იშვიათი და კომბინირებული გადანერგვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იშვიათი და კომბინირებული გადანერგვები

დანარჩენი სხვა ორგანოების - კუჭქვეშა ჯირკვლის, ფილტვების, წვრილი ნაწლავის - გადანერგვისა და კომბინირებული ტრანსპლანტაციის სტატისტიკას ასახავს. სწრაფად იზრდება ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და გულის გადანერგვის მაჩვენებლები. ორგანოთა ტრანსპლანტაცია - მედიცინის ის მიმართულებაა, რომლის ირგვლივაც სადღეისოდ უამრავი წინააღმდეგობრივი აზრი არსებობს, ამიტომ მოკლედ მოგითხრობთ იმის შესახებ, რის გაკეთებაა შესაძლებელი ამ მაღალტექნოლოგიური დარგის საშუალებით და როგორი წარმატებით ხორციელდება ამა თუ იმ ორგანოს გადანერგვა.

კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვა

დიაბეტის პირველი ტიპის დროს კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვის პირველი მცდელობა 1891 წელს განხორციელდა, ინსულინის გამოგონებამდე 30 წლით ადრე: ინგლისელმა ქირურგმა უილიამსმა ამ ჯირკვლის უჯრედების ნაწილი დიაბეტურ კომაში მყოფი პაციენტის მუცლის კედელში შეიყვანა. კლინიკაში კი კუჭქვეშა ჯირკვლის პირველი გადანერგვა კეილიმ და ლინეიმ განახორციელეს. მათ ჯირკვლის სეგმენტი მენჯის ძვლის ფოსოში გადანერგეს, ჯირკვლის სადინარი კი გადაკვანძეს. ეს მეთოდი ზოგიერთ თანამედროვე კლინიკაშიც გამოიყენება. მოგვიანებით ოპერაციის კიდევ რამდენიმე ვარიანტი იქნა დამუშავებული. კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვის ჩვენებები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და მეტად წინააღმდეგობრივია. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ გადანერგვა უნდა მოხდეს შაქრიანი დიაბეტის მძიმე და შეუქცევადი გართულებების დროს, მაგალითად, მძიმე რეტინოპათიის დროს, რომელიც ადამიანს დაბრმავებას უქადის, ასევე - ნეიროპათიის, ნეფროპათიის, წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების მძიმე დაზიანების შემთხვევაში. კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვის უკუჩვენებები ისეთივეა, როგორიც თირკმლის ან სხვა ორგანოების გადანერგვისა. გულდასმით უნდა იქნეს გამოკვლეული რეციპიენტის გული. ნეიროპათიის გამო პაციენტთა უმრავლესობა სისხლძარღვთა მნიშვნელოვანი დაზიანების დროსაც კი ვერ გრძნობს სტენოკარდიას, ამიტომ დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა გულის რადიოიზოტოპური გამოკვლევა და კორონარული სისხლძარღვების ანგიოგრაფია. დონორის შერჩევასა და კუჭქვეშა ჯირკვლის ამოღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსპლანტაციის წარმატებისთვის. ჩვეულებრივ, კუჭქვეშა ჯირკვალს უღებენ ახალგაზრდა, ჯანმრთელ დონორს, რომელსაც თავის ტვინის სიკვდილი დაუდასტურდა. დონორის ასაკი 3-დან 55 წლამდე ვარირებს. ზრდასრულ დონორებში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება. დონორისგან კუჭქვეშა ჯირკვლის ამოკვეთის აბსოლუტურ უკუჩვენებად ითვლება მუცლის ღრუს ინფექცია, ჯირკვლის ტრავმა, მწვავე პანკრეატიტი და დიაბეტი. პანკრეასს ღვიძლსა და თორმეტგოჯა ნაწლავთან ერთად ან ცალკე იღებენ. ამოღების შემდეგ ღვიძლს ჯირკვლისგან აცალკევებენ, ამ უკანასკნელს სპეციალურ ხსნარში აკონსერვებენ და გადანერგვამდე დაბალ ტემპერატურაზე ინახავენ. კონსერვირებული ორგანოს შენახვის მაქსიმალური ვადა 20-30 საათია. გადანერგვისთვის იყენებენ ან კუჭქვეშა ჯირკვლის სეგმენტს, ან მთელ პანკრეასს თორმეტგოჯა ნაწლავის სეგმენტთან ერთად. კუჭქვეშა ჯირკვალს, ისევე როგორც თირკმელს, მენჯის ძვლის ფოსოში ათავსებენ. სადღეისოდ კუჭქვეშა ჯირკვალსა და თირკმელს უმეტესად ერთად გადანერგავენ, რადგან ამ ტიპის ოპერაციას შედარებით უკეთესი შედეგი აქვს. ოპერაციის პარალელურად, ორგანოს განდევნის თავიდან აცილების მიზნით, ტარდება იმუნოსუპრესიული თერაპია. კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვის შემდეგ ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლა წესრიგდება, პაციენტი ინსულინის შეყვანის აუცილებლობისგან თავისუფლდება, თუმცა იმუნოსუპრესიული პრეპარატების მიღება მაინც უწევს. პანკრეასისა და თირკმლის ერთდროულად გადანერგვის მთავარი მიზანი ის არის, რომ შეაჩეროს ნეფროპათიის, რეტინოპათიისა და ნეიროპათიის პროგრესირება. როგორც წესი, ეს ყველაფერი მიიღწევა, პაციენტთა ცხოვრების ხარისხი ჰემოდიალიზის ფონზე ცხოვრების ხარისხთან შედარებით საგრძნობლად უმჯობესდება. თეორიულად შესაძლებელია მხოლოდ ლანგერ-ჰანსის უჯრედების გადანერგვაც - იმ უჯრედებისა, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვალში ინსულინის გამოყოფაზე აგებენ პასუხს, მაგრამ პრაქტიკულად ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. მსოფლიოში ჩატარებულია 200-ზე მეტი ოპერაცია, რომლის დროსაც გადანერგილ იქნა 16-20-კვირიანი ჩანასახის კუჭქვეშა ჯირკვალი. ჯირკვალი ამ დროს იზრდება, მაგრამ ინსულინს მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში გამოყოფს. ასეა თუ ისე, კვლევები ამ მხრივ ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


ფილტვების გადანერგვა

ფილტვების გადანერგვა ოთხ შემთხვევაში ხდება: ესენია: ობსტრუქციული დაავადება (ფილტვების ემფიზემა ოპერაციის ყველაზე ხშირი ჩვენებაა); კისტოზური ფიბროზი - თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ობსტრუქციული დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზია (განვითარების უკანასკნელ სტადიას მან ადამიანის სიცოცხლის პირველ სამ ათწლეულში შეიძლება მიაღწიოს); ფილტვების რესტრიქციული დაავადება - ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი, რომელსაც მოსდევს ფილტვების სასიცოცხლო მოცულობისა და ფორსირებული ამოსუნთქვის შემცირება; ფილტვისმიერი ჰიპერტენზია - ფილტვების გადანერგვის ყველაზე ხშირი ჩვენება - და ეიზენმენგერის სინდრომი. დონორი უნდა იყოს ჯანმრთელი ადამიანი, არა უმეტეს 55 (ცალმხრივი გადანერგვისთვის - 65) წლის ასაკისა, არამწეველი (შეიძლება მწეველიც, რომელიც წელიწადში 20 კოლოფზე მეტს არ ეწევა), ნორმალური რენტგენოგრამით. ბრონქებში არ უნდა იყოს ასპირაციული მასები. დონორის ფილტვების ზომა რეციპიენტის ფილტვებისას უნდა ემთხვეოდეს. სამწუხაროდ, ტრანსპლანტაციისთვის დონორული ფილტვების მხოლოდ 20-25%-ია ვარგისი. ხდება როგორც ერთი, ისე ორივე ფილტვის გადანერგვა. ამ დროსაც ტარდება იმუნიტეტის დასაქვეითებელი თერაპია. სადღეისოდ ფილტვების გადანერგვის შედეგები ფასდება როგორც საუკეთესო. გადანერგვის საერთაშორისო რეგისტრის მონაცემებით, 2700-ზე მეტი ნაოპერაციების ერთწლიანმა გადარჩენადობამ 70% შეადგინა, ხუთწლიანმა - 43%. საფუძველს მოკლებული არ არის ვარაუდი, რომ ეს პერიოდი უფრო მეტადაც გაიზრდება იმუნოსუპრესიული თერაპიისა და ორგანოების კონსერვაციის დახვეწის, პროფილაქტიკისა და ოპერაციის შემდგომი გართულებების უკეთესი მკურნალობის ფონზე.

წვრილი ნაწლავის გადანერგვა

ამ ოპერაციის ჩვენება შეიძლება იყოს წვრილი ნაწლავის ტოტალური ნეკროზი ან მისი პოლიპოზი. ექსპერიმენტულ პირობებში პირველად ნერგავენ ნაწლავის იზოლირებულ მარყუჟს, ტრანსპლანტანტის შეჩვევის შემდეგ კი ტარდება ოპერაციის მეორე ეტაპი - გადანერგილი ნაწლავის ბოლოებს რეციპიენტის ნაწლავს უერთებენ. კლინიკურ პირობებში ეს ოპერაცია ძალიან იშვიათად კეთდება.

თვალის გადანერგვა

სადღეისოდ მთლიანად თვალი გადანერგვის ობიექტად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის თავისი არსით, ფაქტობრივად, თავის ტვინის გაგრძელებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოფთალმოლოგებმა ისწავლეს, მეტ-ნაკლები წარმატებით შეცვალონ თვალის პრაქტიკულად ყველა ნაწილი: რქოვანა, კონიუნქტივა, სკლერა, ფერადი გარსი, ბროლი, მინისებრი სხეული, - თვალის ნერვული ქსოვილების - ბადურასა და მხედველობის ნერვის - გადანერგვის კუთხით ჯერჯერობით პრაქტიკული შედეგები არ ჩანს. დღესდღეობით არსებობს მხოლოდ ხელოვნური ბადურა, რომელიც მიკროჩიპს წარმოადგენს. ბიონიკური თვალი, როგორც მას უწოდებენ, არის ხელოვნური თვალი, რომელიც ვიდეოკამერისა და პროცესორისგან შედგება. ეს მოწყობილობა მრავალი მიკროსკოპული ელექტროდის საშუალებით უერთდება თვალის ბადურა გარსს და იგი იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებმაც მხედველობა პიგმენტური რეტინიტის გამო დაკარგეს. პირველი პაციენტები, რომლებსაც ეს ოპერაცია გაუკეთეს, უკვე არცთუ ისე ცუდად არჩევენ ფერებს, ხედავენ სინათლეს. რუსეთსა და აშშ-ში ბადურის მიდამოში მიკროჩიპის ჩადგმის ექსპერიმენტული მცდელობები იმედის მომცემ შედეგებს იძლევა, თუმცა ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ამ ტექნოლოგიის დასახვეწად, რასაც, სიმართლე უნდა ითქვას, არცთუ ისე მცირე დრო დასჭირდება. მართალია, ამ ტიპის ოპერაციების სრული წარმატების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ, მეცნიერთა მტკიცებით, ბიონიკურ თვალს შეუძლია მთლიანად შეცვალოს მხედველობის ორგანოს დაკარგული ფუნქცია. ყოველ შემთხვევაში, კვლევები ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს.

სათესლე ჯირკვლების გადანერგვა

ამ ტიპის გადანერგვის ჩვენებებია: ჯირკვლების ჰიპოპლაზია (განუვითარებლობა) ან აპლაზია (ჯირკვლების არქონა); ანორქიზმი, ორმხრივი კრიპტორქიზმი; პოსტკასტრაციული სინდრომი; კლაინფელტერის სინდრომი; მამაკაცის უნაყოფობა. არსებობს სასქესო ჯირკვლის გადანერგვის ორი მეთოდი: სისხლძარღვებთან ერთად და თავისუფალი. თავისუფალი გადანერგვა გულისხმობს კანქვეშ ან კუნთში სასქესო ჯირკვლის ფაფადქცეული ქსოვილის შეტანას, ზოგჯერ გამოიყენება ჯირკვლის მცირე ზომის სეგმენტები. იყო იმის მცდელობაც, რომ მთლიანი ჯირკვალი ჩაენერგათ კანქვეშ, კუნთების სიღრმეში ან სათესლე პარკში. მსგავსი ტიპის გადანერგვა ხანგრძლივ ეფექტს არ იძლევა, რადგან ჯირკვლის ნაწილი თუ მთლიანი ჯირკვალი მალე გაიწოვება ორგანიზმის მიერ. შედარებით უფრო გამართლებული და სანდოა ჯირკვლის სისხლძარღვოვან კონასთან ერთად გადანერგვა. გარდა ტექნიკური სირთულეებისა, რომლებიც გამოწვეულია იმით, რომ წვრილი კალიბრის სისხლძარღვებზე სამუშაოდ მიკროქირურგიული ტექნიკაა გამოსაყენებელი, მსგავსი ტიპის ოპერაციების წარმატება იმუნურ ფაქტორებზეც არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ისევე როგორც სხვა გადანერგვების დროს, ამ შემთხვევაშიც ოპერაციის წინ უნდა გაკეთდეს დონორისა და რეციპიენტის ქსოვილების ტიპირება შეთავსებაზე. ამ პირობების დაკმაყოფილება შემთხვევათა უმრავლესობაში გადანერგილი ორგანოს მიხორცებას უზრუნველყოფს. სასქესო ჯირკვლის გადანერგვა პირველადი ჰიპოგონადიზმის დროს საკმარის ჰორმონულ კომპენსაციას იძლევა. მეორეული ჰიპოგონადიზმის დროს,  როდესაც ჰიპოფიზი საკმარისი რაოდენობის გონადოტროპინს არ გამოიმუშავებს, ოპერაციას სასურველი შედეგი არ მოჰყვება. სასქესო ჯირკვლების გადანერგვის დროსაც საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს იმუნოსუპრესიული თერაპია.


ფარისებრი ჯირკვლის გადანერგვა

ფარისებრი ჯირკვლის გადანერგვის პირველი ოპერაცია 1854 წელს შიფმა გააკეთა, თუმცა ის წარუმატებლად დასრულდა, აიზელსბერგმა კი 1892 წელს საკმაოდ კარგი შედეგი მიიღო. ამის შემდეგ ფართოდ გაიშალა ფარისებრი ჯირკვლის გადანერგვის ექსპერიმენტული კვლევები და ამ სფეროს უამრავი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. გადანერგვისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ის ფაქტი იწვევდა, რომ ამ ჯირკვლის სრულად ამოღების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ დიდი ცვლილებები იწყებოდა. მიუხედავად პირველი წარმატებისა, ფარისებრი ჯირკვლის გადანერგვის ოპერაციებმა არ გაამართლა - შედეგები მეტად ხანმოკლე გამოდგა. გადანერგილი ჯირკვლის ნაწილები ატროფირდებოდა და სწრაფად გაიწოვებოდა ორგანიზმის მიერ. ბოლო დროს სპეციალური პრეპარატების აღმოჩენამ ფარისებრი ჯირკვლის გადანერგვის ოპერაცია მედიცინიდან მთლიანად განდევნა.

სისხლძარღვების, კანის, ხრტილის, ნერვებისა და ძვლების გადანერგვა

მიუხედავად იმისა, რომ, ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების დამოუკიდებლად გადანერგვაც ხდება და ის სისხლძარღვთა ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, პლასტიკურ ქირურგიაში, ოტორინოლარინგოლოგიასა და მედიცინის სხვა დარგებში თითქმის ყოველდღიურად გამოიყენება, ამ ორგანოებს უმთავრესად იმისთვის გადანერგავენ, რომ შეიქმნას კარკასი, რომელზეც რეციპიენტის ახალი ქსოვილის ფორმირება უნდა მოხდეს.  

სახის გადანერგვა

30 ესპანელი ექიმისგან შემდგარი ჯგუფი სულ რაღაც ერთი წლის წინ ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში პირველად შეძლო ადამიანის სახის გადანერგვა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და, შეიძლება ითქვას, სამეცნიერო ფანტასტიკა ჩვენს თვალწინ რეალობად იქცა. ოპერაცია 2010 წლის მარტში ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა, რომელსაც საშინელი ავარიის გამო სახე მთლიანად დამახინჯებული ჰქონდა. უფრო ადრე ამერიკელმა და ევროპელმა ქირურგებმაც ჩაატარეს სახის ტრანსპლანტაცია, მაგრამ ყველა ოპერაცია მხოლოდ სახის ნაწილზე იყო განხორციელებული. ბარსელონელი ექიმები კი ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში პირველად შეძლეს მთლიანად, ანუ 100%-ით შეეცვალათ ადამიანისთვის სახე. პაციენტმა მიიღო ახალი კანი, ლოყები, სახის კუნთები, კბილები, სასა, ცხვირი, ტუჩები და ყბები. ეს რევოლუციის ტოლი ოპერაცია 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპერაციის წინ პაციენტს არ შეეძლო ყლაპვა და გასაგებად ლაპარაკი, ის მთლიანად იყო დამოკიდებული სპეციალურ აპარატებზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სუნთქვასა და კვებას. სახის გადანერგვა (თუმცაღა ნაწილობრივი) მსოფლიოში პირველად ფრანგ იზაბელ დინუას ჩაუტარდა 2005 წელს. ის ძაღლმა დაკბინა. შემდეგ ქირურგებმა მსგავსი ტიპის ოპერაციები აშშ-სა და ჩინეთშიც გააკეთეს. 2008 წელს ამერიკელმა კონი კალმა კანთან ერთად ახალი ძვლები, კუნთები, ნერვები და სისხლძარღვები მიიღო. 2010 წლამდე ეს ოპერაცია მსოფლიოში ყველაზე წინ წასულ სახის ტრანსპლანტაციად ითვლებოდა.

კომბინირებული გადანერგვები

ამ ტიპის ოპერაცია, რომლის დროსაც ერთდროულად რამდენიმე ორგანოს, მაგალითად, გულის, ფილტვისა და ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, ფილტვებისა და თირკმლის გადანერგვა ხდება, მსოფლიოში სულ რამდენიმეა გაკეთებული. ამ ოპერაციებს უმთავრესად ჩვილი ასაკის ბავშვებს უკეთებენ, რადგან წარმატების შანსი ამ ასაკში უფრო მეტია. ეს უნიკალური ტიპის ოპერაციებია, რომლებიც რამდენიმე ათეული საათი გრძელდება და ქირურგიის მწვერვალად მიიჩნევა. რაც შეეხება სხვა კომბინირებულ გადანერგვებს, მაგალითად, ისეთს, როგორებიცაა გულ-ფილტვის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და თირკმლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ერთიანი ბლოკის გადანერგვა, - არცთუ იშვიათია და საკმაოდ შედეგიანიც. მედიცინა წინ გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს, კვლევები გრძელდება, ასე რომ, ტექნოლოგიების განვითარების, მეთოდების დახვეწის კვალდაკვალ ოცდამეერთე საუკუნეში მრავალი ფანტასტიკური იდეის განხორციელების მომსწრენი შეიძლება გავხდეთ.