ბავშვთა ვირუსული დაავადებები და იმუნიზაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა ვირუსული დაავადებები და იმუნიზაცია

- ბავშვთა ასაკის ვირუსულ ინფექციებს, ერთი შეხედვით, ყველა კარგად იცნობს. და მაინც, რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

- ბავშვთა ასაკის ვირუსული ინფექციები ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება და სწორედ ეს განაპირობებს მათ იოლ გავრცელებას ლაპარაკის, ხველისა და ცემინების დროს. მათთვის დამახასიათებელია სეზონურობა - შემოდგომა-ზამთარი-გაზაფხული. დედისგან მიღებული იმუნიტეტის წყალობით ბავშვები 9 თვემდე იშვიათად ავადდებიან. ეს ამ ინფექციების საერთო თვისებებია. ახლა ვნახოთ, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.

წითელა

წითელასთვის დამახასიათებელია ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ტემპერატურის მომატება, თვალების, ყელის, სასუნთქი გზების დაზიანება (ხველა), ლაქოვან-პაპულური გამონაყარი და ხშირი გართულებები სასუნთქი ორგანოების მხრივ. ავადმყოფი გადამდებია საინკუბაციო პერიოდის ბოლო 1-2 დღეს, კატარულ პერიოდში და 3-4 დღე გამონაყარის გაჩენის შემდეგ. მე-5 დღეს ორგანიზმიდან ვირუსის გამოძევება იწყება. საინკუბაციო პერიოდი 21 დღე გრძელდება, პროდრომული - 3-5 დღე. დაავადება იწყება ტეპერატურის 38,5-39 გრადუსამდე მომატებით, ზედა სასუნთქი გზების კატარით, კონიუნქტივიტით, მშრალი შემაწუხებლი ხველით, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით, ცხვირცემინებით, სურდოთი. კატარული მოვლენები თანდათან მძაფრდება და გამონაყარის გაჩენისას პიკს აღწევს. გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე რბილ და მყარ სასაზე წითელი, უსწორმასწორო ლაქები - ენანთემა შეინიშნება. თითქმის იმავდროულად ჩნდება წითელას სადიაგნოზო ნიშანი - ბელსკი-ფილატოვ-კოპლიკის ლაქები. გამონაყარი იწყება დაავადების მე-4-5 დღეს. პირველი ელემენტები ჩნდება ყურების უკან - ნიჟარების ახლოს, ცხვირის ზურგზე, ლოყებზე. 24 საათში გამონაყარი ედება მთელ სახეს, კისერს, გულმკერდის ზედა ნაწილს, ხელებს. თანდათან იგი ლაქოვან-პაპულურ ხასიათს იღებს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში გამონაყარი მოიცავს ზურგს, მუცელსა და კიდურებს, მესამე დღეს - ტერფებს. ამავე დროს სახეზე მისი გაფერმკრთალება (ალაგება) იწყება. გამონაყარი ფერმკრთალდება და ქრება იმავე თანმიმდევრობით, როგორითაც გაჩნდა. ალაგების პერიოდი 1-2 კვირას გასტანს. ელემენტები კარგავს სიმკვეთრეს, ბრტყელდება, ბაცი მოლურჯო ფერის ლაქებად იქცევა, ერთი კვირის განმავლობაში განიცდის ქატოსებრ აქერცვლას. წითელას ტიპური ნიშნებია ქუთუთოების, ცხვირისა და ზედა ტუჩის შეშუპება, კონიუნქტივიტი ჩირქოვანი გამონადენით, გაძლიერებული ექსუდაცია ცხვირიდან. წითელა ხშირად რთულდება კატარული ოტიტითა და სტომატიტით. ერთ-ერთი მძიმე გართულებაა ენცეფალიტი.

წითურა

წითურა მიმდინარეობს ორგანიზმის სუსტი ინტოქსიკაციით, ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი კატარით, კონიუნქტივიტით, წითელას მსგავსი გამონაყარით, პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, განსაკუთრებით - კეფის მიდამოში. წითურა მსუბუქ ინფექციად მიიჩნევა, მაგრამ იწვევს თანდაყოლილ მანკებსა და სიმახინჯეებს (თუ ორსულს შეხვდა), რის გამოც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ინფექციის წყაროა ავადყოფი ან ვირუსმატარებელი ადამიანი. ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ცხვირ-ხახიდან მისი გამოყოფა იწყება გამონაყარის გაჩენამდე 7-10 დღით ადრე და გრძელდება 7 დღეს, ზოგჯერ - მეტხანსაც. ნაყოფი ინფიცირდება ტრანსპლაცენტურად. თანდაყოლილი წითურას დროს ვირუსის გამოყოფა გრძელდება 1,5-2 თვემდე. თანდაყოლილი წითურას სინდრომისთვის დამახასიათებელია ტრიადა: კატარაქტა, სიყრუე და გულის მანკი. წითურას საინკუბაციო პერიოდი 16-18 დღეა. პროდრომული პერიოდი მას არ გააჩნია. ზოგჯერ შეინიშნება სუსტი კატარი, სურდო, ხველა. აღნიშნული მოვლენები ზოგჯერ რამდენიმე საათში გაივლის, ზოგჯერ 1-2 დღეს გასტანს. ტემპერატურა ნორმალურია ან სუბფებრილური. წითურას პირველი ნიშანია გამონაყარი. იგი თავდაპირველად სახესა და კისერზე ჩნდება, რამდენიმე საათში კი მთელ ტანს მოედება. ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე, ზურგზე, გულმკერდზე გამონაყარი უფრო ხშირია, მუცელსა და სახეზე - შედარებით იშვიათი. გამონაყარი ლაქოვან-კვანძოვანია, ბაცი მოწითალო ფერისა, კანიდან ოდნავ ამოწეული. წითურას ტიპური ნიშანია კეფის, კისრისუკანა ლიმფური კვანძების გადიდება, რაც იწყება გამონაყარის გაჩენამდე 1-3 დღით ადრე და გრძელდება გამოყრის შემდეგ 10-14 დღე. გამოყრამდე რბილ სასასა და ლოყის ლორწოვან გარსებზე წარმოიშობა ენანთემა, მაგრამ არ ყალიბდება ბელსკ-ფილატოვ-კოპლიკის ლაქები. დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა.


პაროტიტული ინფექცია

ამ დაავადებას უფრო ყბაყურას სახელწოდებით იცნობენ. მისთვის დამახასიათებელია ჯირკვლოვანი ორგანოების, უმთარესად - სანერწყვე (ყბაყურა) ჯირკვლების, ნაკლებად - კუჭქვეშა, სათესლე და სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (მენინგიტის, მენინგოენცეფალიტის სახით). დაავადების გამომწვევი, პარამიქსოვირუსი, მგრძნობიარეა სადეზინფექციო ხსნარების მიმართ. -20 გრადუსზე 6-8 თვეს ძლებს, ხოლო +18-20 გრადუსზე - 4-7 დღეს. ვირუსს ავადმყოფი ნერწყვითა და შარდით გამოყოფს. მას პოულობენ აგრეთვე სისხლში, თავზურგტვინის სითხესა და სხვა ქსოვილებში. ინფექციის წყაროა ყბაყურას ნებისმიერი ფორმით დაავადებული ადამიანი. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით და, წითელასა და წითურასაგან განსხვავებით, ინფიცირებისთვის საჭიროა ახლო კონტაქტი. ვირუსის ნერწყვით გამოყოფა იწყება სანერწყვე ჯირკვლების გადიდებამდე 6 დღით ადრე და გრძელდება 9 დღე ჯირკვლების გადიდების შემდეგ. ავადმყოფი ყველაზე მეტად გადამდებია საინკუბაციო პერიოდის უკანასკნელ და დაავადების პირველ 3-5 დღეს. გამორიცხული არ არის ინფექციის გადაცემა ნერწყვით დაბინძურებული სათამაშოებითა და სხვა ნივთებით. ინფექცია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მაგრამ ბოლო ხანს აქტიური იმუნიზაციის წყალობით ავადობა მკვეთრად შემცირდა. ყბაყურას ახასიათებს სეზონურობა - ხშირდება ზამთარში და გაზაფხულზე. ავადდებიან უმთავრესად 1-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. წლამდე ასაკში დაავადება იშვიათია დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის გამო. ინფექცია ტოვებს მყარ იმუნიტეტს. ავადმყოფობის მე-7-9 დღეს ორგანიზმს უკვე აქვს სრულფასოვანი იმუნიტეტი. განმეორებითი დაავადება ძალზე იშვიათია. მთავარი სიმპტომის გამოვლენამდე 1-2 დღით ადრე თავს იჩენს საერთო სისუსტე, ტემპერატურა იმატებს, ამას ერთვის თავისა და კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით - კისრის მიდამოში. ყბაყურა ჯირკვალი უმეტესად ცალ მხარეს დიდდება. 1-3 დღის შემდეგ შესაძლოა გადიდდეს მეორე ჯირკვალიც. ეს მიდამო შეშუპებული, ელასტიკური და დაჭიმულია. ინარჩუნებს ნორმალურ ფერს. ტკივილს აძლიერებს ღეჭვა და ყლაპვა, მჟავე სითხის მიღება, რადგან ამ დროს ძლიერდება ნერწყვდენაც. შეშუპება ართულებს ყბაყურა ჯირკვლის საზღვრების დადგენას - ამ დროს იგი ავსებს ქვედა ყბის კუთხეს. შეშუპების გამო ყურის ბიბილო წინ არის წამოწეული. შეშუპება თანდათან ცხრება და 3-7 დღის შემდეგ ქრება. არსებობს მოსაზრება, რომ ყბაყურა განსაკუთრებით საშიშია ვაჟებისთვის, რადგან შესაძლოა, უშვილობის მიზეზად იქცეს. ეს იმით აიხსნება, რომ სპერმატოგენეზის დარღვევა მაშინაც კია მოსალოდნელი, როცა ინფექცია ორქიტის (სასქესო ჯირკვლების ანთების) გარეშე მიმდინარეობს.

ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული (ჰერპესვირუსების ოჯახის ვირუსით გამოწვეული) ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვანზე თანმიმდევრული, ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით, რომელსაც პოლიმორფული ხასიათი აქვს. ინფექციის წყაროა ჩუტყვავილით დაავადებული. ინფექცია გადაეცემა როგორც ჰაერწვეთოვანი, ისე კონტაქტური გზით. თუ ორსული უკანასკნელ ტრიმესტრში დაავადდა, შესაძლოა, ახალშობილს თანდაყოლილი ჩუტყვავილა აღმოაჩნდეს. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა - ხშირდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში - და ტოვებს მყარ იმუნიტეტს. ავადმყოფი გადამდებია გამოყრამდე 1-2 დღით ადრე და 3-7 დღე გამონაყარის გაჩენის შემდეგ. საინკუბაციო პერიოდია 10-21 დღე. გამოყრამდე 1-2 დღით ადრე თავს იჩენს უმნიშვნელო სისუსტე. გამონაყარის ელემენტები ჯერ ტანზე ჩნდება, შემდეგ - სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, კიდურებზე, სასქესო ორგანოებზე. თავდაპირველად ესენია ლაქები ან პაპულები, რომლებიც რამდენიმე საათში გამჭვირვალე ბუშტუკებად იქცევა. კანი წითელია, ბუშტუკების შიგთავსი პირველსავე დღეებში იმღვრევა. ადვილად სკდება, სითხე იღვრება და კანი ამ ადგილას ფუფხით იფარება. გამონაყარი უკვალოდ, უნაწიბუროდ ლაგდება, თუმცა 2-3 თვით ტოვებს მუქ პიგმენტაციას. ლორწოვან გარსებზე - პირის ღრუში, კონიუნქტივაზე, ხორხში, სასქესო ორგანოებზე - გამონაყარის ადგილას წარმოიქმნება ეროზიები, რომელიც 5-7 დღის შემდეგ უკვალოდ ქრება - ლორწოვანი მთლიანად აღდგება. წითელასაგან განსხვავებით, ჩუტყვავილას გამონაყარი არა თანდათანობით, არამედ 1-2-დღიანი ინტერვალებით წარმოიშობა და პოლიმორფულია. ეს იმას ნიშნავს, რომ კანზე ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ლაქოვანი, ვეზიკულური (ბუშტუკოვანი), ასევე ფუფხიანი ელემენტებიც.

ინფექციური ერითემა ანუ მეხუთე დაავადება

ინფექციური ერითემა უპირატესად სასკოლო ასაკის ბავშვებს ემართებათ. დაავადება მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი გამონაყარით, რომელიც იღებს ბადისებრ სახეს. დაავადების გამომწვევია პარვოვირუსი. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ავადმყოფი გადამდებია გამონაყარის წინა პერიოდში. დაავადება იწყება ნორმალური ან სუბფებრილური (37,5 გრადუსამდე) ტემპერატურის ფონზე. დამახასიათებელი გამონაყარი ჩნდება სამ ეტაპად. თავდაპირველად ყალიბდება მკაფიო ერითემა (წითელი ლაქები) ლოყებზე - ე.წ. ალიყურის სინდრომი. ამის შემდეგ გამონაყარი ედება ტანსა და კიდურებს. მცირე ზომის ელემენტები დიდდება და ერთმანეთს უერთდება. ცხვირისა და ტუჩების ირგვლივ კანი ფერმკრთალი რჩება. გამონაყარი გაფერმკრთალებას იწყებს ცენტრიდან და ბადისებრი ხდება. ახასიათებს ქავილი, თუმცა არ იქერცლება. გამონაყარი გრძელდება 2-დან 3 კვირამდე. გადაღლილობის, სტრესის ფონზე, ასევე - ცხელი აბაზანის შემდეგ შესაძლოა მოიმატოს.


პოლიომიელიტი

პოლიომიელიტი იგივეა, რაც ბავშვთა სპინალური დამბლა. მისთვის დამახასიათებელია ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები და ნერვული სისტემის დაზიანება პერიფერიული ტიპის დამბლით. გამომწვევია ენტეროვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს როგორც ავადმყოფი, ასევე ვირუსმატარებელიც. ვირუსი გარემოში ხვდება ცხვირ-ხახიდან, ფეკალიებიდან. აქედან გამომდინარე, პოლიომიელიტის გამომწვევი ვრცელდება როგორც ჰაერწვეთოვანი, ისე ფეკალურ-ორალური გზით. სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნევა ინფექციის გადაცემის მთავარ გზად. განსაზღვრული ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ენიჭება ვირუსის წყალში გამოყოფას. ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო პოლიომიელიტის ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია სოლკის ინაქტივირებული ვაქცინით, მერე კი - სებინის ცოცხალი ვაქცინით. ამის წყალობით პოლიომიელიტით ავადობა 100-ჯერ შემცირდა და იქ, სადაც ვაქცინაცია რეგულარულად ტარდებოდა, მხოლოდ ერთეული (სპორადული) შემთხვევები შეინიშნება. ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში (მაგალითად, საქართველოში) დაავადება უმთავრესად სექტემბერ-ოქტომბერში ხშირდება, ზამთარში კი უფრო იშვიათია. პოლიომიელიტის დამბლით მიმდინარე ფორმებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება სპინალური ფორმა, რომელსაც ახასიათებს კიდურების, ტანის, კისრის, დიაფრაგმის დამბლა. პარალიზური ფორმის დროს პროგნოზი დამოკიდებულია პარეზის სიღრმეზე. ათიდან 2-4 შემთხვევაში ორგანოთა ფუნქცია აღდგება.

რა საჭიროა აცრა

ვაქცინაცია-იმუნიზაცია კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნიზაცია ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს ისეთი საშიში ინფექციებისგან, როგორებიცაა წითელა, წითურა, ყივანახველა, ყბაყურა, A ჰეპატიტი, პოლიომიელიტი, დიფტერია, ტეტანუსი, გრიპი, როტავირუსული ინფექცია, ჩუტყვავილა, მენინგოკოკური ინფექცია... ეფექტის მისაღებად აუცილებელია, ბავშვებს დროულად ჩაუტარდეთ ვაქცინაციის სრული კურსი დადგენილი ვადების შესაბამისად. ინფექციებისგან ბავშვის სრულყოფილად დაცვის მიზნით ვაქცინაციის პირველი კურსი დაბადებიდან 2 წლამდე უნდა დასრულდეს. ამ ასაკისთვის მას გაკეთებული უნდა ჰქონდეს ერთი BჩG, ოთხი DPთ - დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის, ოთხი OPV - პოლიომელიტის, ერთი წითელა-წითურა-ყბაყურას, სამი B ჰეპატიტისა და როტავირუსის საწინააღმდეგო აცრა. ერთი ვიზიტის დროს პოლიკლინიკაში ერთდროულად რამდენიმე აცრა ტარდება. პოლიომიელიტი ვერაგი დაავადებაა, რომელიც აინვალიდებს ბავშვს. ამდენად, მის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარის თქმა არამც და არამც არ არის გამართლებული. დაავადების სპეციფიკური პროფილაქტიკა ტარდება OPV-პოლიომიელიტის ატენუირებული ვაქცინით (სებინის ვაქცინა). ვაქცინაციის სქემა ითვალისწინებს პირის ღრუში მის ჩაწვეთებას 2-3-4 თვის ასაკში, რევაქცინაცია 18 თვისა და 5 წლის ასაკში ტარდება. ასევე წვეთების სახით ეძლევა როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური კომიტეტის მონაცემებით, აცრილისთვის რისკის ხარისხი ძალზე დაბალია - 0,087-დან 2,288-მდე შემთხვევა 1 მლნ ვაქცინირებულზე, ხოლო 0,135-დან 0,645-მდე შემთხვევა - კონტაქტში მყოფთათვის. აუცილებელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ინფორმაცია მიეწოდოს დუნე დამბლის ყველა შემთხვევის შესახებ და მასალა გამოკვლეულ იქნეს მისივე ლაბორატორიაში. მშობლებო, გახსოვდეთ: თქვენ პასუხს აგებთ შვილის ჯანმრთელობაზე. ნუ წაართმევთ მათ ჯანმრთელი, სრულფასოვანი სიცოცხლის უფლებას! თუ აცრისთვის დანიშნულ დღეს ბავშვს ახველებს, აცემინებს, სურდო, 38,5 გრადუსამდე სიცხე ან დიარეა აქვს, ვაქცინაციის კურსის დაწყება ნებადართულია ექიმის კონტროლით. არამც და არამც არ შეიძლება აცრის გადადება ცრუ უკუჩვენების გამო. აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს, ბავშვი ჭირვეულობდეს, აცრის ადგილი შეუწითლდეს, შეშუპდეს და ასტკივდეს. ნუ შეგეშიდებათ - ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მისი იმუნური სისტემის სიჯანსაღეზე მეტყველებს. სხვა გართულების შემთხვევაში, ასევე - თუ ჩივილები 3 დღეზე მეტს გასტანს, მიმართეთ ექიმს. აცრის ერთ-ერთი უკუჩვენებაა მომატებული მგრძნობელობა, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება. თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა. მართალია, ყველას ახასიათებს გვერდითი რეაქციები და აცრის შემდგომი გართულებების ინდივიდუალური რისკი, მაგრამ თვით დაავადებასა და მის შედეგებთან შედარებით ეს რისკი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა დავის საგანი აღარ უნდა გახდეს.