რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ გადავურჩეთ ყურის ანთებას
როგორ გადავურჩეთ ყურის ანთებას

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ყურის ანთებას?


- შუა ყურიდან ანთება შეიძლება გავრცელდეს შიგნითა ყურში. ეს უმეტესად ხდება ქრონიკული შუა ოტიტის დროს. მისთვის დამახასიათებელია თავბრუხვევა და წონასწორობის დაკარგვა - მენიერის სინდრომი. ბავშვებში შუა ყურის ანთება შეიძლება გართულდეს მასტოიდით. შუა ყურში დაფის ღრუდან გადის დამატებითი წიაღი, სწორედ აქ შეიძლება გავრცელდეს ანთებითი პროცესი. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ტკივილი და შესივება ყურის უკან. ამ სიმპტომის აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. დაფის ღრუს ზედა კედელი და შიგნითა ყური უშუალოდ ეხება ტვინის მაგარ გარსებს, ამიტომ ოტიტი შეიძლება გართულდეს მენინგიტითა და ენცეფალიტით (ტვინის ნივთიერების ანთება). ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის დროს აღინიშნება დაფის აპკის მყარი პერფორაცია. იწყება პერიოდული ან მუდმივი ჩირქდენა ყურიდან და დაფის აპკის შეხორცება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ის ხშირად ბავშვობის ასაკიდან მოჰყვება ადამიანს, რისი მიზეზიცაა არასრული და არასწორი მკურნალობა, ან ევსტაქის მილის არასათანადო დრენირება ამა თუ იმ მიზეზით, მაგალითად, ადენოიდების, ქრონიკული რინიტის (ცხვირის ლორწოვანის ანთება), ცხვირის ძვლების პათოლოგიის (გამრუდება ან სხვა რამ) გამო. ზოგჯერ, მექანიკური ტრავმის შედეგად, დაფის აპკი ფართოდ ზიანდება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა ამ უბანში და დაფის ღრუს ქსოვილებში ვითარდება ნეკროზი. ამ დროს ხდება სმენის დაქვეითება მეტ-ნაკლები ინტენსივობით. დაფის აპკის დარჩენილ ნაწილზე მოხვედრილი ბგერები მაინც გადაეცემა შუა ყურში მდებარე სასმენ ძვლებს და მოძრაობაში მოჰყავს ისინი. ზოგჯერ ჩირქი ანტრიტიდან (ყურის უკან მდებარე წიაღიდან) ქვეშ მდებარე ქსოვილებზეც ვრცელდება და შესაძლოა სახის ნერვის პარეზი და დამბლაც კი გამოიწვიოს. ანთებითი პროცესის შიგნითა ყურში გავრცელების შემთხვევაში ღიზიანდება ლოკოკინას რკალები და ადამიანს აწუხებს თავბრუხვევა, გულისრევა და ღებინება. თუ ანთების გავრცელების გამო ლოკოკინას რკალზე გაჩნდა ფისტულა (ნახვრეტი), ამ სიმპტომებს ემატება ნისტაგმიც - თვალის კაკლების არათანაბარი, ნახტომისებური მოძრაობა. ამასთან, ანთებითი პროცესის დროს ზიანდება ლოკოკინაში არსებული ბგერის აღქმის რეცეპტორები და ვითარდება სრული სიყრუე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ მძიმე შედეგია, არსებობს უფრო დიდი საშიშროებაც, რომელიც ზოგჯერ ფატალურად მთავრდება: თუ ანთება ლაბირინთიდან ტვინის გარსებსა და ქსოვილებზე გავრცელდა, ვითარდება მენინგიტი და ტვინის საფეთქლის წილის აბსცესი.Aამ დროს ადამიანი უჩივის თავის ლოკალურ ტკივილს იმ ადგილას, სადაც შესაძლოა აბსცესი იყოს განვითარებული. სისხლისა და ლიმფის გზით ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ზურგის ტვინის სითხეში და განვითარდეს ლეპტომენინგიტი. ამ დროს ყველაზე ხშირი სიმპტომია თავის ძლიერი ტკივილი კეფისა და შუბლის არეში, ზოგჯერ - ხერხემლისაკენ გავრცელებით. მდგომარეობა მძიმეა, ავადმყოფი იღებს დამახასიათებელ პოზას, ცნობიერება დაბინდული აქვს, გამოსავალი არაკეთილსაიმედოა. თუ ინფექცია გავრცელდა სისხლის გზით და მთელ ორგანიზმში მოითესა, ვითარდება ოტოგენური სეფსისი. ამ დაავადებას ახასიათებს ტემპერატურის უეცარი მატება, რომელსაც მოსდევს შემცივნება და ტემპერატურის ვარდნა.


- რომელი დაავადება რთულდება ოტიტით ყველაზე ხშირად?


- ინფექციური დაავადებები - გრიპი, წითელა, ქუნთრუშა, ჰეპატიტი, ასევე - იმ ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რომლებიც ტოქსიკურად მოქმედებენ ყურზე, იწვევენ ლაბირინთის ნერვული უჯრედების დაზიანებას და ნერვული გამტარობის დარღვევას.Aამ დროს მაღალი ბგერების აღქმა გაძნელებულია. შემდგომ, ნერვული უჯრედების დაზიანების გავრცელების გამო, სმენის დაქვეითება პროგრესირებს და შესაძლოა, საქმე სრულ სიყრუემდე მივიდეს. სმენის ნერვის ნევრიტის ადრეულ სტადიაში ავადმყოფი უჩივის ხმაურს ყურებში - ყურჩქამს, რომელსაც პაციენტები სხვადასხვანაირად აღწერენ: სტვენა, შიშინი, ზუზუნი, პულსაციის გაძლიერებული ხმა... ხშირად ეს უფრო შემაწუხებელია, ვიდრე სმენის შედარებითი დაქვეითება.


- როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას?


- ნევრიტის მკურნალობა გულისხმობს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატების, ბ ჯგუფის ვიტამინების, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებების გამოყენებას. სოციალური რეაბილიტაციის მიზნით (ასეთ ადამიანებს უჭირთ საზოგადოებასთან ურთიერთობა) რეკომენდებულია სმენის პროთეზირება - სასმენი აპარატის შერჩევა.


- ზემოთ უკვე გვითხარით, როგორ უნდა ვუმკურნალოთ შუა ყურის ანთებას, მაგრამ როგორია ოტიტის მკურნალობა ლოკალიზაციის, ანთების მიმდინარეობის მიხედვით?


- გარეთა ოტიტის შემთხვევაში ანტიბიოტიკებსა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად ინიშნება ყურის წვეთები და მალამოები. შიგნითა ყურის ანთების დროს საჭიროა სპეციფიკური მკურნალობა და სპეციალისტის - ოტონევროლოგის - კონსულტაცია. ჩირქოვანი და ქრონიკული ოტიტის შემთხვევაში საჭიროა ხშირად გამოვასუფთაოთ ყური, გამოვაშროთ ტურუნდით. სისტემურ ანტიბიოტიკებთან ერთად ხშირად ინიშნება ადგილობრივი ანტიბიოტიკის შემცველი წვეთებიც.


- ორსული და ყურის ანთება - რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა და როგორია ამ დროს მკურნალობის ტაქტიკა?


- ორსულთა ყურის ანთება არცთუ იშვიათი დაავადებაა. მით უფრო, თუ ქალს ორსულობამდე ჰქონდა ყურის ქრონიკული ანთება - შესაძლოა, დაავადება გამწვავდეს. მკურნალობა ტარდება ძირითადად ადგილობრივი საშუალებებით და საჭიროების შემთხვევაში - პირველი რიგის ანტიბიოტიკებით, რომელთაც არ ახასიათებთ ნაყოფზე ტოქსიკური მოქმედება. გასათვალისწინებელია, რამდენად მწვავედ მიმდინარეობს დაავადება, როგორია ორსულობის ვადა და როგორია ანტიბიოტიკის დანიშვნის შემთხვევაში რისკისა და სარგებლის ურთიერთშეფარდება.


- როგორია პროგნოზი, ახასიათებს თუ არა დაავადებას რეციდივები?


- მწვავე ოტიტი უმეტესად გართულების გარეშე იკურნება 7-10 დღეში, ქრონიკული ოტიტის შემთხვევაში კი მოსალოდნელია რეციდივი, რომელიც ვითარდება ვირუსული ინფექციის გადატანის, იმუნური სისტემის დაქვეითების ან ყურში წყლის მოხვედრის შემთხვევაში.


- როგორ ავიცილოთ თავიდან ყურის ანთება?


- ოტიტის თავიდან აცილების გზები ასეთია:

  • ზღვაში ან აუზში ცურვის შემდეგ აუცილებელია კარგად გაიმშრალოთ ყური.
  • დაუშვებელია ჩხირებითა და სხვა ნივთებით ყურის გაღიზიანება ქავილის დროს, რადგან ადვილად შეიძლება დაიზიანოთ გარეთა სასმენი მილის კანი, რომელიც თხელია და ნაზი, და ინფექციის შეჭრას შეუწყოთ ხელი.
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს სასურველია ცხვირისა და პირის ღრუს სანაცია (ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვა), რათა მიკრობს ცხოველმყოფელობისა და გამრავლების ნაკლები შანსი მივცეთ.

თუ, მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, ყურის ტკივილმა მაინც შეგაწუხათ, თვითმკურნალობას ნუ დაიწყებთ, დროულად მიმართეთ სპეციალისტს. კვალიფიციური კონსულტაცია დაგეხმარებათ, დროულად და ყოველგვარი გართულების გარეშე განიკურნოთ ოტიტისგან.


 



თარიღი : 11-03-2016
NanA-chimchiiri
Qალბატონო ლალი,მაკვს ყურსი სტვენა ,ხმაური და ყრუ ტკივილები,სად უნდა მოგაკიტხოტ რომ მკურნალობა დავიწყო?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თანამედროვე ხედვა

ტინიტუსი ლათინური წარმოშობის სიტყვაა. ტინნირე პირდაპირი მნიშვნელობით ზანზალაკების წკრიალს, რეკას ნიშნავს. ტერმინით “ტინიტუსი” მსოფლიოში ხმაურის სუბიექტურ აღქმას აღნიშნავენ. თუმცა ტინიტუსი თავისი არსით უფრო მასშტაბურია, გულისხმობს არა მხოლოდ ხმაურს, რეკას ყურებსა თუ თავში, არამედ იმ ფსიქიკურ, ემოციურ და სოციალურ პრობლემათა ერთობლიობას, რომელიც ხმაურის მუდმივ აღქმასთან არის დაკავშირებული და რეალურად მისი შედეგია.

კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ადენოიდები ვითარდება, უფრო სწორად, ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილი განიცდის ჰიპერპლაზიას (გადიდებას სტრუქტურული ელემენტების ინტენსიური გამრავლების გამო), ჯერ კიდევ უცნობია. სამაგიეროდ, კარგად არის ცნობილი ის გართულებები, რომლებიც არანამკურნალებ ადენოიდებს ახასიათებს. ბევრი უფრთხის მათ ამოკვეთას (ადენოტომიას). ამას თავისი საფუძველი აქვს. ასეა თუ ისე, ადენოიდების პრობლემა ფართოდ გავრცელებული და აქტუალურია. სწორედ ამ აქტუალურ საკითხზე გვესაუბრება შპს “მედისონის”, ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის ონკოდისპანსერის ექიმი ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ბოლქვაძე.

ვარჯიშები, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ, მხოლოდ სმენის დაქვეითების პროფილაქტიკას კი არ ემსახურება, არამედ სასარგებლოა ყურის მრავალი დაავადების დროსაც. აქვე შეგახსენებთ, რომ ყურის ნიჟარების მასაჟი შინაგანი ორგანოების ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ბიბილოების გაწელვა კი შველის თავისა და კბილების ტკივილს, ხსნის თავბრუხვევას და ეფექტურია მხედველობის ორგანოთა დაავადებების დროს.

ამბობენ, თუ ყურები გიხურს, ე.ი ვიღაც გჭორავს, თუმცა ეს რა თქმა უნდა მედიცინასთან არავითარ კავშირი არაა და მხოლოდ ცრუ რწმენას წარმოადგენს.
ცხვირის ქავილი ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. უსიამოვნო შეგრძნება ცხვირის ღრუში, დისკომფორტი, გახშირებული ცხვირცემინება ხშირად ალერგიული რეაქციის გამოხატულებაა. ამ დროს ცხვირის ლორწოვანი შუპდება, სუნთქვა ფერხდება, რის გამოც ბევრი თვითნებურად იყენებს სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებს. ამ პრეპარატების გამოყენება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს - მიჩვევას იწვევს და საშიშია. ეფექტიანია და გაცილებით უსაფრთხო ცხვირის ღრუში სხვადასხვა ხსნარის გამოვლება.

ცხვირი სასუნთქი გზის დასაწყისია. ის უშუალოდ უკავშირდება გარემოს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთქმედების პროცესში. ნორმალურ პირობებში ადამიანი ცხვირით სუნთქავს. როდის ძნელდება ცხვირით სუნთქვა და რა დაბრკოლება ეღობება ცხვირიდან ფილტვებისკენ მიმავალ ჰაერს, ამაზე ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი მარინა ცაბაძე გვესაუბრება.

08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.