დეფორმირებული ნაღვლის ბუშტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეფორმირებული ნაღვლის ბუშტი

- რატომ გახშირდა ბავშვებში ნაღვლის ბუშტის დეფორმაცია?

-  ამის ერთ-ერთი მიზეზი კვლევის თანამედროვე მეთოდების ფართოდ დანერგვაა. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანომალიები ადრეც არსებობდა, მაგრამ უფრო იშვიათად ვლინდებოდა. კვლევის ახალი მეთოდების დანერგვამ მათი გამოვლენა გააადვილა.

- თუ პათოლოგია დროულად გამოვლინდა, შეიძლება თუ არა, ნადრეკები გასწორდეს და აღდგეს ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფორმა?

- მკვლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნაღვლის ბუშტის დეფორმაცია ასაკობრივია, ასაკთან ერთად გაივლის და შესაძლოა, სულაც არ გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევა. თუ ბავშვი ნორმალურად იზრდება, ვითარდება და სწორად იკვებება, ასეთი რამ სავსებთ შესაძლებელია.

- სტატისტიკა თუ არსებობს?

- ასეთი ანომალიების მქონე ბავშვების სანაღვლე სისტემა უმეტესად ნორმალურად ფუნქციობს. ნაღვლის ბუშტი იკუმშება ნორმალურად, თორმეტგოჯა ნაწლავს ნაღველი მიეწოდება საჭირო კონცენტრაციით, ნაღველი უზრუნველყოფს წვრილ ნაწლავებში ანტიმიკრობულ მოქმედებას, არეგულირებს მათში საკვები მასის შეუფერხებელ გადაადგილებას. თუმცა არ არის გამორიცხული, სხვაგვარადაც მოხდეს - თუ ნაღველს გზაზე დაბრკოლება (მაგალითად, სპაზმი) შეხვდა, შესაძლოა, ნაწლავებში მისი გადასვლა შეფერხდეს; ნაღვლის წვენის უკმარისობა ნაწლავებში მიკროფლორის დარღვევას, საჭმლის (განსაკუთრებით - ცხიმების) მონელების გაუარესებას და შეკრულობას, საბოლოოდ კი სანაღვლე გზების დისკინეზიის ჩამოყალიბებას იწვევს.

- რას ნიშნავს სანაღვლე გზების დისკინეზია?

- სანაღვლე გზების დისკინეზია მოიცავს ნაღვლის გადაადგილებისა და ევაკუაციის დარღვევას, უფრო სწორად, ბილიარული ტრაქტის დისფუნქციას. ბილიარული ტრაქტის დისფუნქციას დროთა განმავლობაში მოჰყვება ნაღვლის შეგუბება, მისი უკუდენა და ნაწლავის შიგთავსის გადასროლა ნაღვლის ბუშტში. ნაღვლის სადინარს თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლის ადგილას უერთდება კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარი, რომლითაც პანკრეასის წვენი მოედინება. თუ ამ ორი სადინარის შეერთების ადგილას გაჩნდა დაბრკოლება და ნაღველმა ვერ იპოვა სხვა გზა, კუჭქვეშა ჯირკვლისკენ წავა, გააღიზიანებს მას და გამოიწვევს ანთებას - პანკრეატიტს.

- რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ნაწლავებში ნაღვლის წვენის გადაადგილებას?

- საკვების მოუნელებელმა მასებმა, რომელთა დაგროვება არასწორი კვების ბრალია. ზედმეტად ცხიმიანი და შებოლილი პროდუქტები, ტკბილი საკონდიტრო ნაწარმი, ჰამბურგერები, ჩიპსები, ძეხვეული საჭმლის მონელებას არღვევს. თუ არასწორ კვებას დაერთო საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია, დეფორმაცია - საქმე სანაღვლე გზების დისკინეზიამდე მივა.


- რა ზრდის დისკინეზიის განვითარების რისკს?

- გადატანილი ნაწლავური ინფექციები, ვირსული ჰეპატიტი, პარაზიტული დაავადებები, ნერვული სტრესი. ბავშვებს უმნიშვნელო მიზეზიც ჰყოფნით სანერვიულოდ: დედას საბავშვო ბაღიდან გამოყვანა დააგვიანდა, პატარას კი ჰგონია, დავავიწყდი და აქ დამტოვესო; ბაღში ამხანაგმა აწყენინა, შინ დედასა და ბებიას შორის უსიამოვნო საუბარი მოისმინა ან მშობლებს მოუვიდათ უთანხმოება - ეს საკმარისია, რომ ბავშვმა სტრესი მიიღოს. მშობლებო, გახსოვდეთ, თქვენი პატარა ძალიან ნაზი და სათუთი არსებაა, მშვიდი ოჯახური გარემო, სითბო და სიყვარული მისი ჯანმრთელობის საფუძველია!

- რას უჩივიან ბავშვები სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს?

- ბევრს ტირიან, იოლად ღიზიანდებიან, სწრაფად იღლებიან, მუცლის არეში მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება მათ განწყობაზე აისახება. წარმოიდგინეთ ბავშვის მდგომარეობა, როცა ხან მუცელში ტკივილი უვლის, ხან გულისრევის შეგრძნება უჩნდება, ხან - პირში მწარე გემო და ამ დროს ჭამას აძალებენ.

- როგორ ვკვებოთ ასეთი ბავშვი?

- სანაღვლე გზების დისკინეზიის მკურნალობას დიეტის გარეშე აზრი არ აქვს. დიეტა უნდა გაგრძელდეს დიდხანს. კვებათა სიხშირე უნდა გაიზარდოს დღე-ღამეში 6-მდე. მნიშვნელოვანია, პატარა ვკვებოთ მშვიდ ატმოსფეროში, არ ავაჩქაროთ, არ დავაძალოთ. თუ მთელი ოჯახი ერთად სადილობთ, ეცადეთ, თქვენი მენიუ ბავშვის მენიუსგან დიდად არ განსხვავდებოდეს. მაგალითად, მიირთვით სადილად ბოსტნეულის სუპი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, თეთრი (უპომიდვრო) სოუსი და წიწიბურას გარნირი, დესერტად - ჩაშუშული ვაშლი ან ვაშლის კომპოტი. ეს იდეალური სადილია მთელი ოჯახისთვის. სანაღვლე გზების დისკინეზიის მქონე ბავშვმა, სასურველია, ისაუზმოს შვრიის (ჰერკულესის) რძიანი ფაფით და ორთქლზე მომზადებული ომლეტით. დააყოლებინეთ ლიმონიანი ჩაი ან კისელი.

ომლეტი მთელი ოჯახისთვის

საჭიროა: 5 კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) რძე, მწიკვი მარილი. კვერცხი (ცილიან-გულიანად) და რძე აურიეთ ერთმანეთში (არ ათქვიფოთ), შეაზავეთ მარილით და გადაიღეთ ცეცხლგამძლე მინის ფორმაში, 20-25 წუთით შედგით ღუმელში, გამოღების შემდეგ გააგრილეთ, ფორმა გადმოაბრუნეთ თეფშზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვს სადილამდე შეიძლება შესთავაზოთ ზეფირი, რძიანი კანფეტი, სუფლე, გალეტი და ჩაი, მტკნარი ხაჭო ხილით, ხილის უშაქრო პიურე, უფრო მოზრდილებს - ვაშლი (არა მჟავე), მსხალი, ბანანი, ატამი, გარგარი, ნესვი. თუ საუზმე იყო ჩვეულებრივზე მსუყე ან დაგვიანებით ისაუზმა, დააყოლებინეთ დამტკბარი ასკილის ნაყენი და ხილის წვენი. სითხე, უმჯობესია, იყოს თბილი, სუპი - ბოსტნეულისა ან ბურღულის ნახარშზე მომზადებული. ხორცის ნახარშს არიდეთ. ხორცის (ძროხის, ხბოს), ფრინველის, კურდღლის, ნაკლებცხიმიანი თევზის ნებისმიერი კერძი უნდა მომზადდეს წინასწარ მოხარშული ნაჭრებისგან. სასარგებლოა ორთქლზე მომზადებული კატლეტი, სუფლე, ტოლმა, ხორცის ფარშით და ბრინჯით დაჩურთული ყაბაყი, პომიდორი. ეცადეთ, ბავშვის რაციონი იყოს მრავალფეროვანი, პროდუქტები - ახალი. შემწვარმა, ცივმა და ცხიმიანმა საკვებმა, განსაკუთრებით - სტრესულ სიტუაციაში, შესაძლოა სანაღვლე სადინარების სპაზმს შეუწყოს ხელი.

მტკნარი ხაჭო

საჭიროა: 1ლ რძე, 0,5 ლ მაწონი. აადუღეთ რძე, გადმოდგით და უმალვე ჩაუშვით შიგ მაწონი, თან ურიეთ. რძე შეხაჭოვდება. შეხაჭოვების პროცესი რომ დასრულდება და მასა გაცივდება, წვრილ საწურზე ან რამდენიმე ფენა დოლბანდზე გადმოიღეთ. მიიღებთ მტკნარ ხაჭოს. მოამზადეთ ყოველდღე ახალი. ნუ შეინახავთ მაცივარში მეორე დღისთვის.

ხორცის სუფლე

საჭიროა: 200 გ ძროხის ხორცი, 1 კვერცხი, 1 ნაჭერი გამომშრალი ფუნთუშა, რძე, ნაღების კარაქი ფორმისთვის. ხორცი მოხარშეთ მთლიანად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, როცა გაცივდება, დაუმატეთ რძეში დამბალი ქერქგაცლილი ფუნთუშა. ფარშში შეურიეთ ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა და გული, შეაზავეთ მარილით და გადაიღეთ კარაქწასმულ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, შედგით მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლზე. გააგრილეთ და მიირთვით მთელმა ოჯახმა.

რჩევები დედებს

  • არ არის აუცილებელი, ადუღებულ რძეს მოხადოთ ნაღები.
  • ფაფა მოხარშეთ წყალში, ხარშვის დასრულებამდე დაუმატეთ რძე (წყლისა და რძის თანაფარდობა - 1:1).
  • თეფშზე მზა ფაფას შეგიძლიათ დაუმატოთ 1/3 ჩაის კოვზი უმაღლესი ხარისხის ნაღების კარაქი.

სანაღვლე გზებისა და ღვიძლის დაავადებების დროს სახიფათოა გაცხელებული კარაქი ან ზეთი, რომელსაც ვამატებთ მომზადების პროცესში ქვაბში თუ ტაფაზე, ასევე - მზა საკვები, რომელიც შეიცავს ცხიმს და, ამასთან, საჭიროებს გაცხელებას. თავი არიდეთ ძეხვეულს, ჩიპსებს, საფუვრიან საკონდიტრო ნაწარმს, ნახევარფაბრიკატებს. პურზე წასმული კარაქი დისკინეზიის მქონე ბავშვებისთვის არ არის სასურველი; ფაფას დამატებული კარაქის პატარა ნაჭერი - სასარგებლოა. თბილ ფაფაში ან სხვა კერძში გამდნარი კარაქი ინარჩუნებს თავის ემულსიურ თვისებებს და ადვილი მოსანელებელი ხდება.