რუბრიკები
სამკურნალო წერილები

 წნევას ბალახეულის ნაყენიც  დაგიქვეითებთ                                                                              

უკვე 45 წელს გადავაბიჯე და წნევა პერიოდულად მიწევს, განსაკუთრებით - გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აგრეთვე - ეგრეთ წოდებულ მაგნიტურ დღეებში. მართალი გითხრათ, მედიკამენტური მკურნალობის სურვილიც კი არ გამჩენია. უპირატესობა რატომღაც იმთავითვე მცენარეულ საშუალებებს მივანიჭე. ისინი წნევასაც აქვეითებს და ძილსაც აწესრიგებს.

  • აიღეთ 3-3 სუფრის კოვზი შავბალახა, ბერულას ბალახი, კუნელის ყვავილი, ფითრის ფოთლები ერთწლიანი ყლორტებით. ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და გააგრილეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ქეთევან აბულაშვილი, სიღნაღი                               

 


ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს...


რამდენიმე წლის წინ მარჯვენა ფერდი ამტკივდა. ექოსკოპიაზე მითხრეს, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭები მქონდა და ოპერაცია შემომთავაზეს, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ჩემმა თანამშრომელმა, რომელსაც იგივე პრობლემა აქვს, ამ ნარევის მიღება მირჩია:

  • უნდა აიღოთ თითო სუფრის კოვზი დათვისკენკრას ფოთოლი, მატიტელას ბალახი, სიმინდის ულვაში, ლობიოს ჩენჩო (პარკები უმარცვლოდ), ქაფუნას ბალახი. ამ ნარევს დაასხათ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივოთ, გადაწუროთ და მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ა. ბალავაძე. თბილისი                 

 


გულის ნევროზს  ფიტოწამალი  მოგირჩენთ


გასულ ზაფხულს სტრესი გადავიტანე, მას შემდეგ დამემართა გულის ნევროზი და სისუსტე: პერიოდულად მიჩქარდება გული, მიჭირს სუნთქვა და არ მყოფნის ჰაერი. დამჩემდა უძილობაც. ძალიან მომიხდა ნაყენი, რომელიც დედაჩემმა მომიმზადა. რაც მისი სმა დავიწყე, ძილიც მომიწესრიგდა და აღარც გულს ვუჩივი.

  • აიღეთ თითო ჩაის კოვზი კატაბალახას ფესვი, ბარამბოს ფოთოლი და 3 ჩაის კოვზი ფარსმანდუკის ბალახი. ამ ნარევს დაასხით 2,5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და 3 საათით დადგით გრილ ადგილას, შემდეგ 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ, გადაწურეთ და დალიეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა რამდენიმე ულუფად.

ნინო გეგეშიძე, თბილისი                  

 


როგორ მოვირჩინოთ ჰიპერაციდური გასტრიტი


რამდენიმე წლის წინ შემაწუხა გულძმარვამ, ბოყინმა და უსიამოვნო შეგრძნებებმა კუჭის არეში. მივმართე ექიმს, ჩავიტარე გამოკვლევა. აღმომაჩნდა გასტრიტი კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით. დამინიშნეს მკურნალობა და ზოგიერთი კერძის მიღება ამიკრძალეს, მე კი კარგი ჭამა-სმა ძალიან მიყვარს. ერთხელ ავტობუსში შემთხვევით მოვკარი ყური ამ რეცეპტს და მოვსინჯე. მართალია, საკვებს მაინც შეზღუდვით ვიღებ, მაგრამ პირვანდელ დიეტასთან რა შედარებაა...
აი ეს რეცეპტი:

  • აიღეთ თითო სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი, სელის თესლი, ძირტკბილას ფესვი, კოთხუჯის ფესურა, პიტნის ბალახი, ცერეცოს თესლი. დაასხით 6 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ბიჭიკო ჩინჩალაძე, ზესტაფონი                

 

 

თუ თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭები გაგიჩნდათ


თირკმელები დიდი ხანია მაწუხებს. როცა საშუალება მაქვს, საირმეში მივდივარ და მინერალური წყლით ვმკურნალობ. რამდენიმე წლის წინ სტრესის ფონზე კენჭის გავლაც კი მქონდა. სწორედ მაშინ მასწავლეს მცენარეული საშუალება, რომელიც ასე მზადდება:

  • ვიღებთ თითო სუფრის კოვზ მარწყვაბალახას, წითელი მოცვის ფოთოლს, როზმარინის ფოთოლს, შვიტას ბალახს, ძირტკბილას ფესვს, გრძელწიწვა ღვიის ნაყოფს. ამ ნარევს ვასხამთ 6 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ, ვაგრილებთ, ვწურავთ და ვსვამთ ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ.

ვალერი ქაშაკაშვილი, თერჯოლა                    

 


მცენარეული შარდმდენი

თქვენი ჟურნალის მუდმივი მკითხველი ვარ. განსაკუთრებით მომწონს რუბრიკა `დავეხმაროთ ერთმანეთს~. მკითხველები ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევებს გვაწვდიან. მეც მინდა, შემოგთავაზოთ მცენარეული შარდმდენი საშუალებების რეცეპტი, რომელსაც თვითონვე ვიყენებ.

  • აიღეთ თითო სუფრის კოვზი ფშნისეკალის ფესვი, ოხრახუშის ფესვი, ძირტკბილას ფესვი და გრძელწიწვა ღვიის ნაყოფი. ეს ყველაფერი დააქუცმაცეთ, დაასხით 4 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 6 საათს, შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოდგით, 15 წუთს ხარშეთ და გააცივეთ. მიიღეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა რამდენიმე ულუფად. აკრძალულია ორსულობის, ასევე - თირკმლისა და შარდსადინარი გზების მწვავე ანთებითი დაავადებების დროს.

ნათელა მარგველაშვილი, ქუთაისი             

 


სიმინდის ულვაში შარდის ბუშტის ანთების საუკეთესო წამალია


დიდი ხანია, მაწუხებს შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთება. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია, დამეთანხმება, რა უსიამოვნო სიმპტომები აქვს ამ დაავადებას: წვა შარდვისას, გახშირებული შარდვა... ჩემმა მეგობარმა სოფლიდან მცენარეები ჩამომიტანა და მათგან წამლის მომზადებაც მასწავლა:

  • ვიღებთ თითო სუფრის კოვზ არყის ფოთოლს, დათვისკენკრას ფოთოლს, სიმინდის ულვაშს, ძირტკბილას ფესვს, ჭანგას ფესურას, ვასხამთ 5 ჩაის ჭიქა ცივ წყალს და 6 საათის განმავლობაში ვაყენებთ, შემდეგ 15 წუთს ვხარშავთ ნელ ცეცხლზე. უნდა მივიღოთ დღეში 1 ჩაის ჭიქა 3-4 ულუფად.

მარიამ ჩადუნელი, თბილისი                 

 


კუჭის აშლილობის წამალი


სუსტი კუჭ-ნაწლავი მაქვს და კუჭი ხშირად მეშლება. ჩამიტარეს გამოკვლევა, დამისვეს ქრონიკული კოლიტის დიაგნოზი და მკურნალობაც დამინიშნეს, მაგრამ სულ მუდამ წამლებზე ხომ არ ვიქნებოდი, ამიტომ მივმართე ჩემს მეზობელს, რომელიც კარგად იცნობს მცენარეთა სამკურნალო თვისებებს. მან ეს წამალი მომიმზადა:

  • ვიღებთ თითო სუფრის კოვზ მოცვის ნაყოფს, პიტნის ბალახს, 1,5 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს. ამ ნარევს ვასხამთ 3,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვაცივებთ, ვწურავთ და ვიღებთ ნახევარ ჭიქას დღეში 3-4-ჯერ.

მაგდა ჩომახიშვილი, ხაშური            

 

 

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა