რუბრიკები
კოლიტი ქრონიკული - Colitis chronica - колит хронический

ქრონიკული კოლიტი არის მსხვილ ნაწლავში ლოკალიზებული ანთებითი პროცესი, რომელიც პერიოდულად მწვავდება. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ქრონიკულ კოლიტს რამდენიმე მიზეზი იწვევს. ამის კვალობაზე, განასხვავებენ:

  • ინფექციური ბუნების ქრონიკულ კოლიტს. მას იწვევს ნაწლავებში მოხვედრილი მიკრობები -  გონოკოკი, სალმონელა, ტუბერკულოზის მიკობაქტერია, მკრთალი ტრეპონემა და სხვა, ასევე - ნაწლავში პირობით-პათოგენური  მიკრობების სიჭარბე, რაც შესაძლოა სხვა დაავადებით იყოს პირობადებული.
  • სოკოვანი ბუნების კოლიტს. მის მიზეზად შესაძლოა იქცეს ორგანიზმში პათოგენური სოკოების სიჭარბე. ამ მიზეზით გამოწვეული კოლიტი იშვიათია.
  • პროტოზოული ბუნების კოლიტს. იწვევს ბაქტერიები, რომლებიც წარმოადგენს ამებიოზის, ლამბლიოზის ან ბალანტიდიაზის მიზეზს.
  • პარაზიტული ბუნების კოლიტს. მიზეზი ნაწლავებში მობინადრე პარაზიტებია.
  • არაჯანსაღი კვებით გამოწვეულ კოლიტს. ის ვითარდება, როდესაც ადამიანი დიდხანს იკვებება არასწორად ან სისტემატურად არღვევს კვების რეჟიმს. ამ მიზეზით განპირობებული კოლიტი საკმაოდ ხშირია.
  • ტოქსიკური ბუნების კოლიტს. როდესაც მსხვილი ნაწლავის კედელზე გამუდმებით მოქმედებს სპეციფიკური ტოქსიკური ნივთიერებები, ის ღიზიანდება, ვითარდება ანთება და ყალიბდება კოლიტი.
  • ალერგიული ბუნების კოლიტს. ის, არსებითად, ალერგიული რეაქციით განპირობებულ ნაწლავის ანთებას წარმოადგენს.
  • წამლისმიერ კოლიტს. ანთების მიზეზად შესაძლოა იქცეს რომელიმე წამლის, მაგალითად, ანტიბიოტიკების ხშირი და უმიზნო გამოყენება, რაც საკმაოდ ხშირად იწვევს მწვავე დისბაქტერიოზს და ავადმყოფს საფაღარათო საშუალებების რეგულარულ გამოყენებას აიძულებს.

კოლიტი ასევე შესაძლოა განვითარდეს: კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადების (მაგალითად, გასტრიტის ან პანკრეატიტის) დროს; მსხვილი ნაწლავის ხანგრძლივი მექანიკური გაღიზიანების ან ნაწლავში განავლოვანი მასების მუდმივი შეფერხების შედეგად (შეფერხება შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნურმა წარმონაქმნმა ან ნაწლავში არსებულმა შეხორცებამ). კოლიტის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს ოყნის ან რექტალური სანთლების ხშირმა გამოყენებამ.

მრავალ შემთხვევაში მიზეზი რამდენიმეა. მაგალითად, წყლულოვანი კოლიტი ყალიბდება, როდესაც ორგანიზმზე ერთდროულად მოქმედებს კვებითი (არასწორი კვება), აუტოიმუნური და ბაქტერიული ფაქტორები.

სიმპტომები და მიმდინარეობა. კოლიტისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს კუჭის მოქმედების დარღვევა - ფაღარათი (2-15-ჯერ დღე-ღამეში) ან ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა. დეფეკაციის დროს გამოიყოფა ლორწონარევი ფაფისმაგვარი ან თხიერი სუბსტანციები და ავადმყოფს აქვს ნაწლავის არასრულად დაცლის შეგრძნება.
თუ კოლიტი გამწვავებულია, მაშინ ავადმყოფს გამუდმებით აქვს დეფეკაციის ცრუ სურვილი. ამ დროს ნაწლავებიდან გამოიყოფა აირები, ცოტაოდენი განავლოვანი მასა, ლორწო, ზოგჯერ - სისხლიც.
სპასტიკური კოლიტის დროს განავლოვანი მასა განიცდის ძლიერ ფრაგმენტაციას (ჰგავს ცხვრის განავალს), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოლიტი აზიანებს მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილს.
ქრონიკული კოლიტის კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომია მუცლის ტკივილი. ის ზოგჯერ ყრუა, ზოგჯერ - ძლიერი, ლოკალიზებულია უმეტესად მუცლის ქვედა ან გვერდითა ნაწილებში, ძლიერდება ჭამის შემდეგ და დეფეკაციის წინ. კოლიტის დროს ტკივილის შეტევებს შესაძლოა თან ახლდეს აირების გამოყოფა და დეფეკაციის სურვილი. დეფეკაციის შემდეგ ტკივილი ერთხანს შესაძლოა გაგრძელდეს, თუმცა უმეტესად მალევე ქრება. ტკივილის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს ოყნამ.
კოლიტის დროს ტკივილს აყუჩებს სითბო, ამიტომ ეფექტიანია სათბურა და თბილი კომპრესი. თუ ანთებითი პროცესი მსხვილი ნაწლავის სეროზულ გარსზეც გავრცელდა (პერიკოლიტი), მუცლის ტკივილი მკვეთრად ძლიერდება რყევის, მოძრაობისა და მუცლის გათბობის შემთხვევაში. ამ დროს ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია წოლით.

პერიკოლიტის დროს ტკივილი ყრუ და მუდმივია და მთელ მუცელში შეიგრძნობა ან ლოკალიზებულია გულის კოვზთან. აღსანიშნავია, რომ პერიკოლიტის დროს ტკივილი არ უკავშირდება საკვების მიღებას ან დეფეკაციას.

გართულებები. ზოგჯერ ქრონიკული კოლიტი დიდხანს ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, ზოგჯერ კი განუწყვეტლივ პროგრესირებს, ერთმანეთს ენაცვლება რემისიისა და გამწვავების პერიოდები, მსხვილ ნაწლავში კი ატროფიული ხასიათის შეუქცევადი ცვლილებები იწყება. შესაძლოა განვითარდეს შეხორცებითი პროცესებიც (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანთებითი პროცესი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან სეროზულზე გადადის). თუმცა ასეთი გართულებები იშვიათია.

დიაგნოსტიკის მეთოდებია:

  • ხელით გასინჯვა. ამ დაავადების დროს მსხვილი ნაწლავი ადვილად ისინჯება. ხელით გასინჯვის დროს ხდება მტკივნეული უბნების გამოვლენაც.
  • კოპროლოგიური ანალიზი. განავლის ანალიზი ავლენს ლორწოს გამოყოფის გაძლიერებას და დიდი ოდენობით ლეიკოციტების არსებობას. უმეტესად აღინიშნება იოდოფილური ფლორისა და ერითროციტების მატება (როდესაც კოლიტი იღებს წყლულოვან ან ეროზიულ ხასიათს).
  • რენტგენოლოგიური კვლევა. ქრონიკული კოლიტი ნაწლავებში სერიოზულ ცვლილებებს არ იწვევს. მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიურმა კვლევამ შესაძლოა გამოავლინოს ნაწლავის მოძრაობითი აქტიურობის დარღვევა, მსხვილი ნაწლავის მუდმივი სპაზმური კუმშვა და რამდენიმე სხვა სიმპტომი. კოლიტის უფრო რთული ფორმის დროს შესაძლოა აღმოჩენილ იქნეს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სერიოზული ცვლილებები, მაგალითად, ნაწიბურები, რომლებიც მსხვილ ნაწლავს ავიწროებს.
  • ენდოსკოპია. დრეკადი ენდოსკოპის საშუალებით შესაძლებელია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მდგომარეობის შესწავლა და დაზიანების ხარისხის დადგენა, ეროზიებისა თუ წყლულების აღმოჩენა, რაც კვლევის სხვა მეთოდით შეუძლებელია.

დიეტა და კვების რეჟიმი. ქრონიკული კოლიტის გამწვავების ფაზაში რეკომენდებულია ხშირი (დღეში, სულ მცირე, ხუთჯერადი) კვება პატარ-პატარა ულუფებით. რაციონი, უწინარეს ყოვლისა, დამზოგველი უნდა იყოს - არ უნდა შეიცავდეს ბევრ მშრალ და მაგარ საკვებს; მდიდარი უნდა იყოს ცილებით (დღე-ღამეში დაახლოებით 100 გრამი), ცხიმით, რომელიც ნაწლავებში ადვილად იშლება (ესეც 100 გრამამდე), და ნახშირწყლებით, რომლებსაც ბურღულეული შეიცავს (დაახლოებით 450 გრამი). თუ კოლიტი ძალიან გამწვავდა, ნახშირწყლების ოდენობა 300გ-მდე უნდა შემცირდეს.
კოლიტით დაავადებულებს ყველაზე ხშირად უნიშნავენ სამკურნალო დიეტა #4-ს, #4ა-სა და #2-ს. ამასთანავე, დიეტა #4ა იმ შემთხვევაში ინიშნება, როდესაც კოლიტის დროს გაძლიერებულია დუღილის პროცესი. მას შემდეგ, რაც მსხვილი ნაწლავის ანთება ჩაცხრება, შეიძლება პაციენტის გადაყვანა დიეტა #4ბ-ზე. ამ დიეტით ნებადართულია წინა დღის გამომცხვარი თეთრი პურის, ცოტაოდენი არაჟნისა და ყველის ჭამა. ანთებითი პროცესის ჩაცხრობის შემდეგ ავადმყოფს ნებას რთავენ, ჭამოს მოხარშული ხორცი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი. მოგვიანებით კვების რაციონში შეიძლება ჩაირთოს ბოსტნეული, ხილი (მოხარშული ან გახეხილი) და მწვანილი. საბოლოო ჯამში კოლიტით დაავადებულის დიეტა უახლოვდება დიეტა #4-ს. ავადმყოფს შეუძლია მიიღოს გაუხეხავი ხილი და ბოსტნეული.
თუ ქრონიკულმა კოლიტმა ნაწლავში მრავლობითი არასპეციფიკური წყლულის გაჩენა გამოიწვია, რაციონიდან რძისა და მისი ნაწარმის ამოღებამ შესაძლოა სრული ან ნაწილობრივი განკურნება გამოიწვიოს.
თუ კოლიტი კრონის დაავადებაში გადაიზარდა, დღიურ რაციონში ცილების წილი ავადმყოფის წონის 0,15%-ს უნდა შეადგენდეს, მინიმალური ოდენობით უნდა იყოს მასში უჯრედისი, ხოლო დღის განმავლობაში მიღებული კალორიები არ უნდა აღემატებოდეს 2400-ს. ცხიმებიდან რეკომენდებულია მხოლოდ ნაღების კარაქი. თუ პათოლოგიური პროცესი დამძიმდა, ორგანიზმს საკვები მხოლოდ გახეხილი, ზონდის საშუალებით უნდა მიეწოდოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კუჭი ან საყლაპავია დაზიანებული.
თუ ავადმყოფი ხშირად უჩივის შეკრულობას, აუცილებელია რაციონში უჯრედისის შემცველი პროდუქტის (ხილის, ბოსტნეულის) წილის გაზრდა. მათი მიღება უმჯობესია გახეხილი ან მოხარშული სახით. თუ შეკრულობის მიზეზი კოლიტით დაზიანებული მსხვილი ნაწლავის მუდმივი სპაზმია, შესაძლოა, პრობლემა მოხსნას სპაზმოლიზურმა პრეპარატებმა (ან ქოლინომიმეტიკებმა), ასევე - კოლიტის ლოკალიზების ადგილას თბილი სათბურის ან კომპრესის დადებამ.

ნაწლავის ატონიის შემთხვევაში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, ზოგჯერ მასაჟიც. რეკომენდებულია საფაღარათო საშუალებების რაციონალური გამოყენება. მსხვილ ნაწლავში ანთებითი პროცესების ჩაცხრობის შემდეგ ამ ტიპის წამლების მიღება საჭირო აღარ არის.
ფიზიოთერაპია. ქრონიკული კოლიტის სამკურნალოდ აუცილებელია ფიზიოთერაპიული მკურნალობა, მაგალითად, სამკურნალო ტალახის პროცედურები, მნიშვნელოვანია სანატორიული მკურნალობაც.
მედიკამენტები. ინიშნება ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინი, ლევომიცეტინი), ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სულფანილამიდური პრეპარატები (ფტალაზოლი და სულგანი). ეფექტურია 8-ოქსიქინოლინის წარმოებულები, მაგალითად, ენტეროსეპტოლი და ინტესტოპანი. ეს წამლები თრგუნავს ნაწლავებში იმ მიკროფლორას, რომელიც ლპობისა და დუღილის პროცესის გააქტიურების გზით იწვევს კოლიტს. ხსენებული პრეპარატები ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორაზე გავლენას არ ახდენს.
თუ ნაწლავების ნორმალური მიკროფლორა მეტისმეტად არის შეცვლილი, ინიშნება ბიფიკოლი და ბიფიდუმბაქტერინი, ხოლო იმისათვის, რომ ორგანიზმმა უფრო აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს დაავადებას, შეიძლება კანქვეშ შეყვანილ იქნეს ალოეს ექსტრატი და ჩატარდეს ვიტამინოთერაპია (აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით!).
თუ ავადმყოფი ხშირად უჩივის ფაღარათს, მაშინ უნდა დაინიშნოს შემკვრელი და მადეზინციფირებელი თვისებების მქონე პრეპარატები (მაგალითად, ტანსალი, ტანალბინი). ამავე მიზნით შეიძლება გამოყენებულ  იქნეს შესაბამისი თვისებების მქონე სამკურნალო მცენარეების (მარწყვაბალახა, თავსისხლა, შოთხვი, მოცვი, მურყანის გირჩი და სხვა) ნახარში. სტანდარტული დოზაა თითო სუფრის კოვზი დღეში 5-ჯერ. განსაკუთრებით ეფექტურია ზემოხსენებული შემკვრელი საშუალებების კომბინაცია ქოლინოლიზურ პრეპარატებთან (მაგალითად, მეტაცინთან).
თუ სიგმოიდური ან სწორი ნაწლავი დაზიანდა, შემკვრელი საშუალებები (მაგალითად, გვირილის ნაყენი) ოყნის მეშვეობით უნდა იქნეს შეყვანილი. თუ კოლიტთან ერთად ავადმყოფი ჰემოროეს ან პროქტიტსაც უჩივის, გამოიყენება ადგილობრივი მოქმედების შემკვრელი საშუალებები, მაგალითად, ქსეროფორმი. თუ გამოხატულია ძლიერი მეტეორიზმი და აღინიშნება ფრაგმენტული განავალი, შედეგიანია გვირილისა და პიტნის ნაყენები, თუმცა არსებობს ამ სიმპტომატიკის მოსახსნელი სინთეზური მედიკამენტებიც. როდესაც ფაღარათის მიზეზია კუჭისა და პანკრეასის სეკრეტის სუსტი გამოყოფა, ინიშნება ფერმენტები, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მაგალითად, პანზინორმი, აბომინი.

სამკურნალო საშუალებათა მიღების წესი:

  • თუ კოლიტს თან სდევს ძლიერი სპაზმი და ტკივილი, ინიშნება პაპავერინი ან ნო-შპა (0,04 გ დღეში 3-ჯერ პერორალურად ან 2,0 მლ 2%-იანი ხსნარი კუნთებში) 10-15 დღის განმავლობაში. ისეთ ქოლინოლიზურ საშუალებებს, როგორიც არის ატროპინი, ბევრი უკუჩვენება აქვს და ინდივიდუალურად ინიშნება. იგივე ითქმის დიკოლინზეც. მოხერხებულია ბუკოსპანის სანთლების სახით გამოყენება.
  • თუ კოლიტის გამწვავება ნაწლავური მიკროფლორის მოქმედების დაღვევით ან მწვავე ინფექციის ფონზე მიმდინარეობს, ინიშნება ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინი, ერითრომიცინი) - 300 ათას ერთეულამდე - და სულფანილამიდები (ფტალაზოლი, სულგინი) - თითო გრამი დღეში 5-ჯერ 7 დღის განმავლობაში. ინფექციური და უმარტივესებით გამოწვეული კოლიტის დროს ინიშნება ენტეროსეპტოლი ან ინტესტოპანი, ასევე - ფურაზოლიდონი და მისი მსგავსი პრეპარატები.
    ქრონიკულ კოლიტს ხშირად სდევს თან დისბაქტერიოზი, რის გამოც საჭიროა ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღმდგენი საშუალებების (ბიფიდუმბაქტერინი, კოლიბაქტერინი, ბიფიკოლი) დანიშვნა 1 თვით მაინც. ხშირად აუცილებელია იმუნოსტიმულატორების (პროდიგიოზანის, მეტაცილის) და ვიტამინოთერაპიის კურსის ჩატარება. ალერგიული კომპონენტის არსებობის შემთხვევაში ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები (დიმედროლი, ტავეგილი).
  • თუ ქრონიკული კოლიტი კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციის დაქვეითებასთან არის შერწყმული, ნიშნავენ  ფერმენტს (ფესტალი, პანკრეატინი).
  • ზოგჯერ კოლიტის მიმდინარეობა მოითხოვს ჰორმონების დანიშვნას (პრედნიზოლონი და სხვა), ნევროზული დარღვევების აღმოცენების შემთხვევაში კი აუცილებელია ვალერიანის, ელენიუმის ან ტაზეპამის გამოყენება.
  • ნაწლავის მოძრაობითი აქტიურობის დარღვევისას ინიშნება შემკვრელი საშუალებები (ფაღარათის დროს) - თეთრი თიხა, ბისმუტის პრეპარატები, ტანალბინი, მოტორიკის დამამუხრუჭებელი პრეპარატები, შეკრულობის შემთხვევაში კი კარგი ეფექტი აქვს აბუსალათინის ზეთსა და იზაფენინს.

პროფილაქტიკა. ქრონიკული კოლიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ნაწლავური ინფექციებისა და მსხვილი ნაწლავის პარაზიტული დაავადებების დროულ მკურნალობას. აუცილებელია რაციონალური კვება, ჭამის დროს ლუკმის კარგად დაღეჭვა.