ქვედა კიდურების ვენების რადიოლოგიური კვლევის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქვედა კიდურების ვენების რადიოლოგიური კვლევის მეთოდები

გულის კათეტერიზაციის ლაბორატორიის ექიმი იოსებ სიხარულიძე:

  • ქვედა კიდურების ვენათა პათოლოგია დღეს ძალზე გავრცელებული პრობლემაა. უმთავრესად რომელ გამოკვლევებს ეფუძნება მისი დიაგნოსტიკა?

ქვედა კიდურების ვენების პათოლოგია უხსოვარი დროიდან მომდინარე პრობლემაა. შესაბამისად, მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების დახვეწა მუდამ იდგა დღის წესრიგში. მედიცინის განვითარებასა და ტექნიკის სრულყოფასთან ერთად ქვედა კიდურების ვენების და, საზოგადოდ, ვენური სისტემის კვლევის სხვადასხვა მეთოდიკა ჩამოყალიბდა. ვიზუალურ დათვალიერებასა და თანმხლებ ლაბორატორიულ გამოკვლევებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას, კერძოდ, დოპლეროგრაფიას, დუპლექსსონოგრაფიას, ფლებოგრაფიას.

  • თუ შეიძლება, განუმარტეთ მკითხველს კვლევის თითოეული მეთოდის არსი. რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი და რა ინფორმაციას აწვდის ექიმს?

დავიწყოთ დუპლექსსონოგრაფიით. ის ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია, რომლის საშუალებითაც ხდება სისხლძარღვის (ამ შემთხვევაში - ვენის) ანატომიურ-სტრუქტურული ვიზუალიზაცია. ეს უკანასკნელი გულისხმობს ინფორმაციის მიღებას ვენის სანათურის, მისი კედლის სისქისა და მთლიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, ვენები თავისებური სისხლძარღვებია. არტერიებისგან განსხვავებით, მათი ენდოთელური გარსი (იგივე ინტიმა ანუ შიგა გარსი) ნაოჭების სახით განვითარებულ სარქვლებს შეიცავს. სარქვლები ხელს უშლის სისხლის უკუდინებას და სხვა ფიზიკურ (მექანიკურ) ფაქტორებთან ერთად, როგორიც არის, მაგალითად, კუნთების შეკუმშვა, მათი ზეწოლა ვენის კედელზე, - უზრუნველყოფს სისხლის პერიფერიიდან გულისაკენ დენას. სარქვლები განსაკუთრებით ბევრია ქვედა კიდურების ვენებში (ვერტიკალური დგომის პირობებში მაღალი ჰიდროსტატიკური წნევის გამო).

იმ დაავადებათა უმეტესობა, რომლებსაც ქვედა კიდურების ვენურ უკმარისობამდე, თრომბოფლებიტამდე, თრომბოზამდე ან პოსტთრომბოფლებიტურ მდგომარეობამდე მივყავართ, ძირითადად ვენების ანატომიური და ფიზიოლოგიური ცვლილებებით არის განპირობებული. ეს ცვლილებებია ვენის გადიდება, შემცირება, მისი კედლის მთლიანობის დარღვევა, მასში თრომბული მასების არსებობა. ყოველივე ეს იოლად ვლინდება და დიაგნოსტირდება ულტრაბგერითი გამოკვლევით.

რაც შეეხება ფუნქციურ ნაწილს, თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურა სისხლძარღვის ანატომიურ თავისებურებებთან ერთად მისი ფიზიოლოგიური პარამეტრებისა და, შესაბამისად, ფუნქციური მახასიათებლების შესწავლის საშუალებასაც იძლევა. ასეთი გამოკვლევა გახლავთ დოპლეროგრაფია. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი ეფუძნება ავსტრიელი ექიმისა და ფიზიოლოგის - დოპლერის ეფექტს.

მისი არსი ასეთია: მოძრავი ობიექტი ულტრაბგერებს აირეკლავს, მისი მოძრაობის სიჩქარეზე დამოკიდებულებით კი ბგერების სიხშირე იცვლება. თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ დოპლეროგრაფებს აქვს სპეციალური ნატიფი გადამცემი, რომელიც ულტრაბგერით ტალღებს ადამიანის კანიდან ღრმა ქსოვილებისკენ აგზავნის. ეს ტალღები გზად სისხლძარღვებსაც გაივლის, ამ უკანასკნელთა სანათურში კი მოძრავი სისხლის (კერძოდ, მისი ფორმიანი ელემენტების, ძირითადად, ერითროციტების) გამო ტალღების სიხშირე იცვლება. აღნიშნულ ცვლილებებს მიმღები აღიქვამს, ხოლო აპარატის მიერ დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დგინდება ყველა ის პარამეტრი, რომელიც ნორმას ან გადახრას შეესაბამება.

თანამედროვე დოპლეროგრაფიული გამოკვლევა საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ვენაში სისხლის ნაკადის სიჩქარე და წნევა, მიმართულება და სხვა თავისებურებანი, გამოვლინდეს ვენის დაზიანება, მისი პათოლოგიური შევიწროება ან გაგანიერება, ათეროსკლეროზული ფოლაქები თუ თრომბული მასები, შეფასდეს სისხლძარღვის (ამ შემთხვევაში - ვენის) გამავლობა, საზოგადოდ, მისი მდგომარეობა და მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დოპლეროგრაფიული გამოკვლევით შეგვიძლია, გავარკვიოთ, პერიფერიიდან გულისკენ მიედინება სისხლი ვენურ კალაპოტში (როგორც არის ეს ნორმალურ პირობებში) თუ ხდება უკუდენა (მაგალითად, ღრმა ვენური უკმარისობის, ვენების ვარიკოზული პათოლოგიის დროს).

  • ვენური სისხლის ნაკადის ფიზიოლოგიურ უკუდენაზე რას გვეტყვით, უმთავრესად როდის ხდება ის?

რა თქმა უნდა, ვენურ კალაპოტში სისხლის მცირედი უკუდენა აღინიშნება ხოლმე. მაგალითად, სტრესულ სიტუაციაში, სიმძიმის აწევისას, დიდი ფიზიკური დატვირთვისა და მძიმე ვარჯიშების შესრულებისას. ვენებში არსებული სარქვლოვანი აპარატი სწორედ ამ უკუდენისგან თავდაცვის საშუალებაა. სისხლის ნაკადის უკუმიმართულებით გადაადგილებისას ქვედა კიდურების ჯანმრთელ ვენებში არსებული სარქვლები აფრისებურად იშლება და სისხლის უკუდენას ხელს უშლის.

ნორმალური რეფლუქსი ვენური სისხლის მიმოქცევის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური თავისებურებაა, მაგრამ როდესაც ის ნორმის ზღვარს გადადის და, რაც მთავარია, როდესაც ქვედა კიდურებში გამოხატულია ვენური ძარღვების პრობლემა, - ვენური ტონუსის დაქვეითება, სარქვლოვანი აპარატის სისუსტე, ვენის კედლის გათხელება, მისი ესა თუ ის პათოლოგიური ცვლილება, - ვენებში სისხლის უკუდენის შეკავება ვეღარ ხერხდება, სარქვლები ვეღარ აკავებს სისხლის ნაკადს, ვითარდება ვენური რეფლუქსი, ვენებში წნევა იმატებს, ხდება მათი სისხლით გადავსება, გაგანიერება, ვითარდება კიდურის შეშუპება, პიგმენტაცია და სხვა სიმპტომები.

  • ქვედა კიდურების ვენების პათოლოგიის ხელშემწყობი ფაქტორებიდან რომელს გამოყოფდით?

ქვედა კიდურების ვენური უკმარისობისა და ვარიკოზული დაავადების მთავარი რისკფაქტორებია:

  1. მემკვიდრეობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ცალკე აღებული მემკვიდრეობითი ფაქტორი არ შეიძლება ჩაითვალოს პათოლოგიის გამომწვევ ძირითად მიზეზად;
  2. სიმსუქნე - ვარიკოზული დაავადების განვითარების დამტკიცებული რისკფაქტორია. ეს დაავადება ჭარბწონიანების მესამედზე მეტს აწუხებს;
  3. ცხოვრების წესი - დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა იწვევს ვენური სისტემის გადაძაბვას, გენეტიკურად მიდრეკილ პირებში კი ქვედა კიდურების ვენური უკმარისობის განვითარების მაღალ ალბათობას ქმნის;
  4. დისჰორმონული მდგომარეობები - ცნობილია, რომ ესტროგენი, პროგესტერონი და მათი წარმოებულები იწვევს ვენური ტონუსის შემცირებას, ვენურ სტაზს და ხელს უწყობს არსებული პრობლემის გააქტიურებას;
  5. ორსულობა - ტრადიციულად, ქვედა კიდურების ვენური პათოლოგიის ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორად მიიჩნევა. ეპიდემიოლოგია იმასაც გვიჩვენებს, რომ ამ საფრთხის წინაშე ქალებს პირველი კი არა, უფრო მეტად მეორე და მომდევნო ორსულობები აყენებს (დაავადების სარწმუნო მომატება 20-30%-ით).

მინდა, ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ვენური პათოლოგიის განვითარებას ძირითადად ცალკე აღებული კონკრეტული ფაქტორი კი არა, უმეტესად ჩამოთვლილი ფაქტორების თანხვედრა და შეჭიდულობა განსაზღვრავს.


  • როდის არის აუცილებელი ფლებოგრაფიის ჩატარება? ინფორმაციულობის თვალსაზრისით რა უპირატესობა აქვს ამ გამოკვლევას? აქვს თუ არა გართულება და როგორია მისი უკუჩვენება?

- ფლებოგრაფია ვენების რენტგენოკონტრასტული გამოკვლევაა. ის ქვედა კიდურების ღრმა ვენების გამოკვლევის საუკეთესო მეთოდად არის მიჩნეული. ეს იმიტომ, რომ დოპლეროგრაფიული გამოკვლევით ვერ ხერხდება ღრმა ვენების მდგომარეობის სათანადო შესწავლა-შეფასება. მოგეხსენებათ, არსებობს ზედაპირული, ღრმა და კომუნიკაციური ვენები. მიუხედავად იმისა, რომ ღრმა ვენები შესწავლის თვალსაზრისით რამდენადმე მიუდგომელია, მათი მდგომარეობის შეფასება და ანალიზი მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. სწორედ ამისთვის არის მოწოდებული ფლებოგრაფია.

ზემოთ ნახსენები ორი არაინვაზიური (არაინვაზიურობა ნიშნავს იმას, რომ არ ხდება ორგანიზმში ჩარევა, მისი მთლიანობის დარღვევა) გამოკვლევისგან განსხვავებით, ამ დროს ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება და ვენურ ძარღვებში მის გადაადგილებას აკვირდებიან. პირდაპირი ფლებოგრაფიის დროს რენტგენოკონტრასტული ნივთიერება უშუალოდ ვენის სანათურში შეიყვანება სისხლის გადაადგილების პირდაპირი ან უკუმიმართულებით, შესაბამისად, რეტროგრადულად ან ანტერიოგრადულად.

ფლებოგრაფიით ირკვევა, თავისუფლად, დაუბრკოლებლად გაივლის გზას ნივთიერება ვენურ კალაპოტში თუ დაბრკოლებას აწყდება, სად, რომელ მონაკვეთში ხვდება ეს დაბრკოლება, სად არის ავსების დეფექტი ან სხვა სახის პრობლემა, დგინდება დაავადების სახე, მიმდინარეობა, ზუსტად განისაზღვრება ვენური სისტემის მდგომარეობა რაციონალური მკურნალობის შესამუშავებლად.

დიაგნოსტიკის სხვა მეთოდების მსგავსად, დღეს ფლებოგრაფიაც მაქსიმალურად დახვეწილია. იყო დრო, როდესაც კონტრასტინდუცირებული ნეფროპათია მეტად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენდა. დღეს საკონტრასტო ნივთიერება (არაიმუნური იზოოსმოლარული) გაცილებით სრულყოფილია, ორგანიზმისათვის უსაფრთხო, ნაკლებალერგიული და ტოქსიკური. ამის კვალობაზე, გართულებებიც იშვიათია. ისიც აღსანიშნავია, რომ კონტრასტულ ნივთიერებას ორგანიზმში დიდხანს დაყოვნების საშუალება არ ეძლევა, დაყოვნების პერიოდი მაქსიმალურად არის შემცირებული. სწორედ მისი დროულად გამოდევნის მიზნით ხდება გამოკვლევამდე პაციენტის შესწავლა, მისი შარდგამომყოფი სისტემის მდგომარეობის, კერძოდ, თირკმელების ფუნქციის შეფასება, აქედან გამომდინარე, მისი მომზადება, შარდმდენი საშუალებებით ორგანიზმის დატვირთვა და სხვა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დიაბეტური და სხვა სახის ნეფროპათიით დაავადებულთა ფლებოგრაფიული გამოკვლევა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს.

დიაგნოსტიკის დასახელებული მეთოდისთვის უკუჩვენებაა თირკმლის პათოლოგიები, ორგანიზმის ალერგიული და სხვა მდგომარეობები, რომელთა შეფასება და ანალიზი ექიმ სპეციალისტთა პრეროგატივაა.

  • პროფილაქტიკური გამოკვლევების შესახებ რას ურჩევთ მკითხველს? ვისთვის არის მათი ჩატარება რეკომენდებული?

მკითხველს ვურჩევ, ქვედა კიდურების ვენების პათოლოგიის მაუწყებელი სიმპტომების გამოვლენისას (ფეხების ხშირად დაღლა, სიმძიმის შეგრძნება, მოუსვენარი ფეხების შეგრძნება, ვენური ქსელის გამოხატვა, იმის შემჩნევა, რომ ვენური ქსელი არაბუნებრივად დაიკლაკნა, რომ ერთი ფეხი მეორეზე მეტად შუპდება, სივდება და სხვა) დროულად მიმართოს ანგიოლოგს.

რა მსუბუქად მიმდინარეც უნდა გვეგონოს ქვედა კიდურების ვენების მწვავე ან ქრონიკული პათოლოგია, მაინც შეიძლება, ის საშიშ გართულებამდე მივიდეს. უამრავი ადამიანი ვენების ვარიკოზული პათოლოგიით, ქვედა კიდურების ვენური უკმარისობით წლობით ცხოვრობს, მაგრამ საკმარისია, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის მდგომარეობაში აღმოჩნდეს ან რაიმე მიზეზით კიდურის იმობილიზაცია მოუწიოს, რომ შესაძლოა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ძალზე საშიში თრომბოემბოლიური გართულების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. მოგეხსენებათ, თრომბოემბოლია კვლავინდებურად რჩება ჰოსპიტალურ გართულებებს შორის ყველაზე საშიშ, გავრცელებულ და, აქედან გამომდინარე, აქტუალურ პრობლემად. ღრმა ვენური თრომბოზების მიზეზად ვირხოვმა ჯერ კიდე 100 წლის წინ გამოყო ტრიადა:

1) ტრავმა;

2) ჰიპერკოაგულაცია (გენეტიკური ან მედიკამენტური, მაგალითად, ორალური კონტრაცეპტივების მიღება);

3) სტაზი (განსაკუთრებით - პოსტოპერაციულ და ხანგრძლივად მწოლიარე პაციენტებში). ამიტომაც აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ვარჯიში, ფეხით სიარული, სირბილი, რისკფაქტორების (ხანგრძლივად ფეხზე დგომა, ჯდომა, ქვედა კიდურების იმობილიზაცია, ჭარბი წონა და სხვა) არსებობის შემთხვევაში მათი გათვალისწინება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა მიზანმიმართულად გატარება, ანგიოლოგთან დროულად მისვლა, კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში კი სათანადო გამოკვლევისა და დანიშნული მკურნალობის ჩატარება.