რატომ ვითარდება კანდიდოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვითარდება კანდიდოზი

სოკოს სპორები ადამიანს შეიძლება გადაედოს როგორც უშუალო კონტაქტის (ხილის, ბოსტნეულის და ყოფითი საგნების მეშვეობით), ისე ჰაერწვეთოვანი გზით (ჰაერის საშუალებით). კანის გავლით სოკო შესაძლოა შინაგან ორგანოებში შეიჭრას და ცხვირის დანამატ წიაღებში, ნუშურებში, კუჭში, ნაწლავებში, სახსრებსა და ფილტვებში გამრავლდეს, თუმცა ყველაზე ხშირად სასქესო ორგანოების კანდიდოზი გვხვდება, რადგან რძიანას გამომწვევი სოკო საშოს ნორმალური მიკროფლორის ნაწილია. როდესაც სოკო ცოტაა, მისგან ზიანი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ როგორც კი უკონტროლოდ დაიწყებს გამრავლებას, ვითარდება დაავადება - კანდიდოზი, რომელსაც ხალხში რძიანას უწოდებენ მოთეთრო ხაჭოსებრი გამონადენის გამო.

სასქესო ორგანოების კანდიდოზი მხოლოდ ქალების დაავადება როდია - ის შესაძლოა მამაკაცსაც დაემართოს, უფრო ზუსტად, პარტნიორისგან გადაედოს. ამ დაავადების მამაკაცურ ვარიანტს კანდიდოზური ბალანოპოსტიტი ეწოდება.

ქალებთან კანდიდოზის სიმპტომებია:

  • გარეთა სასქესო ორგანოებისა და საშოს ძლიერი ქავილისა და ტკივილის შეგრძნება;
  • უხვი თეთრი ხაჭოსებრი გამონადენი;
  • ტკივილი სქესობრივი აქტისა და შარდვის დროს.

მამაკაცებთან კანდიდოზის ნიშნები ასეთი აშკარა არ არის. ზოგჯერ ისინიც უჩივიან გარეთა სასქესო ორგანოების ქავილსა და მტკივნეულობას, ხოლო სასქესო ასოს თავზე უჩნდებათ თეთრი გამონაყარის მსგავსი ნადები.

რატომ და როგორ ვითარდება

იმისთვის, რომ კანდიდამ დაავადება გამოიწვიოს, აუცილებელია განსაკუთრებული პირობები: არცთუ მეტისმეტად მჟავე გარემო და ორგანიზმის დამცველობითი ძალების აქტივობის დაქვეითება.

სოკოს გამრავლებას იწვევს:

  • ანტიბიოტიკების მიღება;
  • იმუნიტეტის დაქვეითება (შიდსი და ქრონიკული ანთებითი დაავადებები);
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (შაქრიანი დიაბეტი);
  • არასწორი კვება (რაციონში ნახშირწყლების (ტკბილეულის) სიჭარბე, ვიტამინების ნაკლებობა);
  • ჰორმონული ცვლილებები (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება და ორსულობა);
  • მჭიდროდ მომდგარი სინთეტიკური საცვლების ტარება (ასეთი საცვლები არ ატარებს ჰაერს და, შესაბამისად, ხელსაყრელ გარემოს ქმნის სოკოვანი დაავადებების განვითარებისთვის) და სხვ.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

როგორც კი სოკოს კოლონია გაიზრდება, იწყება უჯრედების ზედაპირული, სასქესო ორგანოების (საშოს ან სასქესო ასოს თავის) ამომფენი შრის დაზიანება.

კანდიდოზს ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ზიანი არ მოაქვს, თუმცა უამრავი უსიამოვნო შეგრძნების წყაროა და ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებასაც უშლის ხელს. იშვიათად ის ქრონიკულ ფორმაში გადაიზრება. ასეთ დროს შესაძლოა, პათოლოგიურ პროცესში ახლომდებარე ორგანოები: შარდის ბუშტი და ნაწლავებიც - ჩაერთოს.

ზუსტი დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ექიმ გინეკოლოგის კონსულტაცია და საშოს ნაცხის მიკროსკოპული შესწავლით დაავადების გამომწვევის აღმოჩენა. თუ კანდიდოზის დიაგნოზი დადასტურდა, კვლევის უფრო რთული მეთოდების გამოყენება აღარ არის საჭირო.

კანდიდოზის მკურნალობა ხანგრძლივი და ეტაპობრივია. რეკომენდებულია ფლორის დათესვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი მგრძნობელობაზე. შედეგების გათვალისწინებით ტარდება მიზანმიმართული სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა. გარდა ამისა, უნდა აღმოიფხვრას ის მიზეზები, რომლებმაც სოკო კანდიდას გამრავლება გამოიწვია:

  • შეწყდეს ანტიბიოტიკების და ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება;
  • მოწესრიგდეს ნივთიერებათა ცვლა;
  • მოძლიერდეს იმუნური სისტემა;
  • შეივსოს ვიტამინების დეფიციტი.

ზოგჯერ საჭიროა პრობიოტიკების მიღებაც (პრობიოტიკები სასარგებლო ბაქტერიების ცოცხალი კულტურის შემცველი პრეპარატებია, რომლებიც ხელს უშლის პათოგენური მიკროფლორის გამრავლებას).

ზოგ შემთხვევაში ინიშნება ასევე საშოს ნორმალური მჟავიანობის აღმდგენი პრეპარატები.

საყურადღებოა, რომ რძიანას სიმპტომების გაქრობა ყოველთვის არ ნიშნავს სრულ განკურნებას, ამიტომ მკურნალობის შემდეგ აუცილებელია გინეკოლოგის განმეორებითი კონსულტაცია.

გარდა ამისა, კანდიდოზზე უნდა იმკურნალოს ორივე სქესობრივმა პარტნიორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება ისევ და ისევ იჩენს თავს.

დაავადების პროფილაქტიკისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ, ბამბის ქსოვილის თეთრეულს;
  • წლის ცხელ პერიოდში ნუ ჩაიცვამთ კოლგოტს და მოჭერილ ტანსაცმელს;
  • დიდხანს ნუ ატარებთ სველ საცურაო კოსტიუმს, რადგან ტენიანი და თბილი გარემო იდეალურია სოკოს გამრავლებისთვის;
  • შეზღუდეთ შაქრის მოხმარება - ტკბილის სიჭარბეს შეუძლია შეცვალოს საშოს рН და ხელსაყრელი გარემო შექმნას სოკოს გამრავლებისთვის;
  • მკურნალობის პერიოდში ერიდეთ სქესობრივ ურთიერთობას, რადგან სოკოვანი ინფექცია შესაძლოა პარტნიორს გადაედოს;
  • ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების შემდეგ კარგად შეიმშრალეთ სასქესო ორგანოების მიდამო;
  • გამოიყენეთ მხოლოდ პირადი პირსახოცი, რადგან მასზე შესაძლოა იყოს სოკო;
  • ჩაიბანეთ წინიდან უკან, რათა მიკრობი ანუსის არიდან საშოში არ მოხვდეს;
  • ერიდეთ სასქესო ორგანოების მიდამოში კოსმეტიკური საშუალებების (მაგალითად, შხაპგელის) მოხვედრას (გარდა ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებებისა) - შესაძლოა, საშოს ირგვლივ კანის გაღიზიანება გამოიწვიოს;
  • თავი არიდეთ სტრესს, ხოლო თუ მაინც ვერ აიცილეთ თავიდან, რაც შეიძლება მშვიდად შეხვდით.