თავიდან ავიცილოთ ინტოქსიკაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავიდან ავიცილოთ ინტოქსიკაცია

- რა სახის პროდუქტებით კვებაა რეკომენდებული ზაფხულში მოწამვლის თავიდან ასაცილებლად?

- ზაფხული კუჭ-ნაწლავის ინფექციების გამომწვევთა გამრავლებისა და ცხოველქმედებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. მიკრობები თავს კარგად გრძნობენ ცხელ ამინდში და სწრაფად მრავლდებიან, მათ მიერ გამოყოფილი ტოქსინი კი ორგანიზმის მოწამვლას იწვევს. ინფექციის გადატანა ხდება ფეკალურ-ორალური გზით, რაც ნიშნავს მიკრობის ორგანიზმში მოხვედრას პირის ღრუს გავლით, საკვებთან ერთად. ზოგჯერ ორგანიზმი თავად, ყოველგვარი სიმპტომის გამოვლენის გარეშე უმკლავდება არასასურველ სტუმრებს, ზოგჯერ კი ვითარდება დაავადება მისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსით. ეს უკანასკნელი რამდენიმე დღე გრძელდება და მოიცავს ზოგად სისუსტეს, გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, ფაღარათს, თავის ტკივილს და სხვა. ზაფხულში სასურველია მივირთვათ დიდი რაოდენობით კარგად გარეცხილი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი, მოხარშული ხორცი. უნდა ვერიდოთ ცხიმიან, ღია ცის ქვეშ და სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებულ საკვებს, მით უფრო - ხორციანს, ასევე - შებოლილ, ნახევრად შებოლილ და დაკონსერვებულ პროდუქტებს, კრემიან ნამცხვრებს. აუცილებელია დღის განმავლობაში 2-2,5 ლიტრი სითხის მიღება, ჰიგიენის წესების დაცვა, ხორცის თერმული დამუშავება და მომზადებიდან 1-1,5 საათის შემდეგ მაცივარში შენახვა. არც ცივი კერძები უნდა დავტოვოთ უმაცივროდ. ყურადღებას ითხოვს რძე და რძის პროდუქტებიც (ხაჭო, არაჟანი). დიდი მნიშვნელობა აქვს მათი შენახვის პირობებსა და ვადას. რძის პროდუქტები, ისევე როგორც ხორცის ფარში და კრემიანი ნამცხვრები, მალფუჭებადია.

- სად და როგორი პროდუქტების შეძენას ურჩევთ მკითხველს?

- პროდუქტების შეძენა სასურველია ისეთ მარკეტებში, სადაც აკონტროლებენ შენახვის პირობებსა და ვარგისობის ვადებს. სამწუხაროდ, დღეს კონტროლის სამსახურები არ ფუნქციობს, ამიტომ თავად მომხმარებელმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

- შენახვის რა წესები უნდა დავიცვათ საკვები პროდუქტების ლპობისა და გაფუჭების თავიდან ასაცილებლად?

- უწინარეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქტის შენახვის პირობებსა და ვადას. ნუ დატოვებთ ცხელ კერძებს გაგრილების შემდეგ უმაცივროდ. ცივი კერძებიც აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. ზაფხულში ყველას უყვარს ნაყინით გაგრილება. ეს უკანასკნელი მეტად სახიფათო პროდუქტია. არ შეიძლება გალღობის შემდეგ მისი ხელახლა გაყინვა. ამის შემოწმება ადვილია: გალღობის დროს ნაყინი იცვლის ფორმას და ხელახლა გაყინვის შემდეგ მას პირვანდელი სახე აღარ აქვს.

- ინტოქსიკაციის თვალსაზრისით რომელი პროდუქტებია ყველაზე მეტად საშიში?

- ამ კუთხით განსაკუთრებით საშიშია დაკონსერვებული, შებოლილი და ნახევრად შებოლილი პროდუქტები. ვინაიდან, თუ ისინი სათანადოდ არ არის დამუშავებული, მათი მიღებისას ორგანიზმში ხვდება ტოქსინი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. ასევე საშიშია კრემიანი ნამცხვრები, რომლებიც შესაძლოა დაბინძურდეს ჩირქოვანი პათოლოგიის (პიოდერმია, ფურუნკული და სხვა) მქონე მზარეულის ხელით და მომხმარებელმა ამგვარად სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია მიიღოს. ეს უკანასკნელი სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის შემცველი საკვების  მიღებისას ვითარდება. ენტეროტოქსინი სითბოგამძლეა. ინფიცირებული საკვების მიღებიდან 2-48 საათის შემდეგ იწყება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ზოგჯერ ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იწევს. ავადმყოფობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში 1-დან 3 დღემდე გრძელდება, თუმცა ორგანიზმში დიდი რაოდენობით ტოქსინის მოხვედრისას შესაძლოა მძიმე ფორმაც მიიღოს.


- რატომ არის შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტების მიღება განსაკუთრებით სახიფათო წლის ცხელ პერიოდში?

- შებოლილ და დაკონსერვებულ პროდუქტებში იქმნება ანაერობული, უჟანგბადო გარემო, რაც ხელსაყრელია ჩლოსტრიდიუმ Bოტულინუმ-ისთვის - ბოტულიზმის გამომწვევი სპორებიანი ბაცილისთვის. კლოსტრიდიას სპორა, რომელიც ნიადაგში ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებიდან ხვდება, ნიადაგის ჩვეულებრივი მიკროფლორაა. თუ კლოსტრიდია საკვებში მოხვდა, ვეგეტატიურ (ცხოველმყოფელ) ფორმად გარდაიქმნება და გამრავლებას იწყებს, ხოლო ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისთანავე (საჭირო ტემპერატურა, მჟავიანობის გარკვეული დონე და, რაც მთავარია, ანაერობული, უჟანგბადო გარემო) გამოყოფს ტოქსინს, რომლითაც საკვები ბინძურდება. ასეთი პირობები იქმნება ძეხვში, შებოლილ თევზში, ლორში, დახურულ (მოხუფულ) კონსერვებში. ჩვეულებრივ, სახლის პირობებში ძნელია ამ პროდუქტების ისე დამზადება, რომ საშიშროებას არ ქმნიდეს, ვინაიდან სპორის მოსპობისა და ტოქსინის ინაქტივაციისთვის (უვნებელყოფისთვის) მაღალი ტემპერატურაა საჭირო, ასეთი ტემპერატურული რეჟიმი კი სახლის პირობებში ვერ მიიღწევა. ბაცილის მიერ გამოყოფილი ტოქსინის დაგროვება გარკვეულ დროს მოითხოვს. დაავადების გამოსაწვევად ტოქსინის გარკვეული დოზაა საჭირო, ამიტომ ახალშებოლილი ან დაკონსერვებული პროდუქტები ნაკლებად საშიშია, ვიდრე რამდენიმე კვირის ან თვის წინ დამზადებული. ტოქსინის ინაქტივაციისთვის საჭიროა 1000ჩ-ზე 10-15-წუთიანი დუღილი. თუ დაკონსერვებულ საკვებს ჭამამდე გავაცხელებთ და 15 წუთს ვადუღებთ, მასში არსებული ტოქსინი საფრთხეს აღარ შეგვიქმნის. ასევე სასურველია შებოლილი ლორის ადუღება ჭამის წინ, რასაც ვერ ვიტყვით შებოლილ თევზზე. ბოტულიზმი უმძიმესი დაავადებაა. ის ინტოქსიკაციითა და ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარეობს. დაავადების გამოვლენა და სიმძიმე მიღებული ტოქსინის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ბოტულიზმისთვის დამახასიათებელია  მხედველობის გაორება, არტიკულაციისა და ყლაპვის გაძნელება, ქუთუთოების დამბლა. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე ავადმყოფი უნდა გადავიყვანოთ სტაციონარში, ვინაიდან პათოლოგიური პროცესის გაღრმავებისას ის შესაძლოა დაიღუპოს. სტაციონარში პაციენტს ჩაუტარდება მკურნალობა ანტიტოქსიკური შრატით. რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივია. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად თავი არიდეთ არაქარხნული წესით დამზადებული შებოლილი პროდუქტების მიღებას. ნუ დაამზადებთ შინ ისეთ კონსერვებს, რომელთა წამოდუღება ჭამის წინ არ შეიძლება, მაგალითად, მწნილს. ბოსტნეული შეიძლება დაამუშაოთ და  დაკონსერვების გარეშე შეინახოთ. დაკონსერვებული საკვები ჭამის წინ აუცილებლად უნდა ადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. ნუ დატოვებთ გახსნილ კონსერვებს მაცივარში, ვინაიდან ოჯახის სხვა წევრებმა ისინი შეიძლება თერმული დამუშავების გარეშე მიირთვან. გახსნისთანავე წამოადუღეთ ქილის მთელი შიგთავსი. გაითვალისწინეთ, რომ ბომბაჟი - ამობურცული სახურავი - ბოტულიზმით დაბინძურებულ  კონსერვებს არ აქვს.

- რატომ უნდა ვერიდოთ კრემიან და ცხიმიან საკვებს ზაფხულში, მით უფრო - სწრაფი კვების ობიექტებში?

- კრემიან ნამცხვრებზე უკვე მოგახსენეთ - ისინი მალფუჭებად პროდუქტებს განეკუთვნება. დაძველებული და არასწორად შენახული პროდუქტი გემოს იცვლის. ამ შემთხვევაში მას, ცხადია, აღარ მივირთმევთ. სტაფილოკოკით ან მისი ტოქსინით დაბინძურების შემთხვევაში კი პროდუქტის საგემოვნო თვისებები არ იცვლება, ამიტომ ადამიანი ვერ გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს და იწამლება. ზაფხულში ძალიან საშიშია ნახევრად შემწვარი ხორცის პროდუქტებიც - შაურმა  და სხვა. მოგეხსენებათ, სწრაფი კვების ობიექტებზე მათი ფართო არჩევანია. ზაფხულში ასეთი პროდუქტების შეძენას ზედმიწევნით უნდა ვერიდოთ. მოსახლეობის  გარკვეული ნაწილი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს უჩივის, ცხიმების მონელება ისედაც უჭირს; ზაფხულის ცხელ დღეებში კი ასეთი ადამიანები უფრო მეტად უნდა ერიდონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დატვირთვას.

- ინტოქსიკაციის პირველი სიმპტომების გამოვლენისას როგორ უნდა მოვიქცეთ? რას გულისხმობს პირველი დახმარება?

- ინტოქსიკაციის პირველი ნიშნების, გულისრევისა და ღებინების, გამოვლენისთანავე, სასურველია, ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. ღებინება სწრაფად ათავისუფლებს კუჭს  ენტეროტოქსინისა და მისი წარმომქმნელი მიკრობით დაბინძურებული საკვებისგან. ამორეცხვა სასურველია სუფრის მარილის ან სოდის წყალხსნარით (1 სადილის კოვზი – ერთ ლიტრ წყალზე). შეიძლება უბრალო ანადუღარი  წყლის გამოყენებაც. თუ ღებინება არ განვითარდა, მექანიკური დახმარებაა საჭირო - ენის ძირს ორი თითით ან კოვზით უნდა დავაწვეთ. ამის შემდეგ ადამიანმა მთელი დღის განმავლობაში უნდა სვას უშაქრო ჩაი ან გვირილის ნაყენი - საათში თითო ჭიქა ყლუპ-ყლუპად. სასურველია, საკვების მიღებისგან 24 საათის განმავლობაში თავი შევიკავოთ. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ, მიირთვით ორცხობილა ჩაისთან ერთად. სასარგებლოა ახალმომზადებული კომპოტიც. მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში საკვები დიეტური უნდა იყოს - მოხარშული თბილი კარტოფილი, წყალზე მომზადებული ბრინჯისა და შვრიის ფაფები. თუ ღებინება თვითნებურია და კუჭის დაცლის შემდეგაც გრძელდება, შეეცადეთ მოდუნდეთ, დაწექით, ისუნთქეთ ღრმად, ყლუპ-ყლუპად სვით ჩაი,  გვირილის ან პიტნის ნაყენი. ღებინებასა და ფაღარათს ხშირად თან სდევს საერთო სისუსტე, გულის წასვლის შეგრძნება, თავბრუხვევა. ამ დროსაც აუცილებელია დაწოლა და სითხის მიღება. საჭიროა ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის შევსება რეჰიდრონით. თუ ღებინება და ფაღარათი გაგრძელდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ სიმპტომებს დაერთო მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მატება 38,5 გრადუსზე მეტად, სკლერების  გაყვითლება, შარდის გამუქება. თუ განავალში სისხლი და ლორწო გაჩნდა, მიღებული სითხე არ ჩერდება ორგანიზმში, პირი მშრალია,  ნერწყვი შესქელდა და წებოვანი გახდა, ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ.

- რას ურჩევთ მკითხველს, როგორ მოიქცეს, რომ ზაფხულში მშვიდად დაისვენოს?

- ზაფხულმა უსიამოვნებების გარეშე რომ ჩაიაროს, ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას.

  • ნუ მიიღებთ ღია ცის ქვეშ მომზადებულ, მით უფრო - ცხიმიან საკვებს, ერიდეთ კრემიან ნამცხვრებს.
  • კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. ნუ დატოვებთ გარეცხილ ხილს  და სხვა პროდუქტებს მაგიდაზე თავღიას,  ბუზები და სხვა მწერები რომ არ დაასხდნენ.
  • ნუ დალევთ წყალს შეუმოწმებელი, თქვენთვის უცხო წყაროებიდან და ჭებიდან (წყალი მრავალი მიკრობის გადამტანია).
  • პროდუქტები შეინახეთ მაცივარში.
  • ხშირად იბანეთ ხელები და ბავშვებიც მიაჩვიეთ ამას.