ოტოსკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოტოსკლეროზი

დამისვეს ორმხრივი ოტოსკლეროზის დიაგნოზი, შერეული ფორმა, სმენაჩლუნგობის  I-II ფორმა. შეიძლება  თუ არა ჩემთვის თვითმფრინავით ფრენა? თუ შეიძლება, მოგვაწოდეთ ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ - რა იწვევს და როგორ მკურნალობენ.

- ოტოსკლეროზი ავიაგადაფრენის პირდაპირი უკუჩვენება არ არის. არც ბარომეტრიული წნევის ცვალებადობაა უკუნაჩვენები. პრინციპში,  გამორიცხული არ არის სმენის უმნიშვნელო დაქვეითება (თუ ოდესმე გიფრენიათ, გეცოდინებათ, რომ აფრენისა და დაფრენის დროს ევსტაქის მილში ხდება გარდაქმნები და ვითარდება ე.წ. საცობი), მაგრამ ეს შიგნითა ყურის სტრუქტურებზე არ მოქმედებს.

ოტოსკლეროზი (ოტოსცლეროსის) დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც უპირატესად ლაბირინთის კაფსულას აზიანებს. ამ დროს შუა ყურში ირღვევა სასმენი ძვლების ფუნქციობა. ოტოსკლეროზის დროს შუა ყურში ჩნდება სკლეროზული უბნები, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირდება სასმენი ძვლების მოძრაობა. ამ პათოლოგიის დროს იზღუდება ერთ-ერთი სასმენი ძვლის - უზანგის - მოძრაობა, ამის შედეგად კი ირღვევა ბგერითი რხევების გადაცემა, რაც სმენის პროგრესირებად დაქვეითებას - სმენაჩლუნგობას - განაპირობებს. ზოგჯერ ძვლის პათოლოგიური ზრდა ლოკოკინას არხზეც ვრცელდება. ამჟამად არსებობს მონაცემები, რომ ოტოსკლეროზი სისტემური დაავადებაა - ამ დროს ზიანდება არა მარტო ლაბირინთი, არამედ კეფის ძვალი, ხერხემალი და მტევნის ძვლებიც.

რა იწვევს ოტოსკლეროზს?

ოტოსკლეროზის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პათოლოგია ატარებს გენეტიკურ ხასიათს და ხშირად ვლინდება ერთი და იმავე ოჯახის სხვადასხვა თაობაში. დაავადება უპირატესად ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან მის შემდგომ უახლოეს წლებში. ზოგჯერ 8-10 წლის ბავშვებშიც გვხვდება. ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ოტოსკლეროზის განვითარებაში მაპროვოცირებელი ფაქტორის როლს ხშირად ასრულებს სტრესი, ტრავმა. ქალებში პირველი სიმპტომები ხშირად თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მენსტრუაციის, ორსულობის, ძუძუთი კვების, კლიმაქსის დროს.

რისკის ფაქტორები

რისკის ფაქტორებად განიხილავენ ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა:

  • შუა ყურის ანთების ხანგრძლივი მკურნალობა, რომლის დროსაც ვითარდება სმენის ძვლების ნაწილობრივი ან სრული ნეკროზი. სასმენი ძვლების შეერთების ადგილას ნეკროზის დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფიბროზი, რომელიც ზღუდავს ბგერით რხევებს სასმენ ძვლებში;
  • სასმენი ძვლების თანდაყოლილი ფიქსაცია;
  • პეჯეტის დაავადება;
  • სმენის ორგანოთა თანდაყოლილი ანომალიები.

როგორ მიმდინარეობს დაავადება?

სიმპტომების ზრდადობის მიხედვით განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას:

  • სწრაფს ანუ სკლეროზულს (შემთხვევათა 11%);
  • ნელს (შემთხვევათა 68%);
  • ნახტომისებურს (შემთხვევათა 21%).

დაავადების მიმდინარეობაში კი გამოყოფენ სამ პერიოდს: საწყისს, გამოხატულს და ტერმინალურს. დაავადება შესაძლოა წლობით დარჩეს საწყის ან სიმპტომების გამოხატულების ფაზაში; ტერმინალური სტადია უმეტესად არ დგება.

რას უჩივის ავადმყოფი?

დაავადების პრაქტიკულად ერთადერთი სიმპტომია სმენის პროგრესული დაქვეითება, რასაც შესაძლოა ერთვოდეს ხმაური. პირველი კლინიკური სიმპტომები, ჩვეულებრივ, 16-20 წლის ასაკში იჩენს თავს. წესისამებრ, ეს არის სმენის კონდუქტიური დარღვევა. სმენაჩლუნგობა და ყურების შუილი ვითარდება შეუმჩნევლად, ხილული მიზეზის გარეშე, და შემდეგ თანდათანობით ძლიერდება. თავიდან ხშირად ზიანდება ერთი ყური, მაგრამ თანდათან სკლეროზული პროცესი მოიცავს მეორე ყურსაც. სმენის დაქვეითება ვლინდება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, ზოგჯერ - რამდენიმე წლის შემდეგაც კი. დროთა განმავლობაში ამას შესაძლოა დაერთოს სმენის დაქვეითება ბგერის აღქმის ტიპით. ხშირად ძირითადი ჩივილია ყურების შუილი, ამასთანავე, ხმაურიან გარემოში (მეტროში, ქუჩაში) პაციენტს უკეთ ესმის.

როგორ სვამენ დიაგნოზს?

ოტოსკლეროზის დიაგნოსტიკა ემყარება ჩივილებს, კლინიკურ და აუდიომეტრიულ (სმენის გამოკვლევა) მონაცემებს. ოტოსკოპიის (ყურის დათვალიერების) დროს ჩანს შეუცვლელი დაფის აპკი, გარეთა სასმენი მილის კანი თხელია და ადვილად ზიანდება, თავად გარეთა სასმენი მილი ფართოა, მასში არ არის გოგირდი. აუდიომეტრიული კვლევა ავლენს დაბალი, მოგვიანებით კი მაღალი სიხშირის ბგერების გადაცემის დარღვევას. მოგვიანებით ამას ერთვის ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობაც. ოტოსკლეროზის ტიპური ტიმპანური ფორმის დროს აღინიშნება სიყრუე ხმის გამტარი სისტემის ფუნქციის დარღვევის ტიპით. კოქლეარულ ფორმას ახასიათებს პროცესში ბგერის აღმქმელი სისტემის ჩართვა. ამ შემთხვევაში აუცილებელია კოქლეარული ნევრიტისგან დიფერენცირება.


სიყრუის გენი

ანტვერპენის უნივერსიტეტში მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენი, რომლის მუტაცია დაკავშირებულია სმენაჩლუნგობის განვითარების მაღალ რისკთან. მეცნიერთა აზრით, ეს გენი წარმოადგენს ოტოსკლეროზის განვითარების მნიშვნელოვან, თუმცა არა ერთადერთ ფაქტორს. ეს დაავადება აქვს ყოველ 250-ე მოზრდილ ევროპელს. მიიჩნევა, რომ ოტოსკლეროზი გამოწვეულია გენეტიკური და გარეგანი ფაქტორების კომბინაციით, მაგრამ უკანასკნელ დრომდე მუტაციები, რომლებიც ამ დაავადების რისკს უკავშირდება, აღმოჩენილი არ იყო. ანტვერპენის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს თGBF1 გენზე. მათ მიერ კოდირებული პროტეინი ემბრიონულ პერიოდში სმენის ორგანოს ფორმირებაში მონაწილეობს. ნიდერლანდების მკვიდრი 630 ოტოსკლეროზით დაავადებული და ამდენივე მოხალისე ჯანმრთელი ბელგიელის შედარებისას გაირკვა, რომ ოტოსკლეროზის მქონე პაციენტებში ამ გენის (თGBF1) მუტაციები მნიშვნელოვნად იყო მომატებული. ანალოგიური შედეგები მიიღეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგად. გარდა ამისა, მეორე გამოკვლევის დროს ჯანმრთელ ადამიანებში თითქმის სამჯერ უფრო ხშირად (7/2) გამოავლინეს თGBF1 გენის ის ვარიანტი, რომელიც, პირიქით, აქვეითებს სმენის დაკარგვის რისკს.

როგორ დგინდება სიყრუე?

სიყრუე ცალ ყურში დგინდება მაშინ, როცა მეორე ყურით ჩურჩული აღიქმება 2 მეტრამდე მანძილიდან ან სმენის მყარი დაქვეითება, როდესაც ჩურჩული აღიქმება ცალი ყურით 1 მეტრამდე, ხოლო მეორით - 2 მეტრამდე; სიყრუე ცალ ყურზე, როდესაც ჩურჩული მეორე ყურით აღიქმება 2 მ-ზე მეტ მანძილზე, ან სმენის მყარი დაქვეითება, როდესაც ჩურჩული ცალი ყურით აღიქმება 2 მ-მდე, ხოლო მეორით - 3 მ-მდე; ჩურჩულის აღქმა, რომელიც ხელს არ უშლის სამხედრო სამსახურის გავლას, უნდა იყოს არანაკლებ 1 მ-ისა ცალ ყურზე და 4 მ-ისა მეორე ყურზე ან 3 მ-ისა ორივე ყურზე. ორივე ყურით სიყრუის ან ყრუმუნჯობის დადასტურება უნდა მოხდეს ჯანდაცვის დაწესებულების, ორგანიზაციის ან ყრუ-მუნჯთა სასწავლო დაწესებულების მიერ. სიყრუედ შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევა, როდესაც არ ხდება ყურის ნიჟარასთან ყვირილის აღქმა. სმენის დაქვეითების ხარისხის განსაზღვრისას აუცილებელია, ჩურჩულით ჩვეულებრივი გამოკვლევის გარდა ჩატარდეს განმეორებითი სპეციალური გამოკვლევა სასაუბრო მეტყველებითა და ჩურჩულით, კამერტონებით და ტონალური ზღურბლოვანი აუდიმეტრია ყურის ბაროფუნქციის აუცილებელი განსაზღვრით; ორივე ყურით სიყრუეზე ეჭვის შემთხვევაში გამოიყენება სიყრუის ობიექტური განსაზღვრის მეთოდები: დოლურას ჭრიალა, გოვსეევის, პოპოვის, შტენგერის, ხილოვის ცდები და სხვა.

როგორ მკურნალობენ?

როდესაც სმენის დაქვეითების დონე პაციენტისთვის შემაწუხებელი ხდება (სმენის 30-35%-მდე დაქვეითებისას), ნაჩვენებია ოპერაცია - სტაბედექტომია - ან სასმენი აპარატის ხმარება. ოპერაციის შემდეგ სმენის გაუმჯობესების პროცენტი საკმაოდ მაღალია - ასეთი შედეგი ასიდან 80-90 შემთხვევაში მიიღება. დაავადების ადრეულ სტადიებში სმენის პრობლემებთან გამკლავება სავსებით შესაძლებელია სასმენი აპარატის დახმარებით. ოტოსკლეროზის ქირურგიული მკურნალობისას კეთდება სტაბედექტომია. ეს ჩარევა ტარდება სასმენ ძვალზე - უზანგზე. იგივე ხდება მაშინაც, როდესაც დასტურდება უზანგის ფიქსაცია სმენის სხვა ძვლებთან ან ოვალურ სარკმელთან. ოპერაცია ითვალისწინებს უზანგის მოცილებასა და პროთეზით მის შეცვლას, ანდა უზანგში კეთდება პატარა ხვრელი და მასში იდგმება სარქვლის მსგავსი თხელი პროთეზი. ამ ოპერაციას სტაბედოტომიას უწოდებენ. ეს ოპერაციები ათიდან 9 შემთხვევაში შედეგიანია ოტოსკლეროზის - შუა ყურში სასმენი ძვლების მოძრაობის დარღვევის - დროს.

სტაპედექტომიის უკუჩვენებაა:

  • პაციენტის მძიმე ზოგადი მდგომარეობა;
  • ლოკოკინას ფუნქციის დაბალი რეზერვი;
  • ოტოსკლეროზის აქტიური უბნების არსებობა.

ოპერაციის გართულებები:

  • სახის დამბლა დაზიანებული ყურის მხარეს სახის ნერვის ტოტების დაზიანების გამო;
  • თავბრუხვევა პოსტოპერაციულ პერიოდში;
  • ღებინება;
  • ყურიდან პერილიმფის დენა;
  • დაფის აპკის გახეთქვა;
  • ლაბირინთის დაზიანება;
  • ლაბირინთიტი (შიგნითა ყურის სტრუქტურების ანთება).

გართულება შესაძლოა მოჰყვეს წარმატებულად ჩატარებულ ოპერაციასაც. სახელდობრ, მოსალოდნელია:

  • ოპერირებული ყურის სრული სიყრუე;
  • ხანგრძლივი თავბრუხვევა;
  • მუდმივი შუილი ან გუგუნი ოპერირებულ ყურში;
  • სახის ნახევრის დამბლა სახის ნერვის ტოტების დაზიანების გამო.