გაციების ჩირქოვანი გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაციების ჩირქოვანი გართულებები

 

მწვავე რინიტი

მწვავე სურდოს განვითარებაში მთავარ როლს გაციება ასრულებს. მთელი სხეულის ან მისი რომელიმე ნაწილის (თავის, ფეხების) გადაცივება რეფლექსურად იწვევს  ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქციურ ცვლილებებს. თავდაპირველად სისხლძარღვები მკვეთრად ვიწროვდება და ლორწოვანი გარსი ფერს კარგავს, შემდეგ კი სისხლძარღვები ფართოვდება, რასაც ლორწოვანი გარსის შეწითლება და გაფუება, ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია მოჰყვება. ამ დროს მცირდება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეუვალობა ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ და იქმნება შესანიშნავი პირობები პათოგენური მიკროფლორის განვითარებისთვის. მწვავე რინიტის მაპროვოცირებელი ფაქტორია ვირუსული ინფექციაც.

მწვავე ჩირქოვან რინიტს წინ უძღვის ორი სტადია. პირველ სტადიაში ავადმყოფი უჩივის ცხვირ-ხახის სიმშრალეს, წვისა და ღიტინის შეგრძნებას, ზოგჯერ ამცივნებს. შესაძლოა, ტემპერატურამ 38 გრადუსსაც კი მიაღწიოს. 1-2 დღის შემდეგ უძნელდება ცხვირით სუნთქვა, უჩნდება წყალივით თხიერი გამონადენი, ეწყება ცემინება, თავის ტკივილი. ეს სეროზული სტადიაა. იგი 2-3 დღეს გრძელდება და იმის მაუწყებელია, რომ პათოლოგიურ პროცესში ვირუსული კომპონენტი ჩაერთო. ცხვირის ღრუ ამოვსებულია ისევ უფერული, მაგრამ შედარებით სქელი სეროზულ-ლორწოვანი ექსუდატით. ავადმყოფი დუდღუნებს, საყნოსავი ნაპრალების შეშუპების გამო ყნოსვა დაქვეითებული აქვს. ამის შემდეგ იწყება ჩირქოვანი სტადია: გამონადენი თანდათან სქელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხვირის ლორწოვან გარსში ბაქტერიები გააქტიურდნენ და სეროზულ-ლორწოვანი ექსუდატი ჩამოფცქვნილი ეპითელიუმის, ლეიკოციტებისა და დაღუპული მიკრობების შერევის გამო სეროზულ-ჩირქოვანი გახდა.

როცა ძლიერ სურდოს თან სდევს სიცხე, აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. დროულად დაწყებულ აქტიურ მკურნალობას პროცესის კუპირება შეუძლია. ამისთვის აუცილებელია, დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე დავიწყოთ პარაცეტამოლისა და ჩ ვიტამინის შემცველი პრეპარატების მიღება. სასურველია სითხის უხვი სმაც. შედეგიანია ანტივირუსული და ანტიმიკრობული ღონისძიებები, თუ ისინი მწვავე სურდოს პირველივე საათებში ჩატარდა. გართულებათა თავიდან ასაცილებლად ცხვირით სუნთქვის გაძნელებისთანავე საჭიროა სისხლძარღვთა შემავიწროებელი ხსნარის - ქსიმელინის, გალაზოლინის, ნაფტიზინის, ნაზივინის, სანორინის - ჩაწვეთება, მაგრამ ექიმთან კონსულტაციის გარეშე - არა უმეტეს 10 დღისა. მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება. მისი რაოდენობა და ჯერადობა შეზღუდული არ არის. უმჯობესია გამოვიყენოთ სპრეი აკვამარისი. ანტიბიოტიკური პრეპარატები საჭიროების შემთხვევაში უნდა დანიშნოს ექიმმა, ვინაიდან პროცესის გართულებისა და გაქრონიკულების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი მკურნალობაა.

შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება

ოტიტი, შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება, ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექცია ევსტაქის მილიდან დაფის ღრუში იჭრება. ასეთი რამ ხშირად ემართებათ ბავშვებს, ვინაიდან მათ ევსტაქის მილი მოკლე და ფართო აქვთ.

შუა ყურის ჩირქოვანი ანთება ვლინდება ყურის ტკივილით, სმენის დაქვეითებით, ტემპერატურის მომატებით. ყურის ნიჟარა და გარეთა სასმენი მილი ხელის დაჭერისას მტკივნეულია, დაფის აპკი - შეწითლებული და შესიებული. მოგვიანებით შესაძლოა დაფის აპკი გასკდეს, ყურიდან ჩირქი გადმოვიდეს და ტკივილი შემცირდეს.

შუა ყურის მწვავე ანთებას ექიმმა უნდა უმკურნალოს. ინიშნება სათანადო ანტიბიოტიკი, ცხვირში ეფედრინისა და გალაზოლინის წვეთები, თბილი სათბურები ყურზე. თუ 4 დღის განმავლობაში ტკივილმა არ იკლო, ტემპერატურამ არ დაიწია, ექიმი დაფის აპკს გაკვეთს და ჩირქს გამოუშვებს.

შუა ყურის ჩირქოვანმა ანთებამ შესაძლოა მძიმე გართულებები - მენინგიტი, სეფსისი, ტვინის აბსცესი - გამოიწვიოს. ამიტომ არის აუცილებელი დროული და სწორი მკურნალობა.

ანგინა

ანგინა ბაქტერიულიც შეიძლება იყოს და ვირუსულიც. ის ხშირად ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის (გრიპის, ადენოვირუსის) ფონზე. მწვავე ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს სხეულის გადაცივება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი,  ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებები.

მწვავე ჩირქოვან ტონზილიტს წინ უძღვის კატარული ანგინა, რომელიც  იწყება მწვავედ, სიმშრალისა და წვის შეგრძნებით ყელში. ხახის უკანა კედელი და სასის ტონზილები გაწითლებული და შეშუპებულია. ამას ემატება ზომიერი ტკივილი ყლაპვისას, თავის ტკივილი და ტეხის შეგრძნება. ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 37°გრადუსს არ აღემატება. კატარული ანგინა 3-5 დღეში გაივლის. ის მსუბუქ დაავადებად არის მიჩნეული, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა, ვინაიდან შეიძლება გართულდეს და ფოლიკულურ ანგინაში - ტონზილების ლიმფოიდური ფოლიკულების ჩირქოვან ანთებაში გადაიზარდოს. ამ დროს ტონზილები გადიდებულია და მათ ზედაპირზე მოჩანს ქინძისთავისოდენა თეთრი ბურთულები - დაჩირქებული ფოლიკულები. ავადმყოფობა იწყება ტემპერატურის 38-39°გრადუსამდე მომატებით, ძლიერი ყელის ტკივილით, რომელიც ხშირად ყურშიც გადაეცემა. ამ სიმპტომებს ერთვის ზოგადი სისუსტე, თავის, წელის ტკივილი. ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ, ხშირად ღებინებითაც კი მიმდინარეობს. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია. ავადმყოფობა საშუალოდ ერთ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ ყალიბდება ლაკუნური ანგინა. ამ დროს ჩირქი ტონზილის ზედაპირზე საცობების სახით მოჩანს. სიმპტომები და ხანგრძლივობა ისეთივე აქვს, როგორიც ფოლიკულურ ანგინას.

ანგინის მკურნალობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

ანგინის დროს საჭიროა წოლითი რეჟიმი, ბევრი სითხე, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება. კარგია გვირილის, ევკალიპტის, სალბის ნაყენის გამოვლება. ეფექტური საშუალებაა თაფლი - ერთი საჩაროზე კოვზის წუწვნა დღეში სამჯერ, ჭამის წინ, თუმცა ალერგიის შემთხვევაში ეს მეთოდი მიუღებელია. მარგებელია ასევე ლიმონიანი ჩაი და უშაქრო ლიმონის ღეჭვაც.

ტონზილიტის ყოველგვარი ფორმის დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ნაჩვენებია მცენარეული პრეპარატი ტონზილგონ-H, რომელსაც აქვს იმუნიტეტის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება. მიღება შეიძლება დიდხანს.


 

 

მწვავე სინუსიტი

მწვავე სინუსიტი ცხვირის წიაღების მწვავე ანთებაა. განასხვავებენ: ჰაიმორიტს - ზედა ყბის წიაღის ანთებას, ფრონტიტს - შუბლის წიაღის ანთებას, ეთმოიდიტს - ცხავის ძვლის წიაღის ანთებას და სფენოიდიტს - ძირითადი ძვლის ანთებას.

სინუსიტი ცალმხრივიც შეიძლება იყოს და ორმხრივიც, მიმდინარეობდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე ან ყველა წიაღის დაზიანებით.

სინუსიტის ნიშნებია: უხვი გამონადენი ცხვირიდან, თავის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, უმეტესად - ცალმხრივად, ზეწოლის შეგრძნება, დაჭიმულობა ანთების მიდამოში, სინათლის შიში, ცრემლდენა, სხეულის ტემპერატურის მომატება.

ტკივილი ზოგჯერ შემოფარგლული არ არის და დიდ ფართობს მოიცავს, ზოგჯერ კი ლოკალიზდება შუბლის, საფეთქლის მიდამოში და ერთსა და იმავე დროს იწყება. შესაძლოა, შესივდეს ლოყა, ზედა ან ქვედა ქუთუთო.

სათანადო მკურნალობის გარეშე სინუსიტი შეიძლება გართულდეს, მაგალითად, ისეთი საშიში დაავადებებით, როგორიც არის მენინგიტი, აბსცესი, გამოიწვიოს სიბრმავე, სიყრუე, შაკიკი.

სინუსიტის დიაგნოზს ექიმი სვამს ინსტრუმენტული, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე და შემდეგ ნიშნავს სათანადო მკურნალობას. შესაძლოა დაინიშნოს როგორც მედიკამენტები, მათ შორის - ანტიბიოტიკები, სისხლძარღვთა შემავიწროებელი ცხვირის წვეთები, სეკრეტოლიტები, იმუნომასტიმულირებელი საშუალებები, ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, ასევე - სამკურნალო ბალახები, არომათერაპია, ფიზიოპროცედურები. უკანასკნელი ეტაპია ქირურგიული ჩარევა.

 

ბრონქიტი

ბრონქიტს იწვევს ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ცხვირიდან და ყელიდან ბრონქებში გადადის. ასე რომ, ბრონქიტს ყოველთვის უძღვის წინ ზედა სასუნთქი გზების კატარი. პირველი ნიშნებია ფხაჭნისა და ჩახეხვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან. თანდათან ამას ემატება მშრალი ხველის შეტევები. თავდაპირველად გამოიყოფა ცოტაოდენი ლორწოვანი ნახველი. შემდეგ ნახველი იმატებს და ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება. ტემპერატურა მომატებულია, შეიგრძნობა დისკომფორტი გულმკერდის არეში, თავის ტკივილი და მოთენთილობა.

ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებელია, მაგრამ პრეპარატი ნახველის გამოკვლევის საფუძველზე უნდა შეირჩეს. ინიშნება ამოსახველებელი საშუალებები, ბრონქების სპაზმის საწინააღმდეგო საშუალებები. ძალიან კარგია მთელი დღის განმავლობაში თბილი სასმელების (მაგალითად, თბილ რძეში გარეული უგაზო ბორჯომის) მიღება.

 

პნევმონია

ინფექციური პროცესი ზოგჯერ კიდევ უფრო ქვემოთ - ფილტვებში გადაინაცვლებს. ასეთ დროს ვითარდება ფილტვის ქსოვილის ანთება - პნევმონია.

პნევმონიის მიზეზად შეიძლება იქცეს პრაქტიკულად ყველა მიკროორგანიზმი. გააჩნია ავადმყოფის ასაკს, ინფიცირების ადგილს (სახლი, საავადმყოფო, ქირურგიული თუ თერაპიული განყოფილება) და სხვა. დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა და იმუნური სისტემის სიჯანსაღე.

პნევმონია უნდა ვიეჭვოთ და დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, თუ ავადმყოფი უჩივის:

  • ხველას, უმეტესად - ნახველიანს. ნახველი შეიძლება იყოს უფერული, მოყვითალო, მომწვანო და სისხლიანიც კი;
  • გამოჯანმრთელების შემდეგ მდგომარეობის მოულოდნელ გაუარესებას ან გაციებას, რომელიც 7 დღეზე მეტია გრძელდება;
  •  ღრმა სუნთქვის გაძნელებას - ამის მცდელობა ხველის შეტევას იწვევს;
  • ზემოთა სასუნთქი გზების სიმპტომებთან (ტემპერატურა, სურდო, ხველა) ერთად - კანის სიფითრეს;
  • ქოშინს არცთუ ისე მაღალი ტემპერატურის ფონზე;
  • მაღალ ტემპერატურას, რომელსაც არ სწევს ტრადიციული საშუალებები (პარაცეტამოლი, პანადოლი, ეფერალგანი, ტაილენოლი).

    პნევმონიის დიაგნოზი სისხლის ანალიზისა და რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე დაისმის.

    პნევმონიის დროს აუცილებელია დაინიშნოს შესაბამისი ანტიბიოტიკი შესაბამისი დოზით. პარალელურად იყენებენ ბრონქების გამაფართოებელ და ამოსახველებელ საშუალებებს, ვიტამინებს. როცა მდგომარეობა გაუმჯობესდება და ტემპერატურა დაიკლებს, კარგი იქნება, თუ მკურნალობაში ჩაერთვება ფიზიოთერაპია და მასაჟი.