საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება - სიმპტომები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება - სიმპტომები და მკურნალობა

  • ღვიძლის ციროზი,
  • ღვიძლის სიმსივნეები,
  • ღვიძლის ვენების თრომბოფლებიტი (კიარის სინდრომი),
  • კარის ვენის ანომალიები ან მასზე ზეწოლა,
  • ზედა ღრუ ვენაზე ზეწოლა,
  • გულის უკმარისობის დროს სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში წნევის აწევა.

როგორც ხედავთ, მიზეზი შეიძლება იყოს პათოლოგიური პროცესი უშუალოდ ღვიძლში, ან სხვა ისეთი დაავადებები, რომელთა დროს ზეწოლას განიცდის კარის ვენა. კარის ვენა წარმოადგენს მსხვილი კალიბრის სისხლძარღვს, რომლის მეშვეობით ღვიძლისკენ მიედინება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან შეკრებილი სისხლი. როგორც ვიცით, ღვიძლს მრავალი ფუნქცია აქვს. ერთ-ერთია დეზინტოქსიკაციური ფუნქცია, ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წამოსულმა სისხლმა უნდა გაიაროს ღვიძლი და, მარტივად რომ ვთქვათ, გაიფილტროს ორგანიზმისთვის მომწამლავი ნივთიერებებისგან. სწორედ ღვიძლის ციროზით ან სიმსივნით გამოწვეული ცვლილებები იწვევს დაბრკოლებას სისტემაში, რაც დროთა განმავლობაში საყლაპავისა და კუჭის ზედა ნაწილის ვენათა ვარიკოზული გაგანიერებით გამოიხატება.

- რა ასაკში უფრო ხშირად გვხვდება, მამაკაცებში უფრო ხშირია თუ ქალებში და რატომ?

- დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ეს დამოკიდებულია ძირითადი დაავადების ჩამოყალიბებაზე, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვენების გაგანიერება ხშირად სხვა დაავადების გართულებას წარმოადგენს. სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მამაკაცები ავადდებიან ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ქალები და ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ ცხოვრების წესში. მამაკაცები უფრო ხშირად მოიხმარენ ალკოჰოლიან სასმელებს, ნარკოტიკებს და სხვა, რაც ხელს უწყობს ვირუსული ჰეპატიტებისა და ღვიძლის ციროზის განვითარებას. ასაკი საშუალოდ 50 წელია.

- რა სიმპტომები ახასიათებს?

- საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი პირველი გამოვლინება ხშირად სისხლდენაა, მაგრამ ზოგჯერ გამოხატულია უმნიშვნელო სიმპტომატიკა: გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, რომელიც გადაფარულია ძირითადი დაავადების, მაგალითად, გულის უკმარისობის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადების სიმპტომებით.

- რა გართულებებია მოსალოდნელი?

- მთავარი გართულებაა სისხლდენა. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენებიდან ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების წილი სულ 6%-ია. სიხშირით პირველ ადგილზეა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან განვითარებული სისხლდენა - 50-60%-ია, შემდეგ მოდის სიმსივნეები, გასტრიტები და სხვა დაავადებები.

- როგორი შეიძლება იყოს სისხლდენა კუჭიდან, საყლაპავიდან? რა ფერისაა სისხლი?

- ხშირად სისხლდენა პროფუზულია, პაციენტს აქვს პირღებინება დიდი რაოდენობით ალისფერი სისხლით კოლტებთან ერთად. თუ სისხლი მოხვდა კუჭში, შესაძლოა, მასა იყოს ყავის ნალექისმაგვარიც, რადგან კუჭის წვენთან შერევისას სისხლი იცვლის ფერს. მოგვიანებით ჩნდება შავი, კუპრისფერი განავალი.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

- დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდს წარმოადგენს ეზოფაგოსკოპია. იგი ტარდება სპეციალური დრეკადი ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც საშუალებას იძლევა შიგნიდან დათვალიერდეს ლორწოვანი გარსი და აღმოაჩინოს იქ არსებული ცვლილებები. სისხლდენის შემთხვევაში რენტგენოსკოპია არ გამოიყენება.

- ლაბორატორიული მონაცემებიდან რა იპყრობს ყურადღებას?

- სისხლის დანაკარგვის შემდეგ გამოხატულია ანემიისთვის დამახასიათებელი სურათი, დაბალია ჰემოგლობინი, მცირდება ერითროციტების რაოდენობა და სხვა. ასევე გამოხატულია ლეიკოციტების, თრომბოციტების და პროტეინების დონის დაცემა, ბილირუბინის დონის მომატება. დარღვეულია ღვიძლის ფუნქციები.

- სისხლდენის შემთხვევაში შეიძლება თუ არა დიაგნოსტიკისთვის ეზოფაგოსკოპიის გამოყენება?

- ეზოფაგოსკოპია სისხლდენის დროს ერთადერთი მეთოდია, რომელიც იძლევა ზუსტი დიაგნოსტიკის საშუალებას. მისი მეშვეობით შესაძლებელია ვენების გაგანიერების ხარისხის, მათი რაოდენობისა და ლოკალიზაციის დადგენა (ანუ მხოლოდ საყლაპავშია გაგანიერება თუ კუჭიც ჩართულია პროცესში). პარალელურად შეიძლება აღმოჩენილ იქნეს წყლულოვანი დაავადება და კონკრეტულ შემთხვევაში წყლული იყოს სისხლდენის მიზეზი. ეზოფაგოსკოპიის ჩატარება არ შეიძლება: ღვიძლისმიერი კომის დროს, აგონიურ მდგომარეობაში, გაგრძელებული სისხლდენის დროს, როდესაც მდგომარეობა ითვლება პრემორტალურად, კოაგულოპათიის დროს, რომელიც არ ემორჩილება კორეგირებას.


- რას ითვალისწინებს მკურნალობა?

- ასეთი ავადმყოფი უნდა მოთავსდეს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები, შესაბამისი ინფუზიური თერაპია ანუ ინტრავენური გადასხმა, გადაესხმება სისხლის კომპონენტები, გაუკეთდება სისხლდენის შემაჩერებელი პრეპარატების ინექცია და სხვა. ეს პაციენტები მიეკუთვნებიან მძიმეთა კატეგორიას და მკურნალობა უტარდებათ ინდივიდუალური ცვლილებების გათვალისწინებით. აუცილებელია კუჭის ზონდირება მსხვილი კალიბრის ზონდით და მისი გათავისუფლება ჩაღვრილი სისხლისა და კოლტებისაგან. სისხლდენის შეჩერების მიზნით იყენებენ ბლეკმორის ორბალონიან ზონდს. ამ ზონდის ერთი ბალონი თავსდება კუჭის საყლაპავთან მდებარე ნაწილთან, მეორე კი საყლაპავში. ბალონების გაბერვა იწვევს კუჭის და საყლაპავის ვენებზე ზეწოლას და აჩერებს სისხლდენას. ზონდის მეშვეობით შესაძლებელია კუჭის არასასურველი შიგთავსისაგან დაცლა და კვება.

- როგორი უნდა იყოს ცხოვრებისა და კვების რეჟიმი?

- უწინარესად, დამზოგველი. არ არის რეკომენდებული მძიმე ფიზიკური შრომა - ეს გამოიწვევს სისხლძარღვებში წნევის მომატებას. პაციენტს ესაჭიროება დიეტა: საჭმლის მიღება დღეში 4-6 ჯერ. ვახშამი - დაძინებამდე 4 საათით ადრე, საჭმელი მექანიკურად და თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული. არ შეიძლება ძალიან ცხელი ან ცივი საჭმლის მიღება. ნებადართულია ნაკლებცხიმიანი “ტყუილი” სუპები, ფაფები, მოხარშული ან ორთქლით დამუშავებული ხილი და ბოსტნეული, ნაკლებცხიმიანი ხორცი და თევზი, ჭყინტი უმარილო ყველი, დაბალცხიმიანი ხაჭო. იკრძალება: ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე, მარილიანი, შემწვარი, ორცხობილა, ალკოჰოლი და გაზიანი სასმელები, ყავა, შოკოლადი, ცხიმიანი ბულიონი და ხორცის ნახარშები, უმი ხილი და უხეში გარსის მქონე ბოსტნეული. სასურველია, ეს დიეტა იყოს მუდმივი, რადგან დაავადება ქრონიკულია და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

- როდის დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი?

- ქირურგიული მკურნალობის საკითხი დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც მედიკამენტური მკურნალობა არ იძლევა სათანადო შედეგს. მინდა აღვნიშნო, რომ ღვიძლის დაავადებების ყველა სტადია, რომელიც იწვევს საყლაპავის ვენების გაგანიერებას, საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას. ეს არის ერთადერთი რადიკალური ოპერაცია, რომელიც გამოიწვევს პაციენტის გამოჯანმრთელებას. სხვა საკითხია, რომ ეს ოპერაციები საქართველოში, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ჯერ არ ტარდება. ყველა სხვა ოპერაცია ატარებს პალიატიურ ხასიათს, წარმოადგენს სასოწარკვეთილების ოპერაციას და ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა - ყოველი მეორე შემთხვევა მთავრდება ლეტალურად. წარმატებულად ჩატარებული შუნტირების ოპერაციები კი იწვევს ენცეფალოპათიას, რადგან თავის ტვინს ღვიძლის გვერდის ავლით მიეწოდება “გაუფილტრავი” სისხლი. სწორედ ამიტომ უკანასკნელ ათწლეულებში საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მკურნალობაში სულ უფრო ხშირად მიმართავენ ენდოსკოპიურ მეთოდებს.

- კუჭიდან და საყლაპავიდან ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენის მკურნალობის ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული ვენების ენდოსკოპიური ლიგირება. რაში მდგომარეობს ამ მეთოდის არსი?

- როგორც მოგახსენეთ, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება წარმოადგენს პორტული ჰიპერტენზიის სერიოზულ გამოვლინებას, რომელიც შემთხვევათა 30%-ში რთულდება პროფუზული სისხლდენით. ოპერაციული მკურნალობა ატარებს პალიატიურ ხასიათს და გამოირჩევა მაღალი - 30-40%-იანი ლეტალობით. კონსერვატიული მკურნალობისას ლეტალობა კიდევ უფრო მაღალია - 30-50%-ს აღწევს. ვიდრე ლიგირებაზე გადავიდოდეთ, არ შემიძლია არ შევეხო სკლეროთერაპიას, რომელიც 1972 წლიდან ითვლებოდა ვენების ენდოსკოპიური მკურნალობის ოქროს სტანდარტად. ლიგირება ნიშნავს ვენის სანათურში ან მის გასწვრივ ლორწოვანის ქვეშ სხვადასხვა მასკლეროზირებელი ნივთიერების შეყვანას (0,5-1% ეთოკსისკლეროლი, პოლიდოკონოლი, 1-3% თრომბოვარი, 30% ეთილის სპირტი და სხვ.) 5-10 დღის შემდეგ ვენებში ვითარდებოდა ანთებითი მოვლენები და ვენები ითრომბებოდა. მაგრამ ამ მეთოდს აქვს უარყოფითი მომენტები: შემთხვევათა 18%-ში ვითარდება ღრმა წყლულები და ინფექცია, უფრო იშვიათად - ნეკროზული უბნები, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია, პერიკარდიტი, პლევრიტი. 1988 წლიდან პოპულარული გახდა ვენების ენდოსკოპიური ლიგირება და თუ ადრე ენდოსკოპიურ მკურნალობას მიმართავდნენ მხოლოდ უკიდურესად მძიმე ფორმის ღვიძლის ციროზის, ასციტის, სიყვითლის და თანმხლები პათოლოგიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებთან, ბოლო წლებში ლიგირება, როგორც დამზოგველი, ტექნიკურად შედარებით ადვილად შესასრულებელი და ეფექტური მეთოდი, გამოიყენება ყველა პაციენტის სამკურნალოდ. მეთოდის არსი ასეთია: ენოსკოპის ბოლოზე წამოაცვამენ ცილინდრს, რომელზეც მოთავსებულია 4, 6 ან 10 ლატექსის რგოლი. ენდოსკოპის ზედა ნაწილზე მოთავსებულია სამართავი სახელური, რომელიც ენდოსკოპის ბიოფსიური არხის მეშვეობით დაკავშირებულია თითოეულ რგოლთან. ეზოფაგოსკოპიის ჩატარების დროს ვაკუუმის მეშვეობით ხდება ვენის შეწოვა აღნიშნულ ცილინდრში, რის შემდეგაც სამართავი სახელურის გადატრიალებით რგოლი წამოეცმება შეწოვილ ვენას. შემდეგ ვენა ჰაერის დაბერვით ენდოსკოპიდან უბრუნდება თავის ადგილს. რამდენიმე დღის შემდეგ კვანძი ნეკროზდება და შორდება. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ კვანძის მოშორების შემდეგ რჩება ლორწოვანის მხოლოდ ზედაპირული დეფექტები. გართულებების რიცხვი მნიშვნელოვნად დაბალია და არ აღემატება 2-3 %-ს. შესაბამისად ნაკლებია ინფექციური გართულებებიც - არ აღემატება 1-2%-ს.

- ლიგირების რამდენი პროცედურაა საჭირო და რაზეა ეს დამოკიდებული?

- ლიგირების სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია ვენების რაოდენობასა და მათ სიგრძეზე. საშუალოდ საკმარისია 2-3 სეანსი, რომ ყველა ვენა იქნეს ლიგირებული.

- როდის კეთდება გეგმურად და როდის - მწვავედ?

- საყლაპავის ვენების ლიგირება გეგმურად ტარდება სისხლდენის პროფილაქტიკის მიზნით, ან სისხლდენის შემდეგ განმეორებითი სისხლდენის თავიდან ასაცილებლად. სისხლდენის ფონზე მანიპულაცია ითვლება სასწრაფოდ.

- რას ურჩევდით ამ რისკჯგუფში შემავალ პაციენტებს?

- უპირველესად, პაციენტებმა უნდა დაიცვან სათანადო ცხოვრების წესი და დიეტა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. დაავადება ქრონიკულია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ პერიოდულად საჭიროა გასტროენტეროლოგის და ჰეპატოლოგის კონსულტაცია მკურნალობისა და დიეტის მონიტორინგისა და კორექციისთვის.