ბარიატრიული ოპერაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბარიატრიული ოპერაციები

- ბარიატრიული ოპერაცია - ეს არის ოპერაცია, რომელიც მიმართულია ჭარბწონიანობის, ანუ სიმსუქნის საკორექციოდ. სიტყვა `ბარიატრია~ სწორედ ჭარბი წონის მკურნალობას ნიშნავს. პირველი ბარიატრიული ოპერაციები ოთხმოციანი წლების დასაწყისში განხორციელდა, მათ შორის - საქართველოშიც, მაგრამ ვინაიდან ეს ოპერაციები მეტად ტრავმული და ადამიანისათვის, მით უმეტეს - ჭარბწონიანისთვის, ძნელად გადასატანი იყო, ისინი რამდენიმე ხნით მიივიწყეს. ლაპაროსკოპიის განვითარებამ ეს თემა ისევ წამოსწია წინ. ლაპაროსკოპიული ბარიატრიული ოპერაციების - რომლებიც გაცილებით ნაკლებინვაზიურია - გართულებები არ აღემატებოდა ჩვეულებრივი ქოლეცისტექტომიის, აპენდექტომიის, თიაქარპლასტიკისა თუ სხვა ლაპაროსკოპიული ოპერაციების გართულებებს, ასე რომ, ამ მეთოდმა საკუთარი ადგილი პოვა დიდ ქირურგიაში.

- რამდენადაც ვიცი, ლაპაროსკოპიულთან ერთად ზოგჯერ მიმართავენ ძველი ტიპის ბარიატრიულ ოპერაციებსაც...

- ღია წესით ბარიატრიული ოპერაციები, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ კეთდება, მაგრამ იშვიათად - მაშინ, როდესაც ქირურგი ვერ ფლობს იმ ტექნიკას, რომლითაც ეს ოპერაცია უნდა შეასრულოს, ან არ აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, ან მაშინ, როდესაც არსებობს ლაპაროსკოპიული ოპერაციის უკუჩვენება, მაგალითად, მრავალგზის ნაოპერაციები მუცელი, დიდი ზომის ვენტრალური თიაქარი და სხვა.

- ბარიატრიული ოპერაციები მხოლოდ ჭარბი წონის სამკურნალოდ კეთდება თუ სხვა ჩვენებაც აქვს?

- ამ ტიპის ოპერაციების ძირითადი დანიშნულება სიმსუქნესთან ბრძოლაა, მაგრამ ეს მხოლოდ კოსმეტიკურ მეთოდად არ უნდა განვიხილოთ; ეს გახლავთ ავადმყოფობის წინააღმდეგ მიმართული სამკურნალო ღონისძიება. უწინარეს ყოვლისა, სიმსუქნის წინააღმდეგ, - ეს ხომ დაავადებაა, პათოლოგია, - ხოლო, წონის კლებიდან გამომდინარე, ისეთი პრობლემების წინააღმდეგაც, რომელთა ერთ-ერთი გამშვები ფაქტორი სიმსუქნეა. ასეთია: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ძვალ-სახსართა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, უნაყოფობა (ქალებშიც და მამაკაცებშიც) და სხვა. გარდა ამისა, წონის კლება პიროვნებასაც ცვლის. რაც არ უნდა უკომპლექსოდ გრძნობდეს თავს ჭარბწონიანი, ის გარკვეულწილად მაინც დაკომპლექსებულია. ბარიატრიული ოპერაციების შემდეგ კი ეს კომპლექსი იხსნება, ზოგჯერ დიაბეტიც კი იკურნება (ვგულისხმობ მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტს) და იბადება სრულიად სხვა, ფსიქოლოგიურად რეაბილიტირებული პიროვნება, რომელიც საკუთარი თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც გაცილებით მეტად არის მისაღები.

- აქვე უკუჩვენებებზეც ვისაუბროთ.

- ბარიატრიული ოპერაციების უკუჩვენებაა მდგომარეობა, როდესაც ჭარბი წონა გამყარებულია პირველადი ენდოკრინული დაავადებით:Lიცენკო-კუშინგის სინდრომით, შორსწასული ჰიპოთირეოზით. უკუჩვენებად მიიჩნევა ჭარბი წონით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებაც, რომლის ოპერაციული მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. ლაპაროსკოპიულ ბარიატრიულ ოპერაციებს უმთავრესად შუახნის ადამიანებს უკეთებენ. 60-62 წლიდან კი, როდესაც პაციენტს უკვე აღენიშნება შორსწასული გულსისხლძარღვთა დაავადებები, შორსწასული შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი ატროფიებით, ქვედა კიდურის ვენების შორსწასული თრომბოემბოლიური სინდრომები და სხვა, ბარიატრიული ოპერაციების თანმხლები რისკი იმდენად მაღალია, რომ ოპერაციაზე უარს ვამბობთ. ასეთმა ადამიანებმა, თუ შეძლეს, დიეტებით უნდა დაიკლონ წონა.

- როდის უნდა გაკეთდეს ბარიატრიული ოპერაცია?

- ჭარბწონიანობა იწყება მაშინ, როცა წონის ინდექსი აღემატება 29-ს. სხეულის ინდექსი - ეს გახლავთ წონის განაყოფი სიმაღლის კვადრატზე. 19-25 ნორმალურ ინდექსად ითვლება, 25-დან 29-მდე პირველი ხარისხის ჭარბი წონაა, 29-დან ზემოთ უკვე ჭარბწონიანობაა, მაგრამ აქ სპეციალისტებს, ენდოკრინოლოგებსა და ბარიატრებს, მიგვაჩნია, რომ ადამიანს კიდევ აქვს წონის დაკლების შანსი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თანმხლები დაავადება არ არის გამოწვეული სიმსუქნით. 40-ზე მაღალი ინდექსი უკვე ავადმყოფური ჭარბი წონაა, ეგრეთ წოდებული მორბიდული სიმსუქნე, ავადმყოფური სიმსუქნე. მისი მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული ჩარევით არის შესაძლებელი. როდესაც ინდექსი 60 და მეტია, ანუ ადამიანი იწონის 160-200 კილოგრამს და მეტს, იქ დიეტოთერაპიაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ჩვეულებრივ ადამიანს, ამ წონას რომ მიაღწიოს, სერიოზული ფსიქოლოგიური დარღვევები უნდა ჰქონდეს, რომლებიც უმთავრესად მისი კვებითი ქცევით გამოიხატება. კვებითი ქცევის მოსაწესრიგებლად კი საჭიროა იმაზე გაცილებით ძლიერი ფაქტორი, ვიდრე დიეტოლოგისა თუ ფსიქოლოგის რჩევაა. რა თქმა უნდა, ოპერაციის მეთოდის შერჩევაში ქირურგთან ერთად მონაწილეობენ დიეტოლოგიც და ფსიქოლოგიც. გათვალისწინებული უნდა იყოს სქესი, ასაკი, პროფესია, ცხოვრების რიტმი, კვებითი ქცევა და სხვა. ცნობისათვის: ავადმყოფურად მსუქანი ადამიანები ორ ტიპად იყოფიან: ტკბილისმჭამელებად და ბევრისმჭამელებად. მათთვის ოპერაციაც სხვადასხვა ტიპისა უნდა შეირჩეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის ოპერაციებია ქმედითი მამაკაცებისა და ქალებისთვის, ნებისყოფიანი და უნებისყოფო ადამიანებისთვის.


- რა ტიპის ოპერაციები არსებობს ბარიატრიულ ქირურგიაში?

- არსებობს ოპერაციის ორი ძირითადი ტიპი: მალაბსორბციული და რესტრიქციული. ტარდება აგრეთვე კომბინირებული - მალაბსორბციულ-რესტრიქციული ოპერაციებიც. მალაბსორბციული ოპერაციების დროს ნაკლებად ზღუდავენ საკვების ოდენობას, მაგრამ იზღუდება მისი შეწოვის მექანიზმები. მეორე ტიპის ოპერაციების დროს შეწოვის მექანიზმი პრაქტიკულად იგივე რჩება, მაგრამ იზღუდება საკვების ოდენობა. შერეული ტიპის ოპერაციების დროს კი ხდება საკვების მომნელებელი ტრაქტის იმგვარად გადაკეთება, რომ იზღუდება საკვების ოდენობაც და ყალიბდება მალაბსორბციაც. ამ შემთხვევაში ლაპარაკია კონტროლირებად მალაბსორბციაზე, იმის მიხედვით, რა ჭარბ წონასთან გვაქვს საქმე.

- რომელი უფრო შედეგიანია?

- გააჩნია, რა შემთხვევაში. სწორად შერჩეული ოპერაცია ყოველთვის შედეგიანია. მაგალითად, პაციენტი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე კოკა-კოლას, ლუდის, ტკბილეულის, ნაყინის გარეშე, რესტრიქციული ტიპის ოპერაციით გრამსაც ვერ მოიკლებს. ასეთ დროს უნდა გაკეთდეს მალაბსორბციული ოპერაცია. საზოგადოდ, როცა პაციენტს დიეტის გაგონებაც არ უნდა, რესტრიქციული ოპერაციის გაკეთება სრული უაზრობაა, რადგან, ჯერ ერთი, პაციენტი მუდმივი ღებინებით დაიტანჯავს თავს და მეორე - კუჭის ბანდაჟს, კუჭზე დადებულ რგოლს გააფუჭებს. არსებობს კიდევ ერთი, ურთულესი ოპერაცია: ბილიოპანკრეატიული დივერსია, ანუ გარდაქმნა. ეს არის ღრმად მალაბსორბციული ოპერაცია, რომელიც ძნელი გადასატანია და მხოლოდ ისეთ პაციენტებს უკეთდებათ, რომელთა მასის ინდექსი 65-70 და მეტია, ანუ 250 კგ-ზე მეტი წონის ადამიანებს.

- გამიგონია, რომ არსებობს კუჭის ბალონირებაც...

- ბალონირება ზღუდავს მიღებული საკვების რაოდენობას, მაგრამ ეს არის არა ქირურგიული, არამედ ენდოსკოპიური პროცედურა. კუჭში გასტროსკოპის საშუალებით   შეჰყავთ ეგრეთ წოდებული ბალონი - სპეციალური ბუშტი, რომელშიც შედის სითხე. სითხე შეფერილია, რათა, თუ ბალონი გასკდა, შარდი შეიფეროს და მივხვდეთ, რომ ბალონი გახეთქილია. ეს მოწყობილობა კუჭის დაახლოებით ორ მესამედს იკავებს. იგი ოთხიდან ექვს თვემდე რჩება ორგანიზმში, შემდეგ აუცილებლად უნდა ამოვიღოთ. ბალონირებას ორ შემთხვევაში მიმართავენ: პირველი - მაღალრისკიან პაციენტებში, ძლიერ ჭარბწონიან პაციენტებში, ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდში ან თანმხლები პათოლოგიების სამკურნალოდ, როცა წონის დაკლება აუცილებელია, რათა მომდევნო ეტაპზე, რადიკალურ ქირურგიულ ჩარევაზე მოხერხდეს გადასვლა, და მეორე - როდესაც ადამიანი ჩვეულებრივი ჭარბწონიანია და მიაჩნია, რომ თუ ერთხელ დაიკლო წონა, შემდეგ მის კონტროლირებას თავად მოახერხებს. თუმცა ყოფილან პაციენტები, რომელთაც ჰქონიათ ბალონი, ამოუღიათ და შემდეგ ისევ მოუმატებიათ წონა. საერთოდ, კუჭის ბალონირება თითქმის ისევე აკლებინებს წონას, როგორც, ვთქვათ, ბანდაჟირება ან ხაზოვანი რეზექცია.

- არსებობს თუ არა ოპერაციის შემდეგ წონის მომატების რისკი?

- წონის მომატების რისკი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს. მსოფლიო სტატისტიკით, ნაოპერაციევთა დაახლოებით 15%-ს 4-5 წლის შემდეგ ბანდაჟი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ედოს, ამოსაღები უხდება. ასეთივეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვერ ეგუებიან კვებითი ქცევის შეცვლას ოპერაციული გზით - ისინი ისევ იმატებენ წონას. წონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი არასწორად შერჩეული ოპერაციაა. მეორე - ბანდაჟირების დროს, წესისამებრ, დაკლებული წონის 30-50% უკან ბრუნდება. ვთქვათ, თუ ადამიანმა დაიკლო 40 კილოგრამი, 5 წლის შემდეგ 20 კილოგრამს ისევ მოიმატებს. ხაზოვანი რეზექციის დროს ხდება დაახლოებით 10-15%-ის მომატება. რაც შეეხება შუნტირებას, აქ ბრუნდება დაახლოებით 5%, მაქსიმუმ 10%. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი ეგუება ახალ ფიზიოლოგიას, შემდეგ წყდება კონტაქტი პაციენტსა და დიეტოლოგს შორის და პაციენტი თავად იწყებს საკუთარი კვების რეგულირებას. როგორც არ უნდა იყოს, თავდაპირველ მაჩვენებელს წონა არასოდეს დაუბრუნდება.

- დაბოლოს, პროფილაქტიკისთვის რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- პირველი რჩევა იქნება ის, რასაც ყველა პედიატრი ეუბნება მშობლებს: არ დააძალოთ ბავშვებს ჭამა და არ დაუშალოთ ფიზიკური აქტიურობა. თუ ბავშვს საჭმელი დააკლდა, მას თავად მოითხოვს - პატარა იტირებს, დიდი კი იტყვის, რომ შია. ზედმეტად ნუ შეაწუხებენ ბავშვებს ექიმებთან სიარულით. არის შემთხვევები, როცა ბავშვი მიჰყავთ ექიმთან და იწყება ჩაკეტილი წრე: ერთი ექიმისგან გადადიან მეორესთან, მეორისგან - მესამესთან და ასე შემდეგ. არადა, ბავშვი ხარივით ჯანმრთელია, მაგრამ კომპლექსი უჩნდება; მისი თანატოლები დარბიან, თამაშობენ, მას კი რაღაც თითიდან გამოწოვილი პრობლემის გამო სუფთა ჰაერზეც კი არ უშვებენ. გასუქება ბავშვობიდან იწყება, ამიტომ სიმსუქნესთან ბრძოლაც ბავშვობიდან უნდა დაიწყოს. ვთქვათ, ბავშვი მსუქანია, პუბერტატულ პერიოდშივე დაუდასტურდა წონის მაღალი მაჩვენებელი. ის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ენდოკრინოლოგთან უნდა მიიყვანონ, რათა ორგანული დაზიანება თუ დაავადება გამოირიცხოს. და, რაც მთავარია, ოჯახის წევრები უნდა დასხდნენ და ბავშვის წონა კი არ განიხილონ, არამედ ის, თავად როგორ იკვებებიან და რა მდგომარეობაში არიან. ჭარბწონიანი ბავშვების უმეტესობა ჭარბწონიანთა ოჯახიდანაა. მრავალი მათგანი შეძლებული ოჯახის შვილია, სადაც ტკბილეული, ინტელექტუალური ცხოვრების წესი უცხო ხილი არ არის, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავად მშობელმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, რადგან მაგალითი ყოველთვის გადამდებია. მოზრდილ ასაკში, როცა ვხედავთ, რომ წონა პრობლემებს გვიქმნის, ამაზე ლაპარაკი არ უნდა მოგვერიდოს, ეს არ არის დასამალი. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მე ვარ მსუქანი და ვარ ბედნიერი. დიახ, შეიძლება ძალიან ბედნიერი იყო მეუღლესთან, კოლეგებთან, მეგობრებთან ურთიერთობის დროს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჩნდება კომპლექსი და ამ კომპლექსის დამალვა ნელი თვითმკვლელობის ტოლფასია - ჭარბი წონა ხომ ადრე თუ გვიან სერიოზულ პრობლემებს იწვევს, რომელთა აღმოფხვრაც მოგვიანებით შესაძლოა მეტისმეტად ძნელი აღმოჩნდეს. უნდა გავიაზროთ, რას ვჭამთ, როგორ ვცხოვრობთ და თავი საოპერაციოდ არ უნდა გავიხადოთ.