უიპლის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უიპლის დაავადება

როგორ ვლინდება

უიპლის დაავადების დროს ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება. ფართოდ გავრცელებული სიმპტომებია:

  • ფაღარათი;
  • მუცლის ტკივილი, რომელმაც შესაძლოა მოიმატოს კვების შემდეგ;
  • წონის კლება, რომელიც მალაბსორბციასთან არის დაკავშირებული.

შედარებით იშვიათია:

  • სახსრების ანთება (უმეტესად ზიანდება კოჭ-წვივის, მუხლის, მაჯის სახსრები);
  • სისუსტე;
  • ადვილად დაღლა;
  • ანემია.

კიდევ უფრო იშვიათია:

  • ცხელება;
  • ხველა;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • კანის ფერის შეცვლა (გამუქება - ჰიპერპიგმენტაცია) ნაწიბურების არეში ან იმ ადგილას, რომელსაც მზის სხივები ხვდება;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • ელენთის გადიდება.

შესაძლო ნევროლოგიური სიმპტომებია:

  • სიარულის გაძნელება, მხედველობის დარღვევა, თვალის მოძრაობის გაძნელება;
  • გულყრა;
  • მეხსიერების დაქვეითება.

უილის დაავადების დროს პაციენტთა დიდ ნაწილს აღწერილი სიმპტომები ნელა, წლების განმავლობაში უვითარდება. ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სახსრების ტკივილი და წონის კლება, ზოგჯერ წლობითაც კი უსწრებს ჩივილებს კუჭ-ნაწლავის მხრივ.

როდის მივმართოთ ექიმს

მართალია უიპლის დაავადება სიცოცხლისათვის საშიშია, მაგრამ ის იკურნება. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი სახსრების აუხსნელი ტკივილის, წონის კლების, ფაღარათის დროს. ჩატარებული კვლევები დიაგნოსტიკაში გვეხმარება. ექიმთან ვიზიტი მაშინაც აუცილებელია, როცა დანიშნული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდება. ზოგჯერ ამის მიზეზია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა. არ არის გამორიცხული დაავადების რეციდივი ანუ სიმპტომების განმეორებითი აღმოცენება.


რა იწვევს

უიპლის დაავადებას უიპლის ტრეპონემა იწვევს. ბაქტერია თავდაპირველად აზიანებს წვრილი ნაწლავის ლორწოვან შრეს, რის შედეგადაც ნაწლავის კედელში მცირე კერები ყალიბდება. გარდა ამისა, ზიანი ადგება წვრილი ნაწლავის ლორწოვანზე არსებულ ხაოებს. დროთა განმავლობაში ინფექცია სხეულის სხვა ნაწილებშიც ვრცელდება. სამწუხაროდ, უიპლის ტრეპონემის შესახებ ბევრი რამ უცნობია. ის გარემოში არსებობს, თუმცა მეცნიერებმა დღემდე არ იციან, როგორ ვრცელდება ის ან როგორ გადაეცემა ადამიანს. ამასთან, ყველას, ვის ორგანიზმშიც ბაქტერია ხვდება, დაავადება არ უვითარდება. მეცნიერთა ნაწილი იზიარებს აზრს, რომ დაავადება ემართება მას, ვისაც იმუნური სისტემის გენეტიკური დეფექტი აქვს. ეს განაპირობებს უიპლის დაავადების აღმოცენებას ტრეპონემით ინფიცირებისას. საბედნიეროდ,  დაავადება საკმაოდ იშვიათია.

რისკფაქტორები

ვინაიდან უიპლის დაავადების გამომწვევი ბაქტერიის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, არც დაავადების რისკფაქტორებია სათანადოდ იდენტიფიცირებული. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დაავადება უფრო ხშირია:

  • მამაკაცებთან;
  • 40-დან 60 წლამდე;
  • თეთრკანიანებს შორის ამერიკასა და ევროპაში.

გართულებები

წვრილი ნაწლავის ლორწოვანში არის თმის მსგავსი ხაოები, რომლებიც საკვებ ნივთიერებებს იწოვს. უიპლის დაავადება სწორედ ამ ხაოებს აზიანებს და შეწოვას არღვევს. ამის გამო დაავადების დროს ხშირია საკვები ნივთიერებების დეფიციტი, შედეგად კი ვითარდება სისუსტე, ადვილად დაღლა, წონის კლება, სახსრების ტკივილი. უიპლის დაავადებას პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ის პოტენციურად ფატალურია. ვინაიდან დაავადება იშვიათია, გვიანი დიაგნოსტიკისა და დაგვიანებული მკურნალობის გამო ფატალური შემთხვევებიც გვხვდება. სიკვდილის მიზეზია ინფექციის გავრცელება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც შეუქცევად დაზიანებას იწვევს.

სადიაგნოზო კვლევები

უიპლის დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება შემდეგ კვლევებს:

  • პაციენტის გასინჯვას - ატარებს ექიმი, ყურადღება ექცევა ზოგიერთ დამახასიათებელ სიმპტომს;
  • ბიოფსიას - უიპლის დაავადების დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი მომენტია წვრილი ნაწლავის ლორწოვანის ძალიან მცირე ნაწილის ამოკვეთა ენდოსკოპიისას (სპეციალური აპარატით ნაწლავის დათვალიერებისას) და მიკროსკოპიული შესწავლა. ამ პროცედურის დროს მასალას იღებენ რამდენიმე ადგილიდან. მიკროსკოპიული გამოკვლევისას მოწმდება დაავადების გამომწვევი ბაქტერიის არსებობა. როცა წვრილი ნაწლავის ბიოფსია დიაგნოზს არ ადასტურებს, შესაძლოა ჩატარდეს გადიდებული ლიმფური კვანძის ბიოფსია. ასევე, არ არის გამორიცხული ბიოფსიით მიღებული მასალის ან თავზურგტვინის სითხის მოლეკულური გამოკვლევა - პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია უიპლის ტრეპონემის გამოსავლენად.
  • სისხლის გამოკვლევას - შესაძლოა დაიგეგმოს სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსავლენად ან ცილის შემცველობის განსაზღვრა.

როგორ მკურნალობენ

უიპლის დაავადებას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით - ერთით ან რამდენიმეს კომბინაციით. ამ გზით ისპობა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი. მკურნალობა ხანგრძლივია, შესაძლოა ერთი ან ორი წელიწადი გაგრძელდეს, თუმცა  სიმპტომების შესუსტება და მდგომარეობის გაუმჯობესება უმეტესად ერთ-ორ კვირაში ხდება შესამჩნევი. პაციენტთა დიდი ნაწილი, რომელსაც არ აღენიშნება ტვინისა და ნერვული სისტემის დაზიანება, ანტიბიოტიკოთერაპიის სრული კურსის შემდეგ გამოჯანმრთელდება. ვინაიდან მკურნალობა ხანგრძლივია, აუცილებელია ექიმის კონტროლი, რათა დროულად იქნეს დიაგნოსტირებული რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ. თუ მკურნალობის პროცესში დაავადება გამწვავდა, შესაძლოა ექიმმა ანტიბიოტიკი შეცვალოს. უკეთესობა, როგორც ითქვა, შესამჩნევი ხდება მკურნალობიდან ერთი-ორი კვირის შემდეგ, ხოლო პროცესი სავსებით უკუვითარდება დაახლოებით ერთ თვეში. მიუხედავად ამისა, ლაბორატორიულმა კვლევამ უიპლის ტრეპონემა შესაძლოა მკურნალობიდან ორი წლის შემდეგაც გამოავლინოს. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული უიპლის დაავადების რეციდივი, თუნდაც წარმატებული მკურნალობის შემდეგ. ამ დროს კვლავ ანტიბიოტიკებით მკურნალობაა საჭირო. საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევისას რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების მიღება.