რუბრიკები
რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ტუბერკულოზის შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ტუბერკულოზის შესახებ

- რას გვაძლევს რენტგენოლოგიური გამოკვლევა ფილტვების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის თვალსაზრისით?
- რენტგენოლოგიური გამოკვლევა იწყება მიმოხილვითი სურათით პირდაპირ და გვერდით პროექციაში. გამოკვლევა გვერდით პროექციაში საშუალებას გვაძლევს:

  • დავადგინოთ პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაცია წილებისა და სეგმენტების მიხედვით;
  • გამოვავლინოთ ცვლილებები წილთაშუა ნაპრალებსა და გულის ჩრდილის უკან ფილტვებში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტომოგრაფიული გამოკვლევით. განსაკუთრებით ინფორმაციულია კომპიუტერული ტომოგრაფია.


- რას გულისხმობს ტუბერკულინოდიაგნოსტიკა?
- ტუბერკულინური სინჯი სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტია. იგი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ტუბერკულინური ალერგია ანუ ტუბერკულინისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა, რომელიც ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ან ბცჟ ვაქცინაციით არის გამოწვეული.


- მანტუს სინჯის შესახებ ბავშვობიდან გვესმის. რას წარმოადგენს იგი და რა შემთხვევაშია უარყოფითი ან დადებითი?
- ამჟამად ტუბერკულინური სინჯებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება მანტუს სინჯი (მანტუ ჩეხი მეცნიერის გვარია, რომელმაც ეს მეთოდი შეიმუშავა). სინჯი წარმოადგენს სტანდარტულ მეთოდს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ინფიცირებული პაციენტების გამოსავლენად. მანტუს სინჯი კეთდება წინამხრის შუა მესამედში. კანს წმენდენ სპირტით და შეჰყავთ ტუბერკულინის სტანდარტული დოზა. ტუბერკულინური ალერგია გამოვლენას იწყებს ტუბერკულინის შეყვანიდან 8 საათის შემდეგ და მაქსიმალურად გამოიხატება 48-72 საათის შემდეგ. ამ დროს ის უკვე უნდა შეფასდეს - გაიზომოს ინდურაცია (და არა ერითემა). რეაქცია უარყოფითად მიიჩნევა, თუ არ განვითარდა ინფილტრატი და ჰიპერემია. 10 მმ დიამეტრის და ამაზე დიდი ინდურაცია დადებით პასუხად ითვლება. ბცჟ-ვაქცინაციის პირობებში მანტუს სინჯით შეიძლება დავადგინოთ არა მხოლოდ ინფექციური, არამედ პოსტვაქცინური ალერგიის არსებობაც. დიაგნოსტიკის ამ მეთოდების ერთობლიობის საფუძველზე შესაძლებელია დადგენილ  იქნეს ორგანიზმში ტუბერკულოზის (ინფიცირების ან დაავადების) არსებობა და შემუშავდეს საექიმო მოქმედების ტაქტიკა.


- ზოგჯერ რენტგენოლოგიური კვლევისას აღმოაჩენენ გადატანილი ტუბერკულოზის ნიშნებს. შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა დაავადება ისე გადაიტანოს, რომ ეს არ იცოდეს?
- დიახ, ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირება ადეკვატური იმუნური პასუხის შემთხვევაში დაავადებად არ ტრანსფორმირდება. ვითარდება ლატენტური ტუბერკულოზი, რომელიც ზოგჯერ ლიმფურ კვანძებსა და ფილტვის ქსოვილში ტოვებს ცვლილებებს კალცინატების სახით.


ტუბერკულოზის გართულებები
- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ფილტვების ტუბერკულოზს?
- ტუბერკულოზის ტიპური გართულებებია:

  • სისხლდენა ფილტვებიდან ან სისხლიანი ხველა;
  • სპონტანური პნევმოთორაქსი (როდესაც ფილტვის ქსოვილის მთლიანობა ირღვევა, ჰაერი ხვდება პლევრის ღრუში, რაც იწვევს ფილტვის ნაწილობრივ ან მთლიან კოლაბირებას და სუნთქვის მწვავე უკმარისობას);
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ფილტვ-გულის უკმარისობა; 
  • შინაგანი ორგანოების ამილოიდოზი და სხვა.


ტუბერკულოზის პროფილაქტიკის საშუალებები
- რას გულისხმობს ტუბერკულოზის პროფილაქტიკა?
- 1903 წელს საფრანგეთში, ქ. ლილში, პასტერის ინსტიტუტში, კალმეტისა და გერენის მიერ ვაქცინაციისთვის მოწოდებულ იქნა M. ovis-ის ატენუირებული შტამი, რომელსაც BCG (კალმეტ-გერენის ბაცილა) ეწოდა. სწორედ ამ ვაქცინით იმუნიზაცია ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის. ვაქცინაცია უტარდება ახალშობილს სიცოცხლის მე-5 დღემდე. ვაქცინაციის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი 5-7 წელიწადს გასტანს.


ტუბერკულოზის მკურნალობა
- როგორ მკურნალობენ ტუბერკულოზს?
- ტუბერკულოზის მკურნალობის მეთოდებიდან პრიორიტეტი ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას ენიჭება. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის ერა დაიწყო 1945 წელს, როდესაც ვაქსმანმა სტრეპტომიცინი აღმოაჩინა. ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით. ის ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებისას. ინტენსიური ფაზის დროს, რომელიც 2 თვეს გასტანს, პაციენტი ყოველდღე იღებს 4 პრეპარატის - იზონიაზიდის, რიფამპიცინის, პირაზინამიდისა და ეტანბუტოლის - კომბინაციას, გაგრძელების ფაზაში კი 2-3 მედიკამენტს 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი საშუალოდ 6-თვიანია. მნიშვნელოვანია, რომ:

  • პაციენტმა ზუსტად შეასრულოს მკურნალი ექიმის დანიშნულება;
  • რეგულარულად და დროულად მიიღოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების ყოველდღიური დოზა, ვინაიდან წამლების არარეგულარული მიღებისას და მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლოა განვითარდეს ტუბერკულოზის მედიკამენტებისადმი გამძლე (რეზისტენტული) ფორმა, რომლის მკურნალობა გაცილებით რთულია და შედეგიც ყოველთვის არ არის სასურვველი.

ეფექტური მკურნალობის დროს სიმპტომური გაუმჯობესება დაავადებულთა უმრავლესობას პირველ 2-3 კვირაში აღენიშნება. 4-5 თვის შემდეგ რენტგენოლოგიურად დასტურდება პროცესის სტაბილიზაცია. ავადმყოფთა უმრავლესობა 2 თვის შემდეგ ბაქტერებს აღარ გამოყოფს. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა აუცილებლად ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში (ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერი, კაბინეტი ან სტაციონარი) უნდა ჩატარდეს. პაციენტმა მედიკამენტის ყოველი დოზა უნდა მიიღოს სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობით.


- როგორი მკურნალობენ რეზისტენტულ ტუბერკულოზს?
- რეზისტენტული ბაცილების გასანადგურებლად პაციენტმა ყოველდღე უნდა მიიღოს 5-7 სხვადასხვა წამალი, ზოგიერთი მათგანი - დღეში 2-ჯერაც კი. იმის გამო, რომ ამ წამლების ერთ აბად გაერთიანება შეუძლებელია (როგორც სტანდარტული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების შემთხვევაში), პაციენტს უწევს რამდენიმე აბის მიღება და ინექციის გაკეთება. ამასთანავე, ვინაიდან რეზისტენტული წამლები არ არის ისევე ძლიერი, როგორც ჩვეულებრივი ტუბერკულოზის სამკურნალო წამლები, ადამიანმა იგი უფრო მეტი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს. უმეტესად მკურნალობა 2 წელიწადი გრძელდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ტუბერკულოზის ყველა ბაცილა დაიხოცა და ავადმყოფი განიკურნა. მკურნალობა ტარდება მეთვალყურეობის ქვეშ - მას აკვირდება სამედიცინო პერსონალი, რათა დავრწმუნდეთ, რომ პაციენტი ყოველდღიურად იღებს ყველა წამალს. თუ დაავადებულმა მკურნალობის წესები დაარღვია, წამლის დოზა ან დოზები გამოტოვა, ანდა ბოლომდე არ მიიყვანა კურსი, მკურნალობა ეფექტური არ იქნება. ამ შემთხვევაში დაავადებული ისევ გახდება გადამდები და დააინფიცირებს ოჯახის წევრებს. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიაც უფრო რეზისტენტული გახდება და ადამიანის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. სხვა სახის მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს.


- რატომ არ უნდა შეწყვიტოს დაავადებულმა მკურნალობა?
- თუ დაავადებული შეწყვეტს მკურნალობას:

  • ისევ გახდება გადამდები და დააინფიცირებს ოჯახის წევრებს;
  • გახდება უფრო მეტად რეზისტენტული;
  • საფრთხეს შეუქმნის საკუთარ სიცოცხლეს.


- როდის დაისმის ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ქირურგიული ჩარევის საკითხი?
- მკურნალობის ქირურგიული მეთოდი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება, მაშინ, როდესაც სხვა სახის მკურნალობა უეფექტოა. ამ შემთხვევაში მკურნალობის დაწყებიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ დაისმის ქირურგიული ჩარევის საკითხი. ოპერაციამდე საჭიროა ტუბერკულოზური პროცესის მაქსიმალური სტაბილიზაცია.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები