ტუბერკულოზური მენინგიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუბერკულოზური მენინგიტი

სეროზული მენინგიტის დროს თავ-ზურგის ტვინის სითხე გამჭვირვალეა, ჩირქოვანი მენინგიტის დროს - მღვრიე, ჰემორაგიულის დროს კი სისხლიანი, დიდი რაოდენობით შეიცავს შეცვლილ და შეუცვლელ ერითროციტებს. ყოველგვარი ეტიოლოგიის მენინგიტისთვის დამახასიათებელია მენინგეალური სინდრომი. ამ უკანასკნელს ეკუთვნის თავის ტკივილი, რომელსაც ხშირად სდევს თან გულისრევა და პირღებინება, კეფისა და კისრის კუნთების რიგიდულობა თავის უკან გადახრით, ხერხემლის კისრის არეში აქტიური თუ პასიური მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა და სხვა სიმპტომები. მენინგიტის დროს თავის პასიური დახრა თითქმის შეუძლებელია და მას თან სდევს ბრუძინსკის ზედა სიმპტომი - ორივე ფეხის რეფლექსური მოხრა მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში. ტვინის გარსების დაზიანების ადრეული და მნიშვნელოვანი ნიშანია კერნიგის სიმპტომიც. მენინგეალური სინდრომი საერთოა ყველა სახის მენინგიტისთვის. მისი ეტიოლოგიური დიაგნოზი ეფუძნება ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევის შედეგებს. ამასთანავე, ყოველგვარი ეტიოლოგიის  მენინგიტისთვის დამახასიათებელია თავისებური კლინიკა და მიმდინარეობა. ნომრის მთავარი თემიდან გამომდინარე, მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ ტუბერკულოზურ მენინგიტზე, რომლის თავისებურებებსა და მიმდინარეობაზეც კომენტარი ვთხოვეთ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის პირველი თერაპიული განყოფილების გამგეს, ფთიზიატრს, მედიცინის დოქტორს, ქალბატონ შორენა საბანაძეს.

- რა შემთხვევაში ვითარდება ტუბერკულოზური მენინგიტი?

- ტუბერკულოზური მენინგიტი მილიარული (წვრილკეროვანი, გავრცობილი) ტუბერკულოზის ერთ-ერთ გამოვლინებად არის მიჩნეული. ამა თუ იმ შინაგანი ორგანოდან ტუბერკულოზური პროცესის გენერალიზაციის დროს ინფექცია ჰემატოლიმფოგენური გზით ვრცელდება ტუბერკულოზური კერიდან და დასაბამს აძლევს ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგად ტუბერკულოზურ დაზიანებას. გარდა ტუბერკულოზური მენინგიტისა, არსებობს: ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტი, როდესაც ანთებითი პროცესი გარსებთან ერთად ტვინის ქსოვილსაც მოიცავს; მენინგოენცეფალომიელიტი, როდესაც ანთებით პროცესში ტვინის გარსებთან ერთად თავისა და ზურგის ტვინის ნივთიერებებიც არის ჩართული და ცენტრალური ნერვული სისტემის ტუბერკულომები. მიელიტი - ზურგის ტვინის ტუბერკულოზური ანთება - შეიძლება განვითარდეს ინფექციის დაღმავალი გზით გავრცელების გამო, როდესაც ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტის დიაგნოზის დროულად დასმა ვერ ხერხდება, შესაბამისად, გვიანდება ეტიოლოგიური მკურნალობა და ამის გამო დაავადება პროგრესირებს. არ არის გამორიცხული, დაავადება მიელიტით ანუ ზურგის ტვინის ანთებით დაიწყოს. პაციენტები სხვადასხვა კლინიკაში ხვდებიან იშიასის (საჯდომი ნერვის ანთება), რადიკულიტის ან სხვა დიაგნოზით. მკურნალობენ სტეროიდებით, რაც, ცხადია, დიდ შედეგს არ იძლევა. მთავარი ის არის, რომ ამ დროს ხდება ინფექციის აღმავალი გზით გავრცელება. საბოლოოდ კი შესაძლოა ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტი განვითარდეს. რაც შეეხება უშუალოდ ტუბერკულოზურ მენინგიტს, ეს არის სეროზული მენინგიტი, რომელიც გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მოხვედრით სუბარაქნოიდულ სივრცესა და თავის ტვინის გარსებში. ტუბერკულოზური ინფექცია სუბარაქნოიდულ სივრცეში უმთავრესად პარკუჭთა სისხლძარღვოვანი წნულიდან ხვდება. საზოგადოდაც, ტუბერკულოზური მენინგიტისთვის დამახასიათებელია მკვეთრი სისხლძარღვოვანი ცვლილებები. სწორედ ამიტომ იყო, რომ წინათ ტუბერკულოზურ მენინგიტს ტუბერკულოზურ ვასკულიტადაც იხსენიებდნენ. როდესაც ფილტვებში ან სხვა ორგანოებში არსებობს ტუბერკულოზური კერები და პაციენტი არ მკურნალობს, ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ მოხდეს დაავადების დისემინირება (გავრცელება, მოთესვა) თავისა და ზურგის ტვინში, საზოგადოდ, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

- ესე იგი ტუბერკულოზური მენინგიტი და, საზოგადოდ, ცენტრალური ნერვული სისტემის ტუბერკულოზური დაზიანება მეორეული, გართულების სახით განვითარებული დაავადებაა?

- უმეტესად ასეა. როდესაც დაავადება აქტიურია და ტუბერკულოზური პროცესი პროგრესირებს, ძალიან დიდია სხვადასხვა გართულების განვითარების რისკი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს ტუბერკულოზური დაავადება, ორგანიზმში შემორჩენილია ძველი ანთებითი კერები (კალცინატები) და ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ ტუბერკულოზური მენინგიტი უვითარდება. ამას ხელს უწყობს ორგანიზმის გადაცივება, სხვა ინფექციის დართვა და სხვა ფაქტორები. გართულებების, მათ შორის - ტუბერკულოზური მენინგიტის, განვითარების მთავარი მიზეზია არანამკურნალევი ტუბერკულოზი. დაავადების დროულ დიაგნოსტიკას და, რაც მთავარია, სათანადო მკურნალობას მინიმუმამდე დაჰყავს გართულებებისა და სიკვდილიანობის ალბათობა. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში და სხვა ქვეყნებთან ერთად - საქართველოშიც ძალზე გაუარესდა ტუბერკულოზური დაავადების ეპიდემიოლოგია. ამავე დროს ჩვენში დიდი პრობლემაა მკურნალობისადმი პაციენტთა დამყოლობა. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მკურნალობა აუცილებელია, როცა მკურნალობას დაიწყებენ, ის ბოლომდე უნდა მიიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნიან საკუთარ სიცოცხლეს და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას. ხშირად პირველადი ტუბერკულოზური კერის მიგნება ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში იზოლირებულ მენინგიტზე საუბრობენ, თუმცა თავ-ზურგტვინის სითხის - ლიქვორის - კულტურალური გამოკვლევა საბოლოოდ მაინც ადასტურებს დიაგნოზს.

- თუ პაციენტს არ გადაუტანია ტუბერკულოზური ინფექცია, არ ჰქონია ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტი, ვერ ხერხდება პირველადი კერის გამოვლენა, ვერც ლიქვორში აღმოაჩენენ გამომწვევს, მაშინ რას ეფუძნება ტუბერკულოზური მენინგიტის დიაგნოზი?

- ამაზე დაავადების კლინიკური მიმდინარეობა, ლიქვორის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზის შედეგები და უამრავი სხვა რამ მიანიშნებს. ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში არსებობს რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის კომიტეტი, მუშაობს სათანადო პროგრამა. ყველა საეჭვო პაციენტი გაივლის ამ კომისიას. პროგრამის ფარგლებში ტარდება განმეორებითი გამოკვლევები. დიაგნოზი საბოლოო ჯამში მაინც ზუსტდება. უნდა ითქვას, რომ ჩვენი პაციენტები ხშირად ხვდებიან სხვადასხვა საავადმყოფოში ბაქტერიული თუ ვირუსული მენინგიტის დიაგნოზით. მათ უტარებენ სიმპტომურ მკურნალობას, მაშინ როცა აქვთ ტუბერკულოზური მენინგიტი ან მენინგოენეცეფალიტი. ნებისმიერ შემთხევაში აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარება, დიაგნოზის დაზუსტება და სათანადო, კერძოდ, ეტიოტროპული მკურნალობის დანიშვნა. მეტიც - შიდსით დაავადებულები, რომელთა შორისაც ძალზე ხშირია ტუბერკულოზური მენინგიტის შემთხვევები, არცთუ იშვიათად თერაპევტებთან წლობით მკურნალობენ სინუსიტს ან სეროზიტს. იზოლირებული მენინგიტის დროს პაციენტები ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით ხშირად ხვდებიან კარდიოლოგიურ განყოფილებებში, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით - ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ძალიან გვიან, მენინგეალური ნიშნების კლასიკურად გამოვლენის შემდეგ - ჩვენთან. ცხადია, ასეთ დროს ეტიოტროპული მკურნალობაც კი დაგვიანებულია. მხოლოდ დიაგნოზის დროული დასმა, გამომწვევზე დროული ზემოქმედებაა საფუძველი პაციენტის გადარჩენისა. ყოველივე ამას იმისთვის ვუსვამ ხაზს, რომ თერაპევტებმა და ოჯახის ექიმებმა ტუბერკულოზზე მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ ჩვენთან გამოგზავნონ პაციენტები. მით უმეტეს, რომ ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში მკურნალობა უფასოა - მას სახელმწიფო აფინანსებს. თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილია მედიკამენტებით, სითბოთი და სათანადო კვებით.

- დიფერენციალური დიაგნოსტიკაო, ბრძანებთ; აგვიხსენით, რით განსხვავდება ტუბერკულოზური მენინგიტი სხვა ეტიოლოგიის მენინგიტებისგან.

- ტუბერკულოზური მენინგიტი, სხვა ეტიოლოგიის მენინგიტებისგან განსხვავებით, თანდათანობით, არამწვავედ იწყება. დაავადების წინამორბედი ნიშნებია: აღგზნებადობის მომატება, პროგრესირებადი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სუბფებრილური ტემპერატურა. შემდგომ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსამდე იმატებს, თავის ტკივილი ინტენსიური ხდება და ყალიბდება მენინგეალური სინდრომი, თავის ტვინის ნერვების დაზიანების სიმპტომები: ზედა ქუთუთოს დაშვება, ეგზოფთალმი (თვალების გადმოკარკვლა), სახის ნერვის პარეზი, მხედველობის დვრილის შეშუპება, გარეთა ან შიგნითა სიელმე და სხვა. თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება. რაც შეეხება დიფერენციალურ დიაგნოსტიკას, ზურგის ტვინის სითხეში ამ დროს ტუბერკულოზური მენინგიტისთვის დამახასიათებელი ანთებითი ცვლილებებია - ლიმფოციტური პლეოციტოზი (ლიმფოციტური უჯრედების მომატება), ცილოვან-უჯრედოვანი დისოციაცია (ცილა მომატებულია და შეინიშნება ალბუმინ-გლობულინებზე დისოციაციურად დადებითი რეაქციები), დაბალი შაქარი. ეს უკანასკნელი ტუბერკულოზური მენინგიტისთვის პათოგნომური ნიშანია. 24 საათის განმავლობაში დამდგარ სითხეში ზოგჯერ (50-60%-ში) გამოიყოფა ფიბრინის ქსელისებრი ნაზი აპკი. მიკობაქტერიების აღმოჩენის ალბათობა იმატებს ზურგის ტვინის სითხის ფლოტაციის (გამდიდრების) შემდეგ. დიაბეტითა და შიდსით დაავადებულ პაციენტებში დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად წაშლილია. ასეთ დროს გვეხმარება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, რადიოლოგიური გამოკვლევა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ხშირად ავლენს თავის ტვინის დაზიანებას. დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს ვირუსული, სხვა ბაქტერიული და, რაც მთავარია, სოკოვანი ეტიოლოგიის მენინგიტების მიმართ.

- რას გულისხმობს ტუბერკულოზური მენინგიტის მკურნალობა და როგორია მისი პროგნოზი?

- მკურნალობა სენსიტიურია (მოწოდებული პირველი რიგის ხუთი პრეპარატით - სტრეპტომიცინით, იზონიაზიდით, რიფამპიცინით, ეტამბუტოლით, პირაზინამიდით) და სიმპტომური - პაციენტის მდგომარეობისა და კლინკური სიმპტომების შესაბამისად. გრძელდება საკმაოდ დიდხანს - ოთხ თვეს. ინტენსიური ფაზის თერაპია სტაციონარში ხორცილდება. შემდეგ პაციენტები ამბულატორიულ რეჟიმზე გადადიან და შინ აგრძელებენ ანტიტუბერკულოზურ თერაპიას. რაც შეეხება პროგნოზს, მკურნალობის თანამედროვე სტანდარტისა და მოწოდებული გაიდლაინების წყალობით ტუბერკულოზური მენინგიტის გართულებებისა და სიკვდილიანობის პროცენტი საგრძნობლად შემცირდა. მთავარია, მკურნალობა დროულად დაიწყოს.