რას ნიშნავს ცხოვრება შაქრიან დიაბეტთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ნიშნავს ცხოვრება შაქრიან დიაბეტთან ერთად

ამ წესით შესაძლებელია დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქება და ორგანიზმის მდგომარეობის გაუმჯობესება. ცხოვრების წესი შაქრიანი დიაბეტის დროს მოიცავს სწორ კვებას, რაციონალურ ფიზიკურ დატვირთვას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას.

სწორი კვება შაქრიანი დიაბეტის დროს

შაქრიანი დიაბეტის დროს მთავარი ამოცანაა ნივთიერებათა ცვლის მოშლის ფონზე ორგანიზმის დახმარება, ფუნქციადარღვეული ორგანოების ზედმიწევნით ხელშეწყობა. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს მკურნალობა სწორედ კვების სტერეოტიპის (ხასიათის) მოწესრიგებით იწყება. კვება საჭიროა ხშირად და ზომიერი ულუფებით. ის უნდა მოიცავდეს სამ ძირითად და ორ შუალედურ ტრაპეზს. როგორც ძირითადი, ისე შუალედური კვება უნდა ხდებოდეს ერთსა და იმავე დროს და, რაც მთავარია, შეესაბამებოდეს ფიზიკურ დატვირთვას, ყოველდღიურ აქტივობას, შაქრის დონის დამწევი პრეპარატების მიღებას. საკვები რაციონი დაბალკალორიული უნდა იყოს და ხელს უწყობდეს იდეალური წონის მიღწევასა და შენარჩუნებას. უნდა შეიზღუდოს სპირტიანი სასმელების მიღება. ისინი, გარდა იმისა, რომ დამატებითი კალორიების წყაროა (განსაკუთრებით - ჭარბწონიანებთან), პროვოცირებას უწევს ჰიპოგლიკემიას (მკვეთრად აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს). საკვები რაციონის შემადგენლობა დაბალანსებული უნდა იყოს. ცხიმებისა და ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების (შაქარი, თაფლი, მურაბა, ჯემი, კანფეტები, ნამცხვრები და სხვა) მოცულობა მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. ჭარბწონიანი პაციენტები უნდა ერიდონ ცხოველური წარმოშობის ცხიმების მიღებას და ზედმიწევნით აკონტროლონ საკვების კალორიულობა. რაციონი უნდა გამდიდრდეს უჯრედისის შემცველი პროდუქტებით, ხილითა და ბოსტნეულით (400 გრამზე მეტი ყოველდღიურად, გარდა ნესვისა, მსხლისა, ყურძნისა, ბანანისა და ჩირისა), ქატოთი და მარცვლეულით. გახსოვდეთ, რაციონალური კვება ამარაგებს ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებებით, განამტკიცებს იმუნურ სისტემას, აფერხებს პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას, ზრდის შრომისუნარიანობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამრიგად, სწორი კვება შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მთავარი და განუყოფელი კომპონენტია. საკვების სწორად შერჩევა და რეგულარული (დღეში 4-5-ჯერ) მიღება საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას შაქრიანი დიაბეტის დროს.

ფიზიკური დატვირთვა შაქრიანი დიაბეტის დროს

შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის შესანარჩუნებლად და მოსალოდნელ გართულებათა თავიდან ასაცილებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მეტად ეფექტური საშუალებაა. სამკურნალო ფიზკულტურა:

  • აუმჯობესებს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას;
  • ხელს უწყობს წონის დაქვეითებას;
  • აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლასა და არტერიულ წნევას;
  • აწრთობს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;
  • აუმჯობესებს ლიპიდური ცვლის მაჩვენებლებს (ქოლესტერინს და სხვ.);
  • აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს;
  • ზრდის ინსულინისადმი უჯრედების მგრძნობელობას.

რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ვარჯიშის იდეალური პროგრამის შემუშავება საფუძვლიანი გამოკვლევით მიღებული შედეგების ანალიზისა და ზოგადი მდგომარეობის საგულდაგულო შეფასების შემდეგ ხდება. ფიზიკური დატვირთვის ტიპის შერჩევა-განსაზღვრისას აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სპორტული მომზადების გათვალისწინება. ყველაზე უსაფრთხოა დატვირთვის დაწყება 10-წუთიანი სიარულითა და მარტივი, სიამოვნების მომგვრელი ვარჯიშებით. ვარჯიშის დროს ღრმად ისუნთქეთ. შეარჩიეთ ისეთი ვარჯიშები, რომლებშიც მთელი სხეული მონაწილეობს. სიარულის დროს მაქსიმალურად ამოძრავეთ ხელები და სხეულის ზედა ნაწილი. მკურნალ ექიმთან შეთანხმებით შეგიძლიათ შეასრულოთ უწყვეტი რიტმული ვარჯიშებიც (აერობიკა), რომლებიც გულისცემას თქვენთვის ნებადართული მაქსიმალური მაჩვენებლის მხოლოდ 70-80%-მდე გაზრდის, თანაც მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ. გულის შეკუმშვათა ოპტიმალურ სიხშირეს ენდოკრინოლოგი და კარდიოლოგი ერთად შეგირჩევენ თქვენი ასაკისა და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით. ფიზიკური დატვირთვა ეტაპობრივად უნდა დაქვეითდეს გულის შეკუმშვათა სიხშირის ნორმალიზაციამდე. ფიზიკური დატვირთვის დაწყებამდე აუცილებელია სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა. თუ შაქრის დონე 3,5-8,0 მმოლი/ლ-ია და ინსულინი გაიკეთეთ, ვარჯიშამდე უნდა წაიხემსოთ. თუ შაქრის დონე 15 მმოლი/ლ-ია, ფიზიკური აქტივობის დაწყება არ არის რეკომენდებული. ვარჯიში საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ დაიწყეთ, რათა საკვების მიღება და ფიზიკური დატვირთვა დაბალანსდეს. შეძლებისდაგვარად ივარჯიშეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური აქტივობის რეგულარული განრიგის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა საკვებისა და მედიკამენტების მიღების სპეციალური გეგმის შემუშავება.