სუსტი ბრონქები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუსტი ბრონქები

ბრონქიტი განსაკუთრებით ხშირია მცირე ასაკის ბავშვებს შორის, რაც ამ ასაკში სასუნთქი სისტემის აგებულების თავისებურებითა და არასწორი სუნთქვით აიხსნება. ასაკის მატებასთან ერთად ავადობის სიხშირე იკლებს.

მწვავე ბრონქიტი რესპირაციულ-ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა. ის ანთებითი პროცესის დაღმავალი გზით გავრცელების შედეგია, ხშირად ერთვის ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაზიანების სიმპტომებს და ვლინდება რინობრონქიტის, ტრაქეობრონქიტის, ლარინგოტრაქეობრონქიტის სახით.

მწვავე ბრონქიტი უმეტესად 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ცნობილია, რომ ჩვილს, ვიდრე ერთი წელი შეუსრულდება, 3-4-ჯერ მაინც ხვდება მწვავე რესპირაციული ინფექცია, სამ წელს გადაცილებულებს კი მწვავე ბრონქიტი ორ წლამდე ასაკის პატარებთან შედარებით 3-ჯერ იშვიათად ემართებათ.

- რომელი ფაქტორები იწვევს და უწყობს ხელს მწვავე ბრონქიტის განვითარებას?

- როგორც ვთქვით, მწვავე ბრონქიტი უმთავრესად ვირუსული ინფექციის გამოვლინებაა. საგულისხმოა, რომ ბრონქების ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებს მრავალი ვირუსული ინფექცია იწვევს, მაგრამ ბრონქიტის კლინიკური სურათი მხოლოდ ზოგიერთი მათგანის ზემოქმედების შედეგად ყალიბდება.

ბავშვებში მწვავე ბრონქიტის გამომწვევად მიიჩნევენ: ვირუსებიდან -

  • პარაგრიპს;
  • გრიპს;
  • რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს;
  • ადენოვირუსს;
  • წითელას;
  • მიკოპლაზმას;

ბაქტერიებიდან -

  • სტაფილოკოკს;
  • სტრეპტოკოკს;
  • დიპლოკოკს;
  • პნევმოკოკს;
  • ჰემოფილურ ჩხირს.

ბრონქიტის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება:

  • ორგანიზმის გადაცივება ან ცივი ჰაერის ჩასუნთქვა;
  • ცხოვრება დაბინძურებულ მიკროგარემოში - თამბაქოს კვამლით სავსე ან მტვრიან ბინაში;
  • დაბინძურებული მიკროგარემო - გამონაბოლქვი აირებით დაბინძურებული ატმოსფერო.

მცირე ასაკში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის სისუსტეს, მძიმე პრემორბიდულ ფონს (ორსულობის პერიოდში გადატანილ ინფექციებს, სამშობიარო ტრავმებს და ა.შ.), შედარებით მოზრდილ ასაკში - გადაღლას, ორგანიზმში ინფექციის ქრონიკული კერების (რინოფარინგიტის, ტონზილიტის, ადენოიდიტის, კარიესული კბილების) არსებობას.

წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რისკის ფაქტორებია:

  • პასიური მოწევა;
  • ალერგიული და ექსუდაციური დიათეზი;
  • პარატროფია (ჭარბი წონა);
  • ხელოვნური კვება.

- რა თავისებურებები ახასიათებს მწვავე ბრონქიტს ბავშვთა ასაკში?

- მცირე ასაკში მწვავე ბრონქიტის თავისებური მიმდინარეობა სასუნთქი სისტემისა და კუნთების უმწიფრობით არის განპირობებული. სასუნთქი გზების კედლები სქელდება, ლორწოვანი გარსი შუპდება, ხოლო ბრონქების სანათურში სეკრეტი გროვდება, რაც მათ ობსტრუქციას იწვევს.

ბრონქოობსტრუქციული სინდრომი ვლინდება:

  • ხმაურიანი სუნთქვით - მსტვენი ამოსუნთქვით, რომელიც მოშორებითაც ისმის;
  • ამოსუნთქვისას - მშრალი ხიხინით, რომელიც დახველების შემდეგ მცირდება;
  • სუნთქვის არცთუ ისე მძიმედ გამოხატული უკმარისობით (მძიმე ობსტრუქციული ბრონქიტის დროს უფრო მართებული იქნება, დაისვას ბრონქოლიტის დიაგნოზი).

დამახასიათებელი კლინიკური ნიშანია ხველა, რომელსაც წინ უძღვის სურდო, უმადობა, საერთო სისუსტე, სიფითრე. ხველა თანდათან ძლიერება, ერთვის ქოშინი, სუნთქვაში ერთვება ცხვირის ნესტოები, ნეკნთაშუა არეები და გულმკერდის ქვედა ნაწილი, თავს იჩენს სუნთქვის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები: ციანოზი მთელ სხეულზე, მაჯისცემის აჩქარება.

კრიტიკულია პირველი 2-3 დღე, როცა გამოხატულია ობსტრუქციული ხველა და სუნთქვის რიტმის დარღვევა (დისპნოე) სუნთქვის პერიოდული შეწყვეტით (აპნოეთი). ამ დროს პატარა პაციენტი შეიძლება დაიღუპოს კიდეც.

- ბავშვთა ასაკში არცთუ იშვიათად გვხვდება ასთმა - ბრონქების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადება. რა განსხვავებაა მწვავე რესპირაციული ვირუსის ფონზე განვითარებულ ობსტრუქციულ ბრონქიტსა და ასთმას შორის?

- ზოგიერთი ვირუსული ინფექცია ჩვილებში ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. ანთების შედეგად ბრონქის სანათური ვიწროვდება, პატარას უჭირს ამოსუნთქვა. როდესაც ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია, ასაკის მატებასა და ბრონქების დიამეტრის ზრდასთან ერთად ინფექციები ბრონქთა გამტარობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვეღარ ახდენს, ალერგიულ ბავშვს კი ბრონქების მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერრეაქტიულობა) შენარჩუნებული აქვს, ამიტომ პრაქტიკულად ყოველი ინფექციის დროს ბრონქოსპაზმი ემართება. ობსტრუქციული შეტევა ასევე შეიძლება განვითარდეს აეროალერგენის ჩასუნთქვის საპასუხოდ.

მომდევნო განსხვავება ის არის, რომ ასთმით დაავადებულის ბრონქების ლორწოვან გარსში ანთებითი ცვლილებები მაშინაც კი მიმდინარეობს, როცა შეტევა არ აღინიშნება. ამიტომაც გახლავთ აუცილებელი ანთების საწინაღმდეგო მკურნალობის ჩატარება არა მარტო შეტევის პერიოდში, არამედ რემისიის დროსაც. ასეთი პრეპარატები არსებობს და ისინი ასთმის მკურნალობის საფუძვლად უნდა იქცეს.

სამ წელს გადაცილებულ ყველა ბავშვს ობსტრუქციული გამოვლინების შემთხვევაში ბრონქული ასთმის დიაგნოზი უნდა დაესვას.

- რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მშობლებმა, რომ ასთმის შეტევა არ გამოეპაროთ?

- შეტევა უეცრად იწყება: ხშირდება სუნთქვა, ჭირს ამოსუნთქვა, ბავშვი იღებს იძულებით მჯდომარე პოზას და სუნთქავს ზედაპირულად. მსტვენი ამოსუნთქვა ზოგჯერ მოშორებითაც ისმის, ზოგჯერ კი მხოლოდ ბავშვის პირთან ყურის მიტანისას. რაკი ამოსუნთქვა გაძნელებულია, ჰაერი ფილტვებში გროვდება, გულმკერდი ფართოვდება, თუ ხელს დაადებთ, ამოსუნთქვისას შეიგრძნობთ რხევებს.

შეტევა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან საათამდე. ის უმეტესად თავისით გაივლის, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ გულხელდაკრეფილები ველოდოთ მის დასრულებას ან გამოვიყენოთ არატრადიციული სამედიცინო მეთოდები. მოხრჩობის შეგრძნება, რომელიც შეტევას სდევს თან, მტანჯველი და შიშის მომგვრელია, ამიტომ ყოველი წუთი სტრესს და, ამის კვალობაზე, ბრონქოსპაზმს უფრო მეტად აძლიერებს. მძიმე შემთხვევებში საჭიროა ინტენსიური თერაპია.

მკურნალობის მიზანი შეტევების შემსუბუქება და სწრაფი მოხსნა, ალაგმვა ან გაიშვიათებაა.

შეტევის პრევენცია მკურნალობის მთავარი ამოცანაა. ამისთვის საჭიროა:

  • მაქსიმალურად ვარიდოთ ბავშვი ალერგენებთან, პირველ რიგში - სახლის მტვერთან კონტაქტს. უმჯობესია, სახლიდან მოვაცილოთ ხალიჩები, რბილი ავეჯი და რბილი სათამაშოები, უკიდურეს შემთხვევაში, ბავშვის ოთახიდან მაინც. წიგნები შემინულ თაროებზე დავაწყოთ, სახლი ხშირად დავასუფთაოთ მტვერსასრუტით ან დავალაგოთ სველი წესით.

ნუ ჩააწვენთ ბავშვს ბუმბულის ან მატყლის ქვეშაგებში. უმჯობესია, ბამბისა ან პაროლონისა გამოიყენოთ.

შინაურ ცხოველებთან განშორება ძნელია, მაგრამ აუცილებელი. სარისკოა შინ ყვავილებისა და ქოთნის მცენარეების ქონაც. არავის დართოთ სახლში სიგარეტის მოწევის ნება. ბავშვი დიდხანს ასეირნეთ სუფთა ჰაერზე.

- რას გვეტყვით მორეციდივე ბრონქიტის შესახებ?

- ცნება "მორეციდივე ბრონქიტი" გულისხმობს ხშირ (წელიწადში სამჯერ და მეტჯერ) ავადობას მწვავე ბრონქიტით, რომელსაც თან არ სდევს ბრონქოსპაზმი და ბრონქულ-პულმონური სისტემის შეუქცევადი, სკლეროზული ცვლილებები. მორეციდივე ბრონქიტის დიაგნოზი დაისმის, როდესაც დაავადება მეორდება ზემოაღნიშნული სიხშირით ზედიზედ 2 წლის განმავლობაში მაინც.

მორეციდივე ბრონქიტი უმთავრესად სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვთა პრობლემაა. ასაკის მატებასთან ერთად ავადობა იშვიათდება. ბავშვები, რომლებსაც ხშირად ხვდებათ მწვავე რესპირაციული ინფექცია, მორეციდივე ბრონქიტიც გაცილებით ხშირად ემართებათ. მორეციდივე ბრონქიტს გამწვავების პერიოდში ისევე მკურნალობენ, როგორც მწვავეს. ვირუსულ-ბაქტერიული ინფექციის შესაძლო მონაწილეობის გათვალისწინებით, ინიშნება ანტიბაქტერიული მკურნალობა. არასრული რემისიის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. რემისიის პერიოდში ტარდება სანატორიულ-კურორტული მკურნალობა ზღვის სანაპიროზე ან მთაში. დიდი ყურადღება ექცევა ქრონიკული ინფექციის კერების სანაციას.

მორეციდივე ბრონქიტის თავიდან აცილების ღონისძიებათა კომპლექსი გულისხმობს ექიმებთან რეგულარულ სიარულს: პედიატრთან - 2-3 თვეში ერთხელ, ოტოლარინგოლოგსა და სტომატოლოგთან - წელიწადში ორჯერ. ავადმყოფი ბავშვებისთვის აუცილებელია რეგულარული სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი, ინფექციის ქრონიკული კერების დროული გამოვლენა და სანაცია, თანმიმდევრული გაკაჟება.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ რეკომენდებულია სამკურნალო ფიზკულტურა და არა სპორტი - ეს უკანასკნელი ორგანიზმისთვის ძლიერი ფიზიკური დატვირთვაა.

მორეციდივე ბრონქიტის პროგნოზი ასეთია:

  • ასიდან 50 შემთხვევაში დაავადება გამოჯანმრთელებით სრულდება, შემთხვევათა მესამედში მოწიფულ ასაკამდე გრძელდება, 14%-ში კი ბრონქულ ასთმად ტრანსფორმირდება. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში მორეციდივე ბრონქიტი ჰქონდათ, მოწიფულ ასაკში ფილტვის ქრონიკული დაავადების მაღალი რისკით გამოირჩევიან.