ნაწლავთა დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავთა დაავადებები

ნაწლავის დაავადებებს ბევრი რამ იწვევს: ბაქტერიები, ვირუსები, ჭიები, რადიაცია, ალერგია, მემკვიდრეობითი დეფექტები. ეს ფაქტორები აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს და იწვევს ე.წ. ორგანულ დაავადებებს: ენტერიტს (წვრილი ნაწლავი) და კოლიტს (მსხვილი ნაწლავი). თუმცა ხშირად გვხვდება ნაწლავის ფუნქციური დაავადებები - დისკინეზიები, რომელთა დროსაც ნაწლავის ლორწოვანი გარსი არ იცვლება, დარღვეულია მხოლოდ მისი ფუნქცია, უპირატესად - მამოძრავებელი. ეს დაავადებები გამოწვეულია ნერვული ფაქტორებით (ნერვული სისტემა არეგულირებს ნაწლავის მოქმედებას), კვების არასწორი რეჟიმით (ცილოვანი ან ნახშირწყლოვანი საკვების სიჭარბე), ნაწლავის დისბაქტერიოზით.

- ტერმინი "დისბაქტერიოზი" ხშირად გვესმის. რას ნიშნავს ის?

- დისბაქტერიოზი ეწოდება ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობის დარღვევას. ჯანმრთელი ადამიანის მსხვილ ნაწლავში ბინადრობენ სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში, უჯრედისის გადამუშავებაში, იცავენ ლორწოვან გარსს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან. ინფექციის, ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ეს ბაქტერიები იხოცებიან და მათ ადგილს იკავებენ სხვები, რომლებიც იწვევენ ლპობას ან დუღილს, შედეგად კი ნაწლავის ფუნქცია ირღვევა.

- უმეტესად რომელი ნაწლავისმიერი ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები?

- ნაწლავთა დაავადებებს, როგორც გითხარით, მრავალფეროვანი სურათი აქვს. ზოგჯერ ისინი სუსტად არის გამოხატული, ზოგჯერ საერთოდ არ გამოიხატება. სიმპტომები დროთა განმავლობაში ხდება თვალსაჩინო და ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ნაწლავთა დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტები უჩივიან კუჭ-ნაწლავის აშლილობას, საჭმლის მონელების დარღვევას, აირების დაგროვებას. პირველადი ანამნეზის მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ნაწლავის ამა თუ იმ დაავადებაზე. მისი არსებობის დასადასტურებლად ან უარსაყოფად ინიშნება გამოკვლევათა მთელი წყება: განავლის ანალიზი დისბაქტერიოზზე, ფიბროგასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, რექტოსკოპია და სხვა. უნდა გამოირიცხოს მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებიც: სიმსივნეები, მწვავე ნაწლავური ინფექციები, ტუბერკულოზი... დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის დროული დაწყება წარმატების მთავარი პირობაა.

- თქვენ პაციენტის ჩივილებზე ისაუბრეთ, მოდი, ახლა ობიექტური სიმპტომები მიმოვიხილოთ.

- ნაწლავთა დაავადებები ყველაზე ხშირად გამოიხატება:

  • ყაბზობით;
  • ფაღარათით;
  • თხევადი ან ძალიან მაგარი განავლით;
  • მუცლის შებერილობით;
  • სისავსის შეგრძნებით.

თუ მკურნალობა არ დაიწყო, ეს სიმპტომები უფრო და უფრო ინტენსიური, მუდმივი გახდება, დაერთვის აუტანელი ტკივილი, ფაღარათი ან ძლიერი ყაბზობა, განავალში გაჩნდება ლორწო და სისხლიანი გამონადენი, თავს იჩენს ძლიერი ქავილი ანუსის მიდამოში, აიწევს სხეულის ტემპერატურა.

- რა იწვევს ჩამოთვლილ ჩივილებს?

- საკვების მიღების შემდეგ, ასევე - ნერვული გადაძაბვის, სტრესის შედეგად შესაძლოა მოიმატოს მსხვილი ნაწლავის კუნთების აქტივობამ, ამასთან - უფრო მეტად, ვიდრე ეს, ჩვეულებრივ, აუცილებელია, ამის შედეგი კი ტკივილია. ანთებითი პროცესის შედეგად ნაწლავის კედლებზე წარმოიქმნება წყლული, ეროზია, ზიანდება ქსოვილები, მოსალოდნელია ჩირქოვანი გართულებები, ნაწლავი დეფორმირდება და ირღვევა მისი გამავლობა. ანთებითი დაავადება აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს მთელ სიგრძეზე ან მის რომელიმე ნაწილში. ნაწლავის ლორწოვანი გარსი ანთებისას ჰიპერემიულია, შუპდება და გაძლიერებულად გამოყოფს ლორწოს. ზოგჯერ შეინიშნება სეროზული ექსუდატის ან ჩირქის გამოყოფაც. მძიმე ანთების შემთხვევაში - მუცლის ტიფის, ტუბერკულოზის ან დიზენტერიის დროს, აგრეთვე - ნაწლავის ზოგიერთი სხვა დაავადების დროსაც ვითარდება ლორწოვანი გარსის წყლულოვანი პროცესი, ამასთან, ასეთი წყლულები ხშირად სისხლმდინარია. ღრმა წყლულებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის კედლის პერფორაცია და ჩირქოვანი პერიტონიტი. ანთებისას ანატომიურ ცვლილებთან ერთად ხდება ფუნქციური დარღვევაც. ნაწლავთა ანთებით დაავადებებს მიეკუთვნება წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება. ამ დაავადებებს მსგავსი სიმპტომები აქვთ, თუმცა არსებობს განსხვავებებიც, რომელთა გარჩევა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

- რა არის ნაწლავის ფუნქცია?

- ნაწლავების ფუნქციაა, გააგრძელოს და დაასრულოს საკვების გადამუშავება, შეიწოვოს სასარგებლო ნივთიერებები და წყალი და უსარგებლო ნარჩენები ორგანიზმიდან გამოიტანოს. ნაწლავთა დაავადებისას ირღვევა სწორედ საკვების გადამუშავების პროცესი, სასარგებლო ნივთიერებებისა და წყლის შეწოვა და ნარჩენების გამოყოფა. დაავადება ნაწლავის გამომყოფ ფუნქციასაც არღვევს. როგორც უკვე გითხარით, ანთებითი ლორწოვანი ნაწლავის სანათურში გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოს, ზოგჯერ - ექსუდაციურ სითხეს.


ფაღარათი

- რა არის და რისი ბრალია ფაღარათი?

- სხვადასხვა ადამიანის ნაწლავი ნორმალურად სხვადასხვანაირად ფუნქციობს, რაც უპირატესად კვების ხასიათზეა დამოკიდებული. დიარეა ანუ ფაღარათი ხშირი დეფეკაციაა დიდი რაოდენობის თხიერი ფეკალური მასით. კუჭში გასვლის სიხშირე დღეში 3-ზე მეტია (ზოგჯერ 20-ზე მეტიც შეიძლება იყოს). ამ დროს დარღვეულია საჭმლის მონელებისა და შეწოვის ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესი. ნაწლავთა დაავადებებისას მათი მამოძრავებელი ფუნქცია, პერისტალტიკა, შეიძლება დაჩქარდეს ან შენელდეს. ჩვეულებრივ, ადამიანს კუჭის მოქმედება აქვს დღეში 1-ხელ ან 2-ჯერ. განავალი გაფორმებულია, არ შეინიშნება პათოლოგიური მინარევები (სისხლი, ლორწო, ჩირქი), ხოლო დეფეკაციის აქტს არ ახლავს მტკივნეული შეგრძნებები. გაძლიერებული პერისტალტიკის დროს განავალი თხელია, კუჭის მოქმედება - ხშირი, რამდენადაც ნაწლავთა სწრაფი მოძრაობის გამო მათი თხევადი შიგთავსი სისხლში შეწოვას ვერ ასწრებს. პერისტალტიკის გაძლიერება სჩვევია ჯანმრთელ ნაწლავსაც ნერვულ ნიადაგზე - გადაჭარბებული მღელვარების ან შიშის დროს. ეს ფაღარათს იწვევს. დიარეისთვის დამახასიათებელია მუცლის ტკივილი, ხშირად კუჭში გასვლის დაუძლეველი სურვილი, დისკომფორტი ანალურ მიდამოში, ტენეზმები. დიარეა შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. მწვავე დიარეას ხშირად იწვევს კვებითი ტოქსიკოინფექცია - ვირუსი, ბაქტერია, ბაქტერიული ტოქსინი, პარაზიტი. ინფექციური აგენტით გამოწვეული დიარეის დროს ხშირია ცხელება, მუცლის ტკივილი, ღებინება. თუ ფაღარათი ძალიან ძლიერია, შესაძლოა განვითარდეს დეჰიდრატაცია. ზოგჯერ მწვავე დიარეა დაკავშირებულია საკვებისმიერ ალერგიასთან, საფაღარათო საშუალებების მიღებასთან, ფსიქოგენურ დარღვევებთან. ქრონიკული დიარეა აღინიშნება მალაბსორბციის სინდრომის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ნაწლავთა არასპეციფიკური ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი), ნაწლავთა სოკოვანი ინფექციის დროს, ნაწლავის რეზექციის, ვაგოტომიის შემდეგ. დიარეა შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ანტიბიოტიკების მიღების შემდეგაც - როგორც გითხარით, ამ წამლებმა შეიძლება დაარღვიოს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა. უხეში მცენარეული საკვები (ხილი, ბოსტნეული, განსაკუთრებით - მათი კანი, ქატოიანი პური) ტოვებს ბევრ გადაუმუშავებელ ნარჩენს, ცხიმიანი, ძნელად მოსანელებელი საკვები აღაგზნებს ნაწლავის პერისტალტიკას, რის შედეგადაც წარმოიშობა ფაღარათი. ზოგჯერ ფაღარათი, ისევე როგორც ღებინება, წარმოადგენს დამცველობით-შეგუებით რეაქციას, რომლის შედეგადაც მავნე პროდუქტები უფრო სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ზოგიერთი სასაქმებელი საშუალების ეფექტი ასევე შეიძლება ნაწლავის პერისტალტიკაზე რეფრაქტორული ზემოქმედებით ავხსნათ. გარდა გაძლიერებული პერისტალტიკისა, ფაღარათი შეიძლება გამოიწვიოს სხვა ფაქტორმაც. გადამუშავებული საკვები ნაწლავში თხევადი სახით იმყოფება. თუ საკვები ნივთიერებებისა და წყლის შეწოვა შესუსტდა ან შეწყდა (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვენური შეგუბების დროს), განავალი თხევადი დარჩება. ანთებითმა ლორწოვანმა გარსმა შესაძლოა გამოყოს ექსუდატი, რომელიც უფრო მეტად გაზრდის ნაწლავში სითხის რაოდენობას. ნაწლავის მიკროფლორა უპირატესად საფუარა და ლპობის მიკროორგანიზმებისგან შედგება. საფუარა მიკროორგანიზმები იკვებებიან ნახშირწყლებით, შლიან მათ და იწვევენ დუღილის პროცესს. ლპობის ბაქტერიები შლიან ცილოვან ნივთიერებებს და იწვევენ ლპობას. დუღილისა და ლპობის პროცესი ნორმალურ პირობებში გამუდმებით მიმდინარეობს ნაწლავში. პათოლოგიის შემთხვევაში, მაგალითად, ნაწლავის ანთების დროს, ისინი ნაკლებად არის გამოხატული. ენტერიტის დროს ძლიერდება დუღილის პროცესი წვრილ ნაწლავში და წარმოიშობა დუღილის ფაღარათი. კოლიტის დროს მსხვილ ნაწლავში ძლიერდება ლპობის პროცესები და ლპობის ფაღარათი ვითარდება. ფაღარათის ხასიათის გარკვევა მნიშვნელოვანია არა მარტო დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, არამედ სწორი მკურნალობის დასანიშნადაც. დუღილის დისპეფსიის დროს განავალი ქაფიანია, მჟავესუნიანი, ხოლო ლპობის დისპეფსიის დროს აქვს მკვეთრი ლაყე კვერცხის სუნი.

- რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს დიარეამ?

- დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, მეტაბოლური აციდოზი (ბიკარბონატების დაკარგვის შედეგად), ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა დიარეის დროს?

- დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ანამნეზის შეკრება და ობიექტური გამოკვლევა. აუცილებელია დადგინდეს განავლის რაოდენობა, კუჭის მოქმედების სიხშირე, განავალში ჩირქის, ლორწოს, ცხიმის არსებობა. ამისთვის ტარდება განავლის მაკროსკოპიული და მიკროსკოპიული, ბაქტერიოლოგიური და პარაზიტოლოგიური გამოკვლევა, გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე. ნაწლავის ზედა ნაწილის პათოლოგიის დროს განავალი უხვია, კუჭის მოქმედება - ხშირი, შეინიშნება ტენეზმები. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს რექტოკოლონოსკოპია, ნაწლავთა ბიოფსია, რენტგენოლოგიური გამოკვლევები.

- როგორ მკურნალობენ?

- მწვავე დიარეის დროს საჭიროა ბევრი სითხის სმა და საკვების შეზღუდვა. უნდა ვერიდოთ უმ ბოსტნეულს, ხილს, ტკბილეულს, ყავას, ალკოჰოლს, შემწვარ, ცხიმიან საკვებს, მარინადებს, სუნელებს, რძის ნაწარმს. ქრონიკული დიარეის მკურნალობა ძირითადი დაავადების მკურნალობას გულისხმობს.

ყაბზობა

- რა არის და რა მექანიზმით ვითარდება ყაბზობა?

- ყაბზობა ეწოდება ნაწლავის დაცლის შენელებას, კუჭის მოქმედების უქონლობას რამდენიმე დღის განმავლობაში. ასეთი რამ ხდება ნაწლავის პერისტალტიკის დასუსტების დროს. შეკრულობაზე მაშინ ლაპარაკობენ, როდესაც დეფეკაცია სისტემატურად კვირაში 3-ზე ნაკლებია, თუმცა აქაც არის ინდივიდუალური თავისებურებები. ამდენად, შეკრულობის ცნება პირობითია. მკვრივი განავლის გაძნელებული პასაჟი, განურჩევლად კუჭში გასვლის სიხშირისა, აგრეთვე შეკრულობად განიხილება. დუნე პერისტალტიკის მიზეზია ნაწლავის მუსკულატურის დასუსტება, ნაწლავისა და მუცლის კუნთების ატონია - ეს უკანასკნელნი დიდ როლს ასრულებენ ნაწლავიდან ნარჩენების გამოყოფაში. ნაწლავისა და მუცლის კუნთების ტონუსის შესუსტება შესაძლოა ორგანიზმის ზოგადი სისუსტით იყოს გამოწვეული. გარდა ამისა, ყოველგვარი კუნთოვანი სისუსტე, მათ შორის - ნაწლავებისაც, შესაძლოა უკავშირდებოდეს კუნთების გაუვარჯიშებლობას, ცხოვრების მჯდომარე, დუნე წესს. ალიმენტური ანუ ჩვეული, უბრალო შეკრულობა ყველაზე გავრცელებულია. განავლის წარმოქმნისა და ორგანიზმიდან მისი გამოძევებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების ხასიათს. უხეში უჯრედისით მდიდარ პროდუქტებს უნარი შესწევს, გააღიზიანოს ნაწლავის რეცეპტორები და მისი პერისტალტიკის სტიმულაცია გამოიწვიოს. ჯანმრთელ ადამიანებში მხოლოდ ალიმენტური ფაქტორი იშვიათად არის შეკრულობის ერთადერთი მიზეზი. უმეტესად ბრალი მიუძღვის ერთფეროვანი კვებისა და დუნე ცხოვრების წესის შერწყმას. ზოგჯერ ალიმენტური შეკრულობის განვითარებას ხელს უწყობს საკმარისზე ნაკლები სითხის მიღება, რაც განავლოვანი მასების გამოშრობას იწვევს. უნდა ვახსენოთ პირველადი ყაბზობაც, როდესაც ადამიანი მუდმივად თრგუნავს დეფეკაციის ნორმალურ რეფლექსს სიჩქარის, უდროობის, მორიდების გამო თუ სხვა მიზეზით. მსუბუქი, იოლად ასათვისებელი საკვები, რომელიც პრაქტიკულად არ ტოვებს ნარჩენებს (ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები), არ აღიზიანებს ნაწლავს, ეს უკანასკნელიც დუნედ იწყებს მუშაობას, შედეგად მისი კუნთები სუსტდება და ყაბზობა ვითარდება. გარდა ატონიური, ნაწლავის მოდუნებით განპირობებული ყაბზობისა, არსებობს სტატიკური ყაბზობაც, რომელიც ნაწლავის რგოლისებრი კუნთის შეკუმშვით არის გამოწვეული. სპასტიკური შეკუმშვისას ნაწლავის მოცემულ მონაკვეთზე პერისტალტიკა წყდება, რაც ყაბზობას იწვევს. ნაწლავური სპაზმების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანება. მღელვარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის სპაზმი პარასიმპათიკური ნერვული სისტემით. ნაწლავებში ანთებითი მოვლენების დროს ყაბზობა შეიძლება იყოს დაავადების გამოხატულება (მაგალითად, ქრონიკული კოლიტისა). ამ შემთხვევაში სპაზმები ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან გამომავალი რეფლექტორებიდან აღმოცენდება. ყაბზობა შეიძლება გამოიწვიოს მექანიკურმა დაბრკოლებამ: ნაწლავის სხვადასხვა უბანში სანათურის ნაწიბუროვანმა შევიწროებამ, სიმსივნემ, ჰემოროიდულმა კვანძმა. ზოგჯერ ყაბზობის მიზეზია ორსულობისას გადიდებული საშვილოსნო, რომელიც აწვება ნაწლავს. ფუნქციური ფაღარათი და ყაბზობა, რომელიც თავს იჩენს ნაწლავის ლორწოვანი გარსის მორფოლოგიური ცვლილებების არარსებობისას, ხშირად იკურნება სამკურნალო საშუალებების გარეშე, მიზეზის მოხსნის შემდეგ.

- როგორ ხდება ყაბზობის დიაგნოსტიკა?

- შეკრულობის დიაგნოსტიკისას მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ორგანულია იგი თუ ფუნქციური. დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, ფიზიკური კვლევის მეთოდებს, რენტგენოლოგიურ, კოლონოსკოპიურ გამოკვლევებს. რიგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.

- როგორ მოვიქცეთ ყაბზობის დროს?

- თუ მიზეზი ცხოვრების დუნე წესია, მეტი იმოძრავეთ, მისდიეთ სპორტს, მიეჩვიეთ დეფეკაციას დღის განსაზღვრულ დროს, უმჯობესია დილით ან საღამოს, ძილის წინ. გარდა ამისა, შეცვალეთ რაციონი, მიირთვით შავი პური, წიწიბურა, ხილი, ბოსტნეული... თუ ყაბზობა და ფაღარათი ნევროზის გამოვლინებაა, მაშინ მას უნდა ვუმკურნალოთ. თუ შეკრულობა ორგანული ხასიათისაა, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. მკურნალობის თერაპიული ტაქტიკა ბევრად არის დამოკიდებული შეკრულობის ხასიათზე და პირველ რიგში იმ დაავადებების მკურნალობას გულისხმობს, რომლებიც საფუძვლად უდევს შეკრულობას. ჩვეული შეკრულობის დროს მკურნალობა გულისხმობს რაციონში უჯრედისით მდიდარი საკვების ჩართვას. ასეთია ხილი, ბოსტნეული, შავი ქლიავის ჩირი, ცეხვილი პური (უმჯობესია შავი), გაუცრელი ქატო, მაწონი. ეს პროდუქტები ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას. საჭიროა საკმაო რაოდენობის სითხის მიღებაც - 1,5-2 ლიტრისა დღე-ღამეში. დიეტას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის ეფექტს არ იძლევა, თუ ადამიანმა არ გამოიმუშავა დღის განსაზღვრულ მონაკვეთში კუჭში გასვლის ჩვევა. არ გირჩევთ კუჭის მოქმედების რეფლექსის დათრგუნვას. მის აღსადგენად კარგია დილით, უზმოზე, ერთი ჩაის ჭიქა ცივი წყლის ან წვენის დალევა - ეს პერისტალტიკას გაააქტიურებს.


- რას გვეტყვით მედიკამენტებზე?

- მედიკამენტური თერაპია უნდა ჩატარდეს სიფრთხილით, ხანმოკლე კურსებით. შეიძლება მოკლე ხნით სპაზმოლიზური პრეპარატების გამოყენებაც. საფაღარათოები რეკომენდებულია მწვავე შეკრულობის დროს. ისინი უკუნაჩვენებია, როდესაც ავადმყოფს აქვს გაურკვეველი ხასიათის მუცლის ტკივილი ან ვეჭვობთ ნაწლავების გაუვალობას. ეფექტურია სამკურნალო მცენარეები - სინამაქის ფოთოლი, ხეშავი, გვირილის ფოთოლი, პიტნა, ხეჭრელის ექსტრაქტი, აბუსალათინის, ვაზელინის, ზეითუნის ზეთი. ზოგჯერ შედეგიანია სამკურნალო ფიზკულტურა, სპეციალური ვარჯიშები მუცლის პრესის გასამაგრებლად, მასაჟი.

მეტეორიზმი

- რა არის მეტეორიზმი და როგორ ვლინდება იგი?

- მეტეორიზმი ეწოდება მუცლის შებერილობას ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვების გამო. ეს აირები ნაწლავს ჭიმავს და ძლიერ ტკივილს გვაყენებს. აირთა ჭარბ წარმოქმნას იწვევს ბაქტერიების ზემოქმედება და ჭარბი მიღება ნახშირწყლოვანი ან რძიანი საკვებისა, რომელიც აძლიერებს ნაწლავში დუღილის პროცესს. მეტეორიზმი ხშირად ვითარდება ნაწლავში აირთა არასაკმარისი შეწოვის შედეგად, რაც შეინიშნება ნაწლავის ატონიის და მასში შეგუბებითი მოვლენების დროს. ეს უკანასკნელი შესაძლოა თან ახლდეს გულის დეკომპენსაციას. მეტეორიზმს იწვევს ნაწლავთა გაუვალობაც.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

- რით გამოიხატება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული?

- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის დამახასიათებელია რიტმული ტკივილი, რომელიც გაივლის კვების ან ანტაციდის მიღების შემდეგ. ტკივილი აღმოცენდება უზმოზე (ამას მშიერ ტკივილს უწოდებენ) და ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ. ტიპურია ღამის ტკივილი, რომელიც აღვიძებს ავადმყოფს, უმეტესად - ღამის 1-ელიდან 3 საათამდე. დამახასიათებელია ირადიაცია მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ან ზურგში. ტკივილის კიდევ ერთი თვისებაა პერიოდულობა. გამწვავებისას ტკივილი გრძელდება რამდენიმე კვირას ან რამდენიმე თვეს. რემისია, ჩვეულებრივ, უფრო ხანგრძლივია და შესაძლოა, რამდენიმე წელიწადსაც კი გასტანოს. გამწვავებას სეზონური ხასიათი აქვს და უმეტესად შემოდგომასა და გაზაფხულზეა გამოხატული.

ნაწლავიდან სისხლდენა

- რა იწვევს ნაწლავიდან სისხლდენას?

- სისხლდენა შეინიშნება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, წყლულოვანი ენტერიტისა და კოლიტის დროს. ნაწლავის ზედა განყოფილებებიდან სუსტი სისხლდენა შეუმჩნეველი რჩება, სისხლი ერევა ნაწლავის შიგთავსს, გადამუშავდება და მისი პიგმენტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ განავლის ლაბორატორიული გამოკვლევით. ძლიერი სისხლდენების დროს განავალი იღებს შავ, კუპრისმაგვარ ფერს. ნაწლავის ქვედა განყოფილებიდან წამოსული სისხლი განავალთან შერევას და გადამუშავებას ვერ ასწრებს და თავისთავადი სახით გამოიყოფა. ასეა, მაგალითად, ჰემოროიდული კვანძებიდან სისხლდენისას. ძლიერი სისხლდენა ახლავს თან ინფექციურ პათოლოგიებს - დიზენტერიას, მუცლის ტიფს, ნაწლავის ტუბერკულოზს.

ტკივილი ნაწლავთა დაავადებების დროს

- ნაწლავთა დაავადებების დროს ტკივილი სხვადასხვანაირია. ზოგჯერ - გაურკვეველი, პერიოდული, ზოგჯერ - მკვეთრი, შეტევისებრი, გამოწვეული ნაწლავის სპაზმით (ე.წ. ნაწლავის ჭვალი). ტკივილი ზოგჯერ მთელ მუცელს მოიცავს, ზოგჯერ მის რომელიმე ნაწილში შეიგრძნობა. წვრილი ნაწლავის დაავადებების დროს ტკივილი მუცლის შუა ნაწილში იჩენს თავს. ბრმა ნაწლავის დაავადებისას ტკივილი მარჯვენა თეძოს არეშია ლოკალიზებული, სიგმოიდური ნაწლავის დაავადებისას - მარცხენა თეძოს არეში. უმეტესად განისაზღვრება პალპაციისას. ზოგჯერ ძალიან მკვეთრი ტკივილი თავს იჩენს მეტეორიზმის დროს, ნაწლავის გადაჭიმვის შედეგად. მას შემდეგ, რაც გაზები გაივლის, ტკივილიც ცხრება. უშუალოდ დეფეკაციის წინ ტკივილის აღმოცენება დასწვრივი ან სიგმოიდური ნაწლავის დაზიანებაზე მიუთითებს. დეფეკაციის დროს ტკივილი აღინიშნება სწორი ნაწლავის დაავადებების (ჰემოროის, უკანა ტანის ნახეთქების, სიმსივნის) დროს. სწორი ნაწლავის დაავადებების დროს დეფეკაციის ხშირ სურვილს, ტენეზმს, ზოგჯერ თან ახლავს ძლიერი ტკივილიც.

პრაქტიკული რჩევები

- ნაწლავთა დაავადებების დროს დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, სათანადო რაოდენობით შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს. ყაბზობას ხელს უწყობს: მოხარშული კვერცხი, ბრინჯის ფაფა, თეთრი ფუნთუშა, კაკაო, ყავა, წითელი ღვინო. რეკომენდებულია: უზმოზე მივიღოთ ცივი ბოსტნეულის ან ხილის წვენი, მინერალური ან უბრალო ონკანის ცივი წყალი. სასარგებლოა: დილაობით ბოსტნეულის (სტაფილოს, ბოლოკის, გოგრის) კერძები, შეზავებული მცენარეული ზეთით, არაჟნით ან მაიონეზით. ფაღარათის დროს კი, პირიქით, შავი პური, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ზღვის კომბოსტო, შავი ქლიავი, მაიონეზი, არაჟანი უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. საკვები უნდა იყოს თბილი, მექანიკურად დამუშავებული. ნაწლავების პათოლოგიის დროს რძე ხშირად ცუდად მოქმედებს. ტკივილი, ყურყური და ფაღარათი შესაძლოა ჯანმრთელ ადამიანსაც კი დაეწყოს რძის მიღების შემდეგ. ამ შემთხვევაში რძე რძემჟავა პროდუქტებით უნდა შევცვალოთ. წვრილი ან მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთების (ენტერიტის, კოლიტის) დროს, რომელსაც თან ახლავს მუცლის შებერილობა და ტკივილი, ფაღარათი, წონის კლება, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა, პირველ რიგში ნაწლავის ფუნქცია უნდა მოვიწესრიგოთ. ამისთვის ვსვათ მოცვისა და მოცხარის ნახარში და კისელი, ბროწეულის კანის ნახარში, ძახველის წვენი, მუქი ჩაი. კამის თესლის ნაყენი ამცირებს ნაწლავში აირთა წარმოქმნას და მუცლის ტკივილს. საკვები უნდა იყოს თბილი, ოთახის ტემპერატურისა მაინც. ცივი კერძებისა და გაზიანი სასმელების, აგრეთვე პერისტალტიკის გამაძლიერებელი პროდუქტების მიღება მიზანშეწონილი არ არის.