სისხლი, ერითროციტები, ჰემოგლობინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლი, ერითროციტები, ჰემოგლობინი

ერითროციტები

  • ერითროციტები სისხლის წითელი სხეულაკებია, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიშობა. ეს უბირთვო უჯრედებია და ცილა ჰემოგლობინს შეიცავს.
  • ერითროციტების უშუალო წინამორბედია რეტიკულოციტი - უჯრედი, რომელიც ძვლის წითელი ტვინიდან სისხლში მოხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში ერითროციტად გადაიქცევა.
  • ლიტრ სისხლში ეროთროციტების რაოდენობა მამაკაცებისთვის 4,0-5,5X1012-ია, ქალებისთვის - 3,7-4,7 X 1012.
  • მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში 25 მილიონამდე ერითროციტია, ამასთან, მისი 0,8% ყოველდღიურად ახალი ფორმიანი ელემენტებით ივსება.
  • ერითროციტების საერთო ფართობი 3 800 მ2-ია.
  • მომწიფებული ერითროციტები სისხლში 100-120 დღის განმავლობაში ცირკულირებენ, რის შემდეგაც მათ ღვიძლის, ელენთისა და ძვლის ტვინის სპეციალური უჯრედები შთანთქავენ.
  • სისხლის წითელი სხეულაკების დაშლა სხვა ქსოვილებსაც შეუძლიათ, რასაც ადასტურებს კანზე ტრავმის შემდეგ გაჩენილი სილურჯეების თავისთავადი გაქრობა.
  • სისხლდენის შემდეგ ერითროციტების წარმოქმნის პროცესი ჩქარდება. მისი ნორმალური წარმოქმნისთვის აუცილებელია, ორგანიზმში იყოს რკინის, ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12-ის საკმარისი რაოდენობა.
  • ერითროციტების წარმოქმნის პროცესს ასტიმულირებს თირკმელების მიერ გამომუშავებული ჰორმონი ერითროპოეტინი, რომლის დონეც შესაბამისად იზრდება ორგანიზმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნის გაზრდისას.

ერითროციტების ფუნქციები

1. სუნთქვითი - ერითროციტების მთავარ ფუნქციას განაპირობებს ცილა ჰემოგლობინის შემცველობა, რომელსაც ჟანგბადი - ფილტვებიდან ქსოვილებამდე, ხოლო ნახშირორჟანგი ქსოვილებიდან ფილტვებამდე მიაქვს.

2. კვებითი - ხორციელდება საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან ქსოვილებამდე ამინმჟავების ტრანსპორტირებით.

3. ფერმენტული -  ერითროციტები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ფერმენტულ რეაქციებში, რამდენადაც მათ ზედაპირს მრავალი ფერმენტი უკავშირდება და მიემაგრება.

4. დამცველობითი -  ერითროციტებს უნარი შესწევთ, თავიანთი ზედაპირით შთანთქონ  ტოქსინები და ანტიგენები. მონაწილეობენ იმუნურ და აუტოიმუნურ რეაქციებშიც.

5. რეგულატორული - ერითროციტები მონაწილეობენ ორგანიზმში მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში.

ჰემოგლობინი

ჰემოგლობინი სისხლის წითელი პიგმენტია, რომელიც ერითროციტებს მათი ფუნქციის შესრულებაში - ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, თითოეულ უჯრედამდე მის მიტანაში ეხმარება. თავად ჰემოგლობინი ცილა გლობინისა და რკინაპორფირინ ჰემისგან შედგება. მას მხოლოდ ჟანგბადი კი არ მიაქვს უჯრედებამდე, არამედ იქიდან ნახშირორჟანგს სასუნთქი ორგანოებისკენ განდევნის. ნორმაში ჰემოგლობინი მამაკაცს 130-160 გ/ლ უნდა ჰქონდეს, ხოლო ქალს - 115-145 გ/ლ. დაბადებიდან 1-3 დღის შემდეგ ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში პიკს აღწევს და 145-225 გ/ლ-ს შეადგენს, 3-6 თვეში მისი დონე მინიმუმამდე - 95-135 გ/ლ-მდე ქვეითდება, წლიდან 18 წლამდე კი დონე თანდათან ისევ მაღლა იწევს და ნორმალურ მაჩვენებელს აღწევს.


ჰემოგლობინის ფუნქცია

ჰემოგლობინის როგორც ცილის მთავარი ფუნქცია ჟანგბადის ტრანსპორტია. ადამიანის ფილტვის კაპილარებში ჟანგბადით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვისას ჟანგბადი უერთდება ჰემოგლობინს. სისხლის ნაკადთან ერთად ერითროციტები, რომლებიც ჰემოგლობინის მოლეკულას და მასთან დაკავშირებულ ჟანგბადს შეიცავენ, მიემართებიან ორგანოებისა და ქსოვილებისკენ, სადაც ჟანგბადი ნაკლებია და მას ყველა მოუთმენლად ელის. დანიშნულების ადგილამდე მიღწეული ჟანგბადი გამოთავისუფლდება ჰემოგლობინის მოლეკულის კავშირისგან და გადადის უჯრედებში. გარდა ამისა, ჰემოგლობინს უნარი შესწევს, ქსოვილებში ნახშირორჟანგი დაიკავშიროს და შემდეგ ფილტვებში გათავისუფლდეს მისგან, რათა ადამიანმა ამოსუნთქვისას გარემოში გამოყოს ორგანიზმში დაგროვილი ჭარბი ნახშირორჟანგი. ჟანგბადისა და ჰემოგლობინის დაკავშირება მიმდინარეობს ე.წ. კოოპერატიულობის პრინციპით, ანუ პირველი მოლეკულის დაკავშირების შემდეგ ყოველი მომდევნო მოლეკულის დაკავშირება უფრო და უფრო ადვილდება.

მედლის მეორე მხარე

ჰემოგლობინი მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის ცილაა და მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია, ოღონდ ეს სისხლში ერითროციტებთან დაკავშირებულ ცილაზე ითქმის, რადგან მას აქვს ერთი არცთუ სასახელო თვისებაც - სისხლში, კერძოდ, პლაზმაში ერითროციტების გარეშე, თავისუფალი სახით მოხვედრისას იგი ძლიერ ტოქსიკურ თვისებებს ავლენს. ასეთი რამ ხდება ორგანიზმში ისეთი დაავადებების განვითარებისას, როგორიცაა: შიდასისხლძარღვოვანი ჰემოლიზი, ჰემორაგიული შოკი, ჰემოლიზური ანემიები, არათავსებადი სისხლის გადასხმის შემდეგ განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები და სხვა. საბედნიეროდ, როდესაც ამ პათოლოგიურ პროცესთა შედეგად პლაზმაში თავისუფალი ჰემოგლობინი ხვდება, მისი ტოქსიკური თვისებების აღსაკვეთად ამოქმედდება სპეციალური სისტემები, რომელთა ფუნქციასაც თავისუფალი ცილის შებოჭვა და გაუვნებლება წარმოადგენს. ასეთია სპეციალური პლაზმური ცილა ჰაპტოგლობინი, რომელიც ბოჭავს თავისუფალ გლობინს და უვნებელყოფს მას.

ჰემოგლობინის დეფიციტი

ორგანიზმში ჰემოგლობინის დეფიციტი შესაძლოა ორი ძირითადი მიზეზით იყოს გამოწვეული:

1.  ანემიით - სისხლში საკუთრივ ჰემოგლობინის მოლეკულების სიმცირით;

2. სისხლში არსებული ცილის მოლეკულების ჟანგბადთან დაკავშირების უნარის დაქვეითებით. ცილა ჰემოგლობინი ერითროციტების ძირითადი კომპონენტია, ამიტომ მის მაჩვენებელს როგორც დიაგნოსტიკური, ისე პროგნოზული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ჰემოგლობინის შემცირება საბოლოო ჯამში ქსოვილთა ჟანგბადოვან შიმშილს იწვევს.

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი

ფერადობის მაჩვენებელი ასახავს ერითროციტების პიგმენტ  ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს. ფერადობის მაჩვენებლის ნორმა 0,90-1,10-ია და ძირითადად ანემიების დიფერენციაციისთვის გამოიყენება. ფერადობის მაჩვენებლის დაქვეითება ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დაქვეითების პარალელურად ხდება და რკინადეფიციტური ანემიის პირველი ნიშანია.

ედსი - ერითროციტების დალექვის სიჩქარე

ედსი განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად გამოეყოფა ერითროციტები სისხლის პლაზმას და სინჯარაში ილექება. იგი ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის არასპეციფიკური ინდიკატორია. ქალებისთვის მისი ნორმა შედარებით დიდია - 2-15 მმ/სთ, ხოლო მამაკაცებისთვის - 1-10 მმ/სთ.

ჰემატოკრიტის მაჩვენებელი

ჰემატოკრიტი გვიჩვენებს სისხლის ფორმიანი ელემენტების (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები) რაოდენობრივ ფარდობას მის თხიერ ნაწილთან - პლაზმასთან. მამაკაცებისთვის მისი ნორმა 40-45%-ია, ქალებისთვის - 36-42%. ჰემატოკრიტის მაჩვენებლის ცვლილება ან სისხლდენის შედეგია, ან იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში მკვეთრადაა დაქვეითებული სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნა, რაც მძიმე ინფექციებისა და აუტოიმუნური დაავადების დროს ხდება.