშვებში ანტიბიოტიკოთერაპიის ძირითადი თავისებურება ის არის, რომ ანტიბიოტიკები მოქმედებს უშუალოდ დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე, ეს მიკროორგანიზმები კი ძალიან სწრაფად იძენს პრეპარატის მიმართ გამძლეობას. ანტიმიკრობული პრეპარატები სამკურნალო საშუალებების ერთადერთი კლასია, რომლის ეფექტიანობაც თანდათან მცირდება. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა გარდაუვალი მოვლენაა, რასაც ცხადყოფს უკანასკნელი წლების მაგალითები. სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, ინფექციის გამომწვევის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. ამდენად, ემპირიულ თერაპიას ინფექციური დაავადებების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. უმეტესად დაავადების გამომწვევს რეტროსპექტულად, მკურნალობის დაწყების შემდეგ ადგენენ. მკურნალობის გადადება ან დაყოვნება შეუძლებელია. თუ ანტიბიოტიკოთერაპიამ შედეგი გამოიღო, პრეპარატის შეცვლა, განურჩევლად ანტიბიოტიკოგრამის პასუხისა, საჭირო არ არის.

- როგორ ურჩევენ ბავშვებს ანტიბიოტიკის დოზას?

- ანტიბიოტიკების შერჩევა-მორგება და დოზირება ბავშვის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მათი გამოყენება ახალშობილებში, მათ შორის - დღენაკლულებშიც. ეს აიხსნება ორგანოებისა და სისტემების, კერძოდ, ღვიძლის ფერმენტული სისტემისა და თირკმლის საფილტრაციო (შარდგამომყოფი) მექანიზმების უმწიფრობით. პრეპარატის ან მისი დოზის არასწორმა შერჩევამ შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს. ამ თავისებურებათა გათვალისწინებით, ბავშვებს ანტიბიოტიკი ენიშნებათ წონის შესაბამისად, რაც ხშირად მოზრდილის დოზას უახლოვდება, თუმცა უფრო ნაკლები ჯერადობით, მაგალითად, 24 საათში ერთხელ.


- ანტიბიოტიკების უმრავლესობა ამბულატორიულ პირობებში ინიშნება. რა პრაქტიკულ რეკომენდაციებს მისცემდით ექიმებს ამ თვალსაზრისით?

- ანტიბიოტიკოთერაპია ათიდან რვა შემთხვევაში სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის ან მისი გართულების დროს ინიშნება და უმეტესად დაუსაბუთებლად; საზოგადოდ, ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკების დანიშვნა გაუმართლებელია. სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციაა ეს თუ კუჭ-ნაწლავისა, არ აქვს მნიშვნელობა - ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. თუ ანტიბიოტიკს ექიმი ნიშნავს ვირუსული ინფექციის დროს იმ მიზნით, რომ შესაძლო გართულებები თავიდან აიცილოს, ესეც გაუმართლებელია - ბაქტერიული გართულებისგან თავის დაზღვევა ანტიბიოტიკის წინასწარ დანიშვნით შეუძლებელია!

გახსოვდეთ: ანტიბიოტიკი

  • არ მოქმედებს ვირუსზე;
  • არ სწევს დაბლა სიცხეს;
  • არ იცავს ორგანიზმს ბაქტერიული გართულებისგან.

ანტიბიოტიკების დაუსაბუთებელი გამოყენება:

  • ზრდის ბაქტერიათა რეზისტენტობას;
  • არღვევს ორგანიზმის ნორმალურ მიკროფლორას;
  • ზრდის არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს;
  • ზრდის მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯს.

ანტიბიოტიკების დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:

  • ამბულატორიულ (სახლის) პირობებში ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს მხოლოდ დაავადების ბაქტერიული ბუნების დასაბუთების ან უტყუარი ნიშნების არსებობის შემთხვევაში (ჩირქოვანი კერა ყელში, ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან და ა.შ.).
  • ანტიბიოტიკის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს წინა 2-3 თვის განმავლობაში მიღებული პრეპარატები, რათა შეფასდეს რეზისტენტული ფლორის მატარებლობის რისკი.
  • ამბულატორიულ პირობებში მიზანშეწონილია დასალევი ანტიბიოტიკების (სიროფის, სუსპენზიის, ტაბლეტის) დანიშვნა.

ანტიბიოტიკის შეცვლა დასაშვებია, თუ:

  • მკურნალობის დაწყებიდან 48-72 საათში უკეთესობა ვერ შეამჩნიეთ;
  • უფრო ადრე (48-72 საათამდე) მდგომარეობა დამძიმდა.
  • ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით დადგინდა გამომწვევი და მისი შესაბამისი ანტიბიოტიკი (უფრო მგრძნობიარე).
  • თუ ინფექციის ბაქტერიული ბუნება არ დადასტურდა, ანტიბიოტიკი უნდა მოიხსნას. კურსის დამთავრებას ნუ დაელოდებით.
  • მოკლე, 3-5-დღიანი კურსებით ანტიბიოტიკების მიღებისას პარალელურად ნუ გამოიყენებთ ანტიჰისტამინურ ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, იმუნომოდულატორებს.

განურჩევლად იმისა, არსებობს თუ არა უტყუარი საბუთი (სისხლის საერთო ანალიზის, ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის პასუხი), ანტიბიოტიკების დანიშვნის აბსოლუტურ ჩვენებად ითვლება:

  • მწვავე ჩირქოვანი გართულება;
  • მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი;
  • შუა ყურის მწვავე ანთება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში;
  • პარატონზილიტი;
  • ეპიგლოტიტი;
  • პნევმონია.

- ხშირად არასწორად ინიშნება ანტიბიოტიკები ნაწლავური ინფექციების დროსაც, რაც უფრო მეტად ახანგრძლივებს და ართულებს მდგომარეობას. რა შემთხვევაში შეიძლება ნაწლავური ინფექციის დროს ანტიბიოტიკის დანიშვნა?

- ნაწლავური ბაქტერიული წარმოშობის ინფექციებია შიგელოზი, სალმონელოზი, ეშერიხიოზი და ა.შ. ანტიობიოტიკის დანიშვნა (და ისიც - მხოლოდ ზოგიერთი ჯგუფისა), ჯანმოს რეკომენდაციით, დასაშვებია მხოლოდ სისხლიანი განავლის შემთხვევაში. ეს თავიდან გვაცილებს ისეთ გართულებებს, როგორიცაა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის განვითარება ცეფალოსპორინებით მკურნალობისას; ცეფალოსპორინების, ამპიცილინის, ლინკომიცინის, კლინდამიცინის და სხვა. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიერ ნაწლავის ნორმალური ფლორის დათრგუნვის ფონზე შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფსევდომემბრანული კოლიტი. ამრიგად, ინფექციურ დაავადებას მხოლოდ ექიმმა ინფექციონისტმა უნდა უმკურნალოს, რათა ანტიბიოტიკი, საჭიროებისამებრ, სწორად შეირჩეს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერები ერთსულოვნად აღიარებენ, რომ ანტიბიოტიკებით დაუსაბუთებელ მკურნალობას ბავშვის ორგანიზმისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. დაავადების ყოველი ახალი შემთხვევა უფრო და უფრო ძლიერმოქმედი პრეპარატის გამოყენებას მოითხოვს. ამის შედეგად ბავშვის იმუნური სისტემა კარგავს დაავადებისადმი წინააღმდეგობის უნარს და თვით მსუბუქი გაციებაც კი მძიმედ, გართულებებით მიომდინარეობს. რა შემთხვევაშია საჭირო ანტიბიოტიკოთერაპია და როგორ გამოვიყენოთ იგი ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების გამრავლება, ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვა და სხვა შესაძლო გართულებები? მოდი, ამის გადაწყვეტა ექიმ სპეციალისტს მივანდოთ და არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი მისი კონსულტაციის გარეშე!

- შესაძლებელია თუ არა ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე ნაწლავური მიკროფლორის დარღვევის თავიდან აცილება?

- ადამიანის ნაწლავთა ეკოსისტემაზე გავლენას ახდენს ასაკი, სხეულის ტემპერატურა, რაციონი, წელიწადის დრო, ნერვული ფონი. ამ ფაქტორთა გავლენით მიკროფლორის შემადგენლობაში მომხდარი ხანმოკლე ცვლილებები, ე.წ. დისბიოზური რეაქციები, მკურნალობას არ საჭიროებს. ჭეშმარიტ დისბიოზს კი სხვანაირი მიდგომა სჭირდება. დისბიოზის განვითარების რისკჯგუფში შედიან:

  • ავადმყოფები, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით, ჰორმონული, სხივური და ქიმიოთერაპიული საშუალებებით;
  • ქიმიურ-ფარმაცევტული საწარმოების თანამშრომლები;
  • პაციენტები, რომლებსაც საჭმლის მომნელებელ ორგანოებთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ;
  • ალერგოზიანი ავადმყოფები;
  • სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის პათოლოგიების მქონე ბავშვები.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას კოლოსალური წვლილი მიუძღვის, დაიწყო იმ სამკურნალო პრეპარატებისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შექმნა, რომლებიც ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღდგენასა და შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს, ასე გაჩნდა პრე- და პრობიოტიკები. მათი დანიშვნა აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპიის დროს, რათა შევინარჩუნოთ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა, ლაქტობაქტერიებისა და ბიფიდობაქტერიების წონასწორობა, არ მოხდეს პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების გააქტიურება.

- როგორ უნდა დაინიშნოს პრე- და პრობიოტიკები?

- არსებობს პრობიოტიკები, რომლებიც ბიფიდობაქტერიებს ან ლაქტობაქტერიებს შეიცავს. არსებობს ასევე კომბინირებული პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში ნორმალური ფლორის რამდენიმე სახის მიკროორგანიზმები შედის. პრობიოტიკები სხვადასხვა სამკურნალო ფორმით გამოდის. კერძოდ, შეგხვდებათ შუშის ფლაკონებში მოთავსებული მშრალი პრეპარატები, კაფსულები, ტაბლეტები, თხევადი პრობიოტიკები. პირობითად შეიძლება გამოიყოს პრობიოტიკული პრეპარატების რამდენიმე თაობა:

  • პირველი თაობა ნორმალური ფლორის მხოლოდ ერთ სახეობას შეიცავს (ბიფიდუმბაქტერინი, ლაქტობაქტერინი, კოლიბაქტერინი);
  • მეორე თაობაა კომბინირებული პრეპარატები (ლინექსი, ულტრაბიოტიკი, ლაციდოფილი, ბიფიფორმი, აციდოლაკი);
  • მესამე თაობაა პრინციპულად ახალი თხევადი პრობიოტიკები, რომელთა შემადგენლობაში შედის არა მარტო აქტიური ცოცხალი ბაქტერიები, რომლებიც მოქმედებას პირის ღრუდანვე იწყებს, არამედ სხვა ფაქტორებიც (პრებიოტიკები), რომლებიც ნაწლავში მიკროფლორის საუკეთესოდ ათვისებას უწყობს ხელს.

გაითვალისწინეთ, პრობიოტიკების მიღებისას საჭიროა უჯრედისის შემცველი მცენარეული საკვების, ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების შემცველი რძემჟავა პროდუქტების უხვი გამოყენება. სოკოვანი შტამების ჭარბი ზრდისას რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ყურძენი, ქიშმიში, ახალი პური, ყველი, კეფირი. პრობიოტიკები სამკურნალო საკვების სახითაც გამოდის. ასეთია, მაგალითად, მრავალი რძემჟავა პროდუქტი (მაწონი, იოგურტები და სხვა). ნაწლავთა დისბიოზის პროფილაქტიკისთვის სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექციების, ნაწლავთა ინფექციების, ანტიბიოტიკების მიღების დროს შეიძლება დანიშნოს პრე- და პრობიოტიკების ხანმოკლე, 10-14-დღიანი კურსი. დისბიოზის სამკურნალოდ პრობიოტიკების უფრო მეტხანს  - 1 თვემდე მიღებაა საჭირო. პრე- და პრობიოტიკების შემცველი სამკურნალო კვება კი შეიძლება უფრო ხანგრძლივიც იყოს.