სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

- ქალბატონო რუსუდან, რომელი ინფექციების გამო მოგმართავენ უმეტესად და რომელი სქესის პაციენტები ჭარბობენ?

- თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები თანამედროვე მედიცინის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან საკმაოდ გავრცელებულია, წარმოშობს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის მაღალ რისკს, თანდაყოლილი დაავადებების განვითარების შესაძლებლობას და რიგ შემთხვევებში შეუძლია, სხვა მძიმე გართულებებიც გამოიწვიოს.

დღეისათვის ცნობილია სქესობრივი გზით გადამდები მრავალი ინფექცია: ბაქტერიული, ვირუსული, პროტოზოული, პარაზიტული, სოკოვანი. ამ დაავადებებს შორის ხშირია სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, კანდიდოზი, პაპილომავირუსული და ჰერპესვირუსული ინფექციები.

მეტად გავრცელებულია ქლამიდიოზი და ტრიქომონიაზი, რომლებიც შარდსასქესო სისტემის არაგონორეული ანთებითი დაავადებების მთავარი მიზეზებია. მიუხედავად ამისა, ისინი იშვიათად დიაგნოსტირდება ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ექიმს უმეტესად მიმართავენ იმ დაავადებათა გამო, რომლებიც იწვევს თვალსაჩინო, შემაწუხებელ სიმპტომებს: გამონაყარს სასქესო ორგანოების მიდამოში, გამონადენს, ქავილს, წვას მოშარდვისას, ტკივილს, სიწითლეს, შეშუპებას, უსიამოვნო სუნს.

ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე და დაავადებების კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით, სხვადასხვა დაავადების დროს ზოგი სიმპტომი მამაკაცებთან ჭარბობს, ზოგი - ქალებთან. შესაბამისია მიმართვიანობაც. მაგალითად, მამაკაცი უკეთ ხედავს გამონაყარს, სიწითლესა და გამონადენს, ქალები მეტად გრძნობენ ქავილს და გამონადენის უსიამოვნო სუნს.

- სხვა პათოლოგიების მსგავსად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც ხომ არ გაახალგაზრდავდა?

- სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია შესაძლოა დაუდასტურდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მაგრამ უმთავრესად ავადდებიან ახალგაზრდები აქტიური სქესობრივი ცხოვრების დროს. ვინაიდან სქესობრივი ცხოვრების დაწყების ასაკი შემცირდა, გაახალგაზრდავდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც.

- რომელია ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომი, რომლის გამოც პაციენტები იძულებულნი ხდებიან, ექიმს მიმართონ?

- პაციენტისთვის ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომებია წვა, ქავილი, ტკივილი, უსიამოვნო სუნი, რადგან სუბიექტური ჩივილების გარეშე მიმდინარე გამონადენს ზოგჯერ უყურადღებოდ ტოვებენ.

- რას გვეტყვით სიფილისზე, რამდენად ხშირია ჩვენს დროში ეს ინფექცია და უმთავრესად რომელი კატეგორიის პაციენტებთან ვლინდება?

- სიფილისი დღესაც აქტუალური პრობლემაა. ზოგჯერ პაციენტები მის საწყის ნიშნებს უყურადღებოდ ტოვებენ, ზოგჯერ ვერც კი ამჩნევენ. ამ დაავადებას ახასიათებს თავისებური კლინიკური მიმდინარეობა, სადაც აქტიური და ფარული პერიოდები მონაცვლეობს. მის აქტიურ გამოვლენას პაციენტები ხშირად სხვა, მარტივ დაავადებებს ამსგავსებენ და დროულად არ მიმართავენ ექიმს. შემდეგ დაავადება ფარულ ფორმაში გადადის და პაციენტს ჰგონია, განიკურნა. ამიტომ სიფილისი ხშირად შემთხვევით ვლინდება სისხლის სპეციფიკური ანალიზის დროს ან მაშინ, როდესაც ფარული ფორმა ისევ აქტიურში გადადის. სასურველია, პაციენტმა მოგვმართოს პირველივე სიმპტომების შემჩნევისას და სიმპტომების გამოვლენამდეც, თუ ამ დაავადებას ეჭვობს. რაც უფრო ადრეულ სტადიაში გამოვავლენთ სიფილისს, მით უფრო ეფექტური იქნება მკურნალობა.

- გასულ წლებთან შედარებით იკლო თუ იმატა სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა? არსებული სტატისტიკის საფუძველზე რა დასკვნას გამოიტანდით? რა გავლენას ახდენს ამაზე მოსახლეობის განათლება, კულტურა, სრულყოფა და სხვა ფაქტორები?

- მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თავდაცვის საშუალებები, ინფორმაციის მრავალი წყარო და, საზოგადოდ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ მოსახლეობა უფრო მეტადაა ინფორმირებული, ეს დაავადებები არათუ არ იკლებს, არამედ იმატებს კიდეც. ეს იმით აიხსნება, რომ ინფორმაცია, რომელიც მათ შესახებ აქვს ადამიანს (არასპეციალისტს), არ არის საკმარისი. თავდაცვის საშუალებებიც ვერ იცავს 100%-ით. გახშირდა შემთხვევითი კავშირებიც. ზოგმა არ იცის, რომ დაავადებულია და ინფექციის წყაროს წარმოადგენს.

- აუხსენით მკითხველს, რატომაა აუცილებელი სპეციალისტთან დროული ვიზიტი და სათანადო მკურნალობის დროული დაწყება. რა საფრთხის წინაშე დგება არანამკურნალები პაციენტი, რა გართულებები ემუქრება მას?

- სპეციალისტთან დროული ვიზიტი აუცილებელია ნებისმიერი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის თუნდაც უმნიშვნელო გამოვლენის დროს. სასურველია, ახალ პარტნიორთან სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე პარტნიორებმა გაიარონ გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. თუ ადამიანს ასეთი ინფექცია აღმოაჩნდა, აუცილებელია მისი პარტნიორის გამოკვლევაც. მკურნალობა უმჯობესია ერთდროულად ჩატარდეს ერთ ექიმთან. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ხშირად არაიზოლირებულად მიმდინარეობს - რამდენიმე ერთდროულად აღენიშნება ადამიანს. ასეთი შემთხვევები სპეციალისტის კონსულტაციას და სათანადო კვლევების ჩატარებას მოითხოვს.

არანამკურნალებ ან არასათანადოდ ნამკურნალებ პაციენტებთან მოსალოდნელია მძიმე გართულებები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს შეუძლია გამოიწვიოს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, თანდაყოლილი პათოლოგიები და მრავალი სხვა მძიმე გართულება. მაგალითად, გონორეა სახსრების, კუნთების, მყესების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებსაც კი იწვევს. სიფილისს სხვადასხვა სტადიაში შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა გართულება, კოსმეტიკური დეფექტებიდან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების - კანისა და ლორწოვანი გარსების, შინაგანი ორგანოების, მამოძრავებელი აპარატის, მხედველობის ორგანოს, ნერვული სისტემის მძიმე დაზიანების - ჩათვლით. თუ ავადაა ორსული, მოსალოდნელია ნაყოფის სიკვდილი ან ბავშვის დაბადება თანდაყოლილი სიფილისით. არსებობს სქეობრივი გზით გადამდები ისეთი დაავადებებიც, რომლებსაც ონკოგენურობა ახასიათებს. ასეთია, მაგალითად, ზოგიერთი პაპილომავირუსული ინფექცია.

- ყველაზე მეტად ვის და როდის ემუქრება დასნებოვნება? როგორ მოვიქცეთ, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები თავიდან ავიცილოთ? რას გულისხმობს პროფილაქტიკა?

- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები შესაძლოა გავრცელდეს როგორც სქესობრივი გზით, ასევე სისხლის, საყოფაცხოვრებო კონტაქტის მეშვეობით (იშვიათია) და დედისგან ნაყოფზე. რისკის ჯგუფში შედიან სექსმუშაკები, ნარკომანები, ჰომოსექსუალები, შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კავშირის მქონე ადამიანები.

უსაფრთხოებისთვის სასურველია შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის შეკავება, პრეზერვატივის გამოყენება ყოველგვარი შემთხვევითი კავშირის დროს (თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პრეზერვატივი ყველა ინფექციისგან არ იცავს და არც მისი დაზიანებაა გამორიცხული), პარტნიორების ერთდროული მკურნალობა, მკურნალობის დასრულებამდე სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება, პროფილაქტიკური ვიზიტი სპეციალისტთან შემთხვევითი დაუცველი კონტაქტის შემდეგ.

გასათვალისწინებელია, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები თავისთავად არ გაივლის, აუცილებელია სპეციალისტთან კომპლექსური მკურნალობის ჩატარება. საბედნიეროდ, აივ/შიდსის გარდა, სქესობრივი გზით გადამდები თითქმის ყველა გავრცელებული დაავადება იკურნება.