სეფსისის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეფსისის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა

შედეგად მრავალ ორგანოში ყალიბდება ჩირქოვანი და არაჩირქოვანი ანთების კერები, ირღვევა ანთების შედეგად დაზიანებულ ორგანოთა ფუნქციები, რაც სწორად წარმართული მკურნალობის გარეშე უცილობელი სიკვდილით მთავრდება. ეს დაავადება ყველა ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ადრეული ბავშვობიდან დაწყებული, ღრმა მოხუცებულობამდე.

- რა იწვევს და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?

- სეფსისის მრავალი რისკფაქტორია ცნობილი: შაქრიანი დიაბეტი, მშობიარობა, ქირურგიული ოპერაციები, სტომატოლოგიური მანიპულაციები, ტრავმები, ონკოპათოლოგია და მის წინააღმდეგ მიმართული ქიმიოთერაპია, სამკურნალო საშუალებების, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების, დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი გამოყენება და სხვა, ანუ ყველაფერი ის, რაც არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვას და გზას უხსნის ინფექციას სისხლისკენ. ამჟამად დამკვიდრებული აზრი, რომ სეფსისი მხოლოდ იმუნიტეტდაქვეითებულთა ხვედრია, მცდარია. მართალია, ამა თუ იმ მიზეზით დაქვეითებული იმუნიტეტი სეფსისის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სეფსისი ნორმალური იმუნიტეტის მქონე, სავსებით ჯამრთელ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს, თუ მის ორგანიზმში ძლიერი, როგორც ექიმები ვამბობთ, მაღალი ვირულენტობის მქონე მიკრობი მოხვდა.

- რა სიმპტომებით ვლინდება სეფსისი?

- სეფსისის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, რომელსაც ხშირად თან ახლავს შემცივნებაც. მიუხედავად იმისა, რომ სეფსისი მრავალი ორგანოს: ფილტვის, გულის, ღვიძლის, ელენთის, თირკმელების, - ანთებით დაზიანებას გულისხმობს, საწყის ეტაპზე ცხელება ხშირად ამ დაავადების ერთადერთი სიმპტომია. სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით გამოწვეული ჩივილები - ძლიერი საერთო სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი და სხვა - მოგვიანებით, უკვე შორს წასულ შემთხვევებში იჩენს თავს, დაგვიანებული დიაგნოსტიკა კი საგრძნობლად ზრდის სიკვდილის რისკს. გენიალურ ექიმს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს, სეფსისის დროული დიაგნოსტიკის უმარტივესი ფორმულა ჰქონდა: თუ ადამიანს სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს გაურკვეველი ცხელება ან ცხელება, რომელიც ინფექციის სისხლში მოხვედრის ხელშემწყობ ფაქტორს: მცირე ან დიდ ოპერაციას, სტომატოლოგიურ ან სხვა პროცედურას, მცირე ან დიდ ტრავმას, შემოფარგლულ ჩირქოვან პროცესს - ძირმაგარას, კარბუნკულს, ქოლეცისტიტს, - მოჰყვა, საჭიროა ასეთი ავადმყოფის გამოკვლევა სპეციალიზებულ - გაურკვეველი ცხელებისა და სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრში. ასეთმა მიდგომამ უამრავი სეფსისით დაავადებული გადაარჩინა, რადგან, მართალია, არა ყოველთვის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ცხელების მიღმა სწორედ სეფსისის ადრეული სტადია იმალებოდა. სწორედ ამ მარტივი ფორმულის საშუალებით შემცირდა საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობა 50-65-დან დაუჯერებელ 4-5%-მდე.

- სეფსისის დიაგნოსტიკის რა მეთოდები და საშუალებები არსებობს?

- სეფსისის დიაგნოსტიკისთვის დღევანდელ მედიცინას მრავალი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული მეთოდი მოეპოვება, რაც დიდად ეხმარება ექიმს სწორ და დროულ დიაგნოსტიკაში, მაგრამ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებიც კი ვერ ცვლის ექიმის გამოცდილებას. გამოკვლევის სწორად დაგეგმვა, მიღებული შედეგების სწორად შეფასება, რაც დაავადების სიმპტომებთან შეჯერებით ხდება, მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია. სხვაგვარად ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგები არათუ ვერ დაგვეხმარება, შესაძლოა, დიაგნოსტიკური შეცდომის წყაროდაც კი იქცეს. ამის უკეთ გასაგებად ერთ მაგალითს მოვიყვან. ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, რომელიც სეფსისისა და გაურკვეველ ცხელებათა კვლევასა და მკურნალობას ემსახურება, ხშირად მოდიან ავადმყოფები გახანგრძლივებული, გაურკვეველი წარმოშობის ცხელებით. მათ დიდ ნაწილს გამოკვლევის პასუხების მთელი დასტა მოაქვს, მათ შორის - ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხიც, რომელშიც ჩანს ამოთესილი მიკრობი და ანტიბიოტიკებისადმი მისი მგრძნობელობა. ასეთ ავადმყოფებს, წესისამებრ, ამოთესილი მიკრობის მგრძნობელობის გათვალისწინებით, მიღებული აქვთ ანტიბიოტიკიც, ხშირად - არაერთი. რეალურად კი ამოთესილ მიკრობს არაფერი აქვს საერთო დაავადების რეალურ მიზეზთან. იგი ადამიანის პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის ნაწილია და მასთან ბრძოლა მხოლოდ აზარალებს პაციენტს. ანტიბიოტიკი სპობს ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ მიკრობებს, რითაც გზას უკვალავს და აძლიერებს დაავადების რეალურ გამომწვევს, გამოუმუშავებს მას გამძლეობას (რეზისტენტობას), წამლავს ადამიანის ორგანიზმს და, რაც მთავარია, იკარგება დრო, გვიანდება სწორი დიაგნოსტიკა, რაც ზოგჯერ საბედისწერო შედეგით სრულდება.


- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს სეფსისს?

- სეფსისი, როგორც აღვნიშნე, მძიმე დაავადებაა და, შესაბამისად, მრავალი გართულება ახასიათებს. ამ დროს მაღალია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის ნაწილობრივი ან სრული მოშლის რისკი. ხშირია შოკი, კომა, სხვადასხვა ორგანოდან სისხლდენა ან, პირიქით, სისხლის გაძლიერებული შედედებით გამოწვეული სისხლძარღვთა თრომბოემბოლია. ეს უკანასკნელი გულის, თავის ტვინისა და სხვა ორგანოთა ინფარქტის წყაროა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ვლინდება ურთიერთსაწინააღმდეგო ორი გართულება - სისხლდენა და სისხლძარღვთა თრომბოზი. ამ მდგომარეობას მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება მარიამ მაჩაბლის სინდრომის სახელით იცნობს. ამასთან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სიცოცხლისთვის საშიში ამ გართულებების რისკი დრამატულად იმატებს სეფსისის დაგვიანებული, შორს წასული ფორმების დროს.

- როგორია სეფსისის მკურნალობის ტაქტიკა?

- მკურნალობის ტაქტიკა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სეფსისის სტადიაზე. დაავადების დასაწყისში, როდესაც კლინიკურ სურათს ძირითადად მხოლოდ ბაქტერიული შხამების მოქმედება განსაზღვრავს, ანტიბაქტერიული მკურნალობაც საკმარისია. დაავადების ამ სტადიაზე დაწყებული მკურნალობა ძალზე ეფექტური, სწრაფი შედეგის მომცემი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაცილებით იაფიცაა. შორს წასული, მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლით მიმდინარე სეფსისის მკურნალობა კი ანტიბიოტიკებთან ერთად მრავალი დამხმარე საშუალების გამოყენებას მოითხოვს, რაც ახანგრძლივებს მკურნალობას, ზრდის ხარჯებს და, რაც მთავარია, ნაკლებეფექტურია. როდესაც სეფსისის საწყის ეტაპზე ანტიბაქტერიული მკურნალობის განსაკუთრებულ ეფექტურობაზე ვლაპარაკობ, არ მინდა, მკითხველმა ეს ტემპერატურის მომატებისთანავე ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობის წახალისებად მიიღოს. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკების თვითნებური დანიშვნისა და გამოყენების მანკიერი პრაქტიკა საქართველოში ძლიერაა ფესვგადგმული. არადა, მედიცინის ეს უდავოდ დიდი მიღწევა შეიძლება საშიშ მტრად შემოგვიბრუნდეს. ანტიბაქტერიული მკურნალობისთვის დღევანდელ მედიცინას ანტიბიოტიკების ფართო არსენალი აქვს, თუმცა მათი შერჩევა იოლი არ გახლავთ და საქმის ღრმა ცოდნას მოითხოვს. ეს, სამწუხაროდ, არ ესმით იმ არაპროფესიონალებს, რომლებიც ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობას მიმართავენ. ანტიბიოტიკოთერაპიის სწორად შერჩევა იმდენად რთული და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ მის გადაჭრას გამოცდილი ექიმებიც კი არ იღებენ საკუთარ თავზე და სპეციალური მომზადების მქონე ანტიბაქტერიული ქიმიოთერაპიის სპეციალისტს მიმართავენ.

- როგორ შეიძლება სეფსისის პროფილაქტიკა?

- სეფსისის პროფილაქტიკა საზოგადოდ ინფექციასთან ბრძოლას და ზემოხსენებული ხელშემწყობი ფაქტორების დროულ ლიკვიდაციას გულისხმობს. სეფსისის პროფილაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს და წარმატებით ხორციელდება კიდეც, როცა ცნობილია რისკფაქტორი. მაგალითად, პაციენტი მზადდება რთული ქირურგიული ოპერაციისთვის, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპია აქვს ჩასატარებელი ან ჩატარებული, აქვს დამწვრობით ან სხვა სახის ტრავმით გამოწვეული ფართო დაზიანება კანსა და ლორწოვანზე... მაგრამ არსებობს სეფსისის რისკის შემცველი სიტუაციები, როდესაც პროფილაქტიკა სრულიად შეუძლებელია. მაგალითად, როგორ უნდა დავაზღვიოთ წინასწარ მცირე ტრავმისაგან პატარა, სავსებით ჯანმრთელი გოგონა ან ბიჭუნა, რომელთა სიცელქეს შეიძლება ტრავმა მოჰყვეს, ან მოზარდი, რომლის საყვარელი გასართობი ერთი შეხედვით უწყინარი ფერისმჭამელების გამორწყვაა? ვერანაირად. ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში არაერთხელ მოხვედრილა ასეთი პაციენტიც მძიმე, ელვისებური სეფსისის დიაგნოზით. ელვისებური, ანუ ძალზე მოკლე ხანში (რამდენიმე საათში) განვითარებული მძიმე სეფსისის დროს დაავადების დაუყოვნებელ ამოცნობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ადამიანის გადარჩენის საკითხს შესაძლოა საათები და, ასე განსაჯეთ, წუთებიც კი წყვეტდეს. ასეთ დროს დროული დიაგნოზიც და მკურნალობის სწორად წარმართვაც დაგროვილ გამოცდილებას ემყარება. საბედნიეროდ, ცხოვრებაში ასეთი სიტუაცია ხშირი არ არის და ყოველი მცირე ტრავმისას ორგანიზმში არ ხვდება განსაკუთრებით შხამიანი მიკრობი, მაგრამ მათი არსებობა უნდა გვახსოვდეს და დროულად მივმართოთ სპეციალიზებულ კლინიკას. რატომ სპეციალიზებულს და არა უბრალოდ კლინიკას? - სპეციალიზებულ ცენტრში ასეთი იშვიათი შემთხვევების კუმულაცია ექიმს გამოცდილების დაგროვების საუკეთესო საშუალებას აძლევს. ამ გზით დაგროვილი გამოცდილების წყალობითაა, რომ სეფსისის ცენტრის ნებისმიერ ექიმს დღეს არა მხოლოდ დიაგნოზის უსწრაფესი ამოცნობა, არამედ ყოველგვარი ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე, დიდი ალბათობით, სეფსისის გამომწვევი მიკრობის პროგნოზირებაც შეუძლია. ალბათ იფიქრებთ: რა პრობლემაა? გაკეთდეს ანალიზი და ამ გზით დაისვას დიაგნოზი. ლაბორატირიული ანალიზი კი კეთდება, მაგრამ გამოცდილი ექიმი, ძვირფასი წუთები რომ არ დაიკარგოს, მკურნალობას პასუხის მიღებამდე იწყებს, დიაგნოზს კი სიმპტომების მიხედვით სვამს, რადგან მრავალი შემთხვევის მაგალითზე იცის, რომელ ბაქტერიას რა განსაკუთრებილი, სხვებისგან განსხვავებული სიმპტომის გამოწვევა შეუძლია.

- როგორია პროგნოზი?

- გაგიკვირდებათ და არცთუ ისე ცუდი, თუ სწორი მკურნალობა დაავადების ადრეულ სტადიაზევე დაიწყო. როგორც გითხარით, სეფსისის საწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზებული სტრუქტურის არსებობის პირობებეში, რომელიც სამკურნალო, სამეცნიერო და ექიმთა სწავლების პროცესს მოიცავდა, სეფსისით სიკვდილიანობა საქართველოში 4-5%-მდე შემცირდა. სამწუხაროდ, ამ ორგანიზებული სისტემის მოშლას ლოგიკურად მოჰყვა სეფსისით სიკვდილიანობის მკვეთრი მატება 25-28%-მდე, რაც სეფსისის დაგვიანებული დიაგნოსტიკით აიხსნება. ასეთივეა მაჩვენებლები ევროპასა და ამერიკაში, სადაც სეფსისის საწინააღმდეგო სპეციალიზებული განყოფილებებისა და კლინიკების არსებობის აუცილებლობაზე დღეს უკვე აქტიურად საუბრობენ. დაბოლოს, მინდა, სეფსისზე საუბარი ისევ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის ცნობილი დასკვნით დავასრულო, რომელიც მან ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა: “რაც უფრო ღრმად ვსწავლობთ სეფსისს, უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ მეტად რთული სამედიცინო პრობლემის მარტივი გადაჭრა სეფსისის საწინააღმდეგო სამსახურის სწორ ორგანიზაციაშია”.