წითელი ქარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წითელი ქარი

როგორ ვითარდება წითელი ქარი

დაავადების განვითარების უმთავრესი ეტაპია კანის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც მასში ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი იჭრება. ინფექციური პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები - ვენური უკმარისობა, დაწყლულება, კანის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ინფექცია, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ინფექცია. სახეზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს ბაქტერიების წყარო ხშირად ცხვირ-ხახაა. ცნობილია, რომ სახეზე ლოკალიზებული წითელი ქარის შემთხვევათა მესამედში პაციენტს სტრეპტოკოკული ფარინგიტი აქვს გადატანილი. გარდა ამისა, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც იმუნური სისტემაა დაზიანებული. წითელი ქარის უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი მაინც ლიმფის მოძრაობის დარღვევა - ლიმფოსტაზია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფური სადინარების მეშვეობით, რასაც შესაძლოა მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება მოჰყვეს. წითელი ქარი უფრო მეტად ქალებს ემართებათ, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცებში აგრესიულობით გამოირჩევა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ განსხვავებას სხვადასხვა სქესის პირთა შორის დაავადების ხელშემწყობი ფაქტორების განსხვავებული სიხშირე განაპირობებს. დაავადება ნებისმიერი ასაკის პირთა შორის გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ჩვილებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და ხანში შესულებს შორის, პიკი კი 60-80 წელზე მოდის.

როგორ ვლინდება დაავადება

პაციენტებს მეტწილად უჭირთ წითელი ქარის მაპროვოცირებელი მომენტის გახსენება, თუმცა შესაძლოა გაიხსენონ, რომ დაზიანების არეში მიიღეს ტრავმა ან წინა დღეებში გადაიტანეს ფარინგიტი. ხშირად კანისმხრივ გამოვლინებას წინ უძღვის სისუსტე, შემცივნება და ტემპერატურის მომატება. ამ სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში თავს იჩენს ცვლილებები კანის მხრივ - ქავილი, წვა და შეშუპება. ამის შემდეგ თავდაპირველად პატარა წითელ უბანს ვამჩნევთ, რომელიც მალე გადაიქცევა კაშკაშა წითელ, მკვეთრკონტურებიან გამკვრივებულ უბნად. მკვეთრკონტურებიანი წითელი უბანი დაავადების კლასიკური გამოვლინებაა. დასტურდება ანთების ყველა ნიშანი - შეშუპება, გაწითლება, მტკივნეულობა, ტემპერატურის მომატება. ანთებით პროცესში ლიმფური სიტემის ჩართვა ვლინდება ლიმფური სადინარების გაფართოებითა და ლიმფური კვანძების გადიდებით. უფრო მძიმე მიმდინარეობისას დაზიანებულ ადგილას ჩნდება ბუშტუკები,  ბულები, კანქვეშა წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები და ნეკროზიც კი. გამოჯანსაღების პროცესში ხშირია კანის აქერცვლა და პიგმენტაცია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს.

მთავარი დამნაშავე

წითელი ქარის უმთავრესი მიზეზი სტრეპტოკოკია. სახეზე ლოკალიზაციისას ძირითადი გამომწვევია ა ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ხოლო ქვედა კიდურებზე ლოკალიზაციისას - არა ა ჯგუფის სტრეპტოკოკები. სტრეპტოკოკის ტოქსინები იწვევს მწვავე ანთებას, რაც ამ დაავადებისთვის პათოგნომურია. იწვევენ თუ არა სხვა ბაქტერიები ამ ინფექციას, უცნობია, თუმცა მათ ხშირად აღმოაჩენენ ინფექციის კერაში. აღწერილია ატიპური ფორმები, რომლებიც სხვა მიკოორგანიზმებით არის გამოწვევული. ასეთ დროს სტანდარტული ანტიბიოტიკები უეფექტოა.

საჭიროა თუ არა გამოკვლევები?

დაავადების კლასიკურ შემთხვევებში დიაგნოზის დასადასტურებლად და სამკურნალოდ სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევა არ არის საჭირო,  ხოლო მაშინ, როცა დაავადება ატიპურად  მიმდინარეობს ან სავარაუდოა, გამომწვევი ატიპური მიკროორგანიზმი იყოს, შესაძლოა საჭირო გახდეს კანიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ჩვეულებრივ, არც ინსტრუმენტული გამოკვლევა ტარდება. ის მხოლოდ მაშინ მიიჩნევა საჭიროდ, როცა პროცესი სახსარზე ან ძვალზე ვრცელდება.

როგორ მკურნალობენ

კიდურზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში, რათა შემცირდეს ანთებითი შეშუპება და ტკივილი. უნდა გამოვიყენოთ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული საფენები, ვცვალოთ 2 საათში ერთხელ. ვინაიდან წითელი ქარი სტრეპტოკოკული ინფექციაა, აუცილებელია მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა. არჩევის პრეპარატია პენიცილინი. ის 10-20 დღის განმავლობაში გამოიყენება. შესაძლოა სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებაც. მძიმე შემთხვევებში, ასევე - როცა დაავადებული პატარა ბავშვი ან მოხუცია, ანდა იმუნური სისტემა აქვს დაზიანებული, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი სტაციონარში მოთავსება და ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია. აუცილებელია, დროულად ვუმკურნალოთ ქვედა კიდურების იმ დაავადებებს, რომლებიც ხელშემწყობ პირობებს ქმნის წითელი ქარის აღმოცენებისთვის. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მანამდე ჯანმრთელმა პაციენტებმა 1 თვის განმავლობაში უნდა ატარონ ელასტიკური წინდები, ხოლო მათ, ვისაც ლიმფური შეშუპება აქვს, გაცილებით მეტხანს. აუცილებელია ლიმფური შეშუპების მკურნალობა.

შესაძლოა თუ არა, გართულდეს?

წითელი ქარის ყველაზე ხშირი გართულებებია აბსცესი ანუ ჩირქგროვა, განგრენა და თრომბოემბოლია. იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს გლომერულონეფრიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი და ტოქსიკური შოკი. იშვიათადვე შეიძლება დაზიანდეს ახლომდებარე სახსრები, აღმოცენდეს ბურსიტი, ოსტეიტი, ართრიტი და ტენდინიტი.

როგორია პროგნოზი

ჩვეულებრივ, კარგი, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას პაციენტთა 20%-ს დაავადების რეციდივები აღენიშნება

წითელი ქარი რომ არ დაგვემართოს

ამისათვის საჭიროა, მოვუაროთ კანს, თავიდან ავიცილოთ მისი დაზიანება, დროულად ვუმკურნალოთ ჭრილობებსა და მიკროტრავმებს.