რუბრიკები
სმენის დაქვეითება და მისი კორექციის მეთოდები
სმენის დაქვეითება და მისი კორექციის მეთოდები

- ყურის ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესი (მაგალითად, მოცურავეებში) თუ არის საფუძველი სმენის დაქვეითებისა? შეიძლება, ამ ფონზე ერთ მშვენიერ დღეს ადამიანმა უცაბედად სმენა დაკარგოს?


- რა თქმა უნდა, ქრონიკული ანთება გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა სმენის დაქვეითების საფუძველი გახდეს. ამიტომაც ყველა შემთხვევაში საჭიროა გარეთა ან შუა ყურის ანთების მკურნალობა, რათა პათოლოგიური პროცესი შიგნითა ყურზე არ გადავიდეს. თუმცა უეცარი სიყრუის მიზეზი ძირითადად სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, სისხლძარღვის შევიწროებით ან სხვა მიზეზით გამოწვეული. თუ ამ შემთხვევაში სათანადო მკურნალობა დროულად დაიწყო, დიდია შანსი, სმენა სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აღდგეს. არსებობს სპეციალური მკურნალობა ბელგიური მეთოდით, რომელიც დანერგილია და ძალიან კარგი ეფექტიც აქვს, მით უფრო - დროულად დაწყების შემთხვევაში. ფაქტობრივად, ეს არის ინტრავენური ინფუზიები (გადასხმები) სხვადასხვა ნივთიერებისა, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ნეიროტრანსმიტერების ფუნქციას. თუმცა ამ მკურნალობას მხოლოდ პირველივე დღეებში, პირველივე კვირას აქვს შედეგი, ამიტომაც სმენის დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა დროულად მივაკითხოთ ექიმ სპეციალისტს, ნაცვლად იმისა, რომ თვეობით, მით უფრო წლობით ვიცადოთ - ამით პათოლოგიური პროცესი მხოლოდ ღრმავდება. ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკოთერაპიის გართულებებიც. გერმანიაში ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში, მახსოვს, დრეზდენის ოტოლარინგოლოგიური კლინიკიდან ერთადერთხელ წავედით რომელიღაც სოფელში, რომ გენტამიცინით გამოწვეული სმენაჩლუნგობა გვენახა და დაგვეფიქსირებინა, მაშინ როცა საქართველოში ეს მოვლენა ძალზე ხშირია. გული მტკივა, რომ ჩვენი პედიატრები ასე ხელაღებით და ადვილად ნიშნავენ კანამიცინს, გენტამიცინს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც აზიანებს სმენის აპარატს. მართალია, არსებობს ანტიბიოტიკები, რომლებიც კარგად მოქმედებს ფილტვებზე, კუჭსა და სხვა ორგანოებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სმენის აპარატზე მათი მავნე და დამღუპველი ზემოქმედება. ეს პრეპარატები დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, აუცილებლად ოტოლოგთან შეთანხმებით, რათა შედეგად მძიმე გართულება არ მივიღოთ.


- თანდაყოლილ სიყრუეზე რას გვეტყვით, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?


- თანდაყოლილი სიყრუე შეიძლება იყოს გენეტიკური - მშობლებს ჰქონდეთ სმენის დაქვეითება და შვილსაც გადაეცეს. საერთოდ, როცა გენეტიკა დატვირთულია - ბაბუას ან იმის ბაბუას ჰქონდა სმენასთან დაკავშირებული პრობლემა, როდის, რომელ თაობაში იჩენს ის თავს, არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს მუცლადყოფნის პერიოდში შეძენილი სიყრუე. მაგალითად, ორსული გადაიტანს რომელიღაც დაავადებას, გრიპს ან კიდევ ციტომეგალოვირუსულ ინფექციას და თითქოს საგანგაშო არაფერია, არაფერს უჩივის, არც არაფერი აღენიშება, ბავშვი კი სმენადაქვეითებული იბადება. საყურადღებოა, რომ როდესაც ამერიკასა და ევროპის მოწინავე ქვეყნებში ბავშვი იბადება, მას არა მხოლოდ ზომავენ და წონიან, არამედ სმენასაც უმოწმებენ. მიხარია, რომ ჩვენ კარგად ვართ ინტეგრირებული მსოფლიო პრაქტიკაში და დღეს ეს ჩვენთანაც ხორციელდება. ყოველ შემთხვევაში, არსებული პროგრამით თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი გადის აღნიშნულ შემოწმებას. მე მინდა, რომ ეს მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდეს. ამაზე აუდიოლოგიის ცენტრი აქტიურად მუშაობს. მთავარი პრობლემა ძვირადღირებული სკრინინგის აპარატების სიმცირეა. ის ათი აპარატიც, რომლებიც სამშობიარო სახლებს გადავეცით, გერმანელებმა და ჰოლანდიელებმა გვაჩუქეს. როგორც მოგახსენეთ, ახალშობილთა სკრინინგში აუდიოლოგიის ცენტრი აქტიურად არის ჩართული. სმენადაქვეითებული ბავშვები აღრიცხვაზე აგვყავს, მერე მეორეულ სკრინინგს ვუტარებთ, დიაგნოზს ვაზუსტებთ და შესაბამისად ვმკურნალობთ. სმენის დაქვეითებას რაც შეიძლება ადრე უნდა მივხედოთ, რადგან თუ სასმენმა აპარატმა ან კოხლეარულმა იმპლანტაციამ დაიგვიანა, მაგალითად, 5 ან 7, მით უფრო 10 წლიდან ჩაერთო, სათანადო ეფექტს ვეღარ მოახდენს და სასურველ შედეგს არ გამოიღებს. სმენის კორექცია იმ პერიოდში უნდა მოხდეს, როდესაც მეტყველება იწყება (დაახლოებით 2-3 წლიდან). ახალშობილთა სკრინინგი აუცილებელია, რადგან ჩვილს მშობელი, როგორ წესი, ვერ ატყობს სმენის დაქვეითებას. ამას, ჩვეულებრივ, 2 წლისთვის ამჩნევენ - ეძახიან ბავშვს და ის არ რეაგირებს, არ აქვს საპასუხო რეაქცია ხმაურზე და ასე შემდეგ. ასეთ დროს საჭიროა სმენის გამოკვლევა. ინდივიდს აწვდიან ბგერას და ეკითხებიან, გაიგო თუ არა. ბუნებრივია, 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს მეთოდი შედეგიანი არ არის, ამიტომაც ტარდება ობიექტური აუდიომეტრია. ეს უკანასკნელი გამოსაკვლევი პირის ნება-სურვილზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ეფუძნება იმ რეაქციას, რომელსაც ბგერა იწვევს. გამოწვეული პოტენციალები კომპიუტერულად, გასაშუალების მეთოდით იწერება. მძინარე (ან ანესთეზიით დაძინებულ) ბავშვს მიეწოდება სხვადასხვა სიხშირის ბგერა. თუ მიიღება გამოწვეული პოტენციალები, ესე იგი, სმენა შენარჩუნებულია, თუ არადა - არა. აუდიოგრამის საფუძველზე ხდება სმენის დაქვეითების, მისი ხარისხისა და სიმძიმის დადგენა, შესაბამისად, შეირჩევა სასმენი აპარატი ან დაისმის კოხლეარული იმპლანტაციის საკითხი. სასმენი აპარატის დროულად გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვმა გაიგოს ბგერები და, შესაბამისად, ჩამოუყალიბდეს მეტყველება, არამედ იმისთვისაც, რომ სმენის დარჩენილი რეცეპტორები მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს. თუ დარჩენილმა რეცეპტორებმა არ იფუნქცია, რეტროგრადულად მათი ფუნქციური დეგენერაციაც მოხდება. მე ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი: როდესაც მიმდინარეობს კუნთის ატროფია, ნევროლოგები პაციენტებს მოძრაობას და რაც შეიძლება მეტ დატვირთვას ურჩევენ, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს კუნთისა და მისი მამოძრავებელი ნერვის ფუნქცია. ასევეა ყურის შემთხვევაში. ყური იქნება ეს, კუნთი თუ ტვინი, ყველაფერს დატვირთვა და მუშაობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ატროფირდება, ფუნქციურ დეგენერაციას განიცდის. სამწუხაროდ, ზოგიერთი ექიმისაგან გაიგონებთ: "რა საჭიროა სასმენი აპარატი, ნუ გავაზარმაცებთ ყურს". ეს არასწორი მიდგომაა, მეტიც, მე ზოგადად ვერიდები კატეგორიულ და მკვახე გამოთქმებს, მაგრამ ამ შემთხვევაში თამამად განვაცხადებ, რომ ეს დანაშაულიცაა! რას ნიშნავს "ნუ გავაზარმაცებთ ყურს"? პირიქით, სწორედ რომ მაქსიმალურად უნდა დავტვირთოთ, რათა არ გაზარმაცდნენ.


- ტოტალური სიყრუე თუ არსებობს, როდესაც ადამიანს არანაირი სიხშირის ბგერები არ ესმის?


- რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ძალზე იშვიათია. ჩვეულებრივ, ამა თუ იმ სიხშირის ბგერების აღქმას ყური ყოველთვის ინარჩუნებს. როცა სამეტყველო სიხშირეები გამოვარდნილია, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სასმენი აპარატი. საერთოდ, რეცეპტორული აპარატის დაზიანებისას, როგორც წესი, იწყება განსაკუთრებულად მაღალი სიხშირის ბგერების გამოვარდნა, ეს კი უკვე იმის მინიშნებაა, რომ მდგომარეობა მკურნალობასა და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მოითხოვს, რათა სმენა უფრო მეტად არ დაქვეითდეს. მოგვიანებით, პათოლოგიური პროცესი სამეტყველო ბგერებზე გადადის, ანუ სამეტყველო სიხშირეების გამოვარდნაც ხდება. მაღალი სიხშირის ბგერების გამოვარდნას ყურადღებას არ აქცევენ. განგაშის ზარი მაშინ რეკს, როდესაც სამეტყველო ბგერები აღარ ესმით, ამ დროს კი ხშირად უკვე დაგვიანებულია. ამიტომაც სმენის ორგანოს დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება.


- რას გულისხმობს სმენის დაქვეითების კორექცია? რა პრინციპს ეფუძნება სასმენი აპარატების გამოყენება?


- არ ვიცი, ვინ შემოიტანა სათვალე საქართველოში, მაგრამ მეამაყება, რომ სასმენი აპარატები ჩვენ შემოვიტანეთ და დავნერგეთ. არსებობს ასეთი ფირმა - "კინტი". ეს გვარია ძალიან ცნობილი ადამიანისა - მარტინ კინტისა, რომლის წყალობითაც ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი დიდი საქმე გაკეთდა. მე წლების განმავლობაში ვიმუშავე გერმანიაში. 120 საერთაშორისო ნაშრომი მაქვს შესრულებული გერმანელებთან ერთად, რასაც ისინი განსაკუთრებულად აფასებენ. არ მინდა ტრაბახში ჩამომართვათ, მაგრამ ამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა, რომ მარტინ კინტმა განაცხადა: მე მაქვს ამბიცია, შევიტანო საქართველოში სასმენი აპარატები, არა იმისთვის, რომ აქედან შემოსავალი მივიღო, არამედ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას რეალურად დავეხმაროო. არ დაიჯერებთ და სასმენი აპარატები ჩვენთან 4-5-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე თვით გერმანიაში. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. მარტინ კინტმა არ გატეხა სიტყვა და ჩვენთან აპარატებს იმ ფასად აგზავნის, რაც თავად უჯდება. მე დიდი მადლობელი ვარ მამა-შვილი კინტებისა (ამ საქმიანობაშია ჩართული მარტინის შვილი, ალექსანდრე კინტიც). აქვე დიდი გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ ამ უდიდესი საქმის შემდეგ ჩვენთან, პრესაში, ასეთი რამ დაიბეჭდა - მამა-შვილმა ქევანიშვილებმა (ჩემი შვილიც ამ საქმეშია ჩართული) სასმენი აპარატებით ფული გააკეთესო, და საერთოდ, რა საჭიროა ეს აპარატები, ხელები ხომ გვაქვს და კომუნიკაციაც ხელებით როგორმე მოხერხდებაო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან გულსატკენია. ბევრისათვის მართალაც დაუჯერებელია, რომ ამერიკაში 2000 ევროდ ღირებული სასმენი აპარატები საქართველოში 300-400 დოლარი ღირს. ერთმა ადამიანმა ისიც კი მკითხა, ჩვენთან უხარისხო პროდუქცია ხომ არ შემოდის, ასე იაფი რომ ღირსო? ვერ წარმოუდგენიათ, რომ მრავალწლიან ურთიერთობას, მეგობრულ კავშირებს მეცნიერებს შორის, ორ ქვეყანას შორის ხშირად ასეთი სასიკეთო ნაბიჯები მოჰყვება. გერმანელებთან ჩვენ დიდი მეგობრობა და მრავალწლიანი მუშაობა გვაკავშირებს. ჯერ კიდევ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ საქართველოში მეცნიერები. მოგეხსენებათ, მათ საბჭოთა კავშირის გარდა სხვაგან არ შეეძლოთ წასვლა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით ძალზე საინტერესო საკითხებზე, მით უფრო, რომ ბატონი ხეჩინაშვილი საუკეთესო აპარატურით გვამარაგებდა. გამოწვეული პოტენციალების ჩამწერი კომპიუტერული აპარატი იმ პერიოდში საქართველოში უკვე გვქონდა. ამ ურთიერთობებმა, უდიდესმა მეგობრობამ და პატივისცემამ განაპირობა ეს სიკეთე... ხოლო ის, რომ აპარატები საჭირო არ არის, ინფორმაციის გაცვლისათვის ხელებიც აქვს ადამიანს და საკმარისიაო - სრული უმეცრება და სიბრიყვეა.



2014-08-06/16/14
ნათიკო
გამარჯობათ.მაინტერესებს როცა 2 თვის ჩვილს მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობას უსმევენ დიაგნოზად და შემდგომ ნერვოპათოლოგი 6 თვემდე დაკვირვრბას მირჩევს და ბავშვს ამ დროის მანძილზე ჩურჩულზე ვაღვიძებ,ან კრთება ან თვალებს ამოძრავებს ან ხელებს და თან მძინარე.რა შეიძლება მითხრათ.ბავშვი ღუღუნებს და აქტიურია.აქვს ღრმა ძილი.უკვე 3 თვეა ვაკვირდები და ჩურჩულიც კი რეაქციას აძლევს მძინარეს როდესაც სრული სიწყნარეა.არამარტო ჩურჩული.ტელეფონის ზარზეც გაუღვიძია და ხმოვან ზღაპრის წიგნზეც.ხშირად არ კრთება.ხან ფეხის ხმაზე გაუღვიძია ხანაც კარის დახურვაზე.აუდიომეტრია 6 თვის ასაკში უნდა გავუკეთოთ თუმცა მანამდე სკრინინგი უნდა ჩაუტარდეს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბოლო კომენტარები
29-10-2014
გამარჯობათ,ჩემ ბიჭს დაბადებიდან არ ქონდა გახსნილი საცრემლე არხები ორივე თვალზე,მასაჟით ერთ თვალზე გაეხსნა,მეორე თვალი ისევ ეცრემლება და გამონადენიც აქვს როგორ მოვიქცე მირჩიეთ,პირველმა ექიმმა მითხრა თუ არ გაეხსნა ზონდირებას გაუკეთებთო,შემდეგ პოლიკლინიკის ე