პანკრეატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანკრეატიტი

ბიკარბონატები ანეიტრალებს კუჭის მჟავა წვენს. ჰორმონები ინსულინი და გლუკაგონი უშუალოდ სისხლში გამოიყოფა. ისინი აკონტროლებენ სისხლში გლუკოზის (შაქრის) შემცველობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შაქრიანი დიაბეტის აღმოცენებაში.

პანკრეასის ანთება სხვადასხვა მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ის, თავის მხრივ, იწვევს ჯირკვლისა და მიმდებარე სისხლძარღვების ანთებას, სისხლდენას, ინფექციას და ჯირკვლის კიდევ უფრო ღრმა დაზიანებას. ანთების დროს ორგანოში არსებული საჭმლის მომნელებელი ფერმენტები იწყებენ თავად ჯირკვლის "მონელებას". თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ჯირკვალი კარგავს ნორმალურ ფუნქციას. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პანკრეატიტს. დაავადების ორივე ფორმა საკმაოდ სერიოზულია, დროული მკურნალობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ორივე ფორმას შეიძლება მოჰყვეს საკმაოდ სერიოზული გართულებები.

  • მწვავე პანკრეატიტი - ჩვეულებრივ, იწყება მალევე პანკრეასის დაზიანების შემდეგ. შეტევა ტიპურ შემთხვევებში მცირე ინტენსივობისაა, თუმცა შემთხვევათა 20%-ში შესაძლოა აღმოცენდეს ძალიან ძლიერი ტკივილი. შეტევა არც ისე დიდხანს გრძელდება და, როგორც წესი, სავსებით გაივლის, როცა ჯირკვლის ნორმალური მდგომარეობა აღდგება. ზოგიერთ ავადმყოფს მხოლოდ ერთი შეტევა აქვს, ზოგიერთს - რამდენიმე, მაგრამ მწვავე პანკრეატიტის შემთხვევაში ჯირკვალი ყოველთვის ნორმას უბრუნდება.
  • ქრონიკული პანკრეატიტი მწვავეს მსგავსად იწყება, მაგრამ ზოგჯერ მწვავე პანკრეატიტის შეტევისას ჯირკვალი შეუქცევადად ზიანდება, ვითარდება ნაწიბუროვანი ცვლილებები და ჯირკვალი აღარ უბრუნდება ნორმას. ჯირკვლის დაზიანება გრძელდება, მდგომარეობა დროდადრო უარესდება.

რამდენად ხშირია პანკრეატიტი?

ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, ყოველწლიურად პანკრეატიტის 80 000 შემთხვევა რეგისტრირდება. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა ბავშვებში ძალიან იშვიათია. მწვავე პანკრეატიტი ხშირია ორივე სქესის პირებს შორის, ხოლო ქრონიკული ფორმა მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს.

რა იწვევს პანკრეატიტს?

პანკრეატიტის ორი უმთავრესი მიზეზია ალკოჰოლის ჭარბი მიღება და ნაღვლის ბუშტის კენჭები. სწორედ ეს ორი ფაქტორია დამნაშავე პანკრეატიტის შემთხვევათა 80-90%-ში. ალკოჰოლით გამოწვეული პანკრეატიტი, ჩვეულებრივ, იმ ადამიანებს შორის გვხვდება, რომლებიც 5-7 წლის განმავლობაში ჭარბად იღებენ ალკოჰოლს. სწორედ ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღებაა ქრონიკული პანკრეატიტის უმთავრესი მიზეზი. ექიმთან პირველად მისვლისას, რაც, როგორც წესი, ძლიერი ტკივილით არის განპირობებული, პანკრეატიტი უმეტესად უკვე ქრონიკულია. ნაღვლის ბუშტის კენჭები ზოგჯერ ახშობს პანკრეასის სადინარს და ამით აფერხებს საჭმლის მომნელებელი სეკრეტების დინებას თორმეტგოჯა ნაწლავისაკენ. ნაღველკენჭოვან დაავადებასთან დაკავშირებული პანკრეატიტი უმეტესად 50 წელს გადაცილებულ ქალებში გვხვდება. შემთხვევათა 10-20%-ში პანკრეატიტს შეიძლება სხვა მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • მედიკამენტები;
  • ქიმიური ნივთიერებები;
  • ტრავმა;
  • თანდაყოლილი დაავადება. პანკრეასის თანდაყოლილი დაავადების დიაგნოზს, ჩვეულებრივ, 30 წლამდე ასაკში სვამენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ის გაცილებით გვიან იჩენს თავს. დაავადება გამოვლინდება მუცლის ტკივილითა და ფაღარათით და დროთა განმავლობაში ქრონიკული პანკრეატიტი ყალიბდება. თანდაყოლილი პანკრეატიტის დიაგნოზი სავარაუდოა იმ შემთხვევებში, როცა პაციენტს ჰყავს პანკრეატიტით დაავადებული ორი ან მეტი ოჯახის წევრი ერთ ან რამდენიმე თაობაში;
  • მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი);
  • ქირურგიული ჩარევა და განსაზღვრული სამედიცინო მანიპულაციები;
  • ყბაყურა (იშვიათად);
  • პანკრეასის ან ნაწლავის ანომალია;
  • სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობა;
  • ჰიპერკალციემია.

აქვე უნდა ითქვას, რომ მწვავე პანკრეატიტის ასიდან 15 და ქრონიკული პანკრეატიტის ასიდან 40 შემთხვევაში დაავადების მიზეზი უცნობი რჩება.

პანკრეატიტის სიმპტომები

მწვავე პანკრეატიტი

მწვავე პანკრეატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მწვავე ტკივილი. ტკივილი აწუხებს თითქმის ყველა პაციენტს და ახასიათებს რიგი თავისებურება:

  • ტკივილი შეიძლება დაიწყოს როგორც უეცრად და ძალზე ინტენსიურად, ისე ნელ-ნელა და მისმა ძალამ თანდათან მოიმატოს.
  • ტკივილი, ჩვეულებრივ, ლოკალიზებულია მუცლის ზედა ნაწილში, მის შუაში ან მარცხნივ. ხშირია ტკივილის ირადიაცია (გადაცემა) ზურგისაკენ;
  • ტკივილი ხშირად იწყება ან მძიმდება ჭამის შემდეგ;
  • ტკივილი ტიპობრივად გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში;
  • ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ზურგზე წოლისას.

მწვავე პანკრეატიტის დროს პაციენტი დასუსტებულია. შეინიშნება ტკივილის თანმხლები სხვა სიმპტომებიც:

  • ღებინება, რომელსაც არ მოაქვს შევება;
  • ცხელება, შემცივნება;
  • მუცლის შებერვა;
  • გულისცემის აჩქარება, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს ტკივილი, ცხელება, სითხის დაკარგვა ღებინების, შიმშილის გამო ან წარმოადგენდეს კომპენსატორულ მექანიზმს შინაგანი სისხლდენისას.

მეტისმეტად მძიმე შემთხვევებში, როცა პანკრეატიტი რთულდება ინფექციითა და სისხლდენით, პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს დაბალი წნევა, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს:

  • სისუსტეს;
  • გონების კარგვას;
  • ძილად მივარდნას;
  • ადვილად გაღიზიანებას;
  • კონცენტრირების უნარის კარგვას;
  • თავის ტკივილს.

თუ სისხლის წნევა განსაკუთრებით დაქვეითდა, მოსალოდნელია შოკის განვითარება.


ქრონიკული პანკრეატიტის სიმპტომები

ქრონიკულ პანკრეატიტს ტკივილი მწვავესთან შედარებით ნაკლებად ახასიათებს. ის ზოგიერთ პაციენტს აწუხებს, ხოლო ზოგიერთს - არა. ტკივილი მუდმივია, შემაწუხებელი, თუმცა არ არის გამორიცხული, თავისთავად გაქრეს მდგომარეობის გაუარესებისას. ტკივილის გაქრობა ცუდი ნიშანია, რადგან შესაძლოა, პანკრეასის ფუნქციის დაკარგვას მოასწავებდეს. ქრონიკული პანკრეატიტის სხვა სიმპტომები დაკავშირებულია დაავადების ისეთ გართულებებთან, როგორებიცაა:

  • ინსულინის პროდუქციის დაქვეითება (დიაბეტი);
  • საჭმლის მონელების დარღვევა (წონის კარგვა);
  • სისხლდენა (ანემია);
  • სიყვითლე.

როდის არის აუცილებელი ექიმის კონსულტაცია

შემთხვევათა დიდ ნაწილში პანკრეატიტთან დაკავშირებული ტკივილი და ღებინება იმდენად შემაწუხებელია, რომ ადამიანი სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს. უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ დაავადების შემდეგი სიმპტომები:

  • ძლიერი გულისრევა და ღებინება;
  • ძლიერი ტკივილი, რომლის კუპირებაც მედიკამენტებით ვერ ხერხდება;
  • მუცლის აუხსნელი ტკივილი;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ტკივილი, რომელსაც თან ახლავს შემცივნება, ცხელება, ღებინება, სისუსტე;
  • ტკივილი, რომელიც აღენიშნება სხვა დაავადებების მქონე ადამიანს.

პანკრეატიტის დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის გასინჯვით მიღებულ მონაცემებს და ზოგიერთი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგებს. შემთხვევათა უდიდეს ნაწილში აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევა. ამ დროს ტარდება:

  • პანკრეასის, ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის შესასწავლი ლაბორატორიული კვლევები, განისაზღვრება პანკრეასის ფერმენტების - ამილაზისა და ლიპაზის აქტიურობა;
  • კვლევა ინფექციის ლაბორატორიული ნიშნების გამოსავლენად;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ორსულობის ტესტი;
  • სისხლში გლუკოზის, ელექტროლიტებისა და კალციუმის შემცველობის განსაზღვრა.

ინსტრუმენტული მეთოდები, ჩვეულებრივ, საჭიროა დაავადების გართულებათა გამოსავლენად. ეს მეთოდებია:

  • რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია - გვეხმარება პანკრეატიტის გართულებებისა და ტკივილის სხვა მიზეზების დადგენაში;
  • იმავე მიზანს ემსახურება კომპიუტერული ტომოგრაფია. ის უკეთ ავლენს პანკრეატიტის სიმპტომებსა და მის გართულებებს;
  • ექოსკოპია ფართოდ გავრცელებული და ინფორმაციული მეთოდია ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების შესასწავლად;
  • ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია: საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის შემდეგ პირის ღრუს გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში  შეყვანილი სპეციალური ხელსაწყოთი - ენდოსკოპით - ათვალიერებენ სანაღვლე გზებსა და პანკრეასს.

გამოკვლევა ტარდება პანკრეატიტის ან ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის დროს. გამოკვლევის დროს შესაძლოა ჩატარდეს შემდეგი პროცედურები:

  • სპინქტეროტომია - ექიმი ენდოსკოპის მეშვეობით გაკვეთს პანკრეასის ან ნაღვლის სადინარის მომჭერ კუნთს და აფართოებს სადინარს. ფსევდოცისტების არსებობისას ხდება სადინარის დრენირება;
  • მცირე ზომის კენჭების ამოღება (ზოგჯერ ეს პროცედურა ტარდება სპინქტეროტომიასთან ერთად;
  •  სტენტირება - ენდოსკოპის მეშვეობით პლასტიკური ან ლითონის მასალისაგან დამზადებული სტენტი თავსდება პანკრეასის ან ნაღვლის შევიწროებულ სადინარში, რაც აღადგენს სანათურს და თავიდან გვაცილებს შევიწროებას;
  • ბალონური დილატაცია - ზოგიერთი ენდოსკოპის მეშვეობით შესაძლებელია გაფართოვდეს პანკრეასის ან ნაღვლის შევიწროებული სადინარი. ამ ადგილას შეიძლება მოთავსდეს დროებითი სტენტი.

როგორ მოვუაროთ საკუთარ თავს

რასაკვირველია, განკურნებისთვის ეს არ არის საკმარისი, მაგრამ შესაძლებელია, ოდნავ გავიუმჯობესოთ მდგომარეობა. ამ მიზნით რეკომენდებულია:

  • ალკოჰოლისთვის თავის დანებება;
  • დიეტა, რაც გულისხმობს თხევადი უცხიმო საკვების - ბოსტნეულის სუპის, ჟელეს მიღებას. ეს ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შემცირებას.
  • ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების გამოყენება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ზომიერება, ვინაიდან არსებობს ღვიძლის დაზიანების რისკი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეული პანკრეატიტის დროს.

მედიკამენტური მკურნალობა

მედიკამენტური მკურნალობის მიზანია ტკივილის შემცირება და პანკრეასის შემდგომი დაზიანების შეჩერება. როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული პანკრეატიტის ზოგიერთი გართულებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა ან სისხლის გადასხმა.

მწვავე პანკრეატიტის მკურნალობა

მწვავე პანკრეატიტის დროს მკურნალობის გეგმა დამოკიდებულია შეტევის სიმძიმეზე. თუ გართულება არ აღინიშნება, მკურნალობა გულისხმობს სიმპტომების შემცირებასა და ორგანიზმის იმ ფუნქციების შენარჩუნებას, რომლებსაც პანკრეასი ასრულებს. უმეტესად აუცილებელი ხდება:

  • პაციენტის სტაციონარში მოთავსება;
  • ჟანგბადის მიწოდება;
  • ინტრავენური ინფუზია, რათა შეივსოს ღებინების გამო სითხის დანაკარგი;
  • ტკივილგამაყუჩებლებისა და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;
  • ინფექციური გართულების შემთხვევაში - ანტიბიოტიკების გამოყენება;
  • მშიერი დიეტა - ეს ზრდის პანკრეასის გამოჯანმრთელების შანსს;
  • ნაზოგასტრალური (თავსდება ცხვირის ღრუდან კუჭში) ზონდის გამოყენება და მისი მეშვეობით კუჭის შიგთავსის ამოქაჩვა, რათა ნაწლავებში არ მოხვდეს კუჭის სეკრეტი და პანკრეასის აქტივობა დაითრგუნოს;
  • გახანგრძლივებული შეტევისას - ინტრავენური კვება.

ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობა

ქრონიკული პანკრეატიტის დროს მკურნალობის მიზანია ტკივილის შემცირება და ორგანოს მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ადამიანმა შეინარჩუნოს ჩვეულებრივად კვების უნარი:

  • სტაციონარული მკურნალობა საჭიროა მხოლოდ გართულების შემთხვევაში.
  • ძლიერი ტკივილის დროს ინიშნება მედიკამენტები.
  • რეკომენდებულია ნახშირწყლოვანი (ბოსტნეული, ხილი) და ცხიმებით ღარიბი საკვები, ხშირი კვება მცირე ულუფებით. შესაძლოა დაინიშნოს ფერმენტული პრეპარატები.
  • კატეგორიულად არის აკრძალული ალკოჰოლის მიღება.
  • შაქრიანი დიაბეტის აღმოცენებისას საჭიროა მკურნალობა ენდოკრინოლოგის დანიშნულებით.

ქირურგიული მკურნალობა

თუ პანკრეატიტი ნაღვლის ბუშტის კენჭებთან არის დაკავშირებული, აუცილებელია კენჭების მოცილება ოპერაციული გზით. ქირურგიული ჩარევა აუცილებელია ზოგიერთი გართულების, მაგალითად, პანკრეასის მძიმე დაზიანების, სისხლდენის, ფსევდოცისტის ან აბსცესის დროს. ჩარევის მიზანია დაზიანებული ქსოვილების მოცილება ან ორგანოს აღდგენა-დრენირება.


როგორია პროგნოზი

პაციენტთა დიდი ნაწილი სავსებით გამოჯანსაღდება, ორგანო იბრუნებს ნორმალურ მდგომარეობას. დაავადების გამომწვევი მიზეზების ზემოქმედებით შესაძლოა განვითარდეს დაავადების განმეორებითი ეპიზოდები. მწვავე პანკრეატიტის შემთხვევათა 5-10%-ში შესაძლოა აღმოცენდეს გართულებები:

  • თირკმელების უკმარისობა;
  • სუნთქვის დარღვევა;
  • დიაბეტი;
  • ტვინის დაზიანება.

მწვავესგან განსხვავებით, ქრონიკული პანკრეატიტის დროს ორგანო არ უბრუნდება ნორმას, მისი დაზიანება გრძელდება, რასაც შესაძლოა გართულებები მოჰყვეს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • სისხლჩაქცევა პანკრეასში ან მის ირგვლივ. მისი მიზეზია პროგრესირებადი ანთებისას სისხლძარღვთა დაზიანება ორგანოში და მის მიმდებარედ. სისხლდენა შესაძლოა იყოს ძლიერიც, რომელიც დაუყოვნებელ დახმარებას მოითხოვს და სუსტიც, რომლის შედეგადაც ანემია ვითარდება.
  • ინფექცია - ანთება განაპირობებს ორგანოს მგრძნობიარობას ინფექციური აგენტების მიმართ. შესაძლოა ჩამოყალიბდეს აბსცესი, რომლის მკურნალობაც ქირურგიული ჩარევის გარეშე რთულია.
  • ფსევდოცისტები - ანთების შედეგად მოსალოდნელია მცირე ზომის სითხით სავსე ღრუების ფორმირება, აგრეთვე - ცისტების ინფიცირება ან გახეთქვა, რასაც პერიტონიტი მოჰყვება.

    ლ სუნთქვის დარღვევა - ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური დარღვევები აზიანებენ ფილტვებს. ამის შედეგად მცირდება ფილტვების მიერ ჟანგბადის აბსორბცია და სისხლის ჟანგბადით გამდიდრება, ვითარდება ჰიპოქსია - სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება.

  • პანკრეასის უკმარისობა - პანკრეასი შეიძლება ისე დაზიანდეს, რომ ვეღარ შეასრულოს თავისი ფუნქცია - საკვების მონელება ან სისხლში გლუკოზის შემცველობის ნორმალიზაცია. შედეგია შაქრიანი დიაბეტი და წონის კლება.
  • პანკრეასის კიბო - ქრონიკული პანკრეატიტი ხელს უწყობს პანკრეასში ანომალიური უჯრედების ზრდას, რამაც შეიძლება სიმსივნური ხასიათი მიიღოს.

როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება

ამისთვის უნდა დავიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:

  • თავი დავანებოთ სმას;
  • ვიკვებოთ ხშირად, მცირე ულუფებით;
  • მივიღოთ ცხიმით ღარიბი საკვები;
  • თავი ავარიდოთ განსაზღვრული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებასა და მედიკამენტების მიღებას.