ანემია ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანემია ბავშვებში

- რით არის განპირობებული ანემიის სიხშირე ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში?

- სამ წლამდე და სქესობრივი მომწიფების პერიოდში ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება, რასაც თან ახლავს სისხლის ფორმიანი ელემენტების, სისხლის მოცულობის ზრდა და ერითროპოეზის (ერითროციტების წარმოქმნის) მაღალი აქტიურობა. სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს ბავშვის ძვლის ტვინი. ორგანიზმს გამუდმებით სჭირდება დიდი ოდენობით რკინა, სრულფასოვანი ცილები, მიკროელემენტები, ვიტამინები. ამიტომ კვების თუნდაც უმნიშვნელო დარღვევები, ინფექციური დაავადებები, მედიკამენტები (რომლებიც თრგუნავენ ძვლის ტვინის ფუნქციას) ადვილად იწვევს ორგანიზმის ანემიზაციას, განსაკუთრებით სიცოცხლის მეორე წლიდან, როცა რკინის ნეონატალური მარაგი განლეულია. ხანგრძლივად მიმდინარე სიდეროპენია (რკინის ნაკლებობა) იწვევს ღრმა ქსოვილოვან და ორგანულ ცვლილებებს, ჰიპოქსიას (ჟანგბადის ნაკლებობას) და უჯრედული მეტაბოლიზმის დარღვევას. ანემია აფერხებს ბავშვის ზრდის პროცესებს, მის ჰარმონიულ განვითარებას, წარმოიქმნება ინფექციის ქრონიკული კერები, მძიმდება სხვა პათოლოგიური პროცესები.

- როგორ ხდება ორგანიზიმში რკინის ცვლა ასაკის მიხედვით?

- რკინის ოდენობა ყოველდღე იზრდება 0,5 მგ-ით და 18 წლამდე მისმა მარაგმა უნდა მიაღწიოს 4,5 გრამს. დედის რკინის ჩალაგება დეპო ორგანოში ძირითადად ორსულობის ორ უკანასკნელ თვეს ხდება. რკინის მარაგი არასაკმარისი იქნება, თუ ახალშობილი დღენაკლულია, ტყუპია, დედას ანემია აქვს ან ორსულობის მეორე ნახევრიდან აღენიშნება ტოქსიკოზი. დაბადების შემდეგ დროული ახალშობილის რკინის დეპო ივსება “ზედმეტი” ერითროციტების დაშლისას გამოთავისუფლებული რკინის ხარჯზე. დღენაკლულებში ეს პროცესი პირველი ორი კვირის განმავლობაში დაქვითებულია ან საერთოდ არ მიმდინარეობს. ამის შემდეგ რკინა ორგანიზმში ხვდება მხოლოდ საკვებით, უმთავრესად - ცხოველურით. სიცოცხლის პირველ წელს საკვებში რკინის ოდენობა შეზღუდულია და ვერ აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმისა და მისი სისხლმბადი ორგანოების მოთხოვნას. ნეონატალური (მუცლადყოფნის პერიოდის) მარაგი დროულ ახალშობილებში - 3-4 თვისთვის, ხოლო დღენაკლულებში 5-6 თვისთვის ქრება. ეს მარაგი დაახლოებით 300 მგ-ია. შეზღუდულია რკინის ათვისების პროცესიც, ვინაიდან, ოპტიმალური ბალანსირებული რაციონისა და რკინის პრეპარატების დამატების მიუხედავად, 5-8 თვის ასაკში ჰემოგლობინის დონე პრაქტიკულად ყველა ბავშვს 110-130გ/ლ-მდე უქვეითდება, რაც უფლებას გვაძლევს, ვილაპარაკოთ “ფიზიოლოგიურ ანემიაზე” ამ ასაკში. ნორმაში ახალშობილის ჰემოგლობინია 170-240გ/ლ. ამ პერიოდში ბავშვის შიმშილი და არასაკმარისი კვება, რაციონში წვენების, ბოსტნეულისა და ხორცის დაგვიანებული დამატება, ერთფეროვანი,  არაბალანსირებული კვება (ძროხის ან თხის რძით, უპირატესად ნახშირწყლოვანი საკვებით) ადვილად აფერხებს ბავშვის სისხლწარმოქმნის პროცესებს.

- რაზეა დამოკიდებული რკინის ათვისება?

- რკინის ათვისება და მისი შეწოვა, რაც უმთავრესად წვრილ ნაწლავებში მიმდინარეობს, დამოკიდებულია საკვების ხარისხზე, საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციაზე, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე. რკინის შეწოვა ქვეითდება ინფექციური დაავადებების, განსაკუთრებით - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების, რაქიტის, ჰიპოტროფიის, თანდაყოლილი და შეძენილი ფერმენტოპათიების (მალაბსორბციის სინდრომი, მუკოვისციდოზი) დროს.

- როდის იზრდება რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნა?

- რკინაზე ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნა იზრდება სხეულის მასის ინტენსიური მატების, ქრონიკული ინფექციის კერების არსებობის დროს, ასევე - სისხლის გაძლიერებული კარგვის: ფარული და აშკარა სისხლდენების, ექსუდაციური ენტეროპათიების, სისხლისმწოველი ჭიებით ინვაზიის - დროსაც. ჩამოთვლილი ფაქტორების შერწყმისას ირღვევა რკინის ბალანსი და ვითარდება რკინადეფიციტური ანემია. იმის მიხედვით, რა ასაკში განვითარდა პათოლოგია და რომელი ფაქტორი იყო მის განვითარებაში წამყვანი, განასხვავებენ ადრეულ და გვიან ანემიებს, დღენაკლულთა და პუბერტატული ასაკის გოგონების ქლოროზს.

- რას ნიშნავს დღენაკლულთა ადრეული ანემია?

- ანემიის ამ ფორმას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვილ ბავშვებში გავრცელებულ დეფიციტურ ანემიებს შორის. იგი სიცოცხლის პირველ-მეორე თვეს უვითარდება დღენაკლულთა დაახლოებით ნახევარს, იშვიათად - დროულებსაც (ფიზიოლოგიური კეთილთვისებიანი ანემია), უმთავრესად - არადამაკმაყოფილებელი ჰემორაგიული ფონის (ქალასშიდა სამშობიარო ტრავმა, პრენატალური დისტროფია, ინფექციები) არსებობისას. გამოკვეთილი კლინიკური ნიშნები არ გააჩნია. შეინიშნება მხოლოდ კანის სიფითრე ჰემოგლობინის დონის 80გ/ლ-ზე მეტად დაქვეითებისას. ადრეული ანემიის მთავარი მიზეზია ფეტალური ჰემოგლობინის შემცველი ერითროციტების ფიზიოლოგიური ჰემოლიზი (დაშლა) და ძვლის ტვინის ფუნქციური და მორფოლოგიური უმწიფრობა, რაც აიხსნება ნაადრევი მშობიარობით ან დროულ ახალშობილთა ინდივიდუალური თავისებურებებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ ნივთიერებების დეფიციტი, რომლებიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს - ცილებისა, B-ჯგუფის, ჩ და E ვიტამინებისა, სპილენძისა, კობალტისა. როგორც კი რკინის ნეონატალური მარაგი ამოიწურება, ადრეული ანემია დღენაკლულთა გვიან ანემიაში ან დროულთა ალიმენტურ-ინფექციურ ანემიაში გადადის.

- როგორ გამოვლინდება გვიანი (კონსტიტუციური) ანემია დღენაკლულებში?

- იგი ვითარდება რკინის ნეონატალური მარაგის ამოწურვის შემდეგ სიცოცხლის მე-3-4 თვეს. კლინიკურად შეუმჩნეველია, ლაბორატორიული მონაცემებით ვლინდება რკინის დეფიციტი. დროულ ახალშობილთა ნახევარს აღენიშნება ალიმენტური და ალიმენტურ-ინფექციური ანემია სიცოცხლის მეორე ნახევარში. ამის მიზეზი რკინის მარაგის ამოწურვასთან ერთად არის კვების დარღვევაც, რომელიც იმავდროულად დისტროფიას იწვევს. ინფექციური დაავადებების თანდართვა, სასუნთქი სისტემის ვირუსები და ოტიტი ანემიის მიმდინარეობას ამძიმებს. კლინიკური და ლაბორატორიული გამოვლენა ადასტურებს ანემიის შერეულ ბუნებას რკინის დეფიციტის უპირატესობით.


- რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა?

- რკინადეფიციტური ანემიის დროს არ უნდა გამოგეპაროთ:

  • კანისა და ტუჩების სიფითრე;
  • ხშირი წამოქაფება, მიდრეკილება ნაწლავთა აშლილობისკენ;
  • განვითარების ჩამორჩენა;
  • ხშირი ავადმყოფობა;
  • გულზე - სისტოლური შუილი (მოსმენით აღმოაჩენს ექიმი).

ქლოროზი შეინიშნება გოგონებში სქესობრივი მომწიფების პერიოდში. იგი ვითარდება რეჟიმის დარღვევისა და ენდოკრინული დისფუნქციის ფონზე. ვლინდება სისუსტით, სწრაფად დაღლით, უმადობითა და ანორექსიით (კვებაზე უარის თქმით), გემოვნების გაუკუღმართებით, თავბრუხვევით, გულის წასვლით, გულისცემის გახშირებით, ჭიპის მიდამოში ტკივილით, გულისრევითა და პირღებინებით, შეკრულობით. დამახასიათებელია მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ოლიგო- ან ამენორეა). გამოჯანმრთელება ხშირად თავისთავად ხდება. ლაბორატორიული გამოკვლევები ავლენს რკინის დეფიციტს.

- მიზეზის მიხედვით განასხვავებენ დეფიციტურ, სისხლდენის შემდგომ, ჰემოლიზურ (ერითროციტების დაშლის შედეგად განვითარებულ), აპლაზიურ (ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის დათრგუნვის შედეგად განვითარებულ) ანემიებს. არსებობს მემკვიდრეობითი ანემიაც. რა იწვევს მას?

- მემკვიდრეობით ჰემოლიზურ ანემიათა ჯგუფს ეკუთვნის თალასემია - ჰემოგლობინოპათიის ერთ-ერთი ვარიანტი. მისი პირველი ნიშნები ვლინდება 2-დან 8 წლამდე, იშვიათად - პირველი წლის ბოლოს. კლინიკურად გამოიხატება არამყარი ცხელებით, კანის ჭუჭყისფერ-ყვითელი პიგმენტაციით, პერიოდული ჰემოლიზური კრიზებით. რენტგენოლოგიურად დასტურდება ჩონჩხის ტიპური ცვლილებები: ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, თავის ქალას დეფორმაცია. ავადმყოფები უჩივიან სწრაფად დაღლას, სისუსტეს, თავის ტკივილს, გარდამავალ სიყვითლესა და მუცლის ზრდას. ასეთივე ჩივილები შეიძლება ჰქონდეთ ავადმყოფის ნათესავებს, რაც დაავადების მემკვიდრეობით ბუნებაზე მიუთითებს. სისხლში მომატებულია ბილირუბინის დონე, ფეტალური (F) ჰემოგლობინი და ჰემოგლობინი A2. ჰემოლიზი ერითროციტების დაშლას ნიშნავს. ნორმალური ერითროციტები 100-200 დღეს ცოცხლობენ. ჰემოლიზური ანემიის დროს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-14 დღემდე მცირდება. ნორმაში ერითროციტები მხოლოდ ელენთაში იშლება, დაავადების დროს კი გაძლიერებული დაშლა შესაძლოა სისხლძარღვებშიც მიმდინარეობდეს. რკინის პრეპარატებით მკურნალობა უეფექტოა.

- როგორია ბავშვთა ასაკში ანემიის მკურნალობის პრინციპები?

- მკურნალობა გულისხმობს დაავადების მიზეზის აღმოფხვრას, სწორი დღის რეჟიმის ორგანიზებას, რაციონალურ ბალანსირებულ კვებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციის მოწესრიგებას, რკინის დეფიციტის შევსებას რკინის პრეპარატებით. რეჟიმი აქტიურია, ითვალისწინებს სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნას. ადრეული ასაკის პატარებს უნიშნავენ მასაჟსა და ვარჯიშს, უფრო მოზრდილებს - სპორტით ზომიერ დატვირთვას, რომლის მიზანია საკვების ათვისების გაუმჯობესება, ნივთიერებათა ცვლის პროცესების სტიმულირება. დიეტა დაავადების სიმძიმის შესაბამისად ინიშნება. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ანემიის დროს და დამაკმაყოფილებელი მადის შემთხვევაში შეიძლება შეირჩეს მრავალფეროვანი, ასაკის შესაბამისი რაციონი რკინით, ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემეტებით მდიდარი პროდუქტებით. 6 თვემდე რაციონში შეიძლება შევიტანოთ გახეხილი ვაშლი, ბოსტნეულის პიურე, კვერცხის გული, წიწიბურასა და შვრიის ფაფები, 6 თვიდან კი ხორცი, ღვიძლის პიურე. შეიძლება ბავშვთა მზა საკვების გამოყენებაც - ჰომოგენიზებული ბოსტნეულის პიურესი ხორცის დამატებით. მძიმე ანემიის დროს, რომელსაც თან ახლავს დისტროფია და ანორექსია. თავდაპირველად უნდა გაირკვეს, საკვების მიმართ ალერგიული ხომ არ არის ბავშვი, ვიდრე თანდათანობით დედის რძის ან ადაპტირებული ნარევის მოცულობის შესავსებად შეიძლება წვენის, ბოსტნეულის ნახარშის დამატება, მოზრდილებში - მინერალური წყლისა. საკვების დღიური მოცულობის შევსების შემდეგ თანდათან ვცვლით მის ხარისხობრივ შემადგენლობას. ამისთვის რაციონს ვამდიდრებთ სისხლწარმოქმნისთვის საჭირო ნივთიერებებით. იზღუდება მარცვლეულის პროდუქტები და ძროხის რძე, რადგან მათი გადამუშავებისას ორგანიზმში რკინის ძნელად ასათვისებელი ნაერთები წარმოიქმნება. ინიშნება რკინის პრეპარატები, რომლებშიც რკინა იმ ორგანულ ნივთიერებებთანაა კომბინირებული  (ამინმჟავები, ვაშლის, ქარვის, ასკორბინის, ლიმონის მჟავები და სხვა), რომლებისგანაც კუჭის მჟავა არეში მოხვედრის შემდეგ წარმოიქმნება ადვილად ასათვისებელი რკინის ნაერთები. ეს პრეპარატები ინიშნება ჭამამდე 1 საათით ადრე ან კვებათა შუალედში. შეიძლება დააყოლებინოთ ხილის ან ბოსტნეულის წვენი. განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსებისა. მკურნალობის ეფექტურობაზე შეიძლება საუბარი, თუ ჰემოგლობინის მაჩვენებელი ყოველკვირეულად მოიმატებს 10 გ/ლ-ით ან 4-6 ერთეულით. რკინის პრეპარატებთან ერთად ინიშნება საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, ჩ ვიტამინი დიდი დოზით და სხვა ვიტამინები ასაკობრივი დოზით. სისხლის გადასხმა დასაშვებია სასიცოცხლო ჩვენებით, ანუ მაშინ, როდესაც ჰემოგლობინი 60 გ/ლ-ზე დაბალია.

- შესაძლებელია თუ არა და როდიდან უნდა დაიწყოს ანემიის პრევენცია?

- პრევენცია, პროფილაქტიკა ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე უნდა დაიწყოს რკინის ფარული დეფიციტის გამოვლენით, აღმოფხვრითა და ორსულთა ანემიის მკურნალობით. გარდა ამისა, მომავალი დედისთვის აუცილებელია აქტიური რეჟიმი - ჰაერზე დიდხანს ყოფნა, რაციონალური და ბალანსირებული კვება, ტოქსიკოზის პროფილაქტიკა. ორსულობის ბოლო ორ თვეს რეკომენდებულია რკინისა და E ვიტამინის მიღება პროფილაქტიკური დოზებით. დეფიციტური ანემიების პოსტნატალური ანუ დაბადების შემდგომი პროფილაქტიკა გულისხმობს რაციონალურ კვებას - სასურველია, ბუნებრივს - და მის დროულ კორექციას, ოპტიმალური გარემო პირობების ორგანიზებას, რაქიტის, დისტროფიის, ინფექციური დაავადებების, უპირველესად კუჭ-ნაწლავის დაავადებების, პროფილაქტიკასა და დროულ მკურნალობას. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ რისკჯგუფში შემავალ ბავშვებს. ასეთები არიან:

  • ანემიის ან რკინის ფარული დეფიციტის მქონე ორსულთა შვილები;
  • გვიანი ტოქსიკოზის მქონე ორსულთა შვილები;
  • დღენაკლულები, მცირე მასით დაბადებულები;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობის შედეგად დაბადებულები;
  • ხელოვნურ კვებაზე მყოფი სწრაფი ტემპით მზარდი ბავშვები.

დღენაკლული ბავშვებისთვის რეკომენდებულია რკინის პრეპარატების სამკურნალო დოზის ნახევარი სიცოცხლის მეორე თვის ბოლოდან ორ წლამდე.

- რას ურჩევთ მშობლებს?

- ყოველმა დედამ უნდა იცოდეს, რომ მისი შვილის ჯანმრთელი მომავლისთვის აუცილებელია ბუნებრივი კება - დედის რძიდან ბავშვის ორგანიზმი რკინის 50%-ს ითვისებს! ვიდრე ბავშვს ძუძუს აწოვებთ, გადადით რკინით მდიდარ დიეტაზე. მიირთვით ხორცი, ღვიძლი, ქათმის კვერცხი, წიწიბურას ფაფა, ასევე - ხილი და ბოსტნეული, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: სტაფილო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი. წლამდე ნუ მისცემთ პატარას ძროხის რძეს - იგი ბავშვის ნაწლავებში მცირე ზომის სისხლჩაქცევებს იწვევს, ამის შედეგად კი იკარგება ძვირფასი ჰემოგლობინი. დაბალი ჰემოგლობინის დროს დამატებითი კვება დაიწყეთ რკინით გამდიდრებული ფაფებით და დროზე ადრე მიეცით ხორცი. ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს აჭამეთ მინერალებითა და ვიტამინებით გამდიდრებული ადაპტირებული ნარევები. რკინადეფიციტური ანემიის პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა. დროული დიაგნოსტიკა, დეფიციტის შევსება, ანემიისა და თანმხლები დაავადებების მკურნალობა განკურნების საწინდარია. ცნობილია, რომ სიცოცხლის პირველ წელს პრევენციის მიზნით მიღებული რკინის პრეპარატები მხოლოდ ანემიის განვითარებას კი არ აფერხებს, არამედ ამცირებს კიდეც სასუნთქი სისტემის ვირუსული და ნაწლავური ინფექციების რისკს, ხელს უწყობს მათ მსუბუქ მიმდინარეობას.