შემომსარტყვლელი ჰერპესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შემომსარტყვლელი ჰერპესი

მინიდოსიე

  • ჩუტყვავილას გამომწვევი ვირუსი დნმ-ს შემცველია.
  • იგი საკმაოდ არამდგრადია გარემოში, სწრაფად იღუპება გაცხელებით, ულტრაიისფერი სხივებისა და მადეზინფიცირებელი ნივთიერებების ზემოქმედებით.
  • სამაგიეროდ, საკმაოდ კარგად გრძნობს თავს დაბალი ტემპერატურის პირობებში.

ჩუტყვავილას  გადატანის შემდეგ ვირუსი კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან ლიმფოგენური და ჰემატოგენური გზების გავლით აღწევს ზურგის ტვინის მალათაშუა ნერვთა კვანძებსა და უკანა ფესვებში. იქ საკმაოდ დიდხანს ლატენტურად, ფარულად არსებობს და ქრონიკული დაავადებების გამწვავების,  იმუნოდეპრესანტების მიღების, ინტოქსიკაციის დროს აქტიურდება. ჰერპეს ზოსტერიც  სწორედ ამ დროს ვითარდება. დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს შიდსით დაავადებულებში, იმ პირებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ სხივური თერაპია ან იღებენ კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს. ხშირად ვირუსის რეაქტივაციის მიზეზის დადგენა ვერც ხერხდება, უბრალოდ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩუტყვავილას გადაიტანს, ჰერპეს ზოსტერის  პოტენციური სამიზნე ხდება. დაავადება უმთავრესად ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ.

კითხვა-პასუხი

- რა სიმპტომებითა და ნიშნებით ვლინდება დაავადება?

- დაავადებისთვის დამახასიათებელია ზოგადი ინფექციური ნიშნები, კანისმიერი გამოვლინებანი, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნევროლოგიური მოშლილობანი. ეს იმიტომ, რომ ვირუსი აზიანებს კანს, ასევე - ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებს. საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა ინფიცირებიდან რამდენიმე წელიწადსაც კი გაგრძელდეს. კლინიკურ მიმდინარეობაში განასხვავებენ რამდენიმე პერიოდს:

  • პროდრომულს;
  • კლინიკური გამოვლენისას;
  • ნარჩენი მოვლენებისას.

ყველაფერი სხეულის ტემპერატურის მატებით, წვით, ქავილითა და თავის ტკივილით იწყება. დაავადებისთვის დამახასიათებელი გამონაყარის გაჩენამდე ერთი კვირით ადრე პაციენტი უჩივის ქავილსა და წვას, კანის ზოგიერთ უბანზე მგრძნობელობის მომატებას. დაავადების დიაგნოსტირება წინასწარ შეუძლებელია - ეს შეიძლება დადგინდეს მხოლოდ გამონაყარის გაჩენის შემდეგ. გამონაყარი დაზიანებული ნერვის ინერვაციის არეში ვითარდება. თავდაპირველად ჩნდება 5 სმ-მდე დიამეტრის ვარდისფერი ლაქები, მომდევნო დღეს კი 2-3 მმ დიამეტრის გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები. რამდენიმე დღეში ბუშტუკების შიგთავსი მუქდება, დაახლოებით 8-10 დღის შემდეგ გამონაყარი შრება, ხმება და იფარება ქერქით, რომელიც 3-4 კვირაში ძვრება. ჰერპეს ზოსტერისთვის დამახასიათებელია კანზე გამონაყარის გაჩენა გარკვეული თანამიმდევრობით. გამონაყარს აქვს სეგმენტური, ცალმხრივი ხასიათი და, ჩუტყვავილას გამონაყარისგან განსხვავებით, სხეულის ერთი მხარიდან მეორეზე არ გადადის. ინტენსიური ტკივილი ძლიერდება კანზე თუნდაც სუსტი მიკარების, ასევე - მოძრაობისა და ტემპერატურული ცვლილების დროს. გამონაყარის თანმხლები ტკივილი ყრუა და ძლიერდება ღამით. მოგვიანებით, დაავადების გართულების პირობებში, შესაძლოა გაძლიერდეს და რამდენიმე თვესაც კი  გასტანოს. ყველაზე ხშირად გამონაყარი ტანსა და კიდურებზე ჩნდება. ლოკალოზაცია ასევე სპეციფიკურია და შეესატყვისება დაზიანებული ნერვის ტოპოგრაფიას. გამონაყარის ქერქით დაფარვისა და მისი მოცილების შემდეგ კანზე ერთხანს  შესაძლოა დარჩეს წითელი ან მოწითალო-მოყავისფრო ფერის პიგმენტირებული უბნები. თუ გამონაყარი სახეზეა ლოკალიზებული, მეტადრე - სამწვერა ნერვის ტოტების გასწვრივ, დაავადება მწვავედ იწყება, თან ახლავს ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები და სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატება.


- რამდენ ხანს გრძელდება დაავადება?

- დაავადება 3-დან 4 კვირამდე გასტანს. ზოგჯერ ჰერპესული ინფექცია ბუშტუკოვანი გამონაყარის გარეშე მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ტკივილის, წვის და კანის ქავილის მიზეზი ძნელი დასადგენია.

- გადამდებია თუ არა ჰერპეს-ზოსტერი?

- დიახ, იგი გადამდებია. ინფექცია გადაედება კონტაქტური გზით. პაციენტი საშიშია ახალი ბუშტუკების გაჩენისა და ძველის შეხორცების პერიოდში, რამდენადაც ვირუსს სწორედ ეს წარმონაქმნები შეიცავს. როდესაც გამონაყარი ქერქით იფარება, ვირუსს აღარ შეუძლია გავრცელება და ადამიანიც ეპიდემიური თვალსაზრისით საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

- როგორ მკურნალობენ?

- არსებობს დაავადების მკურნალობის რამდენიმე ეფექტიანი მეთოდი. ანტივირუსული თერაპია კარგად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე, ამცირებს პროცესის სიმწვავესა და სიმპტომებს. სასურველია, მკურნალობა დაიწყოს გამონაყარის განვითარებიდან  არა უმეტეს 72 საათის შემდეგ. მკურნალობაში ერთვება ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და ტკივილგამაყუჩებლები. აუცილებელია დაზიანებული ადგილების ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, ბანაობა ნებადართულია. გამონაყარიანი ადგილების დაბანა შეიძლება თბილი  წყლითა და ნეიტრალური საპნით. ქავილის შესამცირებლად იყენებენ ცივ კომპრესებსა და ქავილის საწინააღმდეგო ლოსიონებს. რეკომენდებულია მზეზე დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებაც. ბუშტუკების სწრაფად გამოშრობის მიზნით გამოიყენება ალუმინის შემცველი პრეპარატები.

- რა გართულებებია მოსალოდნელი ინფექციის შემდეგ?

- ჩვეულებრივ, დაავადების მკურნალობა რთული არ არის, მაგრამ თუ მას დაერთო ბაქტერიული ინფიცირებაც, მოსალოდნელია დაზიანებული ადგილების დაჩირქება. გართულებათა თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ ამგვარ ვითარებაში ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია. შედარებით საშიშ გართულებას უნდა ველოდეთ, როდესაც ინფექციისთვის დამახასიათებელი გამონაყარი მოიცავს სახის კანს, შუბლსა და ცხვირს - მაშასადამე, დაზიანებულია სახის და სამწვერა ნერვების ტოტები. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია მხედველობის გაუარესება, ამიტომ ამგვარი გამონაყარის არსებობისას აუცილებელია მკურნალობის პროცესში ოფთალმოლოგის ჩართვაც. რამზა ჰანთის სინდრომი დაავადების იშვიათი გართულებაა, რომელიც ვირუსის მიერ თავის ტვინის V, IX და X ნერვების დაზიანებისას ვითარდება. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ნერვთა არასრული, ნაწილობრივი პარეზი, პერიფერიული ნერვების დამბლა და სმენის დაკარგვა. სინდრომს ახასიათებს ტიპური გამონაყარი ყურის ნიჟარის ირგვლივ და  სასმენი მილის არეში. დაავადების შედარებით ხშირ გართულებად მიიჩნევა პოსტჰერპესული ნევრალგია. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ტკივილი გრძელდება თვეზე მეტხანს და მას შემდეგაც, რაც გამონაყარი სრულიად გაქრება და ალაგდება. ტკივილი შესაძლოა იყოს ინტენსიური და შემაწუხებელი. ასეთი რამ ყველაზე ხშირია 50 წელს გადაცილებულ პირებთან და ასიდან დაახლოებით 10-15 შემთხვევაშია მოსალოდნელი. ნევრალგიის დროს ტკივილის შესამცირებლად ინიშნება ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ანტიკონვულსანტები - კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები. ვინაიდან ამ ტიპის პრეპარატებს აქვს გარკვეული უკუჩვენებანი, მათი დანიშვნა და გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

- არსებობს თუ არა პროფილაქტიკური ვაქცინა?

- 2006 წელს შეიმუშავეს ვაქცინა ზოსტავაქსი, რომელიც გამოიყენება 60 წელს გადაცილებულ იმ პირებთან, რომელთაც გადატანილი აქვთ ჩუტყვავილა. ვაქცინა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ელემენტების გადიდებულ ვარიანტს შეიცავს. ერთი დოზის შეყვანის შემდეგ ეფექტიანობა 60%-ს აღწევს და დაავადების სიმპტომები სუსტდება. გარდა ამისა, ვაქცინა 70%-ით ამცირებს  პოსტჰერპესული ნევრალგიის განვითარების ალბათობას. ვაქცინის გამოყენება რამდენიმე შემთხვევაში უკუნაჩვენებია. კერძოდ, იმუნური სისტემის დასუსტების, იმუნოდეფიციტის, ავთვისებიანი სიმსივნის, შიდსის დროს ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ. ამ შემთხვევაში ვაქცინის შეყვანა აკრძალული იმიტომ არის, რომ იგი შეიცავს ცოცხალ, დასუსტებულ ვირიონებს - ვირუსის ნაწილაკებს, რომელთაც დასუსტებულ ორგანიზმში სამუდამოდ დაბუდების უნარი შესწევთ.