იოდის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იოდის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

- როდის ვითარდება იოდდეფიციტი და რამდენად აქტუალურია ის საქართველოში?

მოგეხსენებათ, იოდი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტია. ადამიანის ორგანიზმში ის არ წარმოიქმნება, ორგანიზმს ის უმთავრესად ცხოველური და მცენარეული საკვებით მიეწოდება. თუ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის იოდი ვერ მიიღო, ვითარდება იოდდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა დაავადებას აძლევს დასაბამს. იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საჭირო ოდენობის ჰორმონებს და კომპენსატორულად დიდდება - ყალიბდება ჩიყვი. ჩიყვის ჩამოყალიბებას იოდდეფიციტის პირობებში 6-12 თვე სჭირდება. იოდდეფიციტი და, შესაბამისად, თირეოიდულ ჰორმონთა ნაკლებობა ხელს უწყობს იოდდეფიციტური დაავადებების განვითარებას. არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პათოლოგიას, მუცლადყოფნის პერიოდიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლომდე.

- გარდა ჩიყვისა, რა კლინიკური გამოვლინებანი ახასიათებს იოდდეფიციტს?

- იოდდეფიციტი, შესაბამისად - თირეოიდული ჰორმონების უკმარისობა, უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ცალკეული სისტემების ჯანმრთელობაზე. გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების გარდა, ამ დროს მთელ ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა), სუსტდება გულისცემა, თავს იჩენს ბრადიკარდია, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე, ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა) ხშირად ხელს უწყობს ყაბზობას, იმუნიტეტისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას, უშვილობას, სპონტანურ აბორტს, ანემიას. საზოგადოდ, რეპროდუ-ქციული ფუნქციის დარღვევა სწორედ იოდდეფიციტს უკავშირდება. გარდა ამისა, იზრდება კრეტინი-ზმით დაავადებული ბავშვის გაჩენის რისკი. იოდდეფიციტური მდგომარეობის დროს როგორც დედის, ისე ნაყოფის ორგანიზმზე მოქმედებს მძლავრი ფიზიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც აღნიშნული მდგომარეობის პოტენცირებას იწვევს. იოდდეფიციტურ რეგიონებში ორსულობის დასასრულისთვის ქალებს ფარისებრი ჯირკვალი 20-30%-ით უდიდდებათ. ნაყოფის მაღალი პერინატალური სიკვდილი-ანობა, განვითარების თანდაყოლილი მანკები, გონებრივი ჩამორჩენა, ყრუმუნჯობა, სიელმე, ჯუჯობა – ეს ყველაფერი იოდდეფიციტის შედეგია.

- რას გვეტყვით კრეტინიზმსა და იოდდეფიციტთან მის კავშირზე?

- სიტყვა "კრეტინი" პირველად 1754 წელს დიდროს ენციკლოპედიაში იქნა განმარტებული: "ჭკუასუსტი, ყრუ და მახინჯი, საქამრემდე ჩამოკიდებული ჩიყვით". ევროპაში ჩიყვსა და კრეტინიზმს შორის კავშირს პირველად 1215 წელს გაუსვეს ხაზი. უძველეს წყაროდ მიჩნეულ წიგნში დახატულიც კია ადამიანი ჩიყვით და ე.წ. კრეტინის სკიპტრით. 1526 წელს პარაცელსმა ჩიყვის თანამდევი კრეტინიზმი აღწერა. საზოგადოდ, იოდდეფიციტის ისტორია კაცობრიობის ისტორიასავით ძველია. ექიმთა ყურადღებას ის უძველესი დროიდანვე იპყრობდა. ჯერ კიდევ 5000 წლის წინანდელ ჩინურ, ინდურ, ბერძნულ, რომაულ ნაშრომებში მოიპოვება ცნობები მოსახლეობის ფართო ფენებში ენდემური ჩიყვისა და კრეტინიზმის გავრცელების შესახებ. ძველ ჩინეთში თურმე ჩიყვის სამკურნალოდ ცხოველთა ფარისებრ ჯირკვალს იყენებდნენ. ჩინეთის იმპერატორის კანსის განკარგულებით, ჩიყვის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას ყოველწლიურად 5 გირვანქა მშრალი ზღვის კომბოსტო უნდა მიეღო. ცნობილია, რომ იულიუს კეისარმა ლაშქრობების დროს გალებს კისერზე "ბორცვი" შეამჩნია. ჩიყვი თურმე დედოფალ კლეოპატრასაც კი ჰქონდა. იოდი სამკურნალოდ პირველად 1820 წელს გამოიყენეს, თუმცა მკურნალობის ამ მეთოდს თავდაპირველად მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მიზეზი ის გახლდათ, რომ იოდის დიდი დოზები ზოგჯერ ტოქსიკოზს, სუნთქვის უკმარისობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მოშლას იწვევდა. მოგვიანებით, 1896 წელს, იოდი ფარისებრ ჯირკვალში აღმოაჩინეს, რამაც ჩიყვის იოდით მკურნალობის პოზიცია გაამყარა. ჩიყვის პროფილაქტიკისთვის იოდიანი მარილის გამოყენების საკითხი პირველად შვეიცარიაში დაისვა - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის თითქმის მთელი ნახევარი მძიმე ენდემურ კერას წარმოადგენდა. იოდიანი მარილის მასობრივი მოხმარება მთელ მსოფლიოში 1925 წლიდან დაიწყო, რამაც მკვეთრად შეამცირა ჩიყვისა და კრეტინიზმის შემთხვევები.

- რომელი პროდუქტებით უნდა გავიმდიდროთ რაციონი იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, იოდი ორგანიზმში უმთავრესად ცხოველური (57%) და მცენარეული (33%) საკვებიდან ხვდება. წყლიდან და ჰაერიდან ორგანიზმში მოხვედრილი იოდის წილი ძალიან მცირეა. მინერალურ წყლებში ეს ელემენტი შედარებით მეტია. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის პროდუქტები, კერძოდ, ზღვის კომბოსტო (ლამინარია), წყალმცენარეები, თევზი. ბევრია იოდი თევზის ქონშიც. არსებობს შეხედულება, თითქოს ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, მაგალითად, ფეიხოა, ხურმა, კაკლის უღელი, ბევრ იოდს შეიცავს. ეს არ შეეფერება სინამდვილეს. საერთოდ, ხილსა და ბოსტნეულში (გარდა ისპანახისა) იოდი უმნიშვნელო ოდენობით არის. შედარებით მეტია ხორცში, რძესა და რძის ნაწარმში, კვერცხში. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი საკვები შეიცავს ე. წ. სტრუმოგენებს - თირეოსტატიკურ ნაერთებს. ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის თირეოიდული ჰორმონის წარმოქმნას. სტრუმოგენების შემცველი საკვებია კომბოსტო, ბოლოკი, თალგამურა, თალგამი, მდოგვი, რაფსი, სოია, კამა. სტრუმოგენებად შეიძლება მოგვევლინოს სამედიცინო პრეპარატები - ზოგიერთი ანტიბიოტიკი, სულფანილამიდი, პერქლორატები და სხვა. სტრუმოგენულ ფაქტორად ითვლება თამბაქოს კვამლიც, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს თიოციანატებს.

- რას გვეტყვით იოდზე, როგორც სადეზინფექციო საშუალებაზე?

- იოდის პრეპარატებს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. დეზინფექციისათვის საოპერაციო არეს და ჭრილობებს იოდით ამუშავებენ, თუმცა გამოხატული იდიოსინკრაზიის (მომატებული მგრძნობელობის) გამო მისი გამოყენება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. ორგანიზმში მოხვედრილი იოდის პრეპარატები მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. თირეო-იდული ჰორმონები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის იოდი, ამცირებს სისხლში ქოლესტერი-ნის შემცველობას, ამიტომაც მას ათეროსკლეროზის სამკურნალოდ იყენებენ. იოდის ხანგრძლივი მიღებისას ვითარდება იოდიზმის მოვლენები: სურდო, ჭინჭრის ციება, ცრემლისა და ნერწყვის გაძლიერებული დენა, გამონაყარი კანზე და სხვა.

- დასაშვებია თუ არა იოდის პრეპარატებით თვითმკურნალობა?

- იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის უმჯობესია, რაციონი იოდშემცველი პროდუქტებით გავიმდიდროთ. თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე, იოდის პრეპარატების მიღება არასასურველია, მეტადრე არ შეიძლება მათი მიღება ფილტვის ტუბერკულოზის, თირკმლის ქრინიკული პათოლოგიის, ჰემორაგიული დიათეზის დროს.

- რას გულისხმობს იოდდეფიციტური დაავადებების მასობრივი პროფილაქტიკა და რა ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში?

- ჯერ კიდევ ფრანგი ექიმი მარინე აღნიშნავდა, რომ ენდემური ჩიყვის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადებისა. მართლაც, იოდდეფიციტის სავალალო შედეგების პროფილაქტიკისათვის ძალზე მარტივი და იაფი გზა არსებობს. Eეს არის იოდდეფიციტურ კერებში მცხოვრები მოსახლეობის იოდით გამდიდრებული საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა. სწორედ ამ გზით მოგვარდა იოდდეფიციტის პრობლემა შვეიცარიაში, ავსტრიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში. მასობრივი პროფილაქტიკა გულისხმობს მოსახლეობის იოდიანი პროდუქტებით (მარილით, პურით, რძით, ზეთით, წყლით, შაქრით) მომარაგებას. Aარსებობს იოდიანი კოსმეტიკაც. დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში მოსახლეობისთვის იოდის ძირითად წყაროს რძის პროდუქტები წარმოადგენს, ვინაიდან საქონლის საკვების იოდირებას კანონი ავალდებულებს. დადგენილია, რომ რაციონში იოდიანი სურსათის ჩართვით 100-150 მკგ იოდის ყოველდღიური მიღება მოსწავლეებში ენდემური ჩიყვის 50-60%-ით შემცირებას იწვევს. მრავალ ქვეყანაში იოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკისთვის უპირატესობა ენიჭება იოდიან მარილს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველაზე ფიზიოლოგიურ, იაფ და გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს.

- რატომ აირჩიეს იოდით გასამდიდრებლად მაინცდამაინც მარილი და არა სხვა პროდუქტი?

- იოდდეფიციტის პროფილაქტიკის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს იოდირებული ჩაი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ხდება სხვა პროდუქტთა იოდით გამდიდრებაც, თუმცა მარილი ამ თვალსაზრისით შეუცვლელია. ის ერთადერთი მინერალია, რომელიც საკვებს სპეციალური ქიმიური დამუშავების გარეშე ემატება. ამასთანავე, მას მოიხმარს მოსახლეობის ყველა ფენა, განურჩევლად სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსისა. მისი დღიური ნორმის დიაპაზონი (საშუალოდ 5-10 გ) მცირეა და არ არის დამოკიდებული ასაკზე, სქესზე, სეზონზე. იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის მარილის მოხმარების გაზრდა არ არის საჭირო, მაგრამ იოდდეფიციტის სიმძიმის კვალობაზე შეიძლება ადეკვატურად გაიზარდოს მარილის იოდირების პროცენტი. მარილის იმ დოზით იოდირება, რომელიც ყოველდღიურად 150-250 მკგ იოდის მიღებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა, მათ შორის - მათთვისაც, ვისაც იოდდეფიციტი არ აღენიშნება. ამგვარად, თუ მოსახლეობას აქვს საშუალება, შეიძინოს ხარისხიანი მარილი სავაჭრო ქსელში, იოდპროფილაქტიკისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარება არ არის საჭირო. მოსახლეობას მხოლოდ იოდიანი მარილის შეძენა და მოხმარება ევალება. კალიუმის იოდიდით გამდიდრებულ მარილს თავისებური სუნი, ფერი და გემო აქვს. ვინაიდან იოდიდი აქროლადი ნივთიერებაა, მარილი უნდა მოვარიდოთ ნესტსა და მზის სხივების უშუალო ზემოქმედებას. მისი შენახვა სასურველია მჭიდროდ დახურულ მუქ ჭურჭელში. იოდიანი მარილი კერძს არა მომზადებისას, არამედ ქურიდან გადმოდგმის შემდეგ უნდა დაემატოს, ვინაიდან მაღალი ტემპერატურა იოდის ინაქტივაციას იწვევს. ამჟამად მსოფლიოს 40 ქვეყანაში მოქმედებს მარილის იოდირების უნივერსალური პროგრამა, რაც მოსახლეობისთვის მხოლოდ იოდიანი მარილის მიწოდებას ითვალისწინებს.