ჩიყვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩიყვი

ყელზე კვანძების გაჩენა ან მისი მასიური გამობერილობა, აღგზნებადობა, ტაქიკარდია, ოფლიანობა, ხელების ტრემორი - ეს ის ნიშნებია, რომელთა შემჩნევისას ადამიანი ფიქრობს, რომ ჩიყვი აქვს, მაგრამ ყოველთვის ასე როდია! მოსახლეობაში ჩიყვს იოდის დეფიციტს მიაწერენ. რასაკვირველია, იოდის უკმარისობა შეიძლება ჩიყვის მიზეზად იქცეს, მაგრამ მას მრავალი სხვა მიზეზიც აქვს.

დაავადებაა ჩიყვი თუ რომელიმე დაავადების სიმპტომი?

ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ნიშნავს. ის დაავადება კი არა, არამედ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ერთ-ერთი ნიშანია. გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის უკან შეიძლება სხვადასხვა დაავადება იდგეს. ჯანმრთელი ადამიანის ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის - გარემო ფაქტორებზეც, წონა კი საშუალოდ 15-25 გრამია. როცა მისი ზომა ამაზე მეტია, ვსაუბრობთ ჩიყვზე. რაც შეეხება თავად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:

  • ენდემური ჩიყვი;
  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი;
  • თირეოტოქსიკური ადენომა;
  • მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ჩიყვი?

ჩიყვის მიზეზად მრავალი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადება შეიძლება იქცეს. ფარისებრი ჯირკვლის გადიდება შეიძლება გამოიწვიოს აუტოიმუნურმა პროცესებმა, იოდის დეფიციტმა, თავად ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონის წარმოქმნის პროცესის დარღვევამ, მაგალითად, რომელიმე ფერმენტის დეფიციტის გამო... განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც. სტრუმოგენურ ფაქტორთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია. ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებებიდან შეიძლება გამოვყოთ აუტოიმუნური ჰიპერთირეოზი - დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი, იგივე გრეივსის დაავადება. ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ზემოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და მის გადიდებას იწვევს. ხდება ისეც, თუმცაღა ძალიან იშვიათად, რომ გრეივსის დაავადების დროს ფარისებრი ჯირკვლის ზომა ნორმის ფარგლებშია. არსებობს ისეთი აუტოიმუნური დაავადებებიც, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არათუ არ იზრდება, არამედ ატროფიასაც კი განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქციური მდგომარეობა (ჰორმონული სტატუსი) შეცვლილია.

ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადებებია უფრო მეტად გავრცელებული?

ახალგაზრდა ქალებში უფრო მეტად გავრცელებულია აუტოიმუნური პროცესებით გამოწვეული დაავადებები. ესენია:

  • ქრონიკული თირეოიდიტი;
  • ქვემწვავე თირეოიდიტი;
  • ორსულობის შემდგომი თირეოიდიტი;
  • დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი.

იოდდეფიციტურ რეგიონებში კი გავრცელებულია ე.წ. იოდდეფიციტური დაავადებები.

რა შუაშია იოდი?

ჩიყვის ეტიოლოგიური მიზეზი არ არის მხოლოდ იოდის დეფიციტი. იოდი სუბსტრატია და საჭიროა იმისთვის, რომ ფარისებრმა ჯირკვალმა წარმოქმნას ჰორმონი თიროქსინი. შესაძლოა, ადამიანმა მიიღოს სათანადო რაოდენობის იოდი გარემოდან, მაგრამ ორგანიზმში მიმდინარე აუტოიმუნური პროცესების გამო ფარისებრი ჯირკვლის დაავადება მაინც განუვითარდეს. საქმე ის არის, რომ ადამიანი კი იღებს საჭირო რაოდენობის იოდს, მაგრამ ზოგჯერ დარღვეულია ჰორმონის წარმოქმნის პროცესი - იოდმა თიროქსინის წარმოქმნამდე 4 სტადია უნდა გაიაროს, შესაძლოა, რომელიმე სტადიაზე იყოს დეფექტი და ჰორმონი არ წარმოიქმნას.


რა არის ენდემური ჩიყვი?

იოდის სათანადო რაოდენობით მოხმარება ფარისებრი ჯირკვლის ცხოველქმედების აუცილებელი პირობაა. იოდს ადამიანი იღებს წყალსა და საკვებთან ერთად. რაც უფრო ვშორდებით ზღვის დონეს და მაღლა ავდივართ, მით უფრო იზრდება გარემოში იოდდეფიციტი. როდესაც ადამიანი მუდმივად ცხოვრობს იოდდეფიციტურ გარემოში, იგი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოსაქმნელად საკმარის სუბსტრატს ვერ იღებს. ამ მიკროელემენტის ნაკლებობა, უპირველესად, აისახება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასა და სტრუქტურაზე, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდა-განვითარებასა და ფუნქციობის მრავალ ასპექტზე. ორგანიზმის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ფარისებრი ჯირკვალი გაძლიერებულ რეჟიმში იწყებს მუშაობას, შედეგად იგი იზრდება და ყალიბდება ჩიყვი (კომპენსატორული ჰიპერპლაზია). თანდათანობით ჩნდება კვანძებიც - უჯრედთა ავტონომიური გროვები. ამიტომაც არის იოდდეფიციტურ ზონაში საკმაოდ ხშირი კვანძოვანი ჩიყვი.

როდის მიიჩნევა გეოგრაფიული არეალი იოდდეფიციტურ ანუ ენდემურ ზონად?

იოდდეფიციტურ ანუ ენდემურ ზონად მიიჩნევა ისეთი გეოგრაფიული არეალი, სადაც ფარისებრი ჯირკვლის გადიდება (I ხარისხისაც კი) ბავშვებსა და მოზარდებში აღენიშნება 5%-ს და მეტს, ხოლო ზრდასრულებში - 30%-ს და მეტს.

რას უჩივის ავადმყოფი ენდემური ჩიყვის დროს?

ენდემური ჩიყვის კლინიკური გამოვლენა დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობასა და ჰიპერპლაზიის ხარისხზე. აქედან გამომდინარე, ავადმყოფს ჩივილები შესაძლოა არ ჰქონდეს ან აღენიშნებოდეს საერთო სისუსტე, ადვილად აღგზნებადობა, ადვილად დაღლა, თავის ტკივილი. ფარისებრი ჯირკვლის მკვეთრი გადიდება იწვევს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას, რასაც მოჰყვება ხველა, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება, ხმის შეცვლა და ა.შ. სხვა ჩივილები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებასთან დაკავშირებულია მაშინ, თუ მისი ჰორმონული სტატუსი შეცვლილია. მაგალითად, ეუთირეოიდული ჩიყვის დროს სიმპტომები არ შეინიშნება, ხოლო ჰიპოთირეოიდული ენდემური ჩიყვის შემთხვევაში ვითარდება ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი: საერთო სისუსტე, აპათია, წონის მატება, კანის სიმშრალე, ბრადიკარდია, ყაბზობა.

რა არის გრეივსის დაავადება?

გრეივსის დაავადებას უწოდებენ დიფუზურ-ტოქსიკურ ჩიყვს, იმავე ბაზედოვის დაავადებას. “დიფუზურ-ტოქსიკური” შედარებითი ტერმინია. მართალია, ამ დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება, მაგრამ არც სხვა სტრუქტურული ცვლილებებია გამორიცხული.

რა სიმპტომებით მიმდინარეობს გრეივსის დაავადება?

კლასიკური მიმდინარეობისას დაავადების ნიშნები თანდათანობით ყალიბდება, თუმცა შესაძლოა მათი სწრაფი განვითარებაც. ყურადღებას იქცევს ისეთი მოვლენები, როგორებიცაა ემოციური აღგზნებადობის მომატება, კიდურებისა და კუნთების ცახცახი, გაძლიერებული ოფლიანობა, გულისცემის მომატება, დეფეკაციის გახშირება, მადის გაძლიერების ფონზე წონის კლება, საერთო სისუსტე, შრომის უნარის შესამჩნევი დაქვეითება. ამ მოვლენებს ხშირად თან ახლავს ცვლილებები მხედველობის ორგანოს მხრივ: თვალის ნაპრალის გაფართოება, ქუთუთოების შეშუპება, თვალის კაკლების წინ წამოწევა, ცრემლდენა, წვის შეგრძნება, სიწითლე და სხვა. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დროს აღინიშნება თავისებური დერმოპათია, რომელსაც ლოკალური მიქსედემა ეწოდება. ის უფრო იშვიათია, ვიდრე ოფთალმოპათია. ამ დროს ზიანდება (ფორთოხლის ქერქს მოგვაგონებს) წვივის წინა ზედაპირის კანი.

რა კავშირია ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ხარისხსა და დაავადების სიმძიმეს შორის?

ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ხარისხი ხშირად არ შეესაბამება დაავადების სიმძიმეს. არცთუ იშვიათად დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის გამოხატული კლინიკური ფორმის დროს ჯირკვალი უმნიშვნელოდაა გადიდებული. ანუ დაავადების სიმძიმე ჯირკვლის ზომაზე არ არის დამოკიდებული - უფრო მნიშვნელოვანია ჯირკვლის სტრუქტურა, ჰორმონული ბალანსი და სხვა.

როდის რთულდება მდგომარეობა თირეოტოქსიკური კრიზით და რით გამოიხატება იგი?

ასეთი გართულება იშვიათია, რადგან ავადმყოფები, წესისამებრ, მკურნალობენ და ამ მდგომარეობამდე საქმე არ მიჰყავთ. თირეოტოქსიკური კრიზი მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში მწვავე მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს თირეოტოქსიკოზის ყველა კლინიკური სიმპტომის გაძლიერება. კერძოდ, შეინიშნება ფსიქიკური და მოტორული აღგზნებადობა, რაც ხშირად ფსიქოზამდეც კი მიდის ან, უფრო იშვიათად, ძილიანობით გამოიხატება და კომურ მდგომარეობამდეც კი მივყავართ. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, მოხრჩობის შეგრძნება, ტკივილი გულის არეში, ძლიერი ტაქიკარდია. ხშირად დიდდება ღვიძლი და ელენთა. თირეოტოქსიკური კრიზის დროს სიყვითლის გამოვლენა ღვიძლის უკმარისობაზე მეტყველებს, რაც ძალზე მძიმე გართულებად მიიჩნევა.

შესაძლოა თუ არა, მოხდეს კვანძის მალიგნიზაცია?

მალიგნიზაცია ანუ გაავთვისებიანება, რასაკვირველა, შესაძლებელია, ამიტომ, თუ კვანძი ეჭვს იწვევს, აუცილებელია მისი ქირურგიული გზით მოცილება.

როგორ მიმდინარეობს ჩიყვი ბავშვებში და რა თავისებურებები ახასიათებს მას?

ბავშვებში საგულისხმოა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტი, რადგან ეს მათ გონებრივ განვითარებაზე აისახება.

აუცილებელია თუ არა, ყველა ბავშვს ჩაუტარდეს გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე?

თუ ბავშვი გონებრივად ნორმალურად ვითარდება, არ აქვს მემკვიდრეობითი დატვირთვა (განსაკუთრებით - დედის მხრიდან), არ ცხოვრობს იოდდეფიციტურ რეგიონში და ნორმალურად იკვებება, საშიში არაფერია.


როგორ ხდება ჩიყვის დიაგნოსტირება?

დიდი ზომის ჩიყვი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, უფრო მცირე ზომის ჩიყვის აღმოჩენა კი ექიმს შეუძლია ხელით გასინჯვით. ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ნებისმიერი ხარისხის შესაფასებლად ყველაზე საიმედო გზაა ულტრაბგერითი გამოკვლევა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად საჭიროა სისხლის ანალიზი ჰორმონებზე. დიაგნოზის დასაზუსტებლად არსებობს კვლევის დამატებითი მეთოდებიც. მაგალითად, რადიოიზოტოპური სკანირება, ანტისხეულების გამოკვლევა და სხვა.

რას გულისხმობს ჩიყვის მკურნალობა და პროფილაქტიკა?

ჩიყვის მკურნალობა და პროფილაქტიკა დამოკიდებულია იმაზე, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. ენდემური ჩიყვის მკურნალობა და პროფილაქტიკა გულისხმობს იმ შედეგების ლიკვიდაციას, რაც უკვე გამოიწვია იოდდეფიციტმა. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დროს მკურნალობის სამი გზა არსებობს: მედიკამენტური, ოპერაციული და მკურნალობა რადიაქტიური იოდით. მკურნალობის მეთოდს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი ირჩევს.

არსებობს თუ არა ჩიყვის ოპერაციის შემდეგ რეციდივის შემთხვევები?

ოპერაციის შემდეგ უმეტესობას პრობლემა გადაჭრილი ჰგონია. არადა, რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ოპერაციის შემდგომი დაკვირვება და მკურნალობა. მაგალითად, დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ თავად დაავადების რეციდივი ძალიან იშვიათია, მაგრამ აუცილებელია ექიმთან მისვლა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული ბალანსის შემოწმებისა და შემდგომი რეგულირებისთვის.

როგორ მკურნალობენ აუტოიმუნურ ჩიყვს?

აუტოიმური დაავადების მკურნალობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია. არ არსებობს პრეპარატები, რომლებიც იმუნური სისტემის დეფექტს აღმოფხვრის. აუტოიმუნური დაავადებების ეტიოლოგიური მკურნალობა ამჟამად მხოლოდ კვლევის საგანია.

როგორ დავიცვათ თავი, რას ითვალისწინებს ჩიყვის პროფილაქტიკა?

ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკა ძალზე ეფექტურია და მკურნალობაზე გაცილებით ადვილი. საყოველთაოდაა მიღებული მასობრივი პროფილაქტიკის ისეთი საშუალება, როგორიცაა იოდიანი მარილის გამოყენება ჩვეულებრივის ნაცვლად. ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკისთვის იოდიან მარილთან ერთად გამოიყენება ზღვასა და ოკეანეში მოპოვებული პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს. სასარგებლოა აგრეთვე იოდით საგანგებოდ გამდიდრებული სხვადასხვა საკვები, მაგალითად, იოდიანი ჩაი. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს, მოზარდებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს იოდის განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნილება აქვთ.

რატომ ატარებენ ჩიყვის დროს ქარვის ყელსაბამს?

ქარვა ზღვის პროდუქტია და მასში იოდია კონცენტრირებული. თუ ჩიყვი გამოწვეულია იოდის დეფიციტით, მან მართლაც შეიძლება გამოიღოს შედეგი, მაგრამ თუ საქმე გვაქვს აუტოიმუნურ დაავადებასთან, მაშინ, პირიქით, ქარვის ტარება არ შეიძლება.