ყველაფერი ჰერპესული ინფექციის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი ჰერპესული ინფექციის შესახებ

ჰერპესის ვირუსი დნმ-ს შემცველი ვირუსია. მისი გენომი შეფუთულია სწორი ფორმის კაფსიდში, რომელიც 162 კაფსომერისგან შედგება. ვირუსი დაფარულია ლიპიდების (ცხიმის) შემცველი გარსით. ახასიათებს უჯრედშიდა გამრავლება და ბირთვშიდა ჩანართების წარმოქმნა. უჯრედებში (მაგალითად, ნეირონებში) შეჭრისას ვირუსი არ განიცდის რეპლიკაციას (გაორმაგებას) და არ ანადგურებს უჯრედს. პირიქით, თავად უჯრედი ახდენს დამთრგუნველ გავლენას და ვირუსი ლატენციის მდგომარეობაში გადადის, განსაზღვრული ხნის შემდეგ კი რეაქტივაციას განიცდის, რაც ინფექციის ლატენტური (ფარული) ფორმის მანიფესტირებულში გადასვლას განაპირობებს. მარტივი ჰერპესის ვირუსები ანტიგენური სტრუქტურის მიხედვით ორ ტიპად იყოფა. 1-ელი და მე-2 ტიპის ვირუსთა გენომები 50%-ით ჰომოლოგიურია (მსგავსია). 1-ელი ტიპის ვირუსი უპირატესად სასუნთქი ორგანოების დაზიანებას იწვევს, მე-2 ტიპისა კი გენიტალურ (სასქესო ორგანოთა) ჰერპესს და ახალშობილთა გენერალიზებულ ჰერპესინფექციას.

ეპიდემიოლოგია

ინფექციის წყაროა ადამიანი. გამომწვევი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, კონტაქტით (კოცნა, დაავადებულის პირადი ნივთების გამოყენება), გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში კი სქესობრივი გზით. თანდაყოლილი ინფექციის დროს შესაძლოა ვირუსის ტრანსპლაცენტური გადაცემა (როდესაც ვირუსი პლაცენტურ ბარიერს გადის), ასევე დედისგან ახალშობილზე გადაცემა მშობიარობისას (სანაყოფე წყლებით). ჰერპესული ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული. მოზრდილთა 80-90%-ს მარტივი ჰერპესის ვირუსის მიმართ ანტისხეულები უდასტურდება. ჰერპესის ვირუსი კონტაგიოზურ გამომწვევად მიიჩნევა, რადგან ამ ინფექციით დასნებოვნება ძალიან ადვილია. ამას ემატება ისიც, რომ ვირუსი გარემოშიც დიდხანს ძლებს. ოთახის ტემპერატურაზე ის 24 საათის განმავლობაში ინარჩუნებს აქტივობას, ტენიან გარემოში - უფრო მეტხანს, 50 გრადუსამდე გაცხელებისას კი მხოლოდ 30 წუთის შემდეგ იღუპება. კარგად იტანს დაბალ ტემპერატურასაც - -70 გრადუსის პირობებში შესაძლოა 5 დღე-ღამე იცოცხლოს. საყურადღებოა, რომ ჰერპესული ინფექცია ცხოველებსაც აღენიშნებათ.

პათოგენეზი

ინფექციის კარიბჭეს კანი და ლორწოვანი გარსები წარმოადგენს. ინფიცირების შემდეგ ვირუსის რეპლიკაცია იწყება ეპიდერმისის (კანის ზედაპირული შრის) უჯრედებსა და საკუთრივ კანში (დერმაში). დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისგან დამოუკიდებლად, ვირუსის რეპლიკაცია იმდენად მასშტაბურია, რომ საკმარისია გამომწვევის მგრძნობიარე და ვეგეტატიურ ნერვულ დაბოლოებებში შესაჭრელად. მიიჩნევენ, რომ ვირუსი ან მისი ნუკლეოკაფსიდი ვრცელდება აქსონით ნერვული უჯრედის სხეულისკენ განგლიებში. შეჭრის ადგილიდან ნერვულ კვანძებამდე ვირუსის გავრცელებისთვის საჭირო პერიოდი ადამიანთან ჯერ კიდევ უცნობია. ინფექციური პროცესის პირველ ფაზაში ვირუსი განგლიებსა და მათ გარემომცველ ქსოვილებში მრავლდება. შემდეგ, გააქტიურებული, მიგრირებს (გადაადგილდება) ეფერენტული (დაღმავალი) გზებით, რომლებსაც პერიფერიული მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები ქმნის და დასაბამს აძლევს კანის დისემინირებულ (გავრცობილ) ინფექციას. პერიფერიული მგრძნობიარე დაბოლოებების გზით კანში ვირუსის გავრცელება ხსნის იმ ფაქტს, რომ პათოლოგიურ პროცესში სულ უფრო მეტად ერთვება კანის შესაბამისი უბნები და გამონაყარიც ფართო მასშტაბს იძენს, დამახასიათებელი ვეზიკულები პირველადი ლოკალიზაციის კერიდან საგრძნობლად დაშორებულ უბნებშიც ჩნდება. ეს თავისებურება შეინიშნება როგორც პირველადი გენიტალური ჰერპესით დაავადებულებთან, ისე ორალოლაბიალური ჰერპესის მქონე პაციენტებთანაც. ამ ავადმყოფებში ვირუსი შესაძლოა გამოიყოს იმ ნერვული ქსოვილიდანაც, რომელიც ძლიერ არის დაშორებული ინფექციის შეჭრის უბნის მაინერვირებელ ნეირონებს. გარემომცველ ქსოვილებში ვირუსის შეჭრას მისი ლორწოვანი გარსებით გავრცელება უზრუნველყოფს. პირველადი დაავადების დასრულების შემდეგ ნერვული განგლიებიდან ვერ ხერხდება ვერც აქტიური ვირუსის და ვერც ვირუსის ზედაპირული ცილების გამოყოფა. სადღეისოდ ჯერ კიდევ უცნობია ლატენტური (ფარული) ვირუსული ინფექციის მექანიზმები და დეტალები, რომლებიც საფუძვლად უდევს მარტივი ჰერპესის ვირუსის რეაქტივაციას. სამაგიეროდ ცნობილია რეაქტივაციის ფაქტორები. ესენია: ულტრაიისფერი დასხივება, კანისა და განგლიების ტრავმა, იმუნოსუპრესია (იმუნიტეტის დათრგუნვა).


საინტერესო ფაქტები

  • 1911 წელს - ფრენსის რაუსმა, მოგვიანებით კი რუსმა მეცნიერმა ივანოვსკიმ აჩვენეს, რომ ონკოლოგიურ პათოლოგიას ვირუსული ბუნება აქვს და რომ ამაში, სხვა ვირუსთა მსგავსად, ჰერპესვირუსებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით.
  • ერთი ტიპის ჰერპესვირუსით დასნებოვნება არ გამორიცხავს ადამიანის სხვა სეროტიპებით ანუ ერთდროულად რამდენიმე ვირუსით დასნებოვნებას.
  • ჰერპესული ინფექცია დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია რეციდივის შემთხვევათა შემცირება და ავადმყოფის ცხოვრების ხარისხის საგრძნობი გაუმჯობესება. ამისთვის საკმაოდ ეფექტური პრეპარატები არსებობს.
  • ყველაზე ცნობილი და ხელმისაწვდომი პრეპარატია აციკლოვირი, იგივე ზოვირაქსი, რომელიც გამოდის აბებისა და მალამოს სახით. ამ პრეპარატის შექმნისათვის (1988 წელს) ქალბატონ ჰერტრუდ ელაიონს ნობელის პრემია მიენიჭა. შედარებით ძვირად ღირებული მედიკამენტებიდან აღსანიშნავია ვამციკლოვირი.

ჰერპესის ვირუსის ცალკეული სეროტიპები

სხვადასხვა დაავადებას იწვევს:

  • მარტივი ჰერპესის ვირუსის 1-ელი ტიპი იწვევს გენიტალურ ჰერპესს, ტუჩებისა და თვალების ჰერპესს, პნევმონიას, თავის ტვინის დაზიანებას;
  • მარტივი ჰერპესის ვირუსის მე-2 ტიპი დასაბამს აძლევს გენიტალურ ჰერპესს და ჩანასახის დასნებოვნებას;
  • შემომსარტყვლელი ჰერპესი იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ჩუტყვავილა და შემომსარტყვლელი ლიქენი;
  • მარტივი ჰერპესის ვირუსის მე-6 ტიპი (HHV-6), როგორც ვარაუდობენ, იწვევს გაფანტულ სკლეროზს და ახალშობილთა კრუნჩხვებით მიმდინარე ცხელებას. მასვე მიაწერენ ეპშტეინ-ბარის ვირუსსა და ციტომეგალოვირუსზე უარყოფით ინფექციურ მონონუკლეოზებს, HHV-6 ენცეფალიტს. ეს სეროტიპი წარმოადგენს შიდსის, ნაზოფარინგეალური კარცინომისა და საშვილოსნოს ყელის კარცინომის ზოგიერთი ფორმის კოფაქტორს;
  • მარტივი ჰერპესის ვირუსის მე-7 ტიპი პასუხისმგებელია ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე;
  • მარტივი ჰერპესის ვირუსის მე-8 ტიპი (HHV-8) განიხილება კაპოშის სარკომის (ავთვისებიანი სიმსივნე აივ ინფექციით დაავადებულებსა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებთან) ეტიოლოგიურ აგენტად. დადგენილია, რომ HHV-8 აკოდირებს ცილებს, რომლებიც აკონტროლებენ უჯრედების ზრდასა და პროლიფერაციას (გამრავალებას). აღნიშნული სეროტიპი გენეტიკურად ახლოს დგას რადინოვირუსებთან, რომლებსაც ტრანსფორმაციის უნარი შესწევთ.

ჰერპესვირუსებს მიეკუთვნება ციტომეგალოვირუსიც, რომელიც აზიანებს ჩანასახის სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემას, და ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს, ნაზოფარინგეალურ კარცინომას (ცხვირ-ხახის კიბოს).

* * *

განსაკუთრებით საშიშია შემომსარტყვლელი ლიქენი - ინფექცია, რომელსაც Herpes Zoster-ი იწვევს. ამ დროს ინფექცია ნერვული დაბოლოებების კვალდაკვალ ვრცელდება და ძლიერ ტკივილს იწვევს. აღინიშნება ცხელება. ჰერპესული გამონაყარი უმეტესად მასშტაბურია, თუმცა შესაძლოა, არც კი გამოვლინდეს. ასეთ დროს დაავადებას შეცდომით ბანალურ ოსტეოქონდროზად ან ნევრალგიად მიიჩნევენ ხოლმე. შემომსარტყვლელი ლიქენის არადროული და არარაციონალური მკურნალობა დიდ საფრთხეს უქმნის ავადმყოფს, რადგან პათოლოგიური პროცესის გაღრმავებისდაკვალად ზიანდება (ირღვევა) ნერვების გარსები, რაც ქრონიკულ ნევრალგიას აძლევს დასაბამს. ადამიანი იტანჯება მუდმივი ტკივილით, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ვერ აცხრობს, საბოლოოდ კი ინვალიდდება. Herpes Zoster-ი უმეტესად კიდურებისა და ნეკნთაშუა ნერვებს აზიანებს.

თავის ტვინისა და მისი გარსების ჰერპესული დაზიანება

დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, სხეულის ტემპერატურა მკვეთრად იმატებს, ძლიერდება კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილი, თავს იჩენს სინათლის შიში. ლეტალობა არანამკურნალებ შემთხვევებში 30%-ს შეადგენს. ხშირია სხვა ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების დაზიანებაც.