რუბრიკები
კარდიომიოპათია

- რას გულისხმობს ტერმინი "კარდიომიოპათია", რა ნიშნები ახასიათებს ამ დაავადებას?
- კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა. განასხვავებენ მის სამ ტიპს - დილატაციურს, ჰიპერტროფიულსა და რესტრიქციულს. სამივეს აერთიანებს ერთი რამ: დაავადების შედეგად გული, უფრო სწორად, გულის კუნთი ისე ზიანდება, რომ შეუძლებელი ხდება გულის უმთავრესი ფუნქციის - სისხლის აორტაში გადატყორცნისა და მთელი ორგანიზმისთვის მიწოდების - შესრულება; ვითარდება გულის უკმარისობა.


- როგორ ვლინდება კარდიომიოპათია?
- კლინიკური ნიშნები უმეტესად მანამდე არ იჩენს თავს, სანამ არ აღმოცენდება გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის შემთხვევაში ყურადღებას იპყრობს ქოშინი როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ასევე მოსვენებისას, ქვემო კიდურების შეშუპება, შორსწასულ შემთხვევებში - მუცლის ზრდა სითხის დაგროვების გამო, გულის ფრიალი ან გულის არარეგულარული მუშაობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, თავბრუხვევა. განურჩევლად კარდიომიოპათიის ფორმისა, აღნიშნული სიმპტომები მკურნალობის გარეშე სწრაფად პროგრესირებს.


- რა განაპირობებს კარდიომიოპათიის აღმოცენებას?
- ხშირად კარდიომიოპათიის მიზეზი, განურჩევლად ტიპისა, უცნობია, - ასეთ შემთხვევებში ვსაუბრობთ იდიოპათიურ კარდიომიოპათიაზე, - რიგ შემთხვევაში კი კარდიომიოპათიის გამომწვევი ფაქტორის დადგენა შესაძლებელია. დადგენილია, რომ დილატაციური კარდიომიოპათიის მრავალი შემთხვევა იდიოპათიურია. ამავე დროს აღმოჩენილია გენები, რომლებიც ამ დაავადებასთან არის ასოცირებული. კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება. ცნობილია, რომ დილატაციური კარდიომიოპათიის რისკფაქტორებია მაღალი არტერიული წნევა, თუ ის პაციენტს დიდხანს აღენიშნება, გულის სარქვლოვანი პათოლოგიები (მანკები), გულის კუნთის დაზიანება იშემიის გამო - გვირგვინოვანი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული შევიწროების შედეგად, ხანგრძლივი ტაქიკარდია, მეტაბოლიზმის ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტი და თირეოტოქსიკოზი, აუცილებელი ვიტამინებისა (მაგალითად, B1-ის) და მინერალების (სელენის, კალციუმის, მაგნიუმის) დეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბი მიღება წლების განმავლობაში, კოკაინი, ზოგიერთი მედიკამენტი, ქიმიოთერაპიული საშუალებები, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, რომლებიც მიოკარდიტის შედეგად კარდიომიოპათიას იწვევს, ჰემოქრომატოზი - რკინის ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადება, ზოგიერთი ნერვკუნთოვანი დაავადება. ზოგჯერ დილატაციური კარდიომიოპათია ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში ან ლოგინობის ხანაში ვითარდება.


- როგორია დილატაციური კარდიომიოპათიის არსი?
- დილატაციური კარდიომიოპათია კარდიომიოპათიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად საშუალო ასაკში, ისიც მამაკაცებს შორის გვხვდება. ზოგჯერ დაავადებას ოჯახური ხასიათი აქვს. დილატაციური კარდიომიოპათიის დროს გულის ღრუები, უმთავრესად კი მარცხენა პარკუჭი, რომელსაც გადამწყვეტი როლი ეკისრება სისხლის გადატყორცნისას, გაფართოებული ანუ დილატირებულია, გულის როგორც სისხლის ტუმბოს ფუნქცია შესუსტებულია, ორგანოებისთვის სისხლის მიწოდება დაქვეითებულია. დილატაციური კარდიომიოპათია გულის უკმარისობის ხშირი მიზეზია. ზემოხსენებულ ცვლილებებთან ერთად ვითარდება გულის რიტმის დარღვევა - არითმია. გულის ღრუს მკვეთრი გაფართოებისა და სისხლის დინების დარღვევის გამო გულში ყალიბდება თრომბი, რაც ზოგჯერ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, ფილტვის ინფარქტის ან თავის ტვინის ინსულტის მიზეზად იქცევა. მოსალოდნელია უეცარი სიკვდილი არითმიის ან თრომბოზის შედეგად.  გულის ღრუების მკვეთრი დილატაცია იწვევს მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებას, რასაც მოსდევს სისხლის ნაკადის წინაგულისკენ უკუდენა. ეს უფრო მეტად აძნელებს გულის მუშაობას და ამძიმებს გულის უკმარისობას.


- რას ეფუძნება დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკა?
- პაციენტის ჩივილებისა და მისი გასინჯვის საფუძველზე ექიმი გულის დაავადებას ივარაუდებს. ინიშნება ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, გულმკერდის რენტგენოგრაფია. ელექტროკარდიოგრაფია საშუალებას გვაძლევს, დოკუმენტურად დავადასტუროთ გულის რიტმის დარღვევა და სხვა ცვლილებები. ექოკარდიოსკოპია დილატაციური კარდიომიოპათიის დროს მნიშვნელოვანი სადიაგნოზო მეთოდია. მისი მეშვეობით ვავლენთ გულის ღრუების დილატაციას, გულის კუმშვადობის დაქვეითებას, გულის სარქველთა ნაკლოვანებას, გულში არსებულ თრომბოზს. მართალია, გულმკერდის რენტგენოგრაფია უშუალოდ კარდიომიოპათიის სადიაგნოზო მეთოდი არ არის, მაგრამ ის საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ გულის ზომების მატება, გულის უკმარისობით გამოწვეული შეგუბებითი ცვლილებები ფილტვებში, სითხის დაგროვება პლევრის ღრუში ან ფილტვის ინფარქტისთვის დამახასიათებელი სურათი. რიგ შემთხვევაში საჭიროა სხვა კვლევებიც.


- რა არის ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია და როგორ ვლინდება ის?
- ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთი ანომალიურად სქელდება. გასქელება უპირატესად მარცხენა პარკუჭის კუნთსა და პარკუჭთაშუა ძგიდეს მოიცავს. ამის შედეგად პაკუჭის კედელი კარგავს ელასტიკურობას, ხოლო პარკუჭის ღრუს მოცულობა მცირდება, რაც საბოლოოდ ართულებს გულის შეკუმშვას, ამცირებს ორგანიზმის სისხლით მომარაგებას. გარდა ამისა, იცვლება გულის ელექტრული აქტივობა, რაც ზრდის არითმიის აღმოცენების რისკს. სხვა კარდიომიოპათიების მსგავსად, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიაც ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა ბავშვობის ასაკში დაწყებული დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს. სიხშირე ორივე სქესის პირებს შორის თანაბარია. დაავადებულთა დიდ ნაწილს აქვს ამ პათოლოგიის ოჯახური ისტორია. ცნობილია, რომ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ასოცირებულია განსაზღვრულ გენეტიკურ დარღვევასთან, გენების მუტაციასთან. დადგენილია, რომ თუ მშობელს აქვს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, ამ დაავადების განვითარების რისკი იზრდება. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია სხვადასხვა სიმძიმისაა. დაავადებულთა უმრავლესობას, დაახლოებით 70%-ს, აქვს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის ის ფორმა, რომლის დროსაც გასქელებული,  ჰიპერტროფირებული პარკუჭთაშუა ძგიდე ახშობს მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას აორტისკენ მიმართულ სისხლის ნაკადს. დაავადების ამ ფორმას უწოდებენ ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიას გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქციით ან ჰიპერტროფიულ ობსტრუქციულ კარდიომიოპათიას. ობსტრუქციული კარდიომიოპათიის დროს პაციენტები ხშირად უჩივიან თავბრუხვევას, გულის წასვლის შეგრძნებას, რომელიც ფიზიკური დაძაბვისას ძლიერდება. ჩივილებიდან საყურადღებოა გულის რიტმის დარღვევის ეპიზოდები. მკვეთრად ჰიპერტროფირებული გულის კუნთის სისხლმომარაგების დაქვეითების გამო პაციენტები ხშირად უჩივიან ტკივილს გულის არეში, თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა დაავადება პირველად  გულის უკმარისობით, არითმიით ან უეცარი კარდიული სიკვდილით ვლინდება.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები