საჭმლის მონელების დარღვევები - ნორმა თუ პათოლოგია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჭმლის მონელების დარღვევები - ნორმა თუ პათოლოგია?

ზოგჯერ მიღებული საკვები და კუჭის მჟავაშემცველი წვენი საყლაპავში ამოიტყორცნება, რაც შემდეგ ყლაპვის დროს ტკივილის ან ყლაპვის გაძნელების მიზეზად იქცევა. აუცილებელია ვიცოდეთ, როდის შეიძლება ჩაითვალოს გულძმარვა ნორმალურ სიმპტომად და როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა, რათა სერიოზული დაავადება არ გამოგვეპაროს. იშვიათი გულძმარვა შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. ჩვეულებრივ, ის თავისთავად გაივლის. მისი აღმოცენების მიზეზია საყლაპავის სფინქტერის (მომჭერი კუნთის) ტონუსის დაქვეითება, დიდი რაოდენობით საკვების, ცხიმიანი კერძის, ზოგიერთი ტკბილეულის (მაგალითად, შოკოლადის), გაზიანი სასმელების მიღება. იშვიათისგან განსხვავებით, სისტემატურმა, მით უმეტეს - ყოველდღიურმა, და ხანგრძლივმა გულძმარვამ შესაძლოა საყლაპავი დააზიანოს. იშვიათი გულძმარვის შესამცირებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ანტაციდების - სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებების - მიღება. მათი შეძენა აფთიაქში ფარმაცევტის რჩევითაც შეიძლება. მაგრამ თუ გულძმარვას სხვა სიმპტომებიც ახლავს თან, თავი უნდა შევიკავოთ მედიკამენტების მიღებისგან და დროულად მივმართოთ ექიმს. ასეთი სიმპტომებია:

  • სისხლიანი განავალი;
  • წონის აუხსნელი კლება;
  • უმადობა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ღებინება;
  • პირნაღებ მასაში სისხლის ან მოყავისფრო მასების არსებობა.

გაითვალისწინეთ: ამ ნიშნების თანაარსებობისას არ არის გამორიცხული გულძმარვის გამომწვევი სერიოზული დაავადების არსებობა. დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ბოყინი

ბოყინი არის კუჭში დაგროვილი აირების უეცარი ამოტყორცნა პირის ღრუდან. ამ მოვლენას თან ახლავს დამახასიათებელი ხმიანობა. მართალია, ბოყინს პაციენტები ხშირად სერიოზული დაავადების სიმპტომად მიიჩნევენ, მაგრამ რეალურად ყველაზე ხშირი მიზეზი საჭმლის მომნელებელ სისტემაში ჰაერის მოხვედრა, ჰაერის ჩაყლაპვაა. ჰაერის ჩაყლაპვა და შედეგად ბოყინი ჩვეულებრივი რამ არის სწრაფი ჭამისა და სმის დროს. საღეჭი რეზინის ღეჭვა და გაზიანი სასმელების (მათ შორის - გაზიანი სამკურნალო მინერალური წყლების) მიღება ყოველთვის იწვევს ბოყინს. ბოყინს, რომელიც კვების ხასიათით არის განპირობებული და არა დაავადებით, სხვა სიმპტომი, ჩვეულებრივ, არ ახლავს თან. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბოყინის მიზეზი შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაც იყოს. ბოყინი შეიძლება გამოიწვიოს კუჭში საკვების დიდხანს შეჩერებამ და მისი მონელების შეფერხებამ, კუჭის გასავალი ნაწილის - პილორუსის ობსტრუქციამ (დახშობამ). ბოყინი ხშირად აღენიშნებათ ორსულებს, რაც ჰორმონული ცვლილებების გამო საჭმლის მონელების პროცესის შენელებასთან არის დაკავშირებული. ბოყინი სხვა მდგომარეობების დროსაც შეიძლება აღმოცენდეს. მათ შორის აღსანიშნავია მჟავას რეფლუქსი, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ან კუჭის მჟავას დეფიციტი. ასეთ დროს ბოყინი უშუალოდ კვებასთან არის დაკავშირებული და, როგორც წესი, ქრონიკულია. ამ დროს აუცილებელია ექიმთან მისვლა მიზეზის დასადგენად.

ნაწლავების მოქმედება - ნორმა და პათოლოგია

ნაწლავთა მოქმედების ცვლილება უმალვე დისკომფორტს იწვევს. ხშირად ის მართლაც ჯანმრთელობის პრობლემაზე მეტყველებს, მაგრამ სანამ ვიფიქრებდეთ, რომ რომელიმე დაავადებასთან გვაქვს საქმე, კარგი იქნება გავარკვიოთ, რა არის "ნორმა" და რა უნდა ჩავთვალოთ დარღვევად. ნაწლავთა მოქმედების სიხშირე ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს. რაც ნორმაა ერთისთვის, დარღვევაა მეორისთვის და პირიქით. ბევრი ნორმად ნაწლავების ყოველდღიურ მოქმედებას მიიჩნევს და როცა მოქმედება ყოველდღიური არ არის, სხვადასხვა გზით ცდილობს მის სტიმულირებას. ეს მცდარი შეხედულებაა. სადაც საქმე ნაწლავთა მოქმედებას ეხება, "ნორმა" საკმაოდ პირობითი ცნებაა. ზოგიერთს ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ აქვს, ზოგს კი კვირაში 3-ჯერ. ამ ფარგლებში მერყეობა ინდივიდუალურ ნორმად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც განავალი ადვილად, დაუძაბავად გამოიყოფა და გაფორმებულია ანუ არ არის ფაფისებრი ან წყლოვანი. იშვიათი შეკრულობა შიშის საფუძველს არ იძლევა. ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს, მაგალითად, ჩვეული ყოფის შეცვლასთან მოგზაურობის ან აგარაკზე გამგზავრების დროს, ორსულობასთან, დიეტასთან, ზოგიერთ მედიკამენტთან, ფიზიკური აქტივობის შემცირებასთან. ხშირად ყაბზობა კვების ხასიათით არის გამოწვეული - მისი შეცვლის შემდეგ ნაწლავების ნორმალური მოქმედება თავისთავად, ექიმის ჩაურევლად აღდგება. ამისთვის საკმარისია:

  • ბოჭკოთი მდიდარი მეტი საკვების მიღება - ზოგიერთი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ შეკრულობის შემთხვევათა უმრავლესობა საკვებში ბოჭკოს დეფიციტით არის განპირობებული. ბოჭკოთი მდიდარია პარკოსნები, ახალი ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული. განსაკუთრებით ეფექტურია ხორბლის ქატოში არსებული ბოჭკო - კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად 20-35 გრამს მიიღებთ.
  • უნდა ერიდოთ ბოჭკოთი ღარიბ საკვებს - ცომეულს, ფაფებს.
  • აუცილებელია მეტი სითხე. მისი უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი. ის მიღებულ ბოჭკოსთან ერთად არბილებს განავალს და აადვილებს ნაწლავთა მოქმედებას.
  • არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს რეგულარული ხასიათი საფაღარათო მედიკამენტების გამოყენებამ.
  • თავიდან უნდა ავიცილოთ სტრესი - სპეციალისტების აზრით, სტრესის ფონზე იზრდება ნაწლავის სპაზმის ალბათობა, რაც ტკივილს იწვევს და კუჭის მოქმედებას ართულებს. სტრესის საწინააღმდეგო ღონისძიებები - იოგა, მედიტაცია და ვარჯიში - ნაწლავთა მოქმედებას აუმჯობესებს.
  • აუცილებელია ნაწლავების დროული დაცლა - მოთხოვნილების ხშირი დათრგუნვა ასუსტებს დეფეკაციის რეფლექსს და ხელს უწყობს შეკრულობას.

თუ ამ ღონისძიებებმა ეფექტი ვერ გამოიღო, აუცილებელია ექიმთან მისვლა. ვიზიტი ასევე აუცილებელია, თუ შეკრულობა უეცრად, ყაბზობის ხელშემწყობი ფაქტორების გარეშე აღმოცენდა, განსაკუთრებით - ხანში შესულ ასაკში.


მეტეორიზმი

მეტეორიზმის მიზეზი ნაწლავებში აირების დაგროვებაა. ჩვეულებრივ, ნაწლავში წარმოიქმნება 500-დან 2000 მლ-მდე აირი, რომელიც დროის განსაზღვრული ინტერვალებით გამოიყოფა სწორი ნაწლავიდან. ეს აირი წარმოადგენს სხვადასხვა გაზის - მეთანის, აზოტისა და ნახშირბადის დიოქსიდების - ნარევს. მათი თანაფარდობა განაპირობებს გამოყოფილი აირის სპეციფიკურ სუნს და მიღებული საკვების ხასიათზეა დამოკიდებული. მეტეორიზმი აირების "ყლაპვის", ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღებისა და ნაწლავის ბინადარი ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგია. მართალია, ნაწლავის ზოგიერთი დაავადების დროს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მყრალი გაზი გამოიყოფა, მაგრამ უმეტესად მეტეორიზმი საჭმლის მონელების თანმხლები მოვლენაა და არა დაავადების ნიშანი. დღეს ცნობილია, რომ აირთა გამოყოფა ნორმალური მოვლენაა. მისი რაოდენობა სხავდასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა და რიგ ფაქტორზე, მათ შორის - მიღებული საკვების ხასიათზეც, არის დამოკიდებული. ზოგიერთი ადამიანი გაზებს დღე-ღამეში რამდენიმეჯერ გამოყოფს, ზოგი კი რამდენიმე ათეულჯერ. ჭარბი (შემაწუხებელი) მეტეორიზმის სიმპტომებია:

  • გაზების ხშირი გამოყოფა;
  • მყრალი აირები;
  • გაზების ხმამაღალი გამოყოფა;
  • მუცლის შებერვა და დისკომფორტი;
  • ყურყური მუცლის ქვედა ნაწილში.

საბედნიეროდ, ხშირად არც ეს მდგომარეობა უკავშირდება დაავადებას და შესაძლოა, სავსებით უწყინარ ფაქტორთა ზემოქმედების შედეგი იყოს. ეს ფაქტორებია:

  • აირების ყლაპვა - როგორც ვიცით, პირის ღრუ არ არის დახურული სივრცე. ამის გამო აირის გარკვეული რაოდენობა ყოველთვის იყლაპება. შემდგომ მისი ნაწილი წვრილი ნაწლავიდან სისხლში გადადის, ხოლო დანარჩენი განაგრძობს ნაწლავში "მოგზაურობას" და ბოლოს სწორი ნაწლავიდან გამოიყოფა. ემოციურ, ნევროზულ პირებში მეტეორიზმი ხშირად სწორედ აირების ყლაპვით არის გამოწვეული.
  • საჭმლის მონელების პროცესი - კუჭის მჟავა წვენს ანეიტრალებს პანკრეასის ბიკარბონატები და შედეგად წარმოიქმნება აირი - ნახშირბადის დიოქსიდი.
  • ნაწლავის ბაქტერიები. ჯანმრთელი ადამიანის მსხვილ ნაწლავში მრავალი ბაქტერია ბინადრობს. ისინი მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში და საკვების ზოგიერთ კომპონენტს ფერმენტულად შლიან. ამ პროცესში წარმოიქმნება აირებიც. მისი ნაწილი შეიწოვება სისხლში და გამოიყოფა ფილტვებით, ნაწილი კი ნაწლავში აგრძელებს გზას.
  • ბოჭკოთი მდიდარი საკვები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოჭკო აუცილებელია ნაწლავების მოქმედებისთვის, მაგრამ მისი სიჭარბე აირების წარმოქმნას განაპირობებს. წვრილ ნაწლავში საკვების ზოგიერთი კომპონენტი ბოლომდე ვერ იშლება, რაც ზრდის ნაწლავის ბაქტერიების აქტივობას და აირთა ჭარბ წარმოქმნას იწვევს. ამიტომ ჯობს, რაციონი ბოჭკოთი თანდათან გამდიდრდეს, რათა ნაწლავებს მასთან მიჩვევის საშუალება მიეცეს.
  • ლაქტოზის აუტანლობა. ლაქტოზა რძის შაქარია. ზრდასრული ადამიანი ნაკლებ რძეს იღებს; შესაბამისად იკლებს ლაქტოზის დამშლელი ფერმენტის რაოდენობაც, ამიტომ ზრდასრულ, განსაკუთრებით კი ხანში შესულ პაციენტებში რძის მიღება შესაძლოა აირების ჭარბი დაგროვების მიზეზად იქცეს.

ზოგჯერ მეტეორიზმს თან ახლავს შემაწუხებელი პრობლემები:

  • აირების ხმამაღალი გამოყოფა - დაკავშირებულია სწორი ნაწლავის კუნთების უეცარ მოდუნებასთან. მის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია დიეტური ღონისძიებებით მეტეორიზმის შემცირება;
  • მყრალი აირის გამოყოფა - დაკავშირებულია ბაქტერიების მიერ საკვების დაშლასთან, ფერმენტაციასთან. დამოკიდებულია მიღებული საკვების ხასიათზე. რეკომენდებულია შემცირდეს ნიორი, ხახვი, სანელებლები და ლუდი.
  • დიდი რაოდენობით აირების გამოყოფა - დაკავშირებულია აირების "ყლაპვასთან", ბოჭკოთი მდიდარ საკვებთან, ლაქტოზის აუტანლობასთან, ზოგიერთ დაავადებასთან. რეკომენდებულია რაციონის შეცვლა. შემაწუხებელი მეტეორიზმის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დიეტის მოდიფიკაცია. მეტეორიზმის გამომწვევი მრავალი საკვები ადამიანის ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილია, რის გამოც რაციონიდან მათი სულ მთლად ამოღება არ არის რეკომენდებული, მაგრამ რაოდენობა შეიძლება შემცირდეს. ასეთია:
  • რძე;
  • ქლიავის ჩირი და ქიშმიში;
  • ხილი - ატამი, გარგარი, ვაშლი, მსხალი;
  • პარკოსნები;
  • ბოსტნეული - სტაფილო, ბადრიჯანი, ხახვი, კომბოსტო.

გარდა ამისა, მეტეორიზმის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია უარი ვთქვათ ზოგიერთ საფაღარათო საშუალებაზე (ექიმის რეკომენდაციის გარეშე) და გამოვიყენოთ აირების შთამნთქმელი პრეპარატები. თუ ზემოთ მითითებული ღონისძიებებით მეტეორიზმის შემცირება ვერ ხერხდება ან მას საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც ერთვის, ექიმის ჩარევა აუცილებელია.