გასტრალგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გასტრალგია

კუჭის აგებულება

კუჭი ერთგვარი კუნთოვანი პარკია, რომელშიც საკვები ქიმიურად და მექანიკურად გადამუშავდება. იგი ხუთი ნაწილისგან შედგება:

1. კარდია, რომელიც საყლაპავს ემიჯნება;

2. თაღი და ტანი - კუჭის შუა ნაწილები;

3. სინუსი - კუჭის ყველაზე დაბლა მდებარე არე;

4. პილორული არხი - კუჭიდან გამოსასვლელი;

5. პილორუსის მომცველი მონაკვეთი, რომლითაც კუჭი თორმეტგოჯა ნაწლავს უკავშირდება.

კუჭის პილორული ნაწილი ერთგვარი გამომტანი არხია - სწორედ მისი მეშვეობით გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში კუჭის ნაწილობრივ მონელებული შიგთავსი. კუჭის ფორმა ცვალებადია და თავად მისი და ახლომდებარე ნაწლავების აირებითა და შიგთავსით ავსებაზეა დამოკიდებული.

კუჭის შრეები და სიმრუდეები

კუჭზე კარგად განირჩევა ორი სიმრუდე: მცირე და დიდი. პირველი ღვიძლისკენ არის მიმართული, მეორე - მარცხნივ და ქვემოთ. კუჭის კედელი სამგარსიანია, გარეთა შრე სეროზულია, შუა - კუნთოვანი, შიგნითა - ლორწოვანი.

ლორწოვანი გარსის ჯირკვლები

კუჭის ლორწოვანი გარსი ორი სახის ჯირკვლებს შეიცავს: თაღისა და ტანისას, რომლებიც მარილმჟავასა და პეპსინს გამოიმუშავებენ და პილორულს, რომლებიც ცილა გასტრომუკოპროტეინის მწარმოებლები არიან და წებოვან სეკრეტს ქმნიან. წებოვანი სეკრეტი ლორწოვანი გარსის ზედაპირზე 1,-1,5 მმ სისქის აპკს ქმნის და მთლიანად ფარავს კუჭის შიგნითა ზედაპირს. იგი მუკოიდური ნივთიერებების, ტუტე კომპონენტებისა და მაღალი სიმკვრივის წყალობით ლორწოვანი გარსის ეპითელურ შრესთან ერთად აღმართავს ერთგვარ დამცავ ბარიერს, რომელიც კუჭის შიგნითა ზედაპირს ქიმიური, ფიზიკური და პეპტიური ზემოქმედებისგან იცავს, თუმცა მეტისმეტად აგრესიული ფაქტორების წინაშე ზოგჯერ უძლურია. ასეთ დროს იწყება ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის დაზიანება.

კუჭის ინერვაცია

კუჭის ინერვაცია ცდომილი და დიაფრაგმის ნერვებისა და ინტრამურული ნერვული სისტემის საშუალებით ხორციელდება. მარცხენა ცდომილი ნერვი, რომელიც საყლაპავიდან კუჭისკენ ეშვება, აინერვირებს კუჭის წინა ზედაპირს, რომელიც მზის წნულიდან გამომავალ ნერვებთან ერთად კუჭის წინა ნერვულ წნულს ქმნის. მარჯვენა ცდომილი ნერვი კუჭის უკანა ზედაპირზე ეშვება და ქმნის ტოტებს, რომლებიც, თავის ამხრივ, ახდენენ კარდიის, მცირე სიმრუდის, კუჭის სხეულისა და დანარჩენი ნაწილების ინერვაციას. რაც შეეხება ინტრამურულ ნერვულ სისტემას,  იგი სამი ტიპის ნერვული წნულებისგან შედგება, რომლებიც, შესაბამისად, ანერვირებს კუჭის კედლის სამ გარსს: სეროზულს, კუნთოვანსა და ლორწოვანს. კუჭის მგრძნობელობითი ინერვაცია ხორციელდება უშუალოდ ზურგის ტვინის ნერვებით, რომლებიც კუჭის კედელზე მრავლობითი მგრძნობიარე რეცეპტორებისგან იღებენ იმპულსებს.

კუჭის წვენი

კუჭის წვენი მისი შიგთავსის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის უფერული, გამჭვირვალე, მჟავა რეაქციის მქონე სითხეა. ჯანმრთელი ადამიანის კუჭის ლორწოვანი გარსი დღე-ღამეში 2 ლიტრამდე წვენს გამოიმუშავებს. კუჭის წვენის მჟავიანობა მასში მარილმჟავას შემცველობაზეა დამოკიდებული. ნორმაში ეს მაჩვენებელი 0,4-0,5%-ს უდრის. სუფთა კუჭის წვენის PH 0,9-1,5-ია, მასში საკვების მოხვედრისას კი 1,5-2,5-მდე იმატებს. მარილმჟავას გარდა, კუჭის წვენი ცილის მომნელებელ პროტეაზებს (პეპსინებს) და ცხიმების დამშლელ ფერმენტებსაც (ლიპაზებს) შეიცავს. პეპსინები ცილებს მხოლოდ მჟავა (PH 4-ზე ნაკლებია) რეაქციის დროს შლიან. როცა PH 5-ზე მეტია, ისინი მოქმედებას წყვეტენ და ცილების მონელებაც ირღვევა. კუჭში საჭმლის მონელებაში შეუცვლელ როლს ასრულებს მარილმჟავა. ის, ერთი მხრივ, ქმნის წყალბადის იონთა ისეთ კონცენტრაციას, რომ პეპსინები აქტიურდება და მაქსიმალურად ახდენს ცილების დენატურაციას, რითაც მათ დაშლა-მონელებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი მარილმჟავას გარეშე წარმოუდგენელია საჭმლის მონელებისთვის აუცილებელი ქიმიური გარდაქმნები. კუჭის წვენის სეკრეციის დარღვევისას - ჰიპერსეკრეციის (მომატების) ან ჰიპოსეკრეციის (დაქვეითების) შემთხვევაში - კუჭში პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება. მჟავიანობის მომატებას ჰიპერაციდოზს უწოდებენ, დაქვეითებას კი ჰიპოაციდოზს. ერთიც და მეორეც არღვევს წონასწორობას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დამცავ ფაქტორსა (ლორწოს) და აგრესიულ ელემენტებს (კუჭის მჟავაპროტეოლიზურ წვენს) შორის, რითაც სათავეს უდებს კუჭის ტკივილითა და სხვა უსიამოვნო სიმპტომებით მიმდინარე დაავადებებს.

რაზე მეტყველებს კუჭის ტკივილი

უპირველეს ყოვლისა, იმაზე, რომ კუჭში დაირღვა საჭმლის ნორმალური მონელება და ორგანიზმის საკვებით მომარაგების კონვეიერულ სისტემაში არასასურველი ცვლილებები მიმდინარეობს. ყველაზე ხშირად ტკივილის მიზეზი კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიებია, მათ შორის:

1. გასტრიტი - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გასტრალგია ახასიათებს მის ყველა ფორმას - ეროზიულს, ბაქტერიულს, მწვავე სტრესულს, ვირუსულს, სოკოებით გამოწვეულს, ეოზინოფილურსა და ატროფიულს;

2. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

3, კუჭის კიბო;

4. კუჭის პოლიპოზი.

სხვა მიზეზები

გასტრალგია შესაძლოა უკავშირდებოდეს დიდი რაოდენობით საკვების მიღებას, ყაბზობას, ფიზიკურ გადაღლას ან მუცლის კუნთების გადაძაბვას. ალერგიულ რეაქციებს, ტრავმებს, მუცლის ღრუს ზოგიერთი ორგანოს დაავადებას, როდესაც ტკივილი კუჭის არეზე ვრცელდება.

გასტრალგიის ტიპები

კლინიკური თვალსაზრისით, წარმოშობის დროისა და ხანგრძლივობის მიხედვით ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი, ხანმოკლე და შეტევითი, ძალა-ინტენსივობის მიხედვით - ყრუ, სუსტი, აუტანელი, მეტისმეტად ძლიერი, ხასიათის მიხედვით - მწველი, მჭრელი, გამჭოლი, მფეთქავი, მღრღნელი, მსერავი, მჩხვლეტავი, ზემწოლი, სხეულის პოზიციასთან დამოკიდებულებით - სიარულზე, სუნთქვაზე, საკვების მიღებაზე, აღგზნებაზე დამოკიდებული. შესაძლოა თან ახლდეს ღებინება, ფაღარათი. აყუჩებდეს სითბო, სიცივე, სიმშვიდე, სხეულის განსაზღვრული პოზიცია.

მწვავე და ქრონიკული გასტრალგია

განასხვავებენ კუჭის მწვავე და ქრონიკულ ტკივილს. მწვავე ახალი, ხანმოკლე ტკივილია, მისი მიზეზის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს. იგი გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილებისთანავე ქრება და, ჩვეულებრივ, ადვილად ემორჩილება მკურნალობას. მწვავე ტკივილი ორგანიზმს კუჭის დაზიანების ან დაავადებების არსებობის შესახებ აფრთხილებს, იგი ფიზიოლოგიური წარმოშობისაა. ქრონიკულია ტკივილი, რომელიც 6 თვესა და მეტხანს გრძელდება. იგი უფრო ძნელად იკურნება, ვიდრე მწვავე და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან გაცილებით პათოლოგიურია. ის ნორმიდან სერიოზული გადახრის მანიშნებელია, რადგან ამოწურა ფიზიოლოგიური ფუნქცია - ორგანიზმს მოსალოდნელ დაზიანებათა შესახებ ამცნო და რაკი მიზეზი არ აღმოიფხვრა, თანდათან დაავადების პროგრესირების პარალელურად ჩამოყალიბდა.

ტკივილის მნიშვნელობა

იმ უსიამოვნების მიუხედავად, რომელიც ტკივილს ახლავს თან, იგი სასიცოცხლო მნიშვნელობის შეგრძნებაა - ორგანიზმს აიძულებს მოსცილდეს იმ გამანადგურებელ ობიექტებსა და ძალებს, რომლებიც მტკივნეულ რეაქციებს იწვევს. ტკივილი ინდიკატორია და მოსალოდნელი მძიმე დაზიანების შესახებ გვაფრთხილებს. უყურადღებობის შემთხვევაში გასტრალგიას შესაძლოა მოჰყვეს:

1. შოკი და უეცარი სიკვდილი;

2. ფსიქიკური აშლილობა, აღგზნება, უძილობა;

3. კუნთოვანი მოუსვენრობა;

4. სუნთქვის მოშლილობა;

5. ვაზომოტორული მოშლილობანი;

6. სისხლის წნევის მატება ან ცვალებადობა;

7. საჭმლის მონელების, შარდის გამოყოფის და სხვა ორგანოთა ფუნქციების მოშლა.

სწორედ ამიტომ არ შეიძლება ტკივილის მოთმენა და უგულებელყოფა.