მეტეორიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტეორიზმი

- საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების ჭარბი დაგროვება, რაც მათი დიდი ოდენობით წარმოქმნის ან გამოყოფის დარღვევის შედეგია, შინაგან ორგანოთა დაავადებების ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი გახლავთ. პაციენტები, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ დაავადებული, ხშირად უჩივიან მეტეორიზმს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეპიზოდური მეტეორიზმი ჯანმრთელ პირებსაც ხშირად აღენიშნებათ. აირების დაგროვება მართლაც პრობლემური საკითხია, ვინაიდან ის საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და საკმაო უხერხულობას უქმნის.

- როგორ ვლინდება მეტეორიზმი, რას გრძნობს ადამიანი აირების ჭარბი დაგროვებისას?

- აირების ჭარბი დაგროვებიათ გამოწვეული ჩივილები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. ზოგიერთს აწუხებს მუცლის შებერვა, მისი ზომის (გარშემოწერილობის) მკვეთრი მატება, რაც ნაწლავების შებერვის შედეგია. მიუხედავად ჭარბი დაგროვებისა, აირების გამოყოფა არ ხდება, ვინაიდან ვითარდება მსხვილი ნაწლავის სპაზმი. ამ შემთხვევაში პაციენტები ხშირად უჩივიან მუცელში დისკომფორტსა და მჭრელ ტკივილს. რიგ შემთხვევაში აირებით გადავსების გამო ნაწლავის კედლის გაწელვის შედეგად ვითარდება ძლიერი მოვლითი ტკივილი, რომელიც მხოლოდ აირების გამოყოფის შემდეგ მცირდება. ამავე დროს, დადგენილია, რომ პირდაპირი კავშირი დაგროვილი აირების რაოდენობასა და ტკივილის ინტენსივობას შორის არ არსებობს. ზოგიერთს ტკივილი მცირე რაოდენობით აირების დაგროვების შემთხვევაშიც აღენიშნება, მაშინ, როცა ზოგიერთი ტკივილს ნაწლავებში დიდი რაოდენობით აირის არსებობის დროსაც კი არ უჩივის. ეს ყველაფერი ტკივილის ინდივიდუალური აღქმის თავისებურებებთან არის დაკავშირებული. მეტეორიზმის მეორე ვარიანტს ახასიათებს ნაწლავიდან აირების ინტენსიური გამოყოფა, რასაც ხშირად თან სდევს ხმაური. გამოყოფილ აირებს საკმაოდ მძაფრი სუნი აქვს. მართალია, ამ შემთხვევაში ტკივილი უმნიშვნელოა, მაგრამ არანაკლებ უხერხულობას უქმნის პაციენტს მუცელში წარმოქმნილი ხმაური, ყურყური და მძაფრი სუნის მქონე აირების ხმაურიანი გამოყოფა. გარდა აღნიშნულისა, აირების ჭარბ დაგროვებას შესაძლოა თან ახლდეს ბოყინი, გულისრევა, ყაბზობა ან ფაღარათი, არასასიამოვნო გემო პირში, მადის დაქვეითება. არ არის გამორიცხული, მეტეორიზმმა გამოიწვიოს ისეთი ზოგადი გამოვლინებები, როგორიც არის ტკივილი გულის არეში, გულის ფრიალი, გულის რიტმის დარღვევა (ამის გამო პაციენტები ხშირად ვერ ხვდებიან თავიანთი ჩივილების მიზეზს), თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, ქოშინი. უკანასკნელი სიმპტომი უმეტესად მაშინ ვითარდება, როდესაც პაციენტს კარგად აქვს განვითარებული მუცლის კუნთები - დაგროვილი აირები მუცლის წინა კედელს ვერაფერს აკლებენ და დიაფრაგმას აწვებიან, რის გამოც სუნთქვა ძნელდება.

- როგორც ვხედავთ, მეტეორიზმი საკმაოდ მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს. რა განაპირობებს თავად მეტეორიზმს?

- მეტეორიზმის მიზეზი მრავალფეროვანია. აღსანიშნავია კვების თავისებურებები, საჭმლის მონელების პროცესების დარღვევა, ნაწლავში მექანიკური დაბრკოლების არსებობა, ნაწლავთა მოტორული აქტივობის დაქვეითება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ფსიქიკური ფაქტორების ზემოქმედება. ბუნებრივია, პაციენტების ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, კვების თავისებურებებთან დაკავშირებული მეტეორიზმი იწვევს. მედიცინაში მას ალიმენტურ მეტეორიზმს უწოდებენ. ალიმენტური მეტეორიზმი მაშინ აღმოცენდება, როდესაც ადამიანი უჯრედისით, ცელულოზით, პექტინით, სახამებლით მდიდარ საკვებს იღებს. ასეთია, მაგალითად, პარკოსნები (ჩვენთვის კარგად ცნობილი ლობიო), კომბოსტო, კარტოფილი, შავი პური. ასეთი საკვების მონელებას თან სდევს ნაწლავში დიდი რაოდენობით აირების გამოყოფა.

ალიმენტურ მეტეორიზმს იწვევს გაზიანი სასმელების მიღებაც. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სასმლის სახეობას - მეტეორიზმს იწვევს არა მარტო კოკა-კოლა ან ლიმონათი, არამედ სამკურნალო გაზიანი წყალიც, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში წამყვანი ფაქტორი სასმელში არსებული აირია და არა თვით სასმლის შემადგენლობა. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ვურჩევთ პაციენტებს, სამკურნალო მინერალური წყალი მხოლოდ უგაზოდ მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზი, რომელიც ჭიქაში შუშხუნებს, კუჭში განაგრძობს გამოყოფას. ალიმენტური მეტეორიზმის განვითარებას ხელს უწყობს ის პროდუქტებიც, რომლებიც დუღილს იწვევს - ცხვრის ხორცი, ქიშმიში, ბურახი, ლუდი. უკანასკნელ ორ სასმელში დუღილის პროცესი თავისთავად მიმდინარეობს. მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებსაც - ნაწლავური მიკროფლორის ხასიათს, ნაწლავის შეწოვის უნარს, კუჭიდან საკვების ევაკუაციის სისწრაფეს.

- რომელი დაავადებები იწვევს მონელების დარღვევასთან დაკავშირებულ მეტეორიზმს?

- საჭმლის მონელების პროცესების დარღვევა ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების: გასტრიტის, დუოდენიტის, პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ჰეპატიტის, ასევე - შეწოვის დარღვევის, დისბაქტერიოზის, განსაზღვრულ ფერმენტთა უკმარისობის დროს. უკანასკნელის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ლაქტაზის უკმარისობა. ჩამოთვლილი დაავადებები სხვადასხვა სახისაა, მაგრამ მეტეორიზმი მსგავსი მექანიზმით ვითარდება: აღარ ხდება საკვების სრული დაშლა, ნაწლავში გროვდება მონელების შუალედური პროდუქტები, რომელთა გარდაქმნას ნაწლავური მიკროფლორის ზემოქმედებით თან სდევს ლპობისა და დუღილის პროცესები, ხოლო შედეგად - აირების წარმოქმნა, ამის მიზეზი კი ფერმენტების უკმარისობა ან ნაწლავის მიკროფლორის პათოლოგიური ცვლილებაა, რასაც ნაწლავში ბუნებრივად არსებული მიკროორგანიზმების რაოდენობის შემცირება და პათოლოგიური ორგანიზმების გამრავლება მოსდევს. ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური შემადგენლობის ცვლილებამ, დისბაქტერიოზმა, მკვლევართა აზრით, შესაძლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების დროს იჩინოს თავი. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მეტეორიზმი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების ხშირი სიმპტომია. ბუნებრივია, მონელების დარღვევა და მასთან დაკავშირებული მეტეორიზმი თან ახლავს ნაწლავთა ნებისმიერ დაავადებას, საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციებს.

- როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მეტეორიზმის ერთ-ერთი მიზეზი ლაქტაზის დეფიციტია. რა არის ეს?

- წვრილ ნაწლავში არსებული ფერმენტის - ლაქტაზის უკმარისობა რძის შაქრის - ლაქტოზის აუტანლობას იწვევს. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს სათანადო ოდენობის ლაქტაზას, რომელიც რძის შაქარს გლუკოზად და გალაქტოზად შლის, აღნიშნული ნივთიერებები კი წვრილ ნაწლავში შეიწოვება. ლაქტაზის დეფიციტის შემთხვევაში ლაქტოზა უცვლელი სახით აღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც მის მონელებას ნაწლავის მიკროორგანიზმები იწყებენ, ამას კი დიდი ოდენობით აირების წარმოქმნა სდევს თან. სწორედ ამას ეფუძნება ლაქტაზის დეფიციტის სადიაგნოზო ერთ-ერთი ტესტი - ამოსუნთქულ ჰაერში წყალბადის მომატებული შემცველობის დადგენა. გარდა ამისა, ლაქტაზას ოსმოსური თვისებებიც აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წყლის შეკავების უნარი შესწევს. სწორედ ამ თვისების გამოა, რომ მსხვილ ნაწლავში ლაქტაზის კონცენტრაციის მატებას თან სდევს წყლის სეკრეციის გაძლიერება და შედეგად ფაღარათი მჟავესუნიანი, თხევადი, ქაფიანი განავლით. დაავადების დამახასიათებელი თავისებურება კი ის არის, რომ აღნიშნული სიმპტომები რძისა და ლაქტოზის შემცველი რძის პროდუქტების მიღებისას აღმოცენდება. რძემჟავა პროდუქტები (მაგალითად, მაწონი) რძის შაქარს უფრო ნაკლები რაოდენობით შეიცავს და ლაქტაზის ზომიერი დეფიციტისას მათი გამოყენება ადამიანს ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეუძლია, ხაჭოსა და ყველში კი ლაქტაზა საერთოდ არ არის, ასე რომ, პაციენტს შეუზღუდავად შეუძლია მათი მიღება. ლაქტაზის დეფიციტი შეიძლება იყოს როგორც პირველადი ანუ გენეტიკური (მემკვიდრეობითი), ისე მეორეული - ნაწლავის დაავადებების ან ორგანიზმის კონსტიტუციური თავისებურებების შედეგი. უკანასკნელ შემთხვევაში ფერმენტის დეფიციტი მოგვიანებით, ხშირად ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს და ადამიანს, რომელიც არასოდეს უჩიოდა რძის აუტანლობას, უეცრად მისი მიღებისას მეტეორიზმი, აირების გამოყოფა და ფაღარათი ეწყება.


- კიდევ რომელ დაავადებებს გამოყოფდით მეტეორიზმის მიზეზთა შორის?

- მეტეორიზმის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. მას ახასიათებს მუცლის ტკივილი, შეკრულობა ან ფაღარათი და მეტეორიზმი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად კლინიკური ნიშნების არსებობისა, ნაწლავის რაიმე ორგანული პათოლოგია (ანატომიური ან ანთებითი თუ სხვა სახის ცვლილებები) არ არის, ჩივილების საფუძველი მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკის (სპონტანური მოძრაობის) დარღვევაა. გარდა აღნიშნულისა, აირების ჭარბი დაგროვება ხდება ნაწლავის მექანიკური ობსტრუქციის, მისი მოტორიკის დარღვევის, სისხლის მიმოქცევის მოშლის, სტრესული ფაქტორების ზემოქმედების, კვების თავისებურებების გამო.

- როდის შეიძლება ვივა-რაუდოთ, რომ მეტეორიზმის მი-ზეზი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომია და არა სხვა დაავადება?

- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სასარგებლოდ მეტყველებს დაავადების არაპროგრესირებადი ხასიათი, წონის შენარჩუნება, ჩივილების გამძაფრება სტრესის, ემოციური დაძაბვის ფონზე, აგრეთვე ის, რომ დაავადების სიმპტომები არასოდეს ვლინდება ღამით, ხშირად ჩივილები ძლიერია ნაწლავების მოქმედების წინ, ხოლო შემდეგ მცირდება და ქრება.

- როდის არის მეტეორიზმის მიზეზი ნაწლავის მექანიკური ობსტრუქცია ან მოტორიკის დარღვევა?

- ნაწლავის მექანიკური ობსტრუქცია ანუ დახშობა ვითარდება მისი სანათურის შევიწროების გამო ნაწლავის ანთებითი დაავადებების (მაგალითად, კრონის დაავადების), ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი სიმსივნეების შედეგად, ასევე - ოპერაციული ჩარევის შემდეგ შეხორცებითი დაავადების ფონზე. ყოველი ხსენებული მდგომარეობის დროს მეტეორიზმი საკმაოდ ხშირია.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ნაწლავის მოტორიკის (სპონტანური მოძრაობის) დარღვევა და ამ დროს აღმოცენებული აირების დაგროვება ან, როგორც მედიცინაში უწოდებენ, დინამიკური მეტეორიზმი. ის შეიძლება აღმოცენდეს ოპერაციის შემდგომ პერიოდში ნაწლავების პარეზის გამო, ინტოქსიკაციის, პერიტონიტის ფონზე. მეტეორიზმის ეს სახეობა ხშირია მსხვილი ნაწლავის განვითარების სხვადასხვა ანომალიის დროს. მათ შორის აღსანიშნავია პათოლოგიურად მოძრავი მსხვილი ნაწლავი, ანომალიურად გრძელი მსხვილი ნაწლავი (დოლიქოკოლონი) ან მისი ნაწილი (დოლიქოსიგმა). ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს ნაწლავის ანატომიურ თავისებურებათა გამო ჭიანურდება მასში საჭმლის მონელების პროდუქტების გადაადგილება, ეს ზემოქმედებს ნაწლავის ნერვულ აპარატზე, ცვლის ნაწლავის მიკროფლორას და აძლიერებს მეტეორიზმს, ხელს უწყობს და განაპირობებს ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესების აღმოცენებას, რასაც თან ახლავს დიდი ოდენობით მძაფრსუნიანი აირების წარმოქმნა. აირების ჭარბი დაგროვებით შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი ანომალიები, როგორიც არის ნაწლავთა მარყუჟების გადაადგილება ღვიძლსა და დიაფრაგმას შორის (ქილაიდიტის სინდრომი), მსხვილი ნაწლავის ელენთის ნაკეცის მაღალი ფიქსაცია (ელენთის ნაკეცის სინდრომი), პათოლოგიურად მოძრავი ბრმა ნაწლავი (ბრმა ნაწლავის სინდრომი). ყველა დასახელებული ანომალიის შემთხვევაში ნაწლავის განსაზღვრული სეგმენტი ერთგვარ ჩიხს ქმნის აირებისთვის, მოტორიკის დარღვევისას კი დასახელებულ მონაკვეთებში დაგროვილი აირები ტკივილის შეგრძნებას იწვევენ. მსგავს შემთხვევებში ანატომიური აგებულების გამო პაციენტი ამ ტკივილს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ბრმა ნაწლავის ან, ასე განსაჯეთ, გულის პათოლოგიადაც კი აღიქვამს. აღწერილი მექანიზმით აღმოცენებული მეტეორიზმის დროს საგრძნობმა დისკომფორტმა შესაძლოა არცთუ ისე დიდი ოდენობის აირის დაგროვების შემთხვევაშიც კი იჩინოს თავი.

- რა კავშირია ნაწლავის სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და მეტეორიზმს შორის?

- სისხლის მიმოქცევის დარღვევა ნაწლავში, საზოგადოდ, ორგანიზმში იწვევს ნაწლავების მოტორული ფუნქციის დარღვევას, დისბიოზის აღმოცენებას, სისხლძარღვოვან ქსელში წნევის მატების გამო სისხლის პლაზმიდან ნაწლავის სანათურში აირთა დიფუზიას. მეტეორიზმის ეს სახეობა, რომელსაც ცირკულატორულ მეტეორიზმს უწოდებენ, ვითარდება იშემიური კოლიტის, სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში სისხლის შეგუბების დროს. ის შეიძლება თან ახლდეს ნაწლავის მკვებავი არტერიების ათეროსკლეროზულ შევიწროებას და გულის უკმარისობით გართულებულ პრაქტიკულად ყველა დაავადებას. აირების ჭარბი დაგროვება ხშირია ღვიძლის სისხლძარღვთა სისტემაში (კერძოდ, კარის ვენაში) წნევის მატების - პორტული ჰიპერტენზიის დროს, რომელიც ღვიძლის ციროზის შემთხვევაში ვითარდება.

- მეტეორიზმის თქვენ მიერ ჩამოთვლილ მიზეზთა შორის ერთი შეხედვით უცნაური ფაქტორებიც არის მოხსენიებული...

- ალბათ მხედველობაში გაქვთ სტრესული ფაქტორების ზემოქმედება. ემოციური გადაძაბვა, ნერვული აშლილობა და შედეგად ნერვული სისტემის ზედმეტი აგზნება იწვევს ნაწლავის გლუვი კუნთების სპაზმს, რაც აფერხებს მის მოტორულ აქტივობას, ამის შედეგად კი ნაწლავის სანათურში დაგროვილი აირები იწვევენ ნაწლავის კედლის ზედმეტ გაჭიმვასა და ტკივილს. შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ აირების დაგროვება შემაწუხებელი ხდება მაღალ ადგილზე ასვლისას. ამის ახსნაში ელემენტარული ფიზიკის ცოდნა დაგეხმარებათ: დიდ სიმაღლეზე აირი ფართოვდება, მისი პარციალური წნევა იზრდება. ალბათ არც დაფიქრებულხართ, რომ მეტეორიზმს ხელს უწყობს ჩქარი ჭამა, საუბარი ჭამის დროს, თამბაქოს წევა, საღეჭი რეზინი. ყველა ჩამოთვლილი მიზეზი იწვევს დიდი ოდენობით ჰაერის ჩაყლაპვას, ხოლო ჩაყლაპული ჰაერი მარტო მეტეორიზმს კი არ იწვევს, არამედ განაპირობებს ნაწლავის განსაზღვრული მიკროორგანიზმების დაღუპვას და დისბიოზს, რისი შედეგიც მეტეორიზმია. ჩქარი ჭამა, ჭამის დროს ლაპარაკი, გაზიანი სასმელების სმა ასევე ხელს უწყობს ბოყინს - კუჭში დაგროვილი აირების სწრაფ ამოსვლას, რაც ზოგჯერ საკმაოდ ხმაურიანია, საზოგადოებაში უხერხულობას გვიქმნის და მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს.

- მეტეორიზმის შესახებ საუბრისას, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით შეკითხვას სპეციფიკური სუნის აირების ხმაურიანი გამოყოფის შესახებ. ზოგადად რა მექანიზმით ხდება აირების წარმოქმნა ნაწლავში?

- არსებობს ნაწლავში აირების დაგროვების სამი გზა - ჩაყლაპული ჰაერი, თვით ნაწლავში წარმოქმნილი აირები და სისხლიდან გამოყოფილი გაზები. ჩვეულებრივ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დაგროვილი აირები ადამიანს პრობლემას არ უქმნის, რადგან ნაწილობრივ ნაწლავში შეიწოვება, ხოლო ნაწილობრივ საყლაპავით (ბოყინისას) ან სწორი ნაწლავით გამოიყოფა გარეთ. დადგენილია, რომ ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 13-15 პასაჟით 0,5-1,5 ლიტრამდე გაზს გამოყოფს, ნაწლავის სანათურში კი 200 მილილიტრამდე აირია და ეს დისკომფორტს არ იწვევს. ნაწლავური აირები შეიცავს აზოტს, ჟანგბადს, ნახშირორჟანგს, წყალბადს, მეთანს, გოგირდწყალბადს, არომატულ ნაერთებს - ინდოლს, სკატოლს, მერკაპტანს. სწორედ უკანასკნელნი იწვევენ არასასიამოვნო სუნს. აღნიშნული კომპონენტები მსხვილ ნაწლავში არსებულ მოუნელებელ ორგანულ ნივთიერებებზე (მცენარეული ბოჭკო, ცელულოზა, პექტინი, ჰემიცელულოზა, ლიგნინი) ნაწლავური მიკროფლორის ზემოქმედების შედეგია.

- როგორც ვხედავთ, მეტეორიზმი შესაძლოა იყოს საკმაოდ სერიოზული დაავადების სიმპტომი ან, უბრალოდ, ფუნქციური პათოლოგიის გამოვლინება. რას ეფუძნება მისი მიზეზების დიაგნოსტიკა? რომელი კვლევების ჩატარებაა საჭირო მეტეორიზმის დროს?

- მეტეორიზმის მიზეზის ძიება საკმაოდ სერიოზული და ზოგჯერ არცთუ მარტივი პროცესია. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი გამოკითხვით იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩივილების თავისებურებათა შესახებ, ტარდება პაციენტის დეტალური გასინჯვა და ისახება შემდგომი კვლევის გეგმა. ლაბორატორიული კვლევები, საჭიროების შემთხვევაში - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოლოგიური თუ ენდოსკოპიური (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია) გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, მეტეორიზმის ჭეშმარიტი მიზეზი დავადგინოთ. თუმცა აქვე კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ მეტეორიზმის გამომწვევი დაავადების დიაგნოსტიკა არ არის მარტივი, ამიტომ პაციენტებს ვურჩევთ, ნუ დაგეგმავენ კვლევებს თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე. ისევე როგორც ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობის დროს, თვითდიაგნოსტიკის მცდელობისას დიდია ალბათობა, პაციენტმა სრულიად შეუფერებელი კვლევა ჩაიტაროს. დიაგნოსტიკა რთული პროცესია, რომლის რაციონალური გეგმის შედგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია.


- ჩვენს საკმაოდ ვრცელ საუბარს მოჰყვება ბუნებრივი შეკითხვა: როგორ ვებრძოლოთ აირების ჭარბ დაგროვებას?

- ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, მეტეორიზმის მიზეზზეა დამოკიდებული. როდესაც აირების ჭარბ დაგროვებას საფუძვლად სერიოზული დაავადება უდევს, მეტეორიზმის კორექცია ამ დაავადების მკურნალობით უნდა დავიწყოთ. გარდა აღნიშნულისა, მართლაც არსებობს რიგი ღონისძიება, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ნაწლავებში აირთა წარმოქმნის შემცირება. მათ შორის აღსანიშნავია:

  • დიეტის კორექცია;
  • ნაწლავის მოტორიკაზე ზემოქმედება;
  • ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა;
  • დაგროვილი აირების მოცილება.

- როგორი უნდა იყოს კვება მეტეორიზმის თავიდან ასაცილებლად? საჭიროა თუ არა დიეტა?

- უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია თავად კვების მიღების პროცესი. ის უნდა იყოს მშვიდი. დაუშვებელია ჩქარა ჭამა, ჭამის დროს ლაპარაკი, გაზიანი სასმელების მიღება. რაც შეეხება რაციონს, ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როდესაც მეტეორიზმი განსაზღვრულ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შესაბამისი დიეტა აუცილებელია. ლაქტაზის დეფიციტის დროს უნდა გამოირიცხოს რძე და რძის შაქრის შემცველი სხვა პროდუქტები. ჯანმრთელი ადამიანი უნდა ერიდოს მეტეორიზმის ხელშემწყობ პროდუქტებს: უხეში უჯრედისით მდიდარ საკვებს (კომბოსტოს, ისპანახს, ყურძენს, ქიშმიშს), პარკოსნებს (ლობიოს, ბარდას), ჭვავის (შავ) პურს, ასევე ბურახს, ლუდს, გაზიან სასმელებს, მაჭარს. რეკომენდებულია რძემჟავა პროდუქტები, წიწიბურა, ხორბალი, თერმულად დამუშავებული ხილი და ბოსტნეული, ხორცი - მხოლოდ მოხარშული. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ინდივიდუალურია. ბევრმა თვითონვე იცის, რომელი საკვები იწვევს მასში მეტეორიზმს. ბუნებრივია, ასეთი პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული.

- რომელი პრეპარატები ინიშნება მეტეორიზმის დროს?

- აირების ჭარბი დაგროვების შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას. ჩვენი მოსახლეობა კარგა ხანია იცნობს ნახშირსა და თიხის პრეპარატებს. არსებობს აირების მშთანთქმელი ახალი საშუალებებიც. მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებების მიღება.

- დაგვეთანხმებით, რომ პაციენტები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთნი ექიმს პირველი ჩივილებისთანავე მიმართავენ (თუმცა ჩვენს სინამდვილეში ასეთი ადამიანი არც ისე ბევრია), მეორენი კი უკიდურეს მდგომარეობამდე ცდილობენ ვიზიტის გადადებას. რომელი ტაქტიკაა გამართლებული მეტეორიზმის შემთხვევაში?

- თუ მეტეორიზმი ეპიზოდურია და ადამიანიც ამჩნევს, რომ აშკარაა კავშირი აირების ჭარბი წარმოქმნის ხელშემწყობი საკვების მიღებასთან, ექიმთან ვიზიტი შესაძლოა მართლაც არ იყოს აუცილებელი, მაგრამ მუდმივი და შემაწუხებელი მეტეორიზმი, არ არის გამრიცხული, სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს. ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. ცნობილია, რომ მდგრადი, ძლიერი, შემაწუხებელი მეტეორიზმი დიდი ხნის განმავლობაში უძღვის წინ ღვიძლის ციროზის კლინიკურ გამოვლინებას და ამ დაავადების გამო მუცლის ღრუში სითხის დაგროვებას ანუ ასციტს. სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით არის შემუშავებული რეკომენდაცია, როდის მივმართოთ ექიმს. დადგენილია, რომ მეტეორიზმსა და აირების ჭარბად გამოყოფასთან ერთად განსაზღვრული ნიშნების არსებობა სპეციალისტის კონსულტაციის აუცილებელი ჩვენებაა. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, თუ მეტეორიზმსა და აირების ჭარბ გამოყოფას თან ახლავს:

  • ფაღარათი;
  • ყაბზობა;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • წონის დაქვეითება;
  • ტკივილი მუცლის ან სწორი ნაწლავის არეში;
  • მუდმივი გულძმარვა;
  • შემაწუხებელი და მუდმივი მეტეორიზმი.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც მეტეორიზმი აწუხებს?

  • არასოდეს დატოვონ უყურადღებოდ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები.
  • დაიცვან რეკომენდაციები კვების რეჟიმთან დაკავშირებით.
  • ერიდონ მეტეორიზმის გამომწვევ საკვებს.
  • არ მიიღონ ანტიბიოტიკები აუცილებელი ჩვენების გარეშე - ისინი ნაწლავურ მიკროფლორას ანადგურებენ.
  • დიდხანს ნუ გამოიყენებენ საფაღარათო საშუალებებს.