წონა და ქალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წონა და ქალი

- ქალბატონო მარინა, რა გავლენას ახდენს სიმსუქნე ქალის ჯანმრთელობაზე?

- ცნობილია, რომ სიმსუქნის გავრცელება ასაკზეა დამოკიდებული. რეპროდუქციული ასაკის ქალებთან ის 35-50%-ს აღწევს, ხოლო მენოპაუზის ასაკის ქალებთან - 75%-ს. ნორმაში ქალის ცხიმოვანი ქსოვილი სხეულის საერთო მასის 25-30%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცის ცხიმოვანი ქსოვილის მაჩვენებელს - სხეულის მასის 15-20%-ს. სიმსუქნე ქალის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ეს უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა კავშირს სიმსუქნესა და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას შორის. სიმსუქნის სოციალური მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, რომ ის ახალგაზრდა ქალების ინვალიდობის საწინდარია, 7-10 წლით აქვეითებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და წარმოშობს თანმხლები დაავადებების განვითარების რისკს. მათ შორისაა მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, ონკოდაავადებები (ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების კიბო) და სხვა. მსუქან გოგონებს უფრო ადრე ეწყებათ მენსტრუაცია, აქვთ ნაადრევი სქესობრივი მომწიფების საფრთხე. ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა განსაზღვრავს პირველი მენსტრუაციის მოსვლის დროს.

- არსებობს თუ არა კავშირი საკვერცხის პოლიკისტოზსა და სიმსუქნეს შორის?

- არსებობს მონაცემები, რომ საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის მქონე ქალების 60%-ს აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე, პოლიკისტოზური საკვერცხეები კი არარეგულარული მენსტრუაციის, ენდოკრინული უშვილობის, ჰირსუტიზმის (სხეულზე თმის ჭარბი ზრდის), ალოპეციის (თმის ცვენის), სებორეისა და აკნეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

- როგორ აისახება სიმსუქნე რეპროდუქციულ ფუნქციაზე?

- სიმსუქის დროს 5-6-ჯერ უფრო ხშირია მენსტრუალური ციკლის დარღვევა - ოლიგოამენორეა. სხეულის მასის მკვეთრი მატება, რასაც თან სდევს ციკლის დარღვევა, ხშირად იქცევა უშვილობის მიზეზად. ევროპაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ქალებს შორის, რომლებსაც სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მეტი აქვთ, ნორმალური წონის მქონეებზე 2,7-ჯერ მეტი უშვილოა. სიმსუქნის დროს 3-ჯერ ხშირია ანოვულატორული უშვილობა და საგრძნობლად ქვეითდება ფერტილობის აღდგენისკენ მიმართული მკურნალობის ეფექტურობა. ეს ეხება როგორც ოპერაციულ ჩარევებს (საკვერცხეების სოლისებური რეზექცია ანუ კაუტერიზაცია, რომლის მიზანიც მენსტრუალური ციკლის მოწესრიგება და ორსულობის მიღწევაა), ისე ოვულაციის სტიმულაციასაც. სიმსუქნის დროს გაცილებით ნაკლებეფექტურია ოვულაციის ინდუქტორების (კლომიფენი) და დამხმარე რეპროდუქციული ტექონოლოგიები. ქალებს, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა ან ამა თუ იმ ხარისხის სიმსუქნე, აღენიშნებათ არა მარტო მენსტრუაციის შეწყვეტა, არამედ საშვილოსნოდან სისხლდენაც; მათთან ხშირია ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კიბოსწინარე მდგომარეობებიც.

- რა მოხდება, თუ ქალმა წონა დაიკლო?

- ცნობილია, რომ სხეულის მასის შემცირება დარღვეული მენსტრუალური ციკლის აღდგენას იწვევს. ამისთვის საკმარისია, სხეულის მასა 10-15%-ით შემცირდეს. ამ შემთხვევაში ქალების 60-70%-ს აღუდგება რეგულარული მენსტრუალური ციკლი და დაახლოებით 50% ახერხებს დაორსულებას ჰორმონული პრეპარატებისა და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე.


- რას გვეტყვით ორსულობის შესახებ?

- ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონული ძვრები მიმდინარეობს. მას დიდი რაოდენობით სჭირდება ესტროგენები, რომელთა ზემოქმედებითაც იზრდება საშვილოსნო, სარძევე ჯირკვლები. ინტენსიურად გამომუშავდება ორსულობის ჰორმონი - პროგესტერონი, რომელიც უზრუნველყოფს საშვილოსნოში ნაყოფის განვითარებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი ჰორმონებით არის გაჯერებული, რაც სიმსუქნის ობიექტურ წინაპირობას ქმნის. ორსულობის დროს ჰორმონული სტატუსის ცვლილება აქვეითებს ნივთიერებათა ცვლას, რასაც, თავის მხრივ, ორგანიზმში ცხიმის დაგროვებამდე მივყავართ. სიმსუქნეს ხელს უწყობს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, რასაც ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნა მოსდევს. სიმსუქნე ორსულობის დროს ხასიათდება ცხიმის ჭარბი დაგროვებით სარძევე ჯირკვლებში, დუნდულებზე, ბარძაყებსა და მუცელზე. პრობლემები წარმოიშობა მაშინ, როდესაც ორსულობას წინ უძღვის სიმსუქნის სხვა რისკფაქტორებიც. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ცხოვრების არასწორი რეჟიმი. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, თითქოს ორსულმა ორი ადამიანის სამყოფი უნდა მიირთვას, იმოძრაოს შეზღუდულად, ძუძუთი კვების პერიოდში კი კვება არ მოიკლოს, თითქოსდა ლაქტაციის გასაუმჯობესებლად. ეს მცდარი წარმოდგენაა. ამგვარი ცხოვრების წესი მავნეა და ხელს უწყობს ჭარბი წონის შენარჩუნებას. უნდა ითქვას ისიც, რომ სიმსუქნის განვითარებასთან ერთად ირთვება სხვა მექანიზმიც: ცხიმოვანი ქსოვილი აქტიურად გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც თვითონვე აპროვოცირებენ ქსოვილებში ცხიმის ჩალაგებას და ირთვება მანკიერი წრე.

- რა გავლენას ახდენს სიმსუქნე ორსულობაზე და რა გართულებებია ამ დროს მოსალოდნელი?

- სიმსუქნე არასასურველ გავლენას ახდენს გენერაციულ ფუნქციაზე. თანამედროვე მონაცემების მიხედვით, მსუქან ქალებს ორსულობა ასიდან 45-85 შემთხვევაში ურთულდებათ. გარდა ამისა, იმატებს მშობიარობის გართულების, ლოგინობის პერიოდის პათოლოგიური მიმდინარეობის, ახალშობილთა სხვადასხვა დარღვევის, პერინატალური დაავადებებისა და სიკვდილიანობის ალბათობა. უკანასკნელ წლებში შეინიშნება ორსულობის დროს წონის მატების ტენდენცია. მაგალითად, 1940 წლებში ორსულთა სხეულის მასის ნამატი 8-10 კგ-ს შეადგენდა, 1980-იან წლებში - 13-15 კგ-ს, 90-იან წლებში კი მან 15-18 კგ-ს მიაღწია. ასეთ ნამატს სიმსუქნემდე ან მის პროგრესირებამდე მივყავართ, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ წონის მატება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალს ჭარბი წონა დაორსულებამდეც ჰქონდა. რაც მეტი წონა აქვს ქალს ორსულობამდე, მით ნაკლები უნდა მოიმატოს ორსულობის დროს. ამერიკის სამედიცინო ინსტიტუტის აკადემიის 2004 წლის მონაცემებით, ორსულობისას სხეულის მასის ოპტიმალური ნამატი ასეთია: მსუქან ქალებს ორსულობის დროს აღენიშნებათ ჰემოდინამიკური დარღვევები: იმატებს სისხლის შედედების უნარი, არტერიული წნევა, ირღვევა გულის მუშაობა, ორსულობა ხშირად რთულდება პრეეკლამფსიით (50-60%), პლაცენტური უკმარისობით (30-40%). სიმსუქნე არტერიული ჰიპერტენზიისა და მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის - მსუქან ქალებთან ორსულობის ყველაზე ხშირი გართულების - დამოუკიდებელ რისკის ფაქტორად განიხილება. პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობა დამოკიდებულია ცხიმოვანი ქსოვილის განაწილების ხასიათზე. მისი სიხშირე განსაკუთრებით მაღალია აბდომინალური ტიპის სიმსუქნის დროს, როდესაც წელისა და ბარძაყების გარშემოწერილობათა ინდექსი აღემატება 0,8-ს. პრეეკლამფსია, რომელიც ვლინდება ჰიპერტენზიით, შეშუპებით, შარდში ცილის გაჩენით, მსუქნებს დაახლოებით 3-ჯერ ხშირად ემართებათ, ვიდრე ნორმალური წონის ქალებს. სიმსუქნის დროს პრეეკლამფსია ორსულობის ადრეულ ვადაზე იწყება. ამ ფონზე ხშირია პლაცენტური უკმარისობა, რომელსაც ინტრანატალურ ჰიპოქსიამდე და ნაყოფის განვითარების შეფერხებამდე მივყავართ. სხეულის მასის ზომიერი მატება (25-28 კგ/მ2) ორსულობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, რაც განპირობებულია როგორც საკვერცხეებში ანდროგენების გაძლიერებული წარმოქმნით, ისე ჰიპერინსულინემიითაც.

- რა ხდება მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში?

- სიმსუქნის დროს ნაადრევი მშობიარობის სიხშირე უტოლდება 25-37%-ს. მსუქან ქალებთან ხშირია ორსულობის ვადაგადაცილებაც. სხვა გართულებებია სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა, მშობიარობის გახანგრძლივება, სამშობიარო მოქმედების სისუსტე. ამასთან, ამ გართულებათა სიმძიმე სიმსუქნის ხარისხის პირდაპირპროპორციულად იმატებს. სამშობიარო მოქმედების სისუსტის გამო ხშირად მიმართავენ საკეისრო კვეთას. ლოგინობის პერიოდში ასეთ ქალებს მაღალი აქვთ სისხლდენის, მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტისა და თრომბოემბოლიური გართულების რისკი.

- როგორ აისახება ეს ყველაფერი ნაყოფზე?

- მსუქნებთან ორსულობის ტიპური გართულებაა ნაყოფის განვითარების შეფერხების სინდრომი, ნაყოფის ჰიპოქსია. დედის სიმსუქნე გავლენას ახდენს ნაყოფის წონაზე - ხშირია 4000 გ-ზე მეტი წონის ბავშვების დაბადება (20-44%). დედის მხრივ გართულებები ვნებს ნაყოფს, ზრდის ახალშობილთა ასფიქსიის, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილიანობის, განვითარების მანკების, სამშობიარო ტრავმების, მათ შორის - მხრების დისტოციისა და ლავიწის მოტეხილობების, აგრეთვე - სიცოცხლის პირველ წელს სიკვდილიანობის რისკს.

- მაშ, რა იღონოს ორსულმა?

- ორსულობა ნამდვილად არ გახლავთ წონის კორექციისთვის საუკეთესო დრო. მიუხედავად ამისა, ორსულის კვება ენდოკრინოლოგსა და მეანთან უნდა იყოს შეთანხმებული. სიმსუქნის დროს სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების მიზანია ნივთიერებათა ცვლის კორექცია და უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსის შექმნა. ეს შესაძლებელია კვების რეჟიმისა და ხასიათის დარეგულირებით, ანუ საკვების კალორიულობის დაქვეითებით და ფიზიკური აქტივობის გაზრდით. ვინაიდან ცხიმის წარმოშობის მატება და ორგანიზმში მისი ჩალაგება მიმდინარეობს ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნით, საკვების კალორიულობა ნახშირწყლების ხარჯზე დღეში 2300-2500 კკალ-მდე უნდა შემცირდეს. ნახშირწყლები უნდა შედიოდეს რაციონში მცენარეული უჯრედისის: პურის, ბოსტნეულის, კენკრის - სახით. მკვეთრად უნდა შემცირდეს შაქრის, მურაბის, კანფეტების, თაფლის ოდენობა. ამასთან, ორსულმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, სულ ცოტა, 100-130 გ ნახშირწყალი და 80-90 გ ცხიმი. ეს უკანასკნელი - ნაღებისა და მცენარეული ზეთის (ნახევარზე მეტი) სახით. ღორისა და საქონლის ცხიმი და მარგარინი ჭარბწონიანი და მსუქანი ორსულებისთვის რეკომენდებული არ არის. ცილის ოდენობის შემცირება არ ღირს, ვინაიდან ის ძირითადი საშენი მასალაა ნაყოფისთვის და მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰემოგლობინისა. ხორცი, თევზი, რძე ორსულებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. დღე-ღამეში მათ უნდა მიიღონ 130 გ ცილა. მსუქანი ორსულებისთვის რეკომენდებულია 5-6-ჯერადი კვება მარილის 5 გრამამდე შემცირებით და ვიტამინებისა და მიკროელემენტების (ხილი, ბოსტნეული, წვენები) შენარჩუნებით. ხილი და ბოსტნეული მხოლოდ ვიტამინებითა და მიკროლემენტებით კი არ ამდიდრებს ორგანიზმს, არამედ ზრდის ენერგოდანახარჯსაც, რაც ასე მნიშვნელოვანია მსუქნებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წონას მშობიარობამდელ პერიოდში - ამ დროს იცვლება შრომის პირობები, იზღუდება ფიზიკური აქტივობა და მცირდება ენერგოდანახარჯი, ამიტომ საკვების კალორიულობაც უნდა შემცირდეს. თუ ორსულს წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, საკვების კალორიულობა უნდა შემცირდეს კიდევ 25-40%-ით.  თუ ქალი კვების სწორ რეჟიმს იცავს, სხეულის მასის ნამატი ორსულობის მეორე ნახევარში არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 300 გრამს. სასრგებლოა განტვირთვის დღეები - ხაჭოსი, ვაშლისა, რძისა - 1-2 კვირაში ერთხელ. ხაჭოთი განტვირთვისას მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 500-600 გრამი ხაჭო 1 ჭიქა კეფირთან ან 2 ჭიქა უშაქრო ჩაისთან ერთად, ხილით განტვირთვისას საჭიროა 1,5 კგ ვაშლის მიღება, რძით განტვირთვისას - 1,5 ლ რძისა. განტვირთვის დღეებში უმჯობესია იწვეთ. დიეტით მკურნალობის დროს ნორმალიზდება ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილების თანაფარდობა, იმატებს იმ ფერმენტების აქტივობა, რომლებიც შლის ცხიმებს, ქვეითდება სისხლში ქოლესტერინის დონე. გარდა დაბალკალორიული, მაგრამ ბალანსირებული კვებისა, ჭარბი ცხიმის მოსაშორებლად რეკომენდებულია ვარჯიში, რომელიც ზრდის ენერგოდანახარჯს, ააქტიურებს ცხიმის დეპოებიდან გამოტანის მექანიზმებს. დიეტა და სამკურნალო ვარჯიში ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ორსულობის ვადის, სიმსუქნის ხარისხისა და საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.

- როგორც კი იმშობიარებს, ქალმა მაშინვე უნდა დაიწყოს ფორმის აღდგენაზე ზრუნვა?

- მშობიარობის შემდეგ ჰორმონული ფონი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში თანდათან უბრუნდება ნორმას. ქალი, რომელსაც ნივთიერებათა ცვლა მოწესრიგებული აქვს, მშობიარობამდელ ფორმას იოლად იბრუნებს, სხვები კი შესაძლოა სირთულეებს შეეჯახონ - ისინი არათუ არ იკლებენ წონას, არამედ იმატებენ კიდეც. ქალების უმეტესობა წონას პირველი ორსულობისას იმატებს, ხოლო 25% - მეორე ორსულობისას. ასეა, როდესაც ქალი მიდრეკილია სიმსუქნისადმი, არარაციონალურად იკვებება და ცოტას მოძრაობს. კვებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, სწორი და ჯანსაღი ცხოვრების ნირით შეიძლება არასასურველი გენეტიკაც დავამარცხოთ. მშობიარობის შემდეგ, ლაქტაციის პერიოდში, სწრაფი გახდომის მეთოდების გამოყენება, საკვების მკვეთრი შეზღუდვა არ შეიძლება, რადგან ბავშვი მაშინვე იგრძნობს ცილისა და სხვა მისთვის აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტს. არც გასახდომი ჩაისა და ტაბლეტების მიღებაა სასურველი, რადგან მათი შემადგენლობა და გავლენა ორგანიზმზე სათანადოდ ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ.