ფრთხილად, როტავირუსი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფრთხილად, როტავირუსი!

ამჟამად ცნობილია ვირუსის 50 ნაირსახეობა. ის წლობით ცოცხლობს გარემოში, გაყინვასაც კი უძლებს. გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულამდე როტავირუსი ჩვენთან ერთად დასეირნობს და შეუძლია დასახლდეს, სადაც უნდა - კარის სახელურით დაწყებული, დამთავრებული ბავშვის სათამაშოებითა და სამზარეულოს ჭურჭლით, რომელსაც შეეხო ვირუსის მატარებელი ადამიანი. დაბინძურებული ნივთები ვირუსის გავრცელების ერთადერთი საშუალება როდია - გადაცემა შესაძლოა მოხდეს ფეკალურ-ორალური გზითაც.

- ავადმყოფი ჩვილის მშობლებს ხშირად ვერ გაუგიათ, როგორ დაინფიცირდა მათი პატარა - მას ხომ უცხოსთან, პრაქტიკულად, არ ჰქონია კონტაქტი. მაინც როგორ ხვდება ვირუსი ჩვილს?

- ბავშვი შესაძლოა დაინფიცირდეს უფროსი და-ძმისგან, რომლებიც ბაღსა თუ სკოლაში დადიან. გამომწვევის გადამტანები არიან უფროსებიც. სტატისტიკის მიხედვით, როტავირუსული ინფექციით ავადდებიან ჩვილები 6 თვიდან 1 წლამდე. ორი წლისთვის ბავშვების 95%-ზე მეტს გადატანილი აქვს ეს ინფექცია.

- როგორ მიმდინარეობს დაავადება?

- ორგანიზმში შეჭრილი როტავირუსი ერთხანს უმოქმედოდაა. ეს პერიოდი 10 საათიდან 2-3 დღემდეც შეიძლება გაგრძელდეს. ამას მოსდევს მწვავე დასაწყისი. ჩვილი დილით უგუნებოდ, მივარდნილი იღვიძებს, შესაძლოა, აღებინოს კიდეც. ტემპერატურა 38 გრადუსამდე უწევს. ნუ იჩქარებთ სიცხის დამწევი საშუალებების მიცემას - ტემპერატურის მომატება ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა ავადმყოფობაზე. ცხელება სახიფათოა, თუ მიაღწია ან გადააჭარბა 39 გრადუსს. თუ ტემპერატურა გახანგრძლივდა, იქმნება კრუნჩხვითი რეაქციის საფრთხე, ამიტომ გამოიძახეთ ექიმი მიზეზის დროულად დასადგენად.

- როგორ შევუმსუბუქოთ პატარას მდგომარეობა ექიმის მოსვლამდე?

- ექიმის მოსვლამდე ბავშვს შეიძლება დავეხმაროთ უკვე ნაცნობი და ნაცადი საშუალებებით:

  • გახადეთ ტანისამოსი, რათა გადახურებული ორგანიზმი გაგრილდეს, დაუზილეთ ტანი 3%-იანი ღვინის ძმრისა და წყლის ნაზავით ან მხოლოდ წყლით;
  • შუბლზე დააფინეთ გრილ წყალში დასველებული ტილო და უცვალეთ გაშრობისთანავე;
  • კარგი იქნება, თუ იმ ადგილებზე, სადაც მსხვილი სისხლძარღვები გადის (კისერი, საზარდული, იღლიები), დაადებთ გრილი წყლით სავსე ბოთლს.

ეს ღონისძიებები ეფექტურად აქვეითებს სხეულის ტემპერატურას.


- რა საფრთხეს უქადის როტავირუსი ბავშვის ორგანიზმს?

- როტავირუსი აზიანებს ნაწლავთა უჯრედებს, რომლებიც საკვების მონელება-შეწოვის პროცესებში მონაწილეობენ. შედეგად ვითარდება დიარეა - ნაწლავთა გახშირებული მოქმედება თხიერი, წყლისებური, მძაფრსუნიანი მასებით. დიარეა დაავადების პირველი დამახასიათებელი ნიშანია. ის მალევე მოჰყვება ზოგად სისუსტეს, ტემპერატურის მომატებას. მნიშვნელოვანია, რომ ფაღარათის დროს გარემოში გამოიყოფა ვირუსის ნაწილაკები და საფრთხეს უქმნის ოჯახის დანარჩენ წევრებს, თუ სათანადოდ არ იქნა დაცული ჰიგიენა. როდესაც თავს იყრის დაავადებისთვის დამახასიათებელი სამი ნიშანი: ტემპერატურა, პირღებინება და დიარეა, - წარმოიშობა ორგანიზმის გამოშრობის საფრთხე, ეს კი არ უნდა დავუშვათ. მწვავე პერიოდში, გირჩევთ, დაკარგული სითხის მარაგის აღსადგენად პატარას მისცეთ ელექტროლიტების ხსნარი: 1-3 ჩაის კოვზი 5 წუთში ერთხელ. ხსნარი შეიძლება დაალევინოთ კოვზით ან სპეციალური შპრიცით. თუ ბავშვს არ აქვს მადა, უარს ამბობს საკვებზე, ნუ დააძალებთ. ამოიღეთ მენიუდან რძემჟავა პროდუქტები, ბულიონი, რძიანი ფაფები. ამ დროს აუცილებელია ცილა - მოხარშული ხორცი, თევზი (თუ ასაკი ამის საშუალებას იძლევა), კარგია ურძეო ფაფა (ბრინჯისა, შვრიისა), მოშუშული ვაშლი.

- როდის წარმოიშობა მკურნალობის სტაციონარულ პირობებში გაგრძელების აუცილებლობა?

- ყურადღება მიაქციეთ ბავშვის მდგომარეობას - არ გამოგეპაროთ ისეთი საგანგაშო ნიშნები, როგორებიცაა ჩაცვენილი თვალები, უცრემლო ტირილი, შარდვის შემცირება. თუ ბავშვმა 6 საათის განმავლობაში ერთხელაც არ მოშარდა, ეს სიგნალია სასწრაფო ჰოსპიტალიზაციისთვის. სამწუხაროდ, არ არსებობს წამალი, რომელიც როტავირუსს გაანადგურებს. ამ ინფექციური დაავადების დროს ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობა. თუ ტემპერატურამ 38 გრადუსს გადააჭარბა, უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი საშუალებები: სანთლები, ტაბლეტები, სიროფი ასაკის გათვალისწინებით; ფერმენტები და პრობიოტიკები ნაწლავური ფლორის აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს; არ შეიძლება შიმშილი - სწორად შედგენილი კვების რეჟიმი მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. ნაწლავთა ნორმალური მოქმედების აღდგენას რამდენიმე დღე სჭირდება, უმეტესად - 5-7 დღე. არაფრით არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა! კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ანტიბიოტიკი ვირუსს არ კლავს, პირიქით, აძლიერებს დიარეას და საბოლოოდ ანადგურებს ნაწლავურ ფლორას. ანტიბიოტიკოთერაპია ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის იმუნური სისტემა ისეა დასუსტებული, რომ არსებობს ბაქტერიული გართულების საფრთხე. რაც უფრო მცირე ასაკისაა ჩვილი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, ამიტომ სასურველია მკურნალობა სტაციონარულ პირობებში.  მსუბუქი ნაწლავური აშლილობა სწრაფად გადაიზრდება მძიმე გასტროენტერიტში, რომელიც იწვევს გაუწყლოება-გამოშრობას, წყალმარილოვანი წონასწორობის დარღვევას, შოკს და სიკვდილსაც კი.

- ამრიგად, როტავირუსული ინფექცია დიდ საფრთხეს უქადის წლამდე ასაკის ბავშვს. ამიტომაც ჩართეს აცრის ეროვნულ კალენდარში მისი ვაქცინა.

- ვაქცინაცია დაავადებასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება. თუ არ არსებობს უკუჩვენება, მასზე უარის თქმა გაუმართლებელია. ამჟამად არსებობს პერორალურად შესაყვანი ცოცხალი, დასუსტებული ორი ვაქცინა - როტატეკი და როტარიქსი, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური კვლევებით. ვაქცინით უნდა აიცრას ყველა ჩვილი. იგი შეჰყავთ ხუთკომპონენტიან ვაქცინასთან ერთად. პირველი დოზა კეთდება 6-დან 15 კვირამდე ასაკში, მეორე - 4 კვირის შემდეგ, არა უგვიანეს 32 კვირისა. როტავირუსის ვაქცინას, ისევე როგორც პოლიომიელიტისას, პირში აწვეთებენ. მისი ინექცია დაუშვებელია.

- როდის არ უნდა აიცრას ბავშვი?

- მაშინ, თუ ვაქცინის პირველი დოზის ჩაწვეთების შემდეგ თავი იჩინა ალერგიულმა რეაქციამ. სიფრთხილე და ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემების მქონე, იმუნიტეტდაქვეითებულ და აივინფიცირებულ ბავშვებთან. ვაქცინაცია უნდა გადაიდოს ბავშვის გამოჯანრთელებამდე, თუ ჩვილს ვიზიტის დროს საშუალო ან მძიმე გასტროენტერიტი ან მწვავე ტემპერატურით მიმდინარე დაავადება აქვს. ამ ვაქცინას ბავშვების უმეტესობა კარგად იტანს. მცირე ნაწილს შესაძლოა განუვითარდეს მსუბუქი, ხანმოკლე დიარეა, გულისრევა ან ტემპერატურის მომატება აცრიდან ერთი კვირის განმავლობაში.