შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შუა ყურის ანთება ანუ შუა ოტიტი

შუა ოტიტის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ცხვირ-ხახიდან შუა ყურის ლორწოვან გარსზე ინფექციის გავრცელება. ჩვეულებრივ, სასმენი ლულა ერთი ბოლოთი, დაფის უკანა ხვრელით, დაფის ღრუში იხსნება, მეორე, სასმენი ლულის ხახისკენა ბოლოთი კი ცხვირ-ხახის ლატერალურ (გვერდით) კედელში. ლულის დანიშნულებაა, დაფის ღრუს შინაგანი წნევა გარემოს (ატმოსფერულ) წნევასთან გაათანაბროს, რაც აუცილებელია ბგერების გამტარი აპარატის ნორმალური ფუნქციობისთვის. სასმენი ლულის დაცობის გამო დაფის ღრუში წნევა მკვეთრად ეცემა, რაც ხელს უწყობს ანთებითი გამონადენის გამოყოფას. ეს უკანასკნელი კი ცხვირ-ხახიდან მასში მოხვედრილი ბაქტერიებით ინფიცირდება. დაფის ღრუში ინფექციის მოხვედრის სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, ტრავმული, მენინგოგენური, როდესაც შუა ყურში ინფექციური პროცესის გავრცელება ხდება ყურის ლაბირინთის საშუალებით. დაბოლოს, იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესი ჰემატოგენური გზით ანუ სისხლის საშუალებით ვრცელდება. შუა ოტიტისთვის დამახასიათებელია:

  • ყურის ტკივილი - თავიდანვე ძლიერად გამოხატული ან ეტაპობრივად მზარდი, რომელიც ზოგჯერ თავის შესაბამის ნახევარში ირადიაციას განიცდის;
  • ყურების დაგუბება და ხმაური, რომელიც ხშირად პულსაციის შეგრძნებაში გადადის;
  • სმენის დაქვეითება (ხშირად);
  • სხეულის ტემპერატურის მომატება (პატარა ბავშვებში შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს);
  • დაფის აპკის ჰიპერემია (სისხლის მიმოქცევის გაძლიერებისა და სისხლის მოწოლის გამო დაფის აპკი წითლდება).

ჩირქოვანი ოტიტის დროს დაფის აპკი გამოიბურცება. შესაძლოა გაიხვრიტოს კიდეც და ჩირქოვანი მასა გადმოიღვაროს. თუ ასე მოხდა, ტემპერატურა იკლებს და თანდათან ყველა სიმპტომი ქრება.

შუა ოტიტის ფორმები და მიმდინარეობა

შუა ოტიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ოტიტი გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს ცხვირიდან ან ცხვირ-ხახიდან ინფექციის შუა ყურში გავრცელების შედეგია. ბავშვებს ის უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მოზრდილებს - მათ უფრო ხშირად აქვთ სურდო (რინიტი) და ადენოიდები, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. მწვავე შუა ოტიტის სიმპტომებია მფეთქავი (მოპულსირე) ტკივილი ყურის არეში, სმენის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან (უმეტესად - პირველი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ კი დაავადების პირველივე საათებში). ჩვილ ბავშვებში მოუსვენრობა და ძილის დარღვევაც შეინიშნება. ბავშვი ძილში წამოიყვირებს ხოლმე, წრიალებს, თავს ატრიალებს, მტკივან ყურზე ხელს იდებს, უარს ამბობს ძუძუს წოვაზე, რადგან წოვისა და ყლაპვის დროს ყურის ტკივილი უძლიერდება. მწვავე ვირუსული ოტიტის განვითარება, ჩვეულებრივ, ზემო სასუნთქი გზების ინფექციას უკავშირდება. თუ მკურნალობა დროულად დაიწყო და სათანადოდ ჩატარდა, მწვავე ოტიტი სავსებით იკურნება, ორგანიზმის დასუსტების, იმუნური სტატუსის დაქვეითებისა და სხვა არახელსაყრელი პირობების არსებობის შემთხევაში კი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ასეთ დროს ყურიდან მუდმივად ან პერიოდულად მოედინება ჩირქი (ოტორეა), სმენა კი სტაბილურად დაქვეითებულია.

მკურნალობა

ოტიტის მკურნალობა დღემდე კამათის საგანია. კამათი ეხება უმთავრესად ანტიბიოტიკების გამოყენებას და გამოყენების ხანგრძლივობას. თუ მწვავე ოტიტი აქვს ორ წლამდე ასაკის ბავშვს, მდგომარეობა მძიმეა ან არსებობს ინფექციური გართულების საფრთხე, ექიმი ანტიბიოტიკს ნიშნავს. როდესაც დაავადება შედარებით იოლი ფორმით მიმდინარეობს და, მით უმეტეს, პაციენტის ასაკი აღემატება ორ წელს, მედიკამენტების დიაპაზონი ფართოა. ზოგიერთი ექიმი თავის დასაზღვევად ამ შემთხვევაშიც ნიშნავს ანტიბიოტიკს, რადგან არ აქვს გარანტია, რომ ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრება. ზოგჯერ ექიმის რეკომენდაციით ბავშვის მდგომარეობას რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან, რადგან ათიდან რვა შემთხვევაში შუა ოტიტი ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავისთავად გაივლის. ოტიტის მთავარი სიმპტომის, ტკივილის, შესამსუბუქებლად გამოიყენება ანთების საწინაღმდეგო პრეპარატები, ადგილობრივად - სათბური ან თბილი კომპრესი (სასურველია პატარა ტომსიკაში გაცხელებული მარილის ჩაყრა და ყურის ამით დათბუნება, რადგან მარილი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს). დღეს ფარმაცევტული წარმოება ყურის ტკივილის შესამსუბუქებლად მრავალნაირ წვეთებს გვთავაზობს, მაგრამ  დაფის აპკის პერფორაციის (გახვრეტის) დროს ამ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ მათ თვითნებურად ნუ ჩაიწვეთებთ, წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ ოტოლოგთან. შუა ოტიტის მიმდინარეობის დამძიმებისას ატარებენ მირინგოპლასტიკას - დაფის აპკს კვეთენ და დაფის ღრუში ჩირქის გამოსადევნად პატარა მილი შეჰყავთ. ასეთი დრენაჟის წყალობით ჩირქი შედედებასა და გასქელებას ვერ ასწრებს. ოტიტის სამკურნალოდ სხვადასხვა ანტისეპტიკურ ხსნარში დასველებულ ტამპონსაც იყენებენ. მწვავე შუა ოტიტის დროს უმჯობესია, პაციენმა  წოლითი რეჟიმი დაიცვას.

შუა ოტიტის გართულებები

შუა ოტიტის გართულებებია:

  • სმენის დარღვევა - ის უმეტესად უმნიშვნელო ან ზომიერი სმენაჩლუნგობით ვლინდება. ასეთი დარღვევები, როგორც წესი, დროებითია და ზოგჯერ გამოჯანმრთელებისთანავე გაივლის, ზოგჯერ კი შედარებით მეტხანს გასტანს.
  • დაფის აპკის გასკდომა - შუა ოტიტის ექსუდაციური ფორმის დროს, როდესაც დაფის ღრუში ჩირქი გროვდება, დაფის აპკის მთლიანობა ირღვევა და მის არეში სანათური ჩნდება. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, ორ კვირაში ხორცდება.
  • ინფექციური პროცესის გაქრონიკულება. ყურის ანთებამ შესაძლოა ქრონიკული ფორმა მიიღოს არა მხოლოდ შუა ჩირქოვანი ოტიტის არასწორი და არადროული მკურნალობის შედეგად, არამედ ცხვირის, ცხვირ-ხახისა და წიაღების ანთებითი პროცესების გამოც. ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ხშირად ზიანდება დაფის აპკი, ყალიბდება მისი ნაწილობრივი ან სრული დეფექტი პერიოდული ან მუდმივი ჩირქოვანი გამონადენით.
  • ქოლეოსტეატომა. ეს დაფის აპკის უკან გაზრდილი განსაკუთრებული სახის ქსოვილია. მისი ინტენსიური ზრდა-განვითარების შემთხვევაში შესაძლოა შუა ყური დაიბლოკოს და სმენა დაქვეითდეს. ასეთი მდგომარეობა ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
  • შუა ყურის სასმენი ძვლების დაზიანება - ანთებითი პროცესი ხშირად სასმენ ძვლებს - უზანგს, გრდემლსა და ჩაქუჩსაც მოიცავს.
  • მენინგიტი - ინფექციური პროცესი ზოგჯერ შუა ყურიდან ტვინის გარსებზე ვრცელდება.