უსაფრთხოა თუ არა რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უსაფრთხოა თუ არა რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევის მეთოდები

- ბოლო დროს სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ, ახალი აპარატების შექმნამ მაინც ვერ დააკნინა რენტგენოლოგიური კვლევის მნიშვნელობა. ეს მეთოდი დიაგნოზის სწრაფად და ზუსტად დასმის საშუალებას იძლევა. რენტგენოსკოპიას - რენტგენით გაშუქებას და რენტგენოგრაფიას - რენტგენის სურათის გადაღებას - დიაგნოზის დასასმელად იყენებენ. რენტგენის სხივები ადამიანის ორგანიზმში გავლისას შლის ზოგიერთ უჯრედს. ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზმში განუწყვეტლივ ხდება უჯრედების კვდომა და განახლება, ამიტომ თუ დასხივება არ იქნება დასაშვებზე მეტი, დანაკლისს ორგანიზმი თვითონვე აღადგენს. დაზიანების მასშტაბი დამოკიდებულია რენტგენის გამოსხივების ინტენსივობასა და დასხივების ხანგრძლივობაზე. დასხივების საშუალო დოზა სხვადასხვა გამოკვლევისას სხვადასხვაა:

  • სტომატოლოგიური რენტგენი - 0,005 მილიზივერტი;
  • ძვლის სიმკვრივის ამსახველი რენტგენი - 0,001 მზვ;
  • გულმკერდის რენტგენი - 0,1 მზვ;
  • მენჯის რენტგენი - 1,0 მზვ და ა.შ.

ადამიანისთვის აბსოლუტურად სასიკვდილო დოზა ერთჯერადი დასხივებისას დაახლოებით 600 მზვ-ს შეადგენს.

- სტომატოლოგიური პროცედურების დროს რენტგენოლოგიურ კვლევას ხშირად მიმართავენ (თქვენც ახსენეთ ზემოთ სტომატოლოგიური რენტგენი). რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა ადამიანისათვის?

- დენტალური რენტგენოგრამების ნებადართული რაოდენობა მოზრდილისთვის დღეში 15-30-ია, ბავშვებისთვის კი 5-მდე. განმეორებითი გადაღება მოზრდილებისთვის ნებადართულია 1 კვირის შემდეგ, ხოლო ბავშვებისთვის - 3-5 კვირის შემდეგ. ეს პროცესი ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაზღვრული რისკი არსებობს რენტგენოსკოპიისა და რენტგენოგრაფიის დროსაც, მაგრამ ექიმი ითვალისწინებს რენტგენოგრამების დასაშვებ რაოდენობას, ორსულობის შემთხვევაში - ორსულობის ვადას. ორსულობისას დენტალური რენტგენოგრამის გადაღება არასასურველია. თუ სხვა გზა არ არის, აუცილებელია ტყვიის წინსაფრის გამოყენება. დენტალური რენტგენის სხივი არასოდეს არის მიმართული პირდაპირ შინაგანი ორგანოებისკენ. ისინი მხოლოდ ირიბ ზემოქმედებას განიცდის. ასეთ დროს დასხივება შესაძლებელია სხივის არეკვლის ან გაფანტვის შემთხვევაში.

- რენტგენოსკოპია უფრო ინფორმაციულია თუ რენტგენოგრაფია?

- მრავალი ექიმი დღეს რენტგენოგრაფიას ანიჭებს უპირატესობას, რადგან მიაჩნია, რომ რენტგენოსკოპია ძალზე სუბიექტური მეთოდია და უფრო სკრინინგისთვის არის გამოსადეგი, ხოლო რენტგენოგრაფია იძლევა რენტგენოფირს, რომელიც საბუთია და რომლის ანალიზი სხვა ექიმსაც შეუძლია.

- რამდენად უსაფრთხოა კომპიუტერული ტომოგრაფია?

- კომპიუტერული ტომოგრაფიის წილად რადიოლოგიური კვლევების მხოლოდ 4% მოდის. კტ-ისა და რენტგენოლოგიური კვლევის დროს ერთი და იგივე სხივები და ერთი და იგივე პრინციპი გამოიყენება. ორივე მეთოდს ახლავს რისკი, თუმცა დიაგნოზის მნიშვნელობა ბევრად აღემატება გამოკვლევის დროს მიყენებულ ზიანს. სხეულის განსაზღვრული უბნის დასხივებით მიიღება ორგანიზმის შრეობრივი გამოსახულება. კტ-ის საშუალებით ადრეულ სტადიაშივე გამოვავლენთ მრავალ დაავადებას, მათ შორის - სიმსივნურსაც, მაშინაც კი, როცა პაციენტი არაფერს უჩივის. თუმცა ბოლო დროს ჩატარებული გამოკვლევების შედეგები საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ მთელი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია არსებითად ზრდის კიბოს განვითარების რისკს. მთელი სხეულის კტ-ის ერთჯერადი პროცედურის დროს დასხივების სტანდარტული დოზა დაახლოებით 12 ერთეულია. თუ მთელი სიცოცხლის განმავლობაში 10 ასეთ გამოკვლევას ჩავიტარებთ, 120 ერთეულს მივიღებთ. შედარებისთვის: ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური ბომბარდირების შემდეგ გადარჩენილ ადამიანებს, რომლებმაც საშუალოდ 29 ერთეული დასხივება მიიღეს, აღენიშნებოდათ ონკოლოგიური დაავადებების განვითარების სტატისტიკურად დამაჯერებელი რისკი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 45 წლის მამაკაცისთვის მთელი სხეულის კტ კიბოთი სიკვდილის ალბათობას 0,08%-ით ზრდის, ხოლო 30 ასეთი გამოკვლევა 45-დან 70 წლამდე - 1,9%-ით (კომპიუტერული ტომოგრაფის სხვადასხვა მოდელს დაზიანების სხვადასხვა ხარისხი აქვს). მრავალშრიანი სკანერის დოზა ერთშრიანი სპირალური სკანერისას ოდნავ აღემატება - მრავალშრიანი სკანერები უფრო სწრაფად მუშაობენ, უფრო მეტი შრე გამოიკვლევა და გაძლიერების სხვადასხვა ფაზაში უფრო მეტი გამოსახულება მიიღება, რასაც რადიაციის დოზის ზრდა ახლავს თან. რადიოლოგს უნდა ჰქონდეს მაღალი კვალიფიკაცია, რათა მკაცრად აკონტროლოს კტ გამოკვლევის საჭიროება.

- რამდენად უსაფრთხოა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა?

- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ორგანიზმში არსებული წყალბადის ატომბირთვებისგან ინფორმაციის მიღებას გულისხმობს. ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია თავისა და ზურგის ტვინის გამოსაკვლევად (გაფანტული სკლეროზი, მრავალი კეროვანი დაზიანება და სხვა). ეფექტურია მცირე მენჯის გამოკვლევის დროსაც. საკმაოდ ინფორმაციულია ახალშობილებში; გვეხმარება ნაყოფის სიმახინჯეების გამოვლენაში. გარდა ამისა, აქტიურად გამოიყენება ძვალსახსროვანი სისტემის გამოსაკვლევად. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს სისხლის ნაკადი ასრულებს საკონტრასტო ნივთიერების როლს და სისხლძარღვთა გამოსაკვლევად დამატებითი ჩარევა საჭირო აღარ არის. სწორედ ეს გახლავთ ბირთვული მაგნიტური რეზონანსის უპირატესობა.


- რა განსხვავებაა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიულ გამოკვლევასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიას შორის?

- მაგნიტური ველი და რადიოსიხშირული ტალღები ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენას არ ახდენს, მეთოდი არაინვაზიურია, ამიტომ ცნს-ის გამოკვლევისას პრიორიტეტი მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას ენიჭება. კტ მასზე სწრაფი და მოხერხებული მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ პაციენტი, მაგალითად, ჰემორაგიული ინსულტის მწვავე სტადიაში, ტრავმის დროს. კტ-ის აპარატები უმეტესად ისეთ კლინიკებში დგას, სადაც პაციენტებს სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას უწევენ. მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უფრო არაურგენტული კვლევის დროს მიმართავენ, თუმცა არის შემთხვევები, მაგალითად, იშემიური ინსულტის უმწვავესი სტადია, როცა საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა. ბირთვული მაგნიტური რეზონანსი პაციენტისთვის გაცილებით მიმზიდველია. რენტგენის გამოსხივება მაიონიზებელი გამოსხივებაა, თუმცა თანამედროვე კომპიუტერულ ტომოგრაფებზე ორგანიზმის დასხივება მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ორგანიზმზე მისი მავნე ზემოქმედება დადგენილი არ არის.  კტ-ს კონკრეტული შეზღუდვა არ გააჩნია, თუმცა 12 კვირამდე ვადის ორსულობისას გადაუდებელი ჩვენების გარეშე ამ გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებული არ არის. სასიცოცხლო ჩვენების გარეშე ასევე არ არის მიზანშეწონილი პირველ ტრიმესტრში ძლიერი მაგნიტის გამოყენებაც. მათთვის, ვისაც ელექტროკარდიოსტიმულატორი აქვს ჩანერგილი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება აკრძალულია.

- რა პერიოდულობით შეიძლება ამ გამოკვლევის ჩატარება?

- სიხშირის თვალსაზრისით მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე შეზღუდვა დაწესებული არ არის. კომპიუტერული ტომოგრაფიაც, სათანადო კლინიკური ჩვენების შემთხვევაში, მაგალითად, ოპერაციის შემდგომ პერიოდში შედეგის კონტროლისთვის, დინამიკაზე დასაკვირვებლად, შეიძლება საკმაოდ ხშირად ჩავატაროთ.

- რა სახის რადიოიზოტოპური კვლევა ტარდება ჩვენთან და რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისათვის?

- რადიოიზოტოპური კვლევა ძალზე ინფორმაციულია შარდსასქესო ორგანოების, ძვლების დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის. ამ მეთოდით შეგვიძლია შევაფასოთ ქიმიოთერაპიის ეფექტურობა ძვლების მეტასტაზირების შემთხვევაში. გარდა ამისა, საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, მაგალითად, რამდენად კარგად მუშაობს ერთი თირკმელი მეორესთან შედარებით. ძალზე ინფორმაციულია ღვიძლის ციროზის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ლიმფოგრაფიის ჩატარებას სარძევე ჯირკვლის ოპერაციის წინ. რადიოიზოტოპური კვლევისთვის იყენებენ თანამედროვე პრეპარატებს, რომელთა ნახევარდაშლის პერიოდი ძალზე ხანმოკლეა და ისინი შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან. პაციენტი იტვირთება სითხით, რათა პრეპარატი რაც შეიძლება მალეGგამოიდევნოს. ამისთვის მაქსიმუმ 2-3 დღეა საჭირო, ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევის ეს მეთოდი უსაფრთხოა. რადიოიზოტოპურ გამოკვლევას მიმართავენ პროსტატის სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და მათი მკურნალობის ეფექტურობის კონტროლისთვის. ფარისებრი ჯირკვლის რადიონუკლიდური სკანირებისას განირჩევა "ცხელი" და "ცივი" კვანძები. ეს გამოკვლევა არ იძლევა ინფორმაციას კვანძის კეთილთვისებიანობისა თუ ავთვისებიანობის შესახებ, ამიტომ მისი ჩატარება რუტინულად რეკომენდებული არ არის.

- რამდენად უსაფრთხოა ულტრასონოგრაფიული კვლევა, რა პერიოდულობით შეიძლება მისი ჩატარება?

- გავრცელებული რუტინული საშუალებების გვერდით არაინვაზიური და ნაკლებინვაზიური მეთოდების დანერგვა სამედიცინო დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიიჩნევა. ამ მხრივ საყურადღებოა ულტრაბგერითი ტომოგრაფია. უაღრესად დიდია ულტრაბგერითი ტომოგრაფიის (ექოგრაფიის) ინფორმაციულობა შინაგანი ორგანოების გამოკვლევის დროს. მას ახასიათებს სრული უსაფრთხოება და უვნებლობა როგორც პაციენტისთვის, ასევე ოპერატორისთვისაც. დიაგნოსტიკის სხვა მეთოდებთან შედარებით ულტრაბგერითი ტომოგრაფიის უპირატესობას განაპირობებს გამოკვლევის სიმარტივე და სისწრაფე, მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა, მეტ-ნაკლები სიიაფე. გამოკვლევის უვნებლობა ზრდის მის მნიშვნელობას მეანობა-გინეკოლოგიაში, როდესაც, დედისა და ნაყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მრავალი სხვა სადიაგნოზო საშუალების გამოყენება სახიფათოა. ორსულსა და ნაყოფზე ულტრაბგერის მავნე ზემოქმედება ჯერ არ აღწერილა. ულტრაბგერას შეუძლია, ადამიანის ორგანიზმზე მოახდინოს მექანიკური, თერმული, ფიზიკური და ქიმიური ზემოქმედება. დაზიანების ხარისხი ორგანოებსა და ქსოვილებზე ულტრაბგერის ზემოქმედების ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზეა დამოკიდებული. თერაპიული ან ქირურგიული დანიშნულებით ულტრაბგერის გამოყენებისას ეს პარამეტრები მრავალგზის აღემატება დიაგნოსტიკაში გამოყენებულ ულტრაბგერით პარამეტრებს. ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ექოგრაფიული სკანირებისას ბიოლოგიურ ქსოვილზე ტოქსიკური ზემოქმედება შეინიშნება რეალური დროის რეჟიმში სკანირების უწყვეტი წარმოებისას 200 წუთის განმავლობაში. ზემოაღნიშნული ფაქტორები ულტრაბგერითი აპარატის ფიზიკურ მონაცემებთან ერთად უზრუნველყოფს ავადმყოფისთვის ექოსკოპიური გამოკვლევის აბსოლუტურ უვნებლობას. სკანირების ყველა დანარჩენი ტიპისგან განსხვავებით, რეალური დროის რეჟიმში გამოსახულება მიიღება მყისვე, ერთბაშად გამოისახება ეკრანზე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადრეული ასაკის ბავშვების გამოკვლევისას. სხვა დიაგნოსტიკურ საშუალებებთან შედარებით ამ მეთოდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა (გარდა უსაფრთხოებისა) შედარებითი სიმარტივე ავადმყოფის მომზადების კუთხით. მიუხედავად მეტ-ნაკლებად დამზოგველი პირობებისა, პაციენტის არასწორი მომზადება გამოკვლევის შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. ულტრაბგერითი ტომოგრაფია მეთოდია, რომლის მავნე ზემოქმედების თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება. ბავშვის ასაკი, ორსულობა ამ გამოკვლევის ხელის შემშლელ ფაქტორებად არ მიიჩნევა. ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა სრულიად უვნებელია ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის და თამამად შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა პერიოდულობით. ულტრაბგერითი გამოკვლევა ზუსტად მიგვანიშნებს სხვა სადიაგნოზო მეთოდების (რენტგენოლოგიური კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, პუნქცია ულტრაბგერითი კონტროლით, ასპირაციული ბიოფსია) გამოყენების აუცილებლობაზე.

- რა შეიძლება ვურჩიოთ მათ, ვისაც რადიოლოგიური გამოკვლევა სჭირდება?

- ყველას ვურჩევ, თვითნებურად ნუ მიმართავს ამ მეთოდებს, გამოკვლევა ჩაიტაროს მხოლოდ ჩვენებისამებრ და აუცილებლად ექიმის კონსულტაციითა და მეთვალყურეობით. რადიოლოგებს კი ევალებათ, გამოიჩინონ სიფრთხილე და ზომიერება, დანიშნონ გამოკვლევები მხოლოდ ჩვენებისამებრ. აქვე უნდა ითქვას, რომ ძალზე შედეგიანია პაციენტთა სკრინინგული გამოკვლევა ულტრაბგერითი მეთოდით. განსაკუთრებით - სარძევე ჯირკვლის სკრინინგი და ყოველწლიური მამოგრაფია. ამრიგად, რადიოლოგიურ გამოკვლევებს, მიუხედავად პოტენციური საფრთხისა, ძალზე პოზიტიური შედეგის მოტანა შეუძლია, ამიტომ სასურველია, ყველამ მიმართოს ექიმს არა მარტო კლინიკური ნიშნების გამოვლენისას, არამედ სკრინინგისთვისაც და რადიოლოგის მეთვალყურეობით გეგმაზომიერად ჩაიტაროს საჭირო გამოკვლევები.