ვაქცინაცია - მზადება მოგზაურობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქცინაცია - მზადება მოგზაურობისთვის

საერთო სამახსოვრო

ზომიერ კლიმატურ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში ჩასვლისას აუცილებლად მოუწევთ ადაპტაციის გავლა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ცხოველებთან კონტაქტისას, რადგან ისინი შესაძლოა ინფექციური და პარაზიტული დაავადებების წყარო აღმოჩნდნენ. არ მიეკაროთ კატებს, ძაღლებსა და სხვა ცხოველებს! ეს საშიშია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. თუ გიკბინეს, დაგკაწრეს ან უბრალოდ აგლოკეს, სხეულის ეს ნაწილი გულდასმით ჩამოიბანეთ საპნით. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ცოფისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრების გაკეთების საკითხის გადასაწყვეტად. სხვა საფრთხეს შეიცავს შხამიანი გველების, მწერების (კარაკურტი, მორიელი, ტარანტული და სხვა) და ტროპიკული ზღვების ბინადრების (შხამიანი მედუზები, წურბელები, თევზები) ნაკბენი, რომელსაც ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება ძალუძს. დაიხსომეთ: ადამიანისთვის საშიში უამრავი სისხლისმწოველი მწერი (ტკიპა, რწყილი, კოღო, მოსკიტი და სხვა) ტროპიკული ინფექციებისა და პარაზიტული დაავადებების გადამტანია. ბუნების წიაღში დასვენების დროს ცხოველებთან და მწერებთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გრძელსახელოებიანი ტანსაცმლის, მკვრივი გეტრებისა და წინდების ჩაცმა, რეპელენტების (ნივთიერება, რომელიც კანზე წასმისას აფრთხობს მწერებს) გამოყენება. საღამოს ან ღამის საათებში ქალაქშიც კი უნდა გამოიყენოთ ელექტროფარანი.

მკურნალობაზე უკეთესი პროფილაქტიკაა!

თუ აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე გამგზავრება გაქვთ განზრახული, უნდა იცოდეთ, რომ ზღვისა და მოელვარე ქვიშის გარდა იქ გელით უცნობი დაავადებები, რომლებსაც ახასიათებს უმძიმესი მიმდინარეობა სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოების დაზიანებით, რასაც შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. სწორედ ამიტომ ეგზოტიკურ ქვეყნებში მიმავალი ადამიანებისგან ექიმები დაჟინებით მოითხოვენ ეგზოტიკური დაავადებების აცრას. ყველაზე ხშირად საჭიროა ისეთი ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როგორებიცაა ყვითელი ცხელება, ა ჰეპატიტი, ბ ჰეპატიტი, მუცლის ტიფი, დიფთერია, მენინგოკოკური ინფექცია და სხვა. ზოგიერთ ქვეყანაში გამგზავრებამდეც და უკან დაბრუნების შემდეგაც აუცილებელია მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება.

სპეციალური ვაქცინაცია ბავშვებისთვის

ა ჰეპატიტი ფართოდაა გავრცელებული აზიის, აფრიკის, სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის განვითარებად ქვეყნებში. დასნებოვნება ხდება ალიმენტური (დასნებოვნებული წყლითა და საკვებით) და კონტაქტური გზით. ორ წლამდე ასაკის ბავშვებს ა ჰეპატიტი, ჩვეულებრივ, ადვილად გადააქვთ, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებსა და აუცრელ  ზრდასრულებს შესაძლოა მძიმე ინფექცია განუვითარდეთ. სწორედ ამიტომ ორ წელს გადაცილებულმა ბავშვმა მგზავრობის წინ აუცილებლად უნდა მიიღოს  ა ჰეპატიტის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინის ერთი დოზა (არსებობს ა ჰეპატიტის ორი ლიცენზირებული ვაქცინა). ვაქცინის მეორე დოზა 6-12 თვის შემდეგ შეჰყავთ. თუ გამგზავრებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება, ვაქცინის პირველ დოზასთან ერთად ბავშვს კუნთში უკეთებენ ნორმალურ იმუნოგლობულინს. ორ წლამდე ასაკის ბავშვებს მხოლოდ ნორმალურ იმუნოგლობულინს უკეთებენ, რაც მას 4-6 თვე იცავს  ა ჰეპატიტისგან.

მენინგოკოკური ინფექცია

ხანმოკლე მოგზაურობის შემთხვევაში ნეისსერია მენინგიტიდეს-ით (ნეისერია მენინგიტის გამომწვევი ბაქტერიაა) დასნებოვნების ალბათობა დიდი არ არის, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში (განსაკუთრებით - დასავლეთ, ეკვატორულ და სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ნეპალში) რისკი საკმაოდ მაღალია საიმისოდ, რომ ვაქცინაცია გაამართლოს. აშშ-ში გამოიყენება ერთადერთი მენინგოკოკური ვაქცინა - ტეტრავალენტური, რომელიც ადამიანს ა, ც, წ135 და ყ სეროჯგუფების მენინგოკოკებისგან იცავს, მაგრამ ორ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის ის უკუნაჩვენებია. ამ ვაქცინისგან მიღებული იმუნიტეტის დაჭიმულობა სხვადასხვა სეროჯგუფისთვის სხვადასხვაა. სხვადასხვაა მისი ხანგრძლივობაც 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობის დროს, მაგალითად, მექაში დიდი თავყრილობის დროს, მათ შესაძლოა მოსთხოვონ ცნობა მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.

ქოლერა

მოგზაურობის დროს არც ვიბრიო ცჰოლერა-თი (ქოლერის ვიბრიონით) დასნებოვნების ალბათობაა დიდი, მაგრამ თავად დაავადება არცთუ იშვიათად მძიმედ მიმდინარეობს. ქოლერის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინის ეფექტურობა - იმ ერთადერთისა, რომელიც აშშ-შია ნებადართული - მხოლოდ 50%-ია. მისი უსაფრთხოება 6 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის. სადღეისოდ არც ერთი ქვეყანა აღარ ითხოვს ცნობას ქოლერის საწინააღმდეგო აცრის შესახებ, ამიტომ ამ ვაქცინის გამოყენება თითქმის აღარ დგას დღის წესრიგში. ზოგიერთ ქვეყანაში კი დამუშავებულია და უკვე ფართოდაც გამოიყენება ქოლერის საწინააღმდეგო ცოცხალი ვაქცინები. მისი კლინიკური კვლევის შედეგები უკვე იძლევა იმედს, რომ უახლოეს ხანში მოგზაურები - დიდებიც და პატარებიც - ამ საშიში ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას მიიღებენ.

ყვითელი ცხელება

ეს ბუნებრივ-კეროვანი დაავადება დასავლეთ, ეკვატორულ და სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ქვეყნებში გვხვდება. ყვითელი ცხელების ვირუსის გადამტანი კოღოა. იმ ქვეყნებში შესასვლელად, სადაც ყვითელი ცხელების ბუნებრივი კერებია, ასევე - ბუნებრივი კერების მქონე ქვეყნებიდან სხვა ქვეყანაში გადასვლის დროს შესაძლოა მოგთხოვონ ცნობა ვაქცინაციის შესახებ. ვაქცინაციისშემდგომი ენცეფალიტის განვითარების რისკი ჩვილებში 1%-ს აღწევს, ამიტომ 4 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის ყვითელი ცხელების ვაქცინაცია უკუნაჩვენებია. 4-9 თვის ბავშვებს დიდი სიფრთხილით ცრიან და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში - როდესაც მასპინძელ ქვეყანაში ყვითელი ცხელების ეპიდემიაა და კოღოებისგან თავდაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელია. 9 თვეზე მეტი ხნის ბავშვებს ვაქცინას უკეთებენ, თუ ამას მოითხოვს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივ კერაში ყოფნისას იგეგმება ქალაქგარეთ გასვლა.

იაპონური ენცეფალიტი

ეს ინფექცია გავრცელებულია აზიაში, მათ შორის - ინდოსტანის ნახევარკუნძულზეც. იაპონური ენცეფალიტის ვირუსის გადამტანი კოღოა. ხანმოკლე მოგზაურობის დროს დასნებოვნების რისკი დაბალია. ვაქცინაცია მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც ბუნებრივ კერაში ყოფნისას ტურისტი გეგმავს სოფლად ცხოვრებას ერთი თვის განმავლობაში მაინც. კანქვეშ შეჰყავთ ვაქცინის სამი დოზა, მეორე - პირველი აცრიდან მე-7 დღეს, ხოლო მესამე - 30-ე დღეს. 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის ერთჯერად დოზას 0,5 მლ-მდე ამცირებენ. სამწუხაროდ, ჩვილებში იაპონური ენცეფალიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

მუცლის ტიფი

მუცლის ტიფის გამომწვევი სალმონელლა ტყპჰი-ა. მოზრდილებსა და ზრდასრულებში დაავადება, ჩვეულებრივ, მძიმედ მიმდინარეობს, ხოლო 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინფექციის მსუბუქი ფორმები გვხვდება. ბავშვებს მუცლის ტიფის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალი აქვთ სოფლად ცხოვრების დროს, სადაც მოუწესრიგებელია წყლის გაწმენდა და სათანადოდ ვერ იცავენ სურსათის სისუფთავეს. 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში მიემგზავრებიან,  რეკომენდებულია ცოცხალი მუცლის ტიფის ვაქცინა, რომელიც სპეციალურად დამუშავებული სალმონელლა ტყპჰი-ს შტამისგან არის მიღებული. ვაქცინას, რომელიც კაფსულების სახით გამოდის, მაცივარში ინახავენ და ყოველ მეორე დღეს იღებენ ჭამამდე. სულ უნდა მიიღოთ 4 დოზა. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეს ვაქცინა, ჩვეულებრივ, რეკომენდებული არ არის, თუმცა არსებობს მონაცემები მისი ეფექტურობის შესახებ 2 წლის ბავშვებში. 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობს ინაქტივირებული მუცლის ტიფის ვაქცინა, თუმცა ის ხშირად იწვევს მძიმე გვერდით ეფექტებს, მათ შორის - ცხელებას, ანთებას ინექციის ადგილას, თავის ტკივილს და სხვა, ამიტომ მისი გამოყენება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც მაღალია მუცლის ტიფით ბავშვის დასნებოვნების რისკი.

ცოფი

თუ ადამიანი თვეზე მეტხანს რჩება ისეთ ადგილას, სადაც ცოფია გავრცელებული (ასეთებია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის განვითარებადი ქვეყნები), აუცილებელია ამ ინფექციის აცრა. ცოფით დასნებოვნების რისკი მოგზაურობის დროს დაბალია, მაგრამ მცირე ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ, თავიდან აიცილონ იმ ცხოველებთან კონტაქტი, რომლებიც შესაძლოა ცოფის წყარო აღმოჩნდნენ (განსაკუთრებით - ძაღლები), ამიტომ მათთვის წინაექსპოზიციური იმუნოპროფილაქტიკა მაინც მიზანშეწონილია. ვისაც ამ საკითხებში უფრო ღრმად გარკვევა სურს, ვურჩევთ გაეცნოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული იმ ქვეყნების სიას, სადაც მოგზაურობისა თუ სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში ამა თუ იმ ვაქცინის გაკეთება დაგჭირდებათ. იქვეა მითითებული აუცილებელი ვაქცინების სიებიც. სასიამოვნო და უსაფრთხო დასვენებას გისურვებთ.